მთავრობამ ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. რამდენ მილიონს დახარჯავს სახელმწიფო ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის ამ ეტაპზე უცნობია. პრეტენდენტმა კომპანიებმა თავად უნდა წარმოადგინონ ფინანსური წინადადებები ტექნიკურ წინადადებასთან ერთად, გამარჯვებულის გამოვლენა კი სწორედ ამ ორი შემოთავაზების ერთობლივად გათვალისწინებით მოხდება.
შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი 18 მარტს გამოცხადდა.
„სატენდერო დოკუმენტაცია ე.წ. „დიდი ოთხეულის კომპანიებს“ (Boskalis, DEME, Jan De Nul, Van Oord) დაეგზავნათ. აღნიშნულ კომპანიებს საზღვაო სამუშაოების პროექტირების და წარმოების მდიდარი გამოცდილება გააჩნიათ. მნიშვნელოვანია, რომ პორტის საზღვაო სამუშაოების დიდი წილი მოდის ფსკერის დაღრმავებაზე, ხოლო აღნიშნული კომპანიები გლობალური დაღრმავების/დამღრმავებელი ფლოტის 80%-ს ფლობენ.
მოწვეულმა პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ტექნიკური და ფინანსური მიმართულებით. გამარჯვებულად გამოვლინდება წინადადება, რომელიც დააკმაყოფილებს მოთხოვნებს/შერჩევის კრიტერიუმებს და ექნება ჯამური (ტექნიკური წინადადების ქულას პლიუს ფინანსური წინადადების ქულა) უმაღლესი ქულა. სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით დამაზუსტებელი კითხვების დასასმელად და კონკურენტუნარიანი სატენდერო წინადადებების მოსამზადებლად (წარმოსადგენად) მონაწილეებს 45-დღიანი ვადა მიეცათ.
პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი წინადადებების ტექნიკურ და ფინანსურ ნაწილში შეფასებას უზრუნველყოფს შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ სპეციალურად შექმნილი სატენდერო კომისია, საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად.
შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“, რომელიც 2023 წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნდა, უკვე განახორციელა მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ინფრასტრუქტურის (ფსკერდაღრმავება, ტალღმტეხელი) მშენებლობის მიზნით - განახლდა/შეიქმნა ძირითადი საპროექტო დოკუმენტაცია, დაქირავებულ იქნა საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მონაწილეობდა სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაში და ამჟამად მონაწილეობს გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის წარმართვაში, რომლის შედეგად გამოვლინდება გამარჯვებული და დაიწყება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ნაწილის სამშენებლო პროცესი. დოკუმენტაციის განახლება და პორტისთვის აუცილებელი გარკვეული სამუშაოები კერძო პარტნიორის შერჩევის პარალელურად განხორციელდება. შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურს“ კაპიტალშენატანის სახით, გადაეცა პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნაწილი.
„ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას, საქართველოს ტერიტორიის გავლით ახალი ტვირთნაკადების მოზიდვას, ასევე ნავსადგურის მიმდებარედ, წარმოებისა და ლოგისტიკური სერვისების განვითარებას“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პორტის პროექტთან დაკავშირებით სატენდერო პროცედურები მაისში დასრულდება, ხოლო პრემიერი ირაკლი კობახიძე პირობას იძლევა, რომ უკვე ივნისიდან ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყება.
„პროცედურები უკვე დაწყებულია. მაისის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, გამოვლინდება კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება სამუშაოებს. უფრო მეტიც, ჩვენ ვგეგმავთ, რომ უკვე ივნისიდან დავიწყოთ ინფრასტრუქტურული საქმიანობა.
როგორც მოგეხსენებათ, უშუალოდ მთავრობაც ახორციელებს ინვესტიციებს ამ სფეროში, ანაკლიის პორტის განვითარების კუთხით. შესაბამისად, არა მხოლოდ პროცედურებს დავასრულებთ, არამედ ივნისიდან ვგეგმავთ უკვე კონკრეტული სამუშაოების დაწყებას ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით“, - დასძინა პრემიერმა და ხაზი გაუსვა, რომ მთავრობას ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით მკაფიო გეგმა აქვს.
ანაკლიის პორტის პროექტის ფარგლებში სახელმწიფო, ზღვის დაღრმავების სამუშაოების გარდა, ვალდებულებას იღებს ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის ინფრასტრუქტურა მოაწყოს.
პროექტი ინვესტორ კომპანიასთან უნდა შეთანხმდეს, ამიტომ სანამ სახელმწიფო პროექტის პარტნიორს შეარჩევს, პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტების დაწყება არ იგეგმება.
„როგორც კი გამოვლინდება ინვესტორი, მასთან გვინდა გავიაროთ ძირითადი დეტალები, შემდეგ კი შევძლებთ შესაბამისი პროცედურების დაწყებას, რომელიც მათ შორის ტენდერის გამოცხადებასაც გულისხმობს. ჩვენ მზად ვიქნებით, რომ სანამ ოპერირებას დაიწყებს და ინვესტორს მოუნდება გზა იყოს მიყვანილი, იმ მომენტისთვის შესრულებული გვქონდეს მთელი სამუშაო“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა.
იგი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, რა დაუჯდება სახელმწიფოს პორტამდე მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა.
„პირველადი მონახაზი გაკეთებულია, თუმცა ჯერ შევიკავებ თავს გითხრათ ზუსტი ღირებულება, რადგან დამოკიდებული ვართ მაინც ინვესტორზე, რამდენად მისაღები იქნება მისთვის ის მიმართულება, რომელიც თავის დროზე იყო შეთანხმებული. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება დაახლოებით სატენდერო ღირებულების განსაზღვრა“, - აღნიშნა გიორგობიანმა.
საქართველოს მთავრობამ 2020 წლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას წყვეტდა, რადგან კონსორციუმმა ვერ შეასრულა საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. კონსორციუმი ამას უარყოფს და საქართველოს მთავრობას ბრალს სდებს სტრატეგიული პროექტის მიზანმიმართულად ჩაშლაში.