უკრაინაში ჯარების შესაძლო გაგზავნასთან დაკავშირებით, საფრანგეთის მხრიდან მორიგი განცხადება გაკეთდა. როგორც უკრაინაში საფრანგეთის ელჩმა, გაელ ვეისიერმა აღნიშნა, არსებობენ ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებულები არიან პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის იდეით, საჭიროების შემთხვევაში, უკრაინაში ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ გაავრცელა.
ელჩმა თქვა, რომ საფრანგეთის პოზიციის მიხედვით, არ არსებობს წითელი ხაზები და არ არის საჭირო არაფრისგან თავის შეკავება. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი არ აპირებს რუსეთის ფედერაციაზე თავდასხმას, მაგრამ მზადაა გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა უკრაინის მხარდასაჭერად.
„შეიძლება ვთქვათ, რომ არ არის გამორიცხული. ეს არის ძალიან ძლიერი სიგნალი, რომ ვაძლიერებთ უკრაინის მიმართ მხარდაჭერას. ჩვენ თავს არ შევიკავებთ რაიმე საზღვრებით.
მაგრამ ჩვენ უკვე მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა უკრაინის მხარდასაჭერად. ეს არის ის, რის გაკეთებასაც ვცდილობთ. ეს არ არის ის, რაც შეთანხმებულია ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან, მაგრამ არის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც დაინტერესებულია. ეს იდეები განიხილება“, - განმარტა დიპლომატმა.
აფხაზეთის უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, ლევან კიკნაძემ For.ge-სთან საუბარში თქვა, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნა არსებულ ვითარებას მეტად დაამძიმებს და მესამე მსოფლიო ომის დაწყების შესაძლებლობას გაზრდის. მისი შეფასებით, დღეს მსოფლიო დიდი საფრთხის წინაშეა.
„ეს სიტუაციის გამწვავებას გამოიწვევს და არავინ იცის, თუ როგორ დასრულდება ეს პროცესი და რას მოიმოქმედებს პუტინი. მესამე მსოფლიო ომის დაწყების საშიშროებაა. ვიცით აფხაზეთის ომი, ვნახეთ რა მოხდა ცხინვალში და მსგავსი ნაბიჯი კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს სიტუაციას. ძალიან დიდი საფრთხის წინაშე არის დღეს მსოფლიო.
უკრაინაში ადამიანური რესურსი იწურება, ბევრი იხოცება ამ ომში, ბევრი ქვეყნიდან არის წამოსული. ამ საკითხს რაღაცნაირად უკრაინამ უნდა მიხედოს. ვფიქრობ, რომ საფრანგეთი ამ ნაბიჯს არ გადადგამს, ვგულისხმობ უკრაინაში ჯარი გაგზავნას და შესაძლოა, ამით ცდილობს გაიგოს, რა რეაქცია ექნება ამ ყველაფერზე რუსეთს“, - განაცხადა ლევან კიკნაძემ.
ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ საფრანგეთმა შესაძლოა ჯარები მართლაც გაგზავნოს უკრაინაში. მისი თქმით, საფრანგეთის ინტერესებშია, მოსკოვმა დიდი ზიანი მიიღოს შედეგად.
„როგორც ჩანს, საფრანგეთი ამ საკითხს ძალიან სერიოზულად მიუდგა და ინდივიდუალურ დონეზე, მან შესაძლოა, მიიღოს გადაწყვეტილება, გარკვეული კონტიგენტი გააგზავნოს უკრაინაში. ფრანგებმა მოსინჯეს ეს პოზიცია ნატო-ს კონტექსტში, თუმცა მისგან მიიღეს მტკიცე უარი და ამან გამოიწვია მცირე, პოლიტიკური სკანდალი. ვფიქრობ, დახმარების მიღების საკითხი საფრანგეთთან უფრო დეტალურად არის გაწერილი. საფრანგეთს თავისი ინტერესი აქვს, რომ კრემლს მიაყენოს მაქსიმალური ზიანი.
ფრონტი ისედაც გახსნილია საფრანგეთსა და რუსეთს შორის. რუსეთს ომის წარმოებისთვის სამხედრო-ეკონომიკური რესურსები, ჯერჯერობით, არ ელევა. შესაძლოა, პირიქით დაისვას საკითხი - რა რესურსი დარჩა დასავლეთს, რომ როგორმე რუსული სამხედრო რიტორიკა და პოტენციალი შეამციროს?
რუსეთის შეზღუდვას, ეკონომიკური სანქციებით, დიდად შედეგი არ გამოუღია. ევროკავშირის სამიტის მიერ 200 მილიარდი დოლარის რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემა იქნება რეალური საფრთხე რუსეთის ეკონომიკასა და მის სამხედრო პოტენციალზე“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ For.ge-სთან საუბარში.
ცნობისათვის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინაში, რაღაც მომენტში შესაძლოა, დასავლეთის სახმელეთო ოპერაციები საჭირო გახდეს.
„შესაძლოა, რაღაც მომენტში - მე ეს არ მინდა, მე არ ვიქნები ინიციატორი - შესაძლოა, ჩვენ მოგვიწიოს ოპერაციების ჩატარება ადგილზე, როგორიც არ უნდა იყოს ისინი, რუსეთის ძალებთან დასაპირისპირებლად. საფრანგეთის ძალა არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება“, - ამის შესახებ მაკრონმ Le Parisien-ს განუცხადა.
გამოცემა „France24“ წერს, რომ მოკავშირეებს შორის არსებობს სერიოზული უთანხმოება უკრაიაში სახმელეთო ოპერაციების ჩატარებისა და კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებასთნ დაკავშირებით.
მაკრონი კიევის მიმართ სოლიდარობის ნიშნად პარასკევს ბერლინში გერმანელ და პოლონელ კოლეგებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის სამი ქვეყანა გაერთიანდა იმ მიზნით, რომ არასოდეს დაუშვან რუსეთის გამარჯვება და რომ ბოლომდე მხარი დაუჭირონ უკრაინელ ხალხს.