ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობის კადრები გამოაქვეყნა და წერს, რომ ვიდეო და ფოტო მასალა სოხუმში მცხოვრებმა მეგობრებმა მიაწოდეს, სადაც, მისი მტკიცებით, ჩანს, რომ სამშენებლო პროცესი არ ჩერდება არც ერთი წუთით. ქაცარავა აღნიშნავს, ადგილზე მუშაობენ რუსები და პორტს რუსული სამხედრო გემების მისაღებად ამზადებენ.
ის, რომ ქაცარავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს ამას for.ge-სთან საუბრისას ადასტურებს სოხუმის მკვიდრი. როგორც აფხაზმა ჟურნალისტმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, არავითარი რუსული სამხერდო ბაზის მშენებლობა ოჩამჩირეში არ მიმდინარეობს და აცხადებს, რომ ქაცარავა მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც პროვოკაციის ელემენტები აქვს და მიმართულია აფხაზეთის წინააღმდეგ.
რაც შეეხება ოჩამჩირის პორტს, ოჩამჩირის ე.წ. პორტის ინფრასტრუქტურა იმ სახით, რა სახითაც ის დღეს ემსახურება იქ შესულ მცირე წყალწვის ნავებს, კატარღებს, სეინერებს, საპატრულო კატარღებს, შეიქმნა 2009 წლიდან 2011 წლამდე. თუმცა, არსებული ინფრასტრუქტურა, რაც იქ არსებობს, ვერ უზრუნველყოფს მსხვილი და დიდი ხომალდების, მათ შორის წყალქვეშა თუ წყალზედა სამხედრო ფრეგატების მიღებას.
აღსანიშნავია, რომ ქაცარავას მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის შემდეგ, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ საკუთარი შეხედულება გამოაქვეყნა და დაწერა, რომ საქართველოს მთავრობა არ ასაჯაროებს ურთიერთობას და სავარაუდო კოორდინაციას რუსეთის და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე კი, მსგავსი გაუმჭვირვალობა ამყარებს ეჭვს, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის რუსეთზე დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით შესაძლო გამოყენების შესახებ.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციასა და სახელმწიფო ინტერესებზე თავდასხმას უწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული NGO-ს დონორები ამ განცხადების შესახებ სათანადო პოზიციას გამოხატავენ.
„ჯერ ერთი, ეს არის კლასიკური დეზინფორმაცია. მეორე, ეს არის თავდასხმა ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე. როცა ამას აკეთებს კონკრეტული NGO, ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე, ეს არის, ასე თუ ისე, ქართული NGO. იმედი მაქვს, რომ ამ NGO-ს დონორები სათანადო პოზიციას გამოხატავენ ამ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ვრცელდება სწორედ უცხოური დაფინანსებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველოში არც ერთი მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა, თუმცა ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანასთან მიმართებით ამ კუთხით კითხვები არსებობს.
„საქართველოდან სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. არც საერთაშორისო კომისიამ დაადასტურა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ამერიკის, ბრიტანეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლები. ისინი იყვნენ საქართველოში ჩამოსული. არიან ქვეყნები, რომელთა მიმართ კითხვები არსებობს, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ფინეთში დაიწყო გამოძიება, სადაც დაადასტურეს, რომ 3 500 სამხედრო დანიშნულების დრონი ფინეთიდან რუსეთში გადავიდა და უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენება.
საქართველოში თუნდაც ერთი ფაქტი რომ დაფიქსირებულიყო, რადიკალური ოპოზიციისა და „ენჯეოების“ სახით არსებული აგენტურა, წარმოგიდგენიათ, რას იზამდა? რუსულ რაკეტებში, რომლითაც უკრაინა იბომბება, გამოიყენება უკრაინაში მოპოვებული ტიტანი და ამით ერთმანეთთან ვაჭრობენ. მაინცდამაინც საქართველო უნდა დააზიანოს ოპოზიციამ, რომლის ერთადერთი მიზანია, ქვეყანას როგორმე რამეთი ავნოს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სოზარ სუბარმა.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უკომენტაროდ ტოვებენ ოპოზიციაში. რაც შეეხება ქაცარავას მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიას რუსეთი საკუთარი მილიტარისტული და ექსპანსიური მიზნების გასაფართოებლად იყენებს. „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი აცხადებს, რომ მთელი ამ სამხედრო შეიარაღების გადატანა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არღვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
„ძალიან სამწუხაროა, რომ რეალურად, ჩვენ ვნახეთ კადრები, როდესაც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიას რუსეთი საკუთარი მილიტარისტული და ექსპანსიური მიზნების გასაფართოებლად იყენებს. ეს ძალიან მძიმეა და თუკი ვინმე უქმნის საფრთხეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და, ზოგადად, საქართველოს სტაბილურობას და განვითარებას, ეს არის ზუსტად რუსეთი. ამიტომ, ამ კონტექსტში რუსეთი აგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო“, -აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ არანაირი ღრმაწყლოვანი რუსეთის სამხედრო-საზღვაო პორტი ოჩამჩირეში არ არსებობს და ეს არის 2009-2010 წლებში აშენებული ე.წ. „მესაზღვრეების პოლიგონი“.
„ეს არის ნაცების და მათი მესამე პრეზიდენტის ელემენტარული შულერობა! ატრიალებენ ოჩამჩირეს ე.წ. „მესაზღვრეების პოლიგონის“ კადრებს, რომელიც აშენდა 2009-2010 წ.წ. თავის საცხოვრებელი კორპუსებით და საწვრთნელო „პლაცით“, ყოფილი ქვა-ღორღის მომპოვებელი კომბინატის ტერიტორიაზე. მას შემდეგ ამ პოლიგონს არაფერი შემატებია - არანაირი წყალქვეშა ნავების თუ სამხედრო გემების მიმღები ნავსადგური! რაც არის, ესეც მიუღებელია და მაგასაც ბოლო მოეღება, მაგრამ ნაცების ფეიკების ტირაჟირებასაც უნდა მოეღოს ბოლო“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე აცხადებს, რომ ქაცარავმ გაახმოვანა პატრონების მიერ მიღებული დავალებები და საყოველთაოდ ცნობილია, რომ ვინც ვივა-მედში გამომწყვდეული თაღლითისგან დაწყებული და დამთავრებული ქაცარავათი, მონდომებული არიან ერთი რამეთი - საქართველო ჩააბან რუსეთ-უკრაინის ომში.
„მათი მიზანია აქ დაატრიალონ უბედურება. საქართველოში დაღვრილი სისხლისა და ცრემლების საფუძველზე გამდიდრდნენ და შემდეგ ბაყაყურით მოუსვან უცხოეთში, სადაც მათ სახელზე გაფორმებული მდიდრული ვილები ელოდებათ. აი, ეს არის მათი მთავარი ამოცანა. მე, ვფიქრობ, რომ ქაცარავა არის რუსეთის ფეესბეს აგენტი. უკვე მერამდენე წელია სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვართან დაშლიგინებს იქეთ-აქეთ და არავინ მას ხელს არ უშლის. გავიხსენოთ რამდენი კაცი დააპატიმრეს რუსებმა, რამდენი დასაჯეს და რამდენი ადამიანი დაიხსნა საქართველოს ხელისუფლებამ ტყვეობიდან და ამ დროს ქაცარავას არაფერი არ ეხება. პირიქით, გირჩი ზურაბას შარვალჩახდილებთან ერთად დადის აღმა და დაღმა“, - აცხადებს გვენეტაძე.
მისი თქმით, მას შემდეგ რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარზე ვერანაირ პროვოკაციას ვერ მიაღწია, გადაინაცვლა აფხაზეთში, სადაც სინამდვილეში არაფერი ხდება, მაგრამ მისცეს დავალება და წამოატივტივეს ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობის საკითხი.
„ეს მხოლოდ ერთ რაიმეში სჭირდებათ, რამენაირად მოახდინონ ვითარების დესტაბილიზაცია და საქართველოში დაღვარონ სისხლი. დამერწმუნეთ, ქაცარავა და მისი მაგვარი ორფეხები ამისათვის კოლოსალურ თანხებს იღებენ. დიახ, დიდი ეჭვი მაქვს, რომ ქაცარავა არის რუსეთის ფეესბეს აგენტი და ამას ადასტურებს ისიც, რომ ქაცარავას იწვევენ რუსულ ფილმებში, თამაშობს და რუსულ ფულებსაც იდებს ჯიბეში. მერე, იმ რუსული ფულის მიმცემებს უპირისპირდება? - არა, ეს არის მიზანდასახული გეგმა, რომლისთვის ამ მარიონეტს ათამაშებენ გაღმელ-გამოღმელი და ჩრდილოელი პატრონები. მათი მთავარი ამოცანაა აიღონ ფული და იცხოვრონ უზრუნველად.
კლასიკური ტიპის მოღალატეები არიან იგივე ეს „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ წევრები, რომლებიც გამოგონილი საბაბით აცხადებენ, რომ საქართველო რუსეთს ეხმარებაო, კიდევ ერთხელ დაადასტურეს რეალურად თუ ვინ არიან სინამდვილეში. კოლექტიური ხატია დეკანოიძეები არიან, რომლებმაც ვერ შეასრულეს 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე მიღებული დავალება, რომ საქართველო ჩაებათ ომში. ეს უსამშობლოები კვლავაც მარტის კატებივით აკნავლდნენ და დაიწყეს ხტუნვა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.