ნანა ოთხოზორია: „სკრინინგი ონკოლოგიაში ის ძირითადი მიმართულებაა, რომელსაც ავთვისებიანი სიმსივნისგან განკურნებული პაციენტების რაოდენობის გაზრდა შეუძლია“

ნანა ოთხოზორია: „სკრინინგი ონკოლოგიაში ის ძირითადი მიმართულებაა, რომელსაც ავთვისებიანი სიმსივნისგან განკურნებული პაციენტების რაოდენობის გაზრდა შეუძლია“

მარტი მხოლოდ გაზაფხულის პირველი თვე არ არის, რომელიც ბუნების გამოღვიძებასთან ასოცირდება, მარტი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სენის-ონკოლოგიის დამარცხებისა და ადამიანის გამოჯანმრთელების თვედაც მოიაზრება. ტერმინი „ლურჯი მარტი“ ამერიკის მოქალაქე ანიტა მიტჩელს ეკუთვნის, რომელმაც 2006 წელს მსხვილი ნაწლავის კიბო დაამარცხა. მას შემდეგ მარტი მსხვილი ნაწლავის კიბოს ცნობადობის ამაღლების თვეა და მსოფლიოში „ლურჯი მარტის“ სახელითაა ცნობილი.

რა გამოწვევებია საქართველოში კოლორექტალურ, ანუ მსხვილი ნაწლავის კიბოსთან დაკავშირებით, ამის შესახებ for.ge-ს კლინიკური ონკოლოგი ნანა ოთხოზორია ესაუბრა.

კიბოსწინა პოლიპს 10-15 წელი სჭირდება, სანამ კიბოდ ტრანსფორმირდება. გეგმური სკრინინგით აღმოჩენის შემთხვევაში კი, ექიმებს შეუძლიათ, პოლიპი იქამდე მოკვეთონ, ვიდრე ის კიბოდ გარდაიქმნება. მარტის თვე კიდევ ერთხელ შეახსენებს ადამიანებს, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე დროულად უნდა იზრუნონ. თუ არსებობს სიმპტომები, რომლებიც, ასევე, ადრეულ ეტაპზე მიანიშნებენ ადამიანს, რომ შეიძლება ავთვისებიან სიმსივნესთან ჰქონდეს საქმე?

- ყოველი წლის მარტის თვეში მსოფლიო კიდევ ერთხელ ერთიანდება კოლორექტული სიმსივნეების და ზოგადად ონკოლოგიური დაავადებების ცნობიერების ამაღლებაში. კოლორექტალურ სიმსივნეებს მიეკუთვნება მსხვილი და სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნეები, რომელთა გამომწვევი ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია. თუმცა არსებობს დაავადების ადრეული სიმპტომები, რომლთა აღმოჩენაც შემდგომი სწორი დიაგნოსტიკის გზით უზრუნველყოფს დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას და გამოჯანმრთელებას. აღნიშნულ სიმპტომებს შეიძლება მიეკუთვნებოდეს: დისპეფსია, ყაბზობისა და დიარეის მონაცვლეობა, მუცლის ტკივილი, წონაში კლება დროის მოკლე შუალედში, მუდმივი შებერილობა, სისხლიანი განავალი, მუქი განავალი, ანემია, ზოგადი სისუსტე, ნაწლავის დაუცლელობის შეგრძნება მიუხედავად დეფეკაციისა.

თქვენს მიერ დასახელებული სიმპტომები ყოველთვის სიმსივნის არსებობაზე მიუთითებს?

- აღნიშული სიმპტომები ყოველთვის სიმსივნის არსებობაზე არ მიუთითებს, რადგან, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ცხოვრების არაჯანსაღი წესის გამო ხშირია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ტიპის მწვავე ან ქრონიკული არაონკოლოგიური დაავადებები. ასეთ დაავადებებს მიეკუთვნება კოლიტი, წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, ოჯახური პოლიპოზი, რომელთა არსებობა, თავის მხრივ, ზრდის ასეთი პაციენტებისთვის მსხვილი ნაწლავის სიმსივნის განვითარების რისკს.

გენეტიკურ წინასწარ განწყობას რა როლი აქვს ავთვისებიანი დაავადების გავრცელებაში?

- ცხადია, მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან პაციენტები, რომელთაც აქვთ კოლორექტული სიმსივნეების ოჯახური ანამნეზი. ასეთია, მაგალითად ლინჩის სინდრომი. იგი მემკვიდრეობითი დაავადებაა, რომლის დროსაც მაღალია ნაწლავის კიბოსა და სხვა ავთვისებიანი წარმონაქმნების რისკი. ლინჩის სინდრომი ცნობილია, როგორც მემკვიდრეობითი არაპოლიპოზური კოლორექტალური კიბოს სინდრომი.

როგორც ცნობილია, მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის პროგრამის მიზანია ამ დაავადების გამოვლენა ადრეულ ეტაპზე. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც სიმპტომები არ აღენიშნებათ. რამდენად ამართლებს უსიმპტომო პაციენტებში სკრინინგის პროგრამა?

- წლების განმავლობაში ბევრჯერ დარწმუნდით, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ონკოპაციენტისათვის დიაგნოზთან დაკავშირებული ინფორმაციის სწორად მიწოდებას, რადგან მხოლოდ შიშის დაძლევას შეუძლია მომართვიანობის ზრდა, რაც, თავის მხრივ, დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენას და პაციენტის ხანგრძლივ რემისიას ან სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, შეერთებულ შტატებს 17 მილიონამდე პაციენტი ჰყავს, რომელთაც შეძლეს ონკოლოგიასთან დაკავშირებული სტიგმის დაძლევა, საქართველოში ათასობით გამოჯანმრთელებული პაციენტის რიცხვი სულ უფრო მზარდია, რაც კიდევ უფრო დიდ სტიმულს სძენს აღნიშნული თვისადმი მიძღვნილ კამპანიებს. წელსაც რჩება იგივე რეკომენდაციები, ვინდაიდან სტატისტიკურად დაავადების აღმოჩენა კვლავ ვერ ხერხდება საწყის სტადიაზე. ეს რეკომენდაციები გახლავთ სხვადასხვა ჩივილების ქონის შემთხვევაში, დროულად მივმართოთ ექიმს. მით უფრო, რომ, სამწუხაროდ, არსებობს შემთხვევები, როცა ჩივილების გამოვლენა უკვე შორსწასული დაავადების დროს იწყება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩატარდეს ჯანმრთელ მოსახლეობაში ჩექაფისა, თუ სკრინინგის პროგრამის ფარგლებში შესაბამისი კვლევები, რაც ან სრულად აგვაცილებს დაავადებას თავიდან, ან ადრეულ სტადიაზე, როცა რემისია მთელი სიცოცხლის მანძლზეც კი გრძელდება.

თქვენ check up-ის პროგრამა ახსენეთ, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის პროფილაქტიკურ სამედიცინო გამოკვლევას ადრეული დიაგნოსტიკის გზით. მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ სკრინინგის შედეგად ცივილიზებულ ქვეყნებში არაერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა, საქართველოში, მომართვიანობის თვალსაზრისით, დადებითი დინამიკა არ შეინიშნება. ავადმყოფი ადამიანები თითქოს ელოდებიან, როდის მოედება სიმსივნე ორგანიზმს. თუ გიფიქრიათ, როგორ უნდა დაიძლიოს ეს სტიგმა?

- სკრინინგი არის ონკოლოგიაში ის ძირითადი მიმართულება, რომელსაც შეუძლია სტატისტიკის სასიკეთოდ შეცვლა. ჯანმრთელი მოსახლეობის სკრინინგი არის ის ერთადერთი გამოსავალი, რომელიც დაგვეხმარება, დაავადება აღმოვაჩინოთ ადრეულ სტადიაზე, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სიცოცხლის გახანგრძლივებისა და გამოჯანმრთელების თვალსაზრისით. ამის მაგალითია ევროპის, აზიისა და ამერიკის ის მრავალი ქვეყანა და შტატი, რომლებმაც საერთო სურათის დადებითი კუთხით შეცვლას სწორედ სკრინინგის საშუალებით მიაღწიეს. სამწუხაროდ, მიუხედავად ამ მაგალითებისა, მომართვიანობა კვლავ დაბალია და დიაგნოზის დასმის დროისათვის დაავადება უკვე გავრცელებულია, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს დადებით გამოსავალს, ამიტომ აუცილებელია უფრო მეტი ინფორმირებულობა, ინფორმაციის მიწოდება და check up-ისა და სკრინინგის პროგრამები, რომლებიც ჯანმრთელი მოსახლეობისათვისაა განკუთვნილი დაავადების თავიდან აცილების ან ადრეულ სტადიაზე გამოვლენისათვის, რაც ნამდვილად გამოჯანმრთელების და სიცოცხლის მნიშვნელოვნად გახანგრძლივების საწინდარია.

უფრო რომ დაგვიკონკრეტოთ, სკრინინგის პროგრამა რა სიმპტომებს გამოავლენს, რაც ონკოლოგიური დაავადების მაუწყებელია?

- სკრინინგ-ტესტის მეშვეობით ხდება განავალში ისეთი უმნიშვნელო ოდენობის სისხლის გამოვლენაც კი, რაც ჩვეულებრივ არ ჩანს კუჭის მოქმედების დროს. სკრინინგის ამ მეთოდს ეწოდება განავალში ფარული სისხლდენის განსაზღვრის ტესტი. პოლიპებსა და მსხვილი ნაწლავის კიბოს ახასიათებთ სისხლდენა, სწორედ ამის გამოსავლენად გამოიყენება განავალში სისხლის შემცველობის განმსაზღვრელი სკრინინგ-ტესტი. განავალში ფარული სისხლდენის ტესტი არ იძლევა მსხვილი ნაწლავის კიბოს დიაგნოზს, მაგრამ მისი შედეგი განსაზღვრავს, საჭიროა თუ არა ნაწლავის შემდგომი გამოკვლევა (კოლონოსკოპია), რომელიც ნაწლავის სიმსივნის დიაგნოსტიკის ოქროს მეთოდია.

და ბოლოს, რომელი მეთოდი უფრო ეფექტურია სიმსივნის მკურნალობის თვალსაზრისით?

- სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობის ბევრი დამოუკიდებელი, კომბინირებული ან კომპლექსური მეთოდი არსებობს. ყველა ამ მეთოდის ერთობლიობა მაქსიმალურად ეფექტურია იმ შემთხვევაში, როცა დაავადება არ არის გავრცელებული ან მეტასტაზური. ყველაფერი იწყება რადიოლოგიით, პრობლემის სავარაუდო ლოკალიზაციას მივყავართ კლინიკურ დიაგნოზამდე, რომელიც ბიოფსიის, ანუ ამ ლოკალიზაციიდან ქსოვილის ნიმუშის აღების და შემდგომი დამუშავების, ანუ მორფოლოგიის გზით გვაძლევს საბოლოო დიაგნოზს. ხელმისაწვდომია მკურნალობის ყველა საშუალებები, იქნება ეს სისტემური თერაპია, რომელიც მოიცავს ქიმიოთერაპიას, იმუნო, ჰორმონო და მიზანმიმართულ თერაპიებს, რადიაციულს და მათ კომბინაციას. საჭიროების შემთხვევაში, აქტიურადაა პროცესში ჩართული ქირურგიული სამსახური და კლინიკური ონკოლოგიის განყოფილება, რომელიც შედარებით საყურადღებო სამედიცინო შემთხვევების მართვაში გვეხმარება. ყველა ამ ეტაპის გავლის მიზანი პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და გამოჯანმრთელებაა, თუმცა ამით ყველაფერი არ სრულდება, ვინაიდან ჩვენი პაციენტები იმყოფებიან ხანგრძლივი დაკვირვების ფაზაში და მათთვის განკუთვნილი პროტოკოლის მიხედვით იტარებენ პროფილაქტიკურ გამოკვლევებს.