„სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ გაზარმაცდა და ოპოზიცია ცოტა ძლიერი რომ იყოს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი ექნებოდა. ხარშილაძის თქმით, ოპოზიციის დაქუცმაცებით „ქართული ოცნება“ დაკარგულ ხმებს მიიღებს, რაც კიდევ ერთხელ „გადაარჩენს“ მმართველ ძალას. ქართული არასამთავრობო სექტორი რომ გარე ძალების ინტერესებით მოქმედებს, ეს მხოლოდ ხარშილაძის შემთხვევაში არ შეიძლება ითქვას.
გაცილებით მძიმე იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის და პოლონელი ანალიტიკოსის, მარჩინ პჩიხოდნიაკის მიერ ჩინეთთან დაკავშირებით მედიაში გამოქვეყნებული მოსაზრებები. ქართული ა-ო განცხადებები და მოქმედებები ცხადყოფს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღება სწორედ ამიტომ იყო აუცილებელი, მსგავსი დაფინანსებების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებამ ყურმოკვრით არ უნდა იცოდეს, არამედ ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე და იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე ღიად ატვირთული, როგორც ეს ხდება აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში.
პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, დეპუტატი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ასეთი კანონის არსებობის შემთხვევაში, გვეცოდინება, ვინ საიდან ფინანსდება და ვის ინტერესებს ატარებს.
„არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გაუმჭვირვალობაში ყოფნა არის შეუძლებელი და ზუსტად ეს რომ არ მომხდარიყო, ამიტომ იყო საჭირო იმ კანონის მიღება, რომელიც ასე წარმატებით მოქმედებს აშშ-ში, კანადაში და ბრიტანეთში. თუ რაიმე არის საქართველოში გაუმჭვირვალე, ეს არის NGO-ების დაფინანსება. ხშირად გაუმჭვირვალეა ვინ არის დონორი, რა არის მიზანი, ვინ არის ბენეფიციარი, ვის უნდა მოხმარდეს თანხა, რა მიზნებს ხმარდება და რამდენად სწორად ხმარდება ამ მიზნებს, სრული გაუმჭვირვალობაა და ამის კონკრეტული მაგალითები ძალიან ბევრი გვაქვს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა რამდენჯერმე მოუწოდეს დონორ ორგანიზაციებს გაასაჯაროონ საკუთარი დაფინანსებები საქართველოში, რამდენიმე დონორი ორგანიზაცია ხარჯებს მალავს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სამწუხაროდ, დონორების მხრიდან ყრუ კედელს აწყდებიან. როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, ზოგიერთი დონორი ორგანიზაცია ფარულად აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, აფინანსებს რადიკალურ ორგანიზაციებს, რომლებიც ძალადობით არიან გამორჩეული.
„ბოლო პერიოდში ვნახეთ აღიარებები პოლიტიკური პარტიებიდან, რომ ისინი ყალბი „ენჯეოების“ დაფუძნებით იღებენ უცხოურ დაფინანსებას. ვნახეთ აღიარება, რომ არსებობს ფონდები, რომლებიც მალავენ საკუთარ ხარჯებს საქართველოში. დღეს ამ მდგომარეობაში ვართ. სამწუხაროდ, ვაწყდებით ყრუ კედელს დონორების მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოვუწოდე როგორც საჯაროდ, ისე პირადი შეხვედრების დროს, გაასაჯაროონ საკუთარი დაფინანსებები საქართველოში, სამწუხაროდ, რამდენიმე დონორი ორგანიზაცია კვლავ მალავს, რაში ხარჯავს თანხებს საქართველოში.
კეთილი საქმეების დამალვა არავის არაფერში არ სჭირდება, როდესაც რაღაცას მალავენ, ამის უკან არ დგას კეთილი საქმეები. ჩვენ ვნახეთ ზოგიერთი ორგანიზაცია, მაგალითად, „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ აფინანსებდა ჯარიმების გადახდას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არღვევდნენ წესრიგს და კანონს. ვნახეთ, რომ ზოგიერთი დონორი ორგანიზაცია ფარულად აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, აფინანსებს რადიკალურ ორგანიზაციებს, რომლებიც ძალადობით არიან გამორჩეული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე მოუწოდებს ყველა დონორს და საელჩოს, გაასაჯაროონ თავიანთი დაფინანსება, ვინაიდან, ეს არის რუსული სტილი, როდესაც სხვა ქვეყანაში, ფარულად, სპეცსამსახურების მეთოდებით ხდება იატაკქვეშა საქმიანობების დაფინანსება. როგორც პაპუაშვილი აცხადებს, დღეს არასამთავრობო სექტორი სავსეა ხალხით, რომლებიც სააკაშვილის პერიოდში იყვნენ არა მხოლოდ საჯარო სამსახურში, არამედ იყვნენ პოლიტიკური ლიდერები, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები.
იყენებენ თუ არა „ენჯეოები“ დაფინანსებას პოლიტიკაში შემოჭრისათვის, როგორც ამას ვიცე-სპკერი გია ვოლსკი აცხადებს, უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ ისმის მუქარები კონკრეტული პირების წინააღმდეგ, რაც შესაბამისად, არის მათი სურვილების გამხელა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, დაიწყონ, აღასრულონ ის ვენდეტა, რომელიც მათ ჩაფიქრებული აქვთ.
„ენჯეოები“ დონორი ორგანიზაციების დაფინანსებებს პოლიტიკაში შემოჭრისთვის და ანტისახელმწიფოებრივი მიზნებისთვის იყენებენ. ქვეყნის დამაზიანებელი მტრული პოზიციის გამტარებლები არ უნდა უნდა ფინანსდებოდნენ. დონორებმა კარგად უნდა იცოდნენ, რაში იხარჯება ფული. ასეთი ყალბი ინფორმაციის შემქმნელი არ უნდა არსებობდეს და არ უნდა იღებდეს დაფინანსებას. არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პოლიტიკაში შეჭრა რომ დაუშვებელია, ეს ერთ-ერთი დიდი დონორი ორგანიზაციის „ნედი“-ს ხელმძღვანელმა განაცხადა.
მან თქვა ისიც, რომ კატეგორიულად მიუღებელია, არასამთავრობო ორგანიზაცია იხდიდეს ფულს კონკრეტული მიზნით და კონკრეტული გეგმით, ერეოდნენ პოლიტიკაში. დღეს ისინი აგრესიულად და ხისტად არიან შემოჭრილი პოლიტიკურ ცხოვრებაში. ასევე კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან იმ აუცილებლობას, რომ ქართველ ხალხს ინფორმაცია ჰქონდეს, კონკრეტულად ვისგან და ვისთვის იღებენ დაფინანსებას. ეს უკვე ეჭვებს წარმოშობს და ეს ეჭვები უკვე რეალური სიტუაციებით მართლდება“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, ვინც დონორების მუშაობის პრინციპებს მეტ-ნაკლებად იცნობს, მათ საჯაროობის საკუთარი სტანდარტები აქვთ და თანაც თითოეულ დონორს საკუთარი. რაც შეეხება გამოსავალს, ანალიტიკოსი ამბობს, რომ გამოსავალი ჩვენს საზოგადოების დამოკიდებულებაშია ამ ორგანიზაციებთან და მათ დონორებთან.
„როგორია ეს დამოკიდებულება ზუსტად არ ვიცით. ჩემი გამოცდილებით ვიცი, რომ არაერთგვაროვანია, მაგრამ რომელი დომინირებს - უარყოფითი თუ დადებითი, ზუსტად არ ვიცით. არაერთ შეხვედრას დავსწრებივარ ღიასაც და დახურულსაც, სადაც იხილებოდა ეს საკითხი, არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგალითად, საიდან წამოვიდა სახელი „გრანტიჭამია“ და ა.შ. თუმცა, როგორც ვხედავ, კონფრონტაცია უკვე სერიოზულ სახეს იღებს“, - აცხადებს ანჯაფარიძე.
ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ეს მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება, სადაც სამოქალაქო სექტორს საკუთარი ინტერესები გააჩნია, შეიძლება სხვა ფაქტორებს, მაგრამ მოცემულობა გვაქვს არასახარბიელო და ყოველ კვირას კონფლიქტს ახალ-ახალი სპირალი ემატება.
„ჩემი მოკრძალებული რეკომენდაცია იქნებოდა, რომ მხარეები პირისპირ დასხდნენ და პრობლემები მოლაპარაკების მაგიდასთან განიხილონ, არ ვამბობ რომ მოაგვარონ, უბრალოდ განიხილონ და იქნება გზაც გამოჩნდეს“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.