ბოლო დღეებში ლარის გაუფასურებამ გაურკვევლობა გამოიწვია. ყველა საუბრობს, რომ არავითარი პირობა გაცვლითი კურსის მერყეობისა არ არსებობს, თუმცა ფაქტი სახეზეა. რამდენიმე დღეა ლარი 6 თეთრით გაუფასურდა და 2.70-იან ნიშნულს საგრძნობლად გადასცდა. ფინანსისტები ამბობენ, რომ ეს დროებითია და საგანგაშო არაფერია.
„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებლის შეფასებით, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება მონეტარული პოლიტიკის შერბილებას უკავშირდება. როგორც გიორგი კეპულაძემ აღნიშნა, ერთადერთი ფაქტორი, რასაც შესაძლოა, ბოლო პერიოდში ლარის მერყეობა გამოეწვია, რეფინანსირების განაკვეთის კლების ფონზე, ბაზრის მონაწილეების მხრიდან დანაზოგების უცხოურ ვალუტაში გადატანაა.
„ამ ეტაპზე ერთადერთი მიზეზი, რასაც შესაძლოა, ლარის გაუფასურება გამოეწვია, რეფინანსირების განაკვეთის კლებაა. მონეტარული პოლიტიკის შერბილება რამდენიმე თვეა დაიწყო და მათ, ვისაც დანაზოგები ეროვნულ ვალუტაში ჰქონდათ, დეპოზიტები უცხოურ ვალუტაში გადაიტანეს. შესაძლოა, ამან გაზარდა უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა და მიზეზი, რის გამოც მცირედით გაუფასურდა ლარი, სწორედ რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაა. გარდა იმ პოზიტიური ფაქტორებისა, რაც რეფინანსირების განაკვეთის კლებას ახასიათებს, არის მეორე ფაქტორიც. როდესაც ლარის დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები მცირდება, კომპანიებს და ბაზრის მონაწილეებს ურჩევნიათ, რომ დანაზოგები უცხოურ ვალუტაში გადაიტანონ.
რაც შეეხება სავალუტო შემოდინებებს, მიუხედავად იმისა, რომ მიგრაციის ეფექტი მცირდება და ფულადი გზავნილებიც მნიშვნელოვნად იკლებს, სხვა შემოდინებები მაინც სტაბილურია. ამიტომ ამ მხრივ, ლარზე ნაკლები გავლენაა. რაც არ უნდა იყოს, საარჩევნო წელია და ყველა ეცდება, რომ სტაბილური ლარი შეინარჩუნოს, რადგან მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი სწორედ ლარის კურსია“, - განაცხადა კეპულაძემ.
მონეტარული განაკვეთის შერბილების ზეგავლენის მოსაზრებას ნაწილობრივ ეთანხმება ფინანსისტი ირაკლი ერაძე. ისიც ადასტურებს, რომ თეორიულად რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას კავშირი აქვს ვალუტის ცვლილებასთანაც, თუმცა დადასტურებულად ამაზე საუბარი მაინც რთულია.
„რა თქმა უნდა, თეორიულად აქვს სებ-ის გადაწყვეტილებას ირიბი გავლენა. მაგალითად, შესაძლოა, რომ ამან წაახალისოს უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების მოთხოვნა, მაგრამ არა მგონია, რომ მთავარი მიზეზი ეს იყოს. ირიბი კავშირი ნამდვილად აქვს რეფინანსირების განაკვეთს ვალუტის ცვლილებასთანაც, თუმცა არა იმ ოდენობით, რა დოზითაც გაუფასურდა და არა ისეთი პირდაპირი გავლენით, რომ პირდაპირ სებ-ის გადაყვეწილებას დავაბრალოთ.
ერთადერთი, რაც ლარის კურსის ასეთ მოკლე ვადაში არასტაბილურ გაუფასურებას მოჰყვება ხოლმე, არის კომპანიებსა და ადამიანებში სენტიმენეტების აღძვრა. ისინი იწყებენ ფიქრს, რომ ხვალ კიდევ უფრო არ გაუფასურდეს ლარი, ამიტომ ყიდულობენ უცხოურ ვალუტას, რაც მოთხოვნას ზრდის. ასეთ დროს ზუსტად ეს არის მთავარი პრობლემა“, - განაცხადა ერაძემ.
ეროვნული ვალუტის გაუფასურების თაობაზე ცოტა სხვაგვარი შეხედულება აქვს საბანკო სექტორთან დაახლოებულ ანალიტიკოსებს. ისინი ყურადღებას არა რეფინანსირების განაკვეთზე, არამედ სხვა მომენტზე ამახვილებენ. „თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი, ოთარ ნადარაია იმ ფაქტორებს გამოყოფს, რითაც დოლართან და ევროსთან მიმართებით ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება აიხსნება.
როგორც ნადარაიამ „ბიზნეს მედიას“ განუცხადა, თებერვლის ბოლოდან მოყოლებული, უცხოური ვალუტის დეპოზიტები ლარის დეპოზიტებზე მეტად იზრდება, რაც ლარის კურსზე გაუფასურების მიმართულებით მოქმედებს, თუმცა ეს ფაქტორი დროებითია.
„დიდი გაუფასურება არაა. ბაზრის დინამიკაში, 26 თებერვლიდან მოყოლებული ლართან შედარებით დოლარის დეპოზიტების უფრო მეტი მატება იყო, ეს, როგორც წესი, უარყოფით გავლენას ახდენს ხოლმე ლარის კურსზე“, - ამბობს ოთარ ნადარაია.
რაც შეეხება რეფინანსირების განაკვეთის 0.75 პროცენტული პუნქტით, 8.25%-მდე შემცირებას, ეკონომისტი აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების მიუხედავად, მოლოდინი არ შეცვლილა და პროგნოზია, რომ წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთი 8%-თან ახლოს იქნება.
„მიგრაციის პიკი გადავლილია, თუმცა ამის მიუხედავად, წმინდა სავალუტო შემოდინებები არ იკლებდა, მას სხვა ფაქტორები აბალანსებდა. მარტის მონაცემები ჯერ არ გვაქვს, თუმცა თებერვალში წმინდა სავალუტო შემოდინებები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტია, რომ რეალურად ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკი დაუბრუნდა ვალუტის შესყიდვას, ეს ნიშნავს, რომ სავალუტო ბაზარზე დოლარის მეტი მიწოდებაა.
მთლიანობაში, კურსთან დაკავშირებით ჩვენი პროგნოზი უცვლელია, გვაქვს მცირედი გაუფასურების პროგნოზი. ჩვენი საბოლოო სცენარით, 2024 წლის ბოლოს ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2.75-2.80-ის ფარგლებში უნდა იყოს“, - განაცხადა ნადარაიამ.