„ჩვენ შენ გვჭირდები, შენ რუსეთს სჭირდები“, - უთხრა სამხედროთა დაჯილდოების ცერემონიალზე ვლადიმერ პუტინს ვიცე-პოლკოვნიკმა არტიომ ჟოგამ შარშან დეკემბერში და მეხუთე ვადით გაპრეზიდენტება სთხოვა, რაზეც კრემლის ლიდერს თავპატიჟი არ დასჭირვებია. მეტი დამაჯერებლობისთვის არტიომ ჟოგას გვერდში ფრონტზე დაღუპული რუსი ბიჭების დედები ედგნენ...
პუტინმა მეხუთე ვადით იყარა კენჭი პრეზიდენტად. მისი არჩევა ბელგოროდსა და კურსკის ოლქებში აფეთქებებისა და, ყველაზე მთავარი, უკრაინის ომის ფონზე მიმდინარეობდა. ცინიკურია, რომ რუსეთმა საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატარა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
როგორ ჩაათავებს პუტინი მორიგ საპრეზიდენტო ვადას, ამის შესახებ for.ge-ს ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ესაუბრა.
პუტინის არჩევა ომის კანდიდატის გამარჯვებას ნიშნავს, მაგრამ რუსები მას ვერ ელევიან ისევე, როგორც სტალინს ვერ ელეოდნენ. ფაქტია, პუტინი ბუნკერში მყოფი პრეზიდენტის იმიჯიდან ვერ გამოსულა, ალბათ, ამიტომაცაა, რომ ხმა ონლაინ მისცა. ამჯერად რას მოუტანს პუტინი რუსეთს და მთელ მსოფლიოს, რომელსაც ბირთვული იარაღის ჟღარუნით აშანტაჟებს?
- პუტინი მანიაკალური ტიპის პოლიტიკოსია. ხელახლა გაპრეზიდენტების დროისთვის მან ყველა მეტოქე ჩამოიშორა, მას სხვა ალტერნატივა არ ჰყავს. საინტერესო იყო, ამ არჩევნებში რამდენი პროცენტი დაუჭერდა მხარს პუტინს, რადგან 70%-ზე ნაკლები პუტინისთვის წაგებას ნიშნავდა, მისთვის მნიშვნელოვანი იყო, ხმათა 70%-ზე მეტი მიეღო, თუმცა ყველამ იცის, რომ რუსეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები მანიპულაციაა. პუტინის პოლიტიკა გაგრძელდება და კიდევ უფრო გამკაცრდება, რადგან პუტინმა გარკვეული ალგორითმები შეიმუშავა და ამ ალგორითმებს მიჰყვება, ამ ალგორითმებში აცხოვრებს თავის ქვეყანას. მან თავიდან მოიცილა და ქვეყნიდან გააძევა მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც მის აზრს ეწინააღმდეგებოდა. ზოგიერთები საპყრობილეში გამოკეტა, ზოგი გააქცია, პუტინს დასაკარგი არაფერი აქვს, ოჯახის წევრებიც არ ადარდებს, პირველი ცოლი და ორი ქალიშვილი არ ადარდებს, არც მეორე ცოლს, ალინა კაბაევას და მისგან გაჩენილ შვილებს აქცევს ყურადღებას. პუტინი მარტოობაშია. მას უკვე დაეწყო მარტოობის ასი წელი. იგი თვითონ არის ტერორის შემქმნელი.
მისი მთავარი ოპონენტი ნავალნი მკვდარია. არადა, ნავალნი ციხიდან მოითხოვდა წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას, რათა 71 წლის პუტინის 24-წლიანი მმართველობა დასრულებულიყო, რადგან პუტინმა რუსეთს ზიანი მოუტანა.
- ნავალნიზე არანაკლებ ძლიერი იყო ბორის ნემცოვი და ისიც გაუყენა „კუდიგორის გზას“. საქართველოსთან მიმართებით პუტინი არაფერს შეცვლის, პუტინს აქვს მანიაკალური იდეები, მაგალითად, ჩრდილოეთ-სამხრეთის გეოეკონომიკური პროექტის განხორციელება - სანკტ პეტერბურგი-მუმბაი. როგორც ჩინეთმა მოახერხა, შეექმნა გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ძლიერების ინდიკატორები და გახდა მსოფლიო გავლენის ცენტრი, პუტინსაც ასეთი პროექტის განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიაჩნია. კიდევ მეორე პროექტია - არქტიკული საზღვაო გზა, რაში სჭირდება ეს გზა, უცნობია, ყოველ შემთხვევაში, იგი ამ ორ პროექტზე მუშაობს და ცდილობს, ამით რუსეთს დაუბრუნოს იმპერიული დიდება. ომი უკრაინაში გაგრძელდება, კიდევ უფრო ინტენსიური გახდება, პუტინი მაინცდამაინც არ დაიხევს უკან დასავლეთთან მიმართებით, ამის შესახებ ბოლო ინტერვიუშიც განაცხადა წინასაარჩევნოდ პროპაგანდისტ კისილიოვთან, რომ მზად არის ბირთვული ტრიადა მზადყოფნაში მოიყვანოს და სამხედრო პოტენციალით დაუპირისპირდეს დასავლეთს. პუტინისგან არაფერია მოულოდნელი, მან საკუთარი ხალხი ააფეთქა ბოლგოდონსკში და სხვაგან და ამით შექმნა ჩეჩნეთში შეჭრის პრეცედენტი. კურსკში როდესაც 200-მდე სამხედრო მეზღვაური იღუპებოდა და ჰკითხეს, ეს რატომ მოხდაო, პუტინმა უპასუხა, უბრალოდ, ჩაიძირა, მერე რა მოხდაო. მისთვის ადამიანის სიცოცხლე ღირებული არაა.
როგორც წესი, მმართველობის მიწურულს დიქტატორები უფრო სასტიკები ხდებიან. ფიქრობთ, რომ ასე დაემართება პუტინსაც, რომელიც მისი მისამართით გამოთქმულ არაერთ ცინიზმს და შეურაცხყოფას იტანს? სულ ბოლოს შარლ მიშელმა ირონიით მიულოცა პუტინს „დამაჯერებელი გამარჯვება“ არჩევნებში.
- ცხადია, პუტინის ამ სისასტიკეს გრძნობენ დასავლეთის ლიდერები, ყოველ შემთხვევაში, გერმანიის ლიდერი - შოლცი, ბრიტანეთის პრემიერიც ამავე აზრზე მოვიდა, ტრამპიც უკვე ასე უნდა ფიქრობდეს და, სავარაუდოდ, ტრამპი გახდება ამერიკის პრეზიდენტი.
რა აღელვებს მაკრონს, რომელიც ოდესღაც ვლადიმერ პუტინის „სახის შენარჩუნებაზე“ საუბრობდა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგაც კი ორაზროვან გამონათქვამებს იშველიებდა პუტინის „გასაკეთილშობილებლად“?
- მაკრონს ის აღელვებს, რომ საფრანგეთმა დაკარგა გავლენის სფეროები აფრიკაში, საფრანგეთი ნამდვილად არ შეარჩენს პუტინს და არ შეეგუება ამ დანაკარგს, რომელიც მან რუსეთისგან მიიღო. ეს საფრანგეთისთვის ეროვნული სილის გაწვნაა. საფრანგეთის ინტერესები აფრიკაში საბჭოთა კავშირსაც კი არ დაუყენებია ეჭვქვეშ, საბჭოთა კავშირს არ დაუყენებია თავის ინტერესებზე მაღლა თვით ცივი ომის დროსაც კი. შესაძლოა, საბჭოთა კავშირი და ამერიკა იბრძოდნენ აფრიკის კონტინენტზე საკუთარი ინტერესების გასატარებლად, მაგრამ საბჭოთა კავშირი ყოველთვის ცნობდა საფრანგეთის ინტერესებს აფრიკაში. ამის გამო, თავის დროზე, ბრეჟნევსა და ლიბიის ლიდერ კადაფს შორის დაიძაბა ურთიერთობა, როდესაც ჯამაჰირიის ლიდერმა - კადაფმა ბრეჟნევს სთხოვა შეიარაღება, სამხედრო ინსტრუქტორები და სამხედრო დახმარება, რათა განეხორციელებინა ჩადში ინტერვენცია. მაშინ ლეონიდ ბრეჟნევმა უარი უთხრა, რადგან ეს იყო საფრანგეთის გეოსტრატეგიული გავლენის ზონა. ყველაფერ ამის ფონზე პუტინმა პირველად მოახერხა ფრანგების საერთოდ გაძევება აფრიკიდან. საფრანგეთი ახლა ცდილობს ეროვნული თავმოყვარეობა აღიდგინოს, ან სამაგიერო გადაუხადოს რუსეთს თავისივე გეოსტრატეგიული გავლენის ზონებზე.
მაკრონი მზად იყო, დასავლეთის ჯარი გაეგზავნა უკრაინაში, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგებს ამ ომში ფრანგი ჯარისკაცების გაგზავნის არანაირი სურვილი არ აქვთ.
მაკრონმა ახლაც დაახლოებით იგივე გაიმეორა, თუ უკრაინაში ვითარება გაუარესდება, მზად ვიქნებით, მოვიქცეთ ისე, რომ რუსეთის გამარჯვება არ დავუშვათ. ეს კუნთების თამაშია, თუ მაკრონის ნათქვამს შედეგი მოჰყვება? მით უმეტეს, რომ მედვედევმა უკვე „შეამკო“ მაკრონი და მას ზოოლოგიური მშიშარა უწოდა.
- საფრანგეთი ახლა საკუთარ თამაშს თამაშობს. შემთხვევითი არაა, რომ სომხეთთან ავითარებს სპეციფიკურ ურთიერთობას, ცდილობს, რუსეთის ინტერესები შეიბღალოს კავკასიის რეგიონში, ასევე, შავი ზღვისპირეთში. მაკრონისთვის ეს ეროვნული თავმოყვარეობის ამბავია.
ჯარს ნამდვილად გაუშვებს უკრაინაში, თუ გამნაღმველებით შემოიფარგლება? ფაქტია, ფრანგებმა შეარბილეს მაკრონის ნათქვამი და თქვეს, რომ მაკრონმა გამნაღმველები იგულისხმაო.
- ვერ გეტყვით, ვფიქრობ, მაკრონი უფრო ფრანგული სპეცლეგიონის ქვედანაყოფებს გადაისვრის. ლეგიონი ისეთივე კერძო სამხედრო კომპანიაა, როგორც „ვაგნერი“. კერძო სამხედრო კომპანიები რუსული ნოუ-ჰაუ ნამდვილად არ არის. რუსებმა ყველაზე გვიან შექმნეს კერძო სამხედრო კომპანიები, რაც ძალიან მაკვირვებს. სხვათა შორის,1962 წელს ალჟირს, რომელიც გამოვიდა საფრანგეთის გავლენის სფეროდან, საბჭოთა კავშირმა სამხედრო დახმარების ნაცვლად გამნაღმველების სამხედრო მისია გაუგზავნა. ესეც მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ალჟირი უფრო მეტს მოითხოვდა. ალჟირი სოციალისტური ორიენტაციის იყო და მიაღწია საფრანგეთისგან დამოუკიდებლობას. ცხადია, მედვედევიც ირონიით საუბრობს მაკრონზე, მას მშიშარას უწოდებს. ეს ნიშნავს, რომ საფრანგეთსა და რუსეთს შორის ჰიბრიდული ომი დაიწყო, უკვე შეიმჩნევა საინფორმაციო-ფსიქოლოგიური დაპირისპირების ნიშნები. რუსულმა სამხედრო კომპანიებმა გააძევეს ფრანგული სამხედრო კონტინგენტი ბურკინა-ფასოდან, მალიდან, შეზღუდეს ფრანგების ინტერესები სენეგალში, მავრიტანიაში, ეს უკვე ჰიბრიდული ომის სამხედრო ნაწილის დემონსტრირებაა.
პუტინმა რატომ გაუბედა მაინცდამაინც საფრანგეთს სამხედრო კონტინგენტის გაძევება აფრიკიდან და სხვებს რატომ ინდობს?
- პუტინს სურდა, მოეხდინა სრული მობილიზაცია ბრილიანტების და ოქროს საბადოებზე. პუტინი პირადად აკონტროლებს ოქროსა და ალმასების დამუშავებას რუსეთის ფედერაციაში, რაც აქამდე ვერც რუსეთის იმპერატორებმა, ვერც საბჭოთა ლიდერებმა, ვერც ელცინმა, ვერც ოლიგარქებმა ვერ შეძლეს, ალმასების ბიზნესი ყოველთვის მითიური და გაურკვეველი იყო, არავის ხელში არ იყო, პუტინმა კი შეძლო ალმასების ბიზნესის ხელში აღება. ამიტომაც შექმნა „ვაგნერის“ სამხედრო კომპანია. ეს ალმასები არის არა მხოლოდ რუსეთში, არამედ აფრიკაში - კონგოში, მალიში, ბურკინა-ფასოში, ანუ იმ ქვეყნებში, სადაც პუტინმა ახლა უკვე კერძო კომპანია „აფრიკული კორპუსის“ მეშვეობით თავისი სამხედრო ინტერვენცია მოახდინა და იქ პოზიციები გაიმყარა. ასევე, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა დაიახლოვა რუსეთმა და ანტიდასავლური ორიენტაციის მქონე სახელმწიფოდ გახადა. როგორც ჩანს, სამხრეთ აფრიკის ბიზნესინტერესები და პუტინის ელიტის ინტერესები გადაიკვეთა. სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი რესპუბლიკა ახმოვანებდა კიდეც პრორუსულ ინიციატივას უკრაინასთან მიმართებაში. როგორც იარაღის ბიზნესია ოლიგოპოლიური, ისე ალმასების ბიზნესია სპეციფიკური.