„ხალხის ძალა“ უკვე პარტიად ჩამოყალიბდა. ამ პოლიტიკურმა სუბიექტმა ერთი წლის არსებობის განმავლობაში, ყურადღება უკვე არაერთხელ მიიპყრო. სწორედ, ამ ძალას ეკუთვნის ე.წ. აგენტების კანონი, რომლის გამოც, 2023 წლის მარტში, ოპოზიციის მიერ აქციები იქნა გამართული. ეს ის ძალაა, რომელმაც პირველად, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების მანძილზე, დასავლეთის კრიტიკა გაბედა და ღიად საუბრობდა ე.წ. გლობალური ომის პარტიის მიერ საქართველოში მეორე ფრონტის გადმოტანის მცდელობაზე.
პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა 18 მარტს, გაიმართა და მისმა წევრებმა თავმჯდომარედ სოზარ სუბარი აირჩიეს. ის, ამავდროულად, არის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.
„ჩვენ დღეს ვიწყებთ პოლიტიკური ბრძოლის ახალ ეტაპს და ამ ეტაპზე ჩვენი სამშობლოს და ხალხის მიმართ ჩადენილი დანაშაულებისთვის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი უცხოური თანამზრახველების, აგენტურის გასამართლება იქნება ჩვენი მთავარი ამოცანა“, - თქვა სოზარ სუბარმა.
მოძრაობა „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნების“ ოთხმა ყოფილმა დეპუტატმა: სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ და გურამ მაჭარაშვილმა 2022 წლის აგვისტოში დააფუძნეს. მათი გაცხადებული მიზანი იყო „საზოგადოების სიმართლით აღჭურვა“, მათ შორის აკრიტიკებდნენ აშშ-ის ელჩს.
პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რომ პარტია რეალურად ხალხზე და ხალხის ნება-სურვილზე დაფუძნებულია, რომელიც ხალხის მოთხოვნის საფუძველზე, მათი მოლოდინებისთვის პასუხის გასაცემად შეიქმნა.
„საქართველოში, დაახლოებით, 250 პოლიტიკური პარტიაა და იმ აქტიურ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომელთაც ვხედავთ ტელევიზიით, ძირითადად, არის 3-4 კაცის მიერ შექმნილი უფრო პოლიტიკური კლუბები, ვიდრე პოლიტიკური პარტიები. ხანდახან არის, რომ ერთი კაცით არის ცნობილი პოლიტიკური პარტია და ერთ კაცზე დგას მთელი პარტია. მათგან განსხვავებით, ჩვენ რეალურად ხალხზე და ხალხის ნება-სურვილზე დაფუძნებული პარტია ვართ. ნამდვილად, ხალხის მოთხოვნის საფუძველზე, მათი მოლოდინებისთვის პასუხის გასაცემად შეიქმნა ეს პარტია. ჩვენ წარმომადგენლობები გვყავს რეგიონებში და, რა თქმა უნდა, ამ წარმომადგენლობებს გავაფართოებთ. პარტიაში არის რეგიონებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი მდივანი, ასევე გენერალური მდივანი, აღმასრულებელი მდივანი, საერთაშორისო მდივანი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, საქმიანობის გაზრდის კვალობაზე, კიდევ დაემატება სხვა საჭირო მიმართულებები.
პარტიად გადაკეთების კიდევ ერთი დადებითი მხარე ის არის, რომ ჩვენი ხმა ახლა გაცილებით მეტი სიძლიერით გაჟღერდება და უფრო წონადი იქნება. მისია კვლავ იგივეა, რაც გვქონდა - ინფორმაციის, ჩვენი მიდგომების, პოზიციის გაცნობა ხალხისათვის. რა თქმა უნდა, შემდგომში ხალხი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და იმ არჩევანს გააკეთებს, რომელიც ყველაზე მეტად არის მისთვის მისაღები,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ თავიდან, როდესაც ხალხის ძალა შეიქმნა, „ოცნებამ“ ამით ორ ფრონტზე თამაში გადაწყვიტა. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი შეეცადა ერთი მხრივ ყოფილიყო პროევროპული და მეორე მხრივ ეთამაშა ნეიტრალური მხარე. ასევე, ყოფილიყო იმ ამომრჩეველზე ორიენტირებული, რომელიც ასევე პრორუსულია.
„ხალხის ძალა“ იწყებდა დასავლეთის კრიტიკას, ამბობდა იმას, რასაც მმართველი გუნდი ვერ იტყოდა და „ოცნება“ თავად მერე ნეიტრალურ პოზიციას იჭერდა. შემდეგ პროცესი ისე განვითარდა, რომ „ხალხის ძალა“ მთლიანად ჩვენი პარტნიორების კრიტიკაზე გადავიდა. დღეს ასე ჩანს სიტუაცია, რომ მმართველი გუნდი უფრო კობახიძის პრემიერობით, პროევროპულ მხარეს იჭერს, ხოლო „ხალხის ძალა“ იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხმებს „ალტ-ინფოს“, „კონსერვატორებს“, ბურჯანაძეს, „პატრიოტთა ალიანსს“ და ა.შ. წაართმევს და მათ ამომჩეველს გარშემო შემოიკრებს. „ოცნება“ შეეცდება დასავლეთთან უფრო ზომიერი პოზიცია დაიკავოს. თუ ამან არ გაამართლა, არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ ერთი სატელიტი ძალა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდეს, რომელიც რადიკალურად პროევროპული იქნება. ამით კი „ოცნება“ საარჩევნო ველიდან პროევროპულ ამომრჩეველს აკრეფს. ეს იქნება ძალიან მოქნილი თამაში, რომლის მეშვეობითაც „ოცნება“ შეძლებს და თუკი პარლამენტში კოალიცია დასჭირდება, ამ პარტიების მეშვეობით შექმნის. აღარც ნაციონალები უნდა მერე და აღარც სხვა ოპოზიცია“,-ამბობს ძაბირაძე.
მისივე თმით, პრემიერ კობახიძის ბრიუსელში პირველი ვიზიტი პროევროპულობაზე ხაზგასმა იყო. ამიტომ, ეს თუ საკმარისი იქნება, თამაში არ გადათამაშდება. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამით „ოცნება“ ორ ფლანგზე ითამაშებს. ეს კი მას ოპოზიციაზე კიდევ უფრო მეტ უპირატეს მდგომარეობაში აყენებს, ხოლო შანსი იმის, რომ მას აღარ დასჭირდება სხვა ოპოზიციური პარტიები კოალიციის შესაქმნელად, დიდია.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეც მიიჩნევს, რომ „ხალხის ძალა“ ნამდვილად იქნება ის პარტია, რომელიც გარკვეულწილად შესაძლოა მმართველ გუნდს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემთხვევაში დასჭირდეს. თუმცა საყვარელიძე for.ge-სთან არც იმას გამორიცხავს, რომ ის მმართველი გუნდისთვის ხელის შემშლელიც კი გახდეს.
„ხალხის ძალამ“ შეიძლება „ოცნებას“ ხმები წაართვას, ამიტომ არჩევნების წინ ეს უფრო საფრთხის მატარებელი მგონია. დიდი ტრაგედია არ არის და იმის მომხრეც ვიქნებოდი, რომ „ოცნების“ საპირწონე ძალის მქონე შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში. პარტია, რომელსაც არ ექნება მოძალადეობის სტილი, მმართველი გუნდისთვის როგორც მეტოქე, უკეთესი იქნებოდა. ძირითადად, ალბათ, „ხალხის ძალა“ „ოცნების“ უფრო კონსერვატიულ ამომრჩეველს მიიმხრობს. „ხალხის ძალა“ იქნება უფრო იმ ამომრჩევლის მაგნიტი, რომლებიც ანტიდასავლური განწყობებით არიან და მათი ღია განცხადებები დასავლეთის მიმართ მათთვის მისაღებია“, - ამბობს საყვარელიძე.