უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, დაწყებულია ცილისმწამებლური კამპანია, რათა მოსამართლეების „ვეტინგის“ სისტემით შემოწმების საფუძველი შეიქმნას. როგორც მან აღნიშნა, თბილისის ყოფილ მთავარ პროკურორს, მაია მწარიაშვილს სასამართლოში უჩივის. მიქაუტაძე მწარიაშვილს მის ქონებასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს, ამიტომ სარჩელით მწარიაშვილისგან გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს.
როგორ მიქაუტაძემ უზენაეს სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო პერიოდში, სასამართლო ხელისუფლების მიმართ დაწყებულია მორიგი კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ე.წ. „ვეტინგის“ სისტემით მოსამართლეების შემოწმებას. მოსამართლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ დაინტერესდნენ, თუ რა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი აქვს „ვეტინგის“ ინიციატივას, ასევე დაინტერესდნენ, ენახათ მტკიცებულებები, თუ რატომ გაჩნდა ასეთი ინიციატივა, მსგავსი მტკიცებულება ვერ მოიპოვეს.
„სამაგიეროდ ჩვეული მეთოდებით დაწყებულია ცილისმწამებლური კამპანია, რომ მაქსიმალურად შეუქმნან საფუძველი „ვეტინგის“ სისტემით შემოწმების ჩატარებას. ტყუილია მწარიაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხელფასით შევიძინე 2,5 ჰა მიწა. არაერთ დეკლარაციაში მიწერია, რომ მე და ჩემმა მეუღლემ შევიძინეთ 2 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. მწარიაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმცია არის ტყული. ჩემი ქონება დეკლარირებული მაქვს“, - აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ.
რადიკალური ოპოზიცია და მასთან ასოცირებული ა-ო კი „ვეტინგის“ სისტემის ამოქმედების აუცილებლობაზე საუბრობენ და მაგალითად მოჰყავთ იგივე ალბანეთი, სადაც მათივე შეფასებით, წარმატებით ფუნქციონირებს „ვეტინგის“ სისტემა. როგორც ირკვევა, ალბანეთში მოქმედი დაახლოებით 280 მოსამართლიდან 35-მა მოსამართლემ დატოვა თანამდებობა პირადი განცხადებით, ანუ დაახლოებით 1/3-მა შეინარჩუნა თანამდებობა, დანარჩენი, დაახლოებით 150 მოსამართლე, განდევნილ იქნა სისტემიდან სწორედ ე.წ. ვეტინგის საფუძველზე.
ე.წ. ვეტინგის პროცედურა, რომელიც 2015-2016 წლებიდან დაიწყო, ჯერ კიდევ დასრულებული არ არის და არ არსებობს პროგნოზი, როდის დასრულდება და რა შედეგით. იგივე უკრაინაში ე.წ. ვეტინგის პირველი ეტაპი დაიწყო 2016 წელს, რის შედეგადაც 2000-მდე მოსამართლემ დატოვა თანამდებობა, რომელთა არასრული ჩანაცვლებაც მოხდა „სასურველი“ კადრებით, რასაც მოჰყვა კრიზისი სასამართლო სისტემაში, კადრების უკმარისობის გამო, რაც უარყოფითად აისახა მართლმსაჯულების ეფექტიანობაზე.
როგორც მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი აცხადებს, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში უქმდება მოსამართლეთა 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნა და, შესაბამისად, შემდეგი წლიდან ყველა მოსამართლე უვადოდ გამწესდება საპენსიო ასაკამდე, გამოსაცდელი ვადის გარეშე, რაც აშშ-ის და ევროკავშირის კატეგორიული მოთხოვნა იყო წლების განმავლობაში, ვინაიდან, მისი თქმით, მათივე მოსაზრებით, გამოსაცდელი ვადა ზღუდავდა მოსამართლეთა დამოუკიდებლობას. ახლა კი, იგივე სუბიექტები ითხოვენ უვადოდ დანიშნული მოსამართლეების სრულ, ხელახალ შემოწმებას, რაც თითოეულ მათგანს თავის დროზე გავლილი აქვს.
„ასე პერიოდულობით, იმავე წარმატებით შეიძლება „ვეტინგის“ მოთხოვნა, როცა მავანს მოესურვება, რაც ცალსახად სასამართლო სისტემის და ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის შემლახველ აშკარა მოდელს შექმნის. ნათელია, რომ ე.წ. ვეტინგის მხარდამჭერად გვევლინებიან ის მოსამართლეები, რომლებიც არ არიან იმ 57 მოსამართლის სიაში, რომლებსაც ე.წ. ვეტინგი უნდა შეეხოს.
ე.წ. ვეტინგის ინიციატორებისა და განმახორციელებლებისთვის ობიექტურობა მეასეხარისხოვანია. მთავარი მიზანია სასამართლო ხელისუფლების დაშინება, მასზე ანგარიშსწორება და დამორჩილება. ამ ლოგიკით, ბარემ „ვეტინგის“ მომხრეებმა მოითხოვონ, პირდაპირ კანონში ჩაიწეროს, რომ როდესაც მათ აქაურ არასამთავრობოებს და რიგ დონორებს მოესურვებათ, სასამართლო სისტემაში ჩატარდეს ე.წ. ვეტინგი, ანუ გახსნილად გამოცხადდეს „მოსამართლეებზე ნადირობის სეზონი“.
ეს ყველაფერი იმის ფონზე, როდესაც ძალიან მწარე გამოცდილება აქვს ჩვენს ქვეყანას იმ არაოფიციალური „ვეტინგის“, რომელიც სასამართლო სისტემაში 2004-2005 წლებში ჩატარდა და მოსამართლეთა დიდი უმრავლესობა განდევნილ იქნა სისტემიდან, მაშინაც სწორედ „სასამართლოს გაჯანსაღების“ ლოზუნგის საფარქვეშ“, - აღნიშნა სერგო მეთოფიშვილმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძე აცხადებს, რომ ჩვეულებრივი 37-ანი წლებია. ახლა უკვე ე.წ. ტროიკებით სურთ უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლეების გასამართლება. მისი თქმით, თუ „ვეტინგის“ საჭიროება არის, გამოდის, რომ სასამართლო სისტემა არ არის კეთილსინდისიერი და ჩართულია კორუფციაში, რისი მტკიცებულებაც უნდა არსებობდეს.
„თუ ეს ასეა, დადეთ, ბატონებო, ეს მტკიცებულებები, მაგრამ როცა არ არის, რას დადებთ?! თქვენ ხომ ჭორებზე და პირად ინტერესებზე დაყრდნობით გსურთ, წინასაარჩევნოდ შექმნათ ილუზიები უზენაესი სასამართლოს ცუდ მდგომარეობაზე“, - წერს ლევან თევზაძე სოციალურ ქსელში.
მოსამართლის თქმით, „ვეტინგი“ უკრაინაში 2016 წლიდან ხორციელდებოდა და მხოლოდ 2023 წელს გამოავლინეს თავმჯდომარის კორუფციის ფაქტი. რაც შეეხება ე.წ. „ვეტინგს“ ზურაბ ადეიშვილის მოადგილემ ნონა წოწორიამ თავად აღიარა უკრაინაში ჩატარებულ რეფორმებში მონაწილეობა, მათ შორის - გენერალური პროკურორის დანიშვნაში.
კარგია, რომ 2023 წელს უკრაინაში დაიჭირეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რამდენიმე მილიონის ქრთამის აღების ფაქტზე, მაგრამ ცუდია, რომ „ვეტინგი“ უკრაინაში 2016 წლიდან ხორციელდებოდა და მხოლოდ 2023 წელს გამოავლინეს თავმჯდომარის კორუფციის ფაქტი.
ცუდია, რომ ნონა წოწორიამ არ ახსენა მისი მონაწილეობა სხვა ქვეყნებში განხორციელებულ „ვეტინგთან“ მიმართებაში, მათ შორის მოლდოვაში, სადაც სამსახურიდან გაათავისუფლეს მოქმედი მოსამართლეები და, ალბათ, საქართველოშიც იმავეს აპირებენ. მართლაც ცუდია, რომ მოსამართლეთა „დაკითხვებში“ უშუალოდ მონაწილეობდა თავად ნონა წოწორია, და, ალბათ, ასეთივე ფორმით აპირებენ საქართველოში მოსამართლეთა განკითხვას და სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელებას“, - აცხადებს ლევან თევზაძე.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დაუშვებელია „ვეტინგის“ სისტემის შემოღება, ვინაიდან არსებობს ვენეციის კომისიის დასკვნა, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ „ვეტინგი“ იწვევს სასამართლო სისტემის პარალიზებას და სასამართლო კორპუსი ორიენტირებულია არა მართლმსაჯულების განხორციელებაზე, არამედ არის წნეხის და ზეწოლის ქვეშ, რაც უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, რა თქმა უნდა, არ არის მისაღები. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, არავითარი ობიექტური გარემოება არ არსებობს იმისა, რომ საქართველოში „ვეტინგის“ სისტემის შემოღებაზე იყოს საუბარი.
„ვენეციის კომისიას აქვს ნათქვამი, რომ „ვეტინგის“ სისტემა არის უკიდურესი ზომა და ყველაზე რადიკალური ზომა, რაც კი შეიძლება იქნეს გამოყენებული და ამას შეიძლება ადგილი ჰქონდეს ექსტრემალურ სიტუაციაში. თუ ვინმეს უნდა წარმოაჩინოს, რომ საქართველოში რაიმე ექსტრემალური სიტუაციაა და ამით ახსნას, ეს საფუძველს მოკლებულია. ამასთანავე, „ვეტინგის“ შედეგებზე აქვს გამახვილებული ყურადღება ვენეციის კომისიას და აქვს ნათქვამი, რომ „ვეტინგი“ იწვევს საზოგადოებაში უნდობლობის გაღრმავებას და არა ნდობას სასამართლოსადმი. საზოგადოებაში აყალიბებს განწყობას, რომ ისინი არ ენდობიან მართლმსაჯულების სისტემას, რომ ეს იწვევს სასამართლო სისტემის პარალიზებას და სასამართლო კორპუსი ორიენტირებულია არა მართლმსაჯულების განხორციელებაზე და სიმართლის დადგენაზე, არამედ არის წნეხის და ზეწოლის ქვეშ. აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება ამ მოდელთან დაკავშირებით ვინმემ თქვას, რომ ეს არის პოზიტიური“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი აცხადებს, რომ „ვეტინგი“ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი და მისი საბოლოო მიზანია პოლიტიკური კონტროლი განხორციელოს სასამართლო ხელისუფლებაზე.
„ვეტინგი“ პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას და კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპებს. ეს ჩემზე კარგად იციან მოსამართლეებმა, ამიტომ, ვფიქრობ, გასაკვირია კონკრეტულ მოსამართლეთა ზერელე დამოკიდებულება საკუთარი პროფესიისადმი. რთული წარმოსადგენია და მეტიც, ქართული სამართლის დაცინვაა მცდელობა, ისეთი უმაღლესი ლეგიტიმაციის პირი, როგორიც მოსამართლეა, უცხო ქვეყნის მოქალაქემ შეაფასოს. არ მჯერა, რომ კონკრეტულ მოსამართლეთა მზაობა „ვეტინგის“ სისტემისადმი მათი დამოუკიდებელი პოზიციაა, აბა, როგორ შეიძლება საკუთარი საქმიანობის განხორციელებაზე მოსამართლეს სურდეს პოლიტიკური კონტროლი?!“, - აცხადებს მეგრელიშვილი.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში გასაგებია, რომ ოპოზიციური სპექტრი „ვეტინგის“ დანერგვის ინიციატორია, რადგან მათი სურვილი და მიზანია სასამართლო იყოს მათზე და გარე ძალებზე დამოკიდებული.
„მაგრამ, ნუთუ ამ პოლიტიკურ მიზანს, რომელიც ეწინააღმდეგება სამართლის პრინციპებსა და მთავარ იდეას მოსამართლეთა მცირე ნაწილი მართლა უერთდებით? მივმართავ იმ მოსამართლეებს, რომლებიც ითხოვენ „ვეტინგის“ სისტემის დანერგვას - ნუთუ თქვენ საკუთარ კეთილსინდისიერებაში ეჭვი გეპარებათ და გსურთ, უცხოელმა გარე აქტორმა შეამოწმოს ის?“, - ამბობს თამთა მეგრელიშვილი.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის სურვილი, რომ სასამართლო სისტემაში დაინერგოს „ვეტინგის“ სისტემა, რომელიც გამორიცხავს და კლავს მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხს, ემსახურება 27 ოქტემბერს, როდესაც გამოცხადდება, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და სწორედ სასამართლომ უნდა გამოაცხადოს საბოლოო ვერდიქტი.
„მინდა, ერთ მნიშვნელოვან საკითხს მივაქციო ყურადღება - მხოლოდ და მხოლოდ „ვეტინგის“ სისტემა რატომ უნდათ? იმიტომ, რომ ემზადებიან 27 ოქტომბრისათვის და არა 26 ოქტომბრისათვის, ვინაიდან უნდათ გამოაცხადონ, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა და სასამართლოს წესით იქნეს დამტკიცებული და ამას შემდეგ ბეჭედი დაუსვას იმ დედაკაცმა, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტად დავაგდეთ და ამისთვის არაერთხელ მომიხდია ბოდიში.
ხედავენ, რომ წარმატებას ვერსად ვერ აღწევენ. ვერ იქმნება ის კოალიციური მთავრობა, რომლისთვისაც იღწვიან და ამიტომ, იმ ადამიანების ტვინში, რომლებიც ამას აკეთებენ გაღმიდან და გამოღმიდან (მხედველობაში მაქვს დასავლეთი), არის კოლონიური აზროვნება, კოლონიური მმართველობა და მათთვის საქართველო არის კოლონია. არც ერთ საბჭოთა ხელისუფლებას არასდროს არ უკადრებია ასეთი აშკარა, დაუფარავი და ცინიზმით ჩარევა ქვეყნის შინაურ საქმეებში, რასაც დასავლეთი კადრულობს.
ამიტომ, თუ ხელისუფლებამ ეს დათმო, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ის ხელისუფლება ხელისუფლება აღარ იქნება. მაგრამ ისეთი წამოწყება აქვს ამ ხელისუფლებას, ისე შეიცვალა ვითარება და განსაკუთრებით ეროვნული საკითხების ნაწილში, ვფიქრობ, რომ არა მარტო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დათმონ. ლოგიკურად, პროცესი იქეთკენ მიდის, რომ ეს არ უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული სახელმწიფო დასრულდება, რაც ქართველმა ხალხმა ხელისუფლებასთან ერთად არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.