„არა თუ პუტინი ქმნის რუსეთს, არამედ რუსეთი ქმნის პუტინს“

„არა თუ პუტინი ქმნის რუსეთს, არამედ რუსეთი ქმნის პუტინს“

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტად მოსახლეობის 87,28%-მა აირჩია და ის პრეზიდენტი უკვე მეხუთე ვადით გახდა. რუსეთის ცესკოს ცნობით, პუტინს მხარი 75 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ნიკოლაი ხარიტონოვმა ხმების 4,31% მიიღო, ვლადისლავ დავანკოვმა - ხმების 3.85% და ლეონიდ სლუცკიმ - 3.20%. მსოფლიო ლიდერები მასშტაბურ გაყალბებასა და ზეწოლაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ვლადიმერ პუტინის რეჟიმის ფონზე სხვა შედეგი არც იყო მოსალოდნელი.

ამასთან, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონებში საარჩევნო უბნები მოაწყო, რაც საფრანგეთმა თავის მხრივ დაგმო. როგორც საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთში საარჩევნო პროცესი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებული ზეწოლის და რეჟიმის საწინააღმდეგო ფორმების შეზღუდვის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის აკრძალვის ფონზე მიმდინარეობდა.

„საფრანგეთი გმობს იმ ფაქტს, რომ რუსეთმა საარჩევნო უბნები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე, მოლდოვის რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში, საქართველოსა და მოლდოვის ხელისუფლების თანხმობის გარეშე მოაწყო“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, 17 მარტს რუსეთში, მოსკოვის დროით 12:00 საათიდან, საპროტესტო აქცია „შუადღე პუტინის წინააღმდეგ“ მიმდინარეობდა. აქცია 12:00 საათზე, საარჩევნო უბნებზე მისვლას და პრეზიდენტის წინააღმდეგ ხმის მიცემის ან ბიულეტენის დაზიანებას ითვალისწინებდა. საბოლოოდ, რუსეთში, საპრეზიდენტო არჩევნების მესამე დღეს სამართალდამცავებმა 50-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

საქართველოს ყოფილი მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი არ ელოდება, რომ რუსეთში ქვეყნის მასშტაბით, მასობრივი გამოსვლები დაიწყება, რადგან როგორც მან For.ge-სთან საუბარში თქვა: „არა თუ პუტინი ქმნის რუსეთს, არამედ რუსეთი ქმნის პუტინს“.

„პუტინი სრულებით მართავს სიტუაციას. მან 85%-ზე მეტი აიღო არჩევნებში და ეს ადამიანები არიან მტრები, როგორც საქართველოსი, ისე სამყაროსი. პუტინი არ ქმნის რუსეთს, არამედ რუსეთი ქმნის პუტინს. სწორედ ეს არის რუსეთი. ქუჩაში გამოვლენ ერთეული ადამიანები, მაქსიმუმ 10 ათასი კაცი. იქნება ხალხი, მაგრამ ძალიან ცოტა და ისინი არ შექმნიან ამინდს რუსეთში“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

აფხაზეთის მთავრობის უშიშროების ყოფილი მინისტრი ლევან კიკნაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ რუსეთის რეჟიმი იმ მოქალაქეებს დაიჭერს, ვინც პუტინის ხელისუფლებას წინააღმდეგ გაუწევს.

„ბევრს არ უნდა პუტინი, მაგრამ იმდენ პროცენტს დაწერენ, რამდენიც უნდა. ცალკეულ ადგილებში შეიძლება გამოსვლები დაიწყოს, თუმცა ყველაფერს ჩაახშობენ. პუტინი თავად ეწევა სამამულო ომს და ძალიან რთულია ვინმე წავიდეს მის წინააღმდეგ, რადგან რეჟიმი აუცილებლად დაიჭერს. ნაკლებად მგონია, რომ იქ რაიმე სერიოზული გართულებები შეუქმნან პუტინის რეჟიმს“, - განაცხადა ლევან კიკნაძემ.

ვლადიმერ პუტინმა რამდენჯერმე ახსენა უკრაინასთან შესაძლო მოლაპარაკებების გამართვა, თუმცა ამ დრომდე რაიმე, კონკრეტული შედეგი არ დამდგარა. ისმის კითხვა: რამდენად არსებობს მზაობა, მხარეები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ და უკრაინა-რუსეთის ომის დასრულდეს?!

პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ ეს მოლაპარაკებები ვერ შედგება, რადგან რუსეთი უკრაინას კონკრეტულ პირობებს უყენებს, რაც უკრაინისთვის მიუღებელია.

„პუტინი არაერთხელ ავლენს, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ იქვე დასძენს მოლაპარაკებებს რუსეთის პირობებზე. წესით, მოლაპარაკებები არ უნდა იყოს წინასწარ პირობებით დათქმული. ასეთი პირობებით უკრაინა, რა თქმა უნდა, უარს ამბობს მოლაპარაკებებზე. როგორც კი ზელენსკი დათანხმდება მოლაპარაკებებს, პუტინი უცებ წამოაყენებს ისეთ პირობებს, რომ შეუძლებელი იქნება ასეთი მოლაპარაკების დაწყება“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილი.

ლევან კიკნაძის შეფასებით, უკრაინა-რუსეთის ომი საბოლოოდ მხარეთა შორის მოლაპარაკებით დასრულდება:

„ეს ომი მაინც დასრულდება მოლაპარაკებით. ყველას გვინდა, რომ რუსეთი დამარცხდეს, მაგრამ არსებობს ამის შესაძლებლობა?! - არავინ იცის, რა და როგორ იქნება, რამდენად ერთიანი იქნება ევროპა და ამერიკა. ეს ჩვენ ვართ მიჩვეული გაჭირვებას, თორემ იქ როგორც კი ოდნავ გაუჭირდა ხალხს, გამოსვლები დაიწყო. დღეს სხვა დროა, არავის უნდა ომი, გაჭირვება, მსხვერპლი და ლტოლვილი“, - დასძინა ლევან კიკნაძემ.

 

ლევკოთეა მოლაპარაკება მხარეებს შორის იმართება მაშინ, როცა ან ორივე მხარეს აწყობს შესათანხმებელი პირობები, ან ერთი მხარე მაინც იძულებულია დათანხმდეს მოლაპარაკებას. არც-ერთი ეს მოცემულობა არაა ამჟამად და არც მოლაპარაკება შედგება ჯერ. თორემ, ზოგადად, კონფლიქტი რომ ამა თუ იმ სახის მოლაპარაკებით მთავრდება, ყველამ ვიცით.
რაც შეეხება რუსეთის დამარცხებას ამ ომში. ვის როგორ წარმოუდგენია, რა ჩაითვლება რუსეთის დამარცხებად? კრემლის თავზე უკრაინის დროშას არავინ აღმართავს. არც ნატოს ლურჯი დროშა იფრიალებს.
გამოდის, ამ მოცემულობაში, რუსეთის დამარცხება იქნება თუ უკრაინის ტერიტორიას დატოვებს, ყირიმის ჩათვლით, ან არჩათვლით.
ეხლანდელ მოცემულობაში ასეთი სცენარი წერმოუდგენელი ჩანს, მაგრამ ასე რომც მოხდეს, უკრაინისთვის უკვე ყველა ვარიანტში ეს იქნება პიროსის გამარჯვება.
უკვე ვინც არის და დარჩება გამარჯვებულად, ეს ამერიკაა. რომელიც ყოველთვის გამარჯვებულია წინა საუკუნიდან მოყოლებული.
8 თვის უკან
trampi ლევკოთეა
ჰოოოდა სუ გამარჯვებული როა იმიტომაც მოუვიდა უკვე ჟამი ....ჰააა ჰააა როგორც იმპერიამ მაქსიმუმ 1-2 წელი-ღა გაქაჩოს
...მერე უკვე შიგნით დაეწყება პრობლემები--დაშლა
ყველა იმპერიას ააქვს თავიც და ბოლოც
ცივილიზაციიდან გამომდინარე, რომის იმპერიიდან დაწყებული, ყველა იმპერიის არსებობა სუ მცირდებოდა და მცირდებოდა
იყო რვა საუკუნე მერე 4, 3, 2 , 2.,..საუკუნე . ბოლოს სსრკ 70 წელი იყო
ჰოოდა როგორც თავის დროზე ა.ბაქრაძეს ააქვს ნათქვამი მაგათი პატალოკი 35 წელია ანუ 2025...
ჰოოდა ველოდები მტკვარია თუ მისისიპი როდის ჩამოატარებს კოლუმბს....
და ამაში ეჭვი ნურავის შეეპარება
იმათ ეხლა ჩერნენკოს პერიოდი უდგათ
რაც შეეხება რუსეთის განადგურებას, თუ ამერიკამ ბომბი არ გლიჯა, (კაი იქნებოდა) ესე ბწკენა ბწკენით, რუსეთი არ დაიშლება, პირიქით ესე ეგ უფრო ექსტაზში შედის ----იქ 150 მილიონი ჟირინოვსკი ცხოვრობს, ცოტა ხო არა ა-- 150 მილიონი .......
8 თვის უკან