მიუხედავად საარჩევნო პერიოდისა, საქართველოში ეკონომიკის განვითარების კუთხით შეფერხებები მოსალოდნელი არ არის. ამას უკვე ადასტურებენ არა მარტო ხელისუფლების, არამედ გავლენიანი საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლებიც. წლის დასაწყისიდანვე მათი პროგნოზი ოპტიმისტურია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5.7% იქნება. აღსანიშნავია ისიც, რომ სსფ-ის მოლოდინები გაუმჯობესებულია. იქამდე სავალუტო ფონდი 4.8%-იან ზრდას პროგნოზირებდა.
მიუხედავად იმისა, რომ სავალუტო ფონდის ეკონომიკური პროგნოზი წინა შეფასებასთან შედარებით გაუმჯობესებულია, გასულ წელთან შედარებით 5.7% მაინც დაბალი ნიშნული იქნება. კერძოდ, 2023 წელს ეკონომიკური ზრდა 7.5% იყო, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ მხოლოდ წლის დასაწყისია და სავარაუდოდ, ეს მაჩვენებლიც დარჩენილ თვეებში გაიზრდება, ისე, როგორც გასულ წლებში მოხდა.
„საქართველომ უნდა გააგრძელოს უარყოფითი შოკებისადმი მდგრადობის გაძლიერება გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნებითა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენებით. პრიორიტეტები მოიცავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების რეფორმას მათი ფისკალური რისკების შეზღუდვისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით; საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გაძლიერებას და განათლების, ინფრასტრუქტურისა და მმართველობის გაუმჯობესებას მაღალი უმუშევრობისა და ეკონომიკური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად“, - აღნიშნულია სავალუტო ფონდის ანგარიშში.
ეკონომიკური ზრდის უკეთესის მოლოდნი რომ არსებობს, ამას მთავრობის პოზიციაც ადასტურებს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მშპ-ს წლევანდელ პროგნოზს მთავრობა ახლო მომავალში გადახედავს და ის 5.7%-მდე მოიმატებს.
„2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი წარვადგინეთ 2023 წლის ბოლოს და ეს მოხდა 2024 წლის ბიუჯეტის წარდგენისას. ჩვენ მაშინ განვსაზღვრეთ, რომ საპროგნოზო ზრდა იქნებოდა 5.2%, თუმცა მივუთითეთ, რომ ამ მაჩვენებელს გადავხედავდით. შესაბამისად, იმის მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს ფინანსთა სამინისტროც გადახედავს და ეს მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში მოხდება“, - განაცხადა ხუციშვილმა.
მთავრობის არსებული პროგნოზით, რაც 5.2%-იან ეკონომიკურ ზრდას ეფუძნება 2024 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის ზომა მიმდინარე ფასებში 86 მილიარდ ლარს მიაღწევს. შესაბამისად, ზრდის პროგნოზის განახლებასთან ერთად ეკონომიკის მოსალოდნელი ზომაც გაიზრდება და ის, სავარაუდოდ, 87 მილიარდ ლარს დაუახლოვდება.
ამ ფონზე კიდევ უფრო ოპტიმისტურ განცხადებას აკეთებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ეკონომიკა უახლოეს თვეებში კიდევ უფრო გაიზრდება, უმუშევრობა შემცირდება და დასაქმება გაიზრდება.
„შარშან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7,5 პროცენტის დონეზე იყო, შარშანწინ - 11 პროცენტზე. ეს მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო განაგრძობს კარგი დადებითი მაჩვენებლების დემონსტრირებას. დარწმუნებული ვარ, შემდგომ თვეებში იქნება უფრო დიდი ეკონომიკური ზრდა, დაბალი უმუშევრობა და მაღალი დასაქმება“, – განუცხადა დუნდუამ ჟურნალისტებს.
ამასობაში „საქსტატმა“ კიდევ უფრო დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა. 2023 წლის IV კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 22 321.7 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება მთლიანად გასული წლის მონაცემებს, შარშან მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 80 246 1 მლნ ლარს გაუტოლდა, რაც 10.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, 7.5 პროცენტი შეადგინა.