რატომ არ დაუჭირა ოპოზიციამ და უკრაინულმა დელეგაციამ მხარი „ოცნების“ რეზოლუციას, რომელიც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე 3 ქვეყნის - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციას ეხებოდა? მმართველი გუნდის განცახდებით, ოპოზიციონრებმა და უკრაინულმა დელეგაციამ სრულიად გაუგებარი მიზეზით რეზოლუცია ერთობლივად ჩააგდეს.
რეზოლციის დასარეგისტრირებლად და იურდიული ფორმის მისაცემად სულ ათი ხმა იყო საჭირო. რეზოლუციას მხარი მხოლოდ მოლდოვის დელეგაციამ დაუჭირა, თუმცა უკრაინისა და ოპოზიციის წევრების გამო, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს დოკუმენტს, შეუძლებელი გახადა მასზე მუშაობის გაგრძელება.
მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ გარდა რეზოლუციის პროექტისა, ოპოზიციამ მათ რამდენიმე შესწორებასაც არ დაუჭირა მხარი.
საქმე ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და უკრაინელი ლტოლვილებისთვის გაწეულ დახმარებაზე გაკეთებულ ჩანაწერებს. თავად ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესია კი ევროპარლამენტის არჩევნებამდე ბოლო შეკრება იყო, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორი საქართველო, უკრაინა და მოლდოვა კანდიდატის სტატუსით პირველად ესწრებოდნენ.
საკუთარი არგუმენტების მტკიცებულებები უკრაინის დელეგაციას მედიასთან აღარ წარმოუდგენია. შესაბამისად, მმართველ გუნდში კიევის წარმომადგენლობას დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებასა და საერთაშორისო დასკვნების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ.
რატომ არ ჰქონდა საქართველოსთვის სასარგებლო ტექსტს ოპოზიციის ხელმოწერა? - ამ კითხვაზე დელეგაციის თითოეული წევრის პასუხი განსხვავებული იყო. გიორგი ვაშაძე ამტკიცებდა, რომ ქართული დელეგაციის ხელმძღვანელს რეზოლუციასთან დაკავშირებით მანამდე მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია. ერთმანეთისგან განსხვავებული პასუხები ჰქონდათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსაც.
„გვითხრას მაინც რადიკალურმა ოპოზიციამ, რას ავალებენ, ვინ ავალებს, რა პატრონები ჰყავთ ასეთი, რომ ევროპულ რეზოლუციებზეც კი ვერ ბედავენ ხელის მოწერას“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში წარდგენილი რეზოლუციის პროექტი მიზნად ისახავდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლატფორმის გამოყენებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის მხარდასაჭერად ევროპარლამენტის მხრიდან.
„ყოველგვარი ირონიისა და ნიშნის მოგების გარეშე – გვითხრან მაინც რას ავალებენ, ვინ ავალებს რა პატრონები ჰყავთ ასეთი, რომ ვერ ბედავენ ფეხის გადადგმას, ერთი სიტყვის თქმას და ერთ ხელმოწერას ასეთ პროაქტიულ ევროპულ რეზოლუციებზეც კი. მივეხმარებით იმაში, რომ თავი დაიხსნან მათ დავალებების მიღებისგან. წარმოიდგინეთ, ოთხი დეპუტატიდან ორმაც კი ვერ გაბედა იმ რეზოლუციაზე ხელმოწერა, რომელზეც ვერ იტყვიან ვერც ერთ სიტყვას, რატომ არ მოაწერეს ხელი. ათას თავის მართლებას მოიფიქრებენ, ან არ ვიცოდით, ან რაღაც, მაგრამ დარიგებულ ტექსტზეა საუბარი, რომელზეც ასევე დამატებით პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა ოპოზიციის წარმომადგენლებთან მაკა ბოჭორიშვილს და მათ ვერ გაბედეს ხელმოწერა. ძალიან სამწუხაროა, რომ უკრაინელებმაც ხელი არ მოაწერეს რეზოლუციას, სადაც საქართველოს გარდა, უკრაინაზეც იყო საუბარი“, - განაცხადა მდინარაძემ.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიცია უკვე ღია დესტრუქციაზეა გადასული. ქადაგიძე აცხადებს, რომ ეს ყოფილიყო ხელისუფლების მხარდამჭერი რეზოლუცია კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ აქ იყო საუბარი საქართველოს დეოკუპაციაზე და უკრაინის მხარდაჭერაზე.
„ამას რომ პოლიტიკოსი მხარს არ დაუჭერ, მეტი მავნებლობა და პარაზიტობა შენი სახელმწიფოს წინააღმდეგ რაღა უნდა გააკეთო?! თუმცა ჩემთვის ეს გასაკვირი არ იყო, რადგან ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც კარდაკარ დადიოდნენ და ევროპის სხვადასხვა ქალაქში და ევროპარლამენტარებთან შეხვედრებზე ამბობდნენ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიეცათ. ეს ადამიანები იყვნენ მანამდე ვიზალიბერალიზაციის და ასოციაციის მტრები. ეს ადამიანები არიან იმ „ნაციოანლური მოძრაობის“ ნაშიერები, რომლებმაც ხელი მოაწერეს რეზოლუციას, სადაც საკუთარ ჯარს ომის დაწყება დააბრალეს. აქედან გამომდინარეა, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა 2008 წლის ომის გამოძიებას ითხოვს და მთელი რიგი იმ დანაშაულებების, რომელიც ამ ადამიანებს ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიუძღვით“, - ამბობს ზურაბ ქადაგიძე.
მისივე თქმით, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ხასიათის და დონის პოლიტიკური პარტიები საერთოდ უნდა გაქრნენ, რადგან ეს პოლიტიკოსები იქცევიან ე.წ. გლობალური ომის პარტიის დავალებით.
„სწორედ ე.წ. გლობალური ომის პარტიით ხელმძღვანელობს უკრაინის ხელისუფლება და მათი ფილიალი კი საქართველოში „ნაციონალური მოძრაობაა“. ვაშაძე, ბოტკოველი, წითლიძე, გადაბმულად სიტყვას ვერ იტყვიან საკუთარი სურვილით, რადგან ისინი არიან, კლასიკური გაგებით, აგენტოკრატები. ეს ადამიანები პოლიტიკური ინტერესების გამო, საკუთარ დედას გაყიდიან. ეს არის უკრაინის ხელისუფლება, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ათას სისაძაგლეში ადანაშაულებდა. არადა ჩვენმა ხელისუფლებამ ასობით უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში მიიღო მონაწილეობა. უკრაინის ჰუმანიტარული დახარებით საქართველო პირველ ადგილას იყო. რამდენი სკოლა და რამდენი უფასო პროგრამები გვაქვს იმისთვის, რომ უკრაინელ ლტოლვილებს დავეხმაროთ. მიუხედავად ამისა, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არაერთი ბინძური და ცრუ ბრალდება ავიტანეთ. მათ თავიანთი პატრონები ავალებდნენ და საქართველოს ომში ჩართვა უნდოდათ. საქართველოში ამ ომის რეგიონალური დივერსიფიცირება უნდა მომხდარიყო“, - ამბობს ქადაგიძე.
მისივე თქმით, ამის შემსრულებლები არიან ასევე ეს დეპუტატები, რომლებსაც ტუტუცური ახსნა აქვთ, რომ ჩვენ რა შუაში ვართ, ევროპარლამენტარებმა კარგად იციან „ოცნების“ მოღვაწეობის შესახებო.
„აქ საუბარი იყო მხოლოდ ჯერ რეზოლუციის რეგისტრაციაში მიღებაზე. დელეგაციას უნდა წარედგინა, რათა სამართლებრივად დარეგისტრირებულიყო. საკუთარი ქვეყნის სასარგებლო რეზოლუციაში რომ პოლიტიკოსი მონაწილეობას არ მიიღებ, ამაზე მეტი კომპრომატი რაღა საჭიროა“, - ამბობს ზურაბ ქადაგიძე.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ამბობს, რომ ასეთი პრეცედენტი არ შემქნილა არასდროს, როდესაც ევროპარლამენტში დეპუტატები წინასწარ არ გაცნობილიყვნენ რაზეა რეზოლუციის პროექტი. ანალიტიკოსი for.ge-სთან ამბობს, რომ 2008 წლის ოქტომბერში დიდი საჩუქარი გაუკეთეს პუტინს იმით, რომ საკუთარი ქვეყანა ომის დაწყებაში დაადანაშაულეს. ამიტომ ასეთი ხალხისგან გასაკვირი არაფერია.
„ტაიავინმა სწორედ ამ ნაცდეპუტატების ნარატივი გაიმეორა ერთი ერთში, სადაც საქართველო ომის დამწყებად გამოაცხადეს. ამ ყველაფერმა კი რუსეთის მიმართ საერთაშორისო სანქციების გამოცხადების პროცესი დაბლოკა. როგორ უნდა გამოეცხადებინა დასავლეთს რუსეთისთვის სანქციები, როცა თავად ნაციონალები ამბობდნენ, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო. ამ ყველაფერს მოჰყვა კონტრიბუციის სახით ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ენერგო ობიექტები. გასაგებია, საქართველო დასაჯეს ამ ჩვენმა დეპუტატებმა, მაგრამ მოლდოვა რაღატომ გაიმეტეს, როცა ამ ქვეყნის დეპუტატებმა ჩვენ მხარი დაგვიჭირეს? პუტინს ნაციონალებმა გაპრეზიდენტების დღეს მშვენიერი საჩუქარი მიართვეს. საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ წავიდნენ და მხარი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მხარდასაჭერ რეზოლუციას უარი გამოუცხადეს“, - ამბობს ქართველიშვილი.