აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებასთან ბრძოლას ჯერჯერობით მნიშვნელოვანი შედეგები არ მოჰყოლია. მართალია თითქმის 15 000 კაცი არის სპეციალურ სიაში და მათ თამაში ეზღუდებათ, თუმცა საერთო მდგომარეობას ეს დიდად არ ეტყობა, ირკვევა, რომ საქართველოს ყოველი მესამე მოქალაქე სხვადასხვა აზარტულ პორტალებზეა რეგისტრირებული.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, 2022 წლის 1-ელ მარტიდან დღემდე, დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებულია 14 826 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 48, ხოლო თავად პირის მომართვით - 14 778 განაცხადი.
ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში ავტომატურ რეჟიმში შეყვანილია 1 503 989 პირის შესახებ მონაცემები.
დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის შესახებ განაცხადის წარდგენა შესაძლებელია, როგორც მატერიალური ფორმით, ასევე ელექტრონულად - ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან - „დამოკიდებულ პირთა სიაში მონაცემის შეტანა“.
„თუ პირი არ არის რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge მას შეუძლია ონლაინ ფორმატში მიიღოს აღნიშნული მომსახურება videocall.rs.ge - ვებგვერდის საშუალებით.
მიუხედავად კანონის გამკაცრებისა, თამაშზე დამოკიდებულების საკითხი ვერაფრით მოგვარდა. ამ დროს კაზინოებზე და ონლაინ თამაშებზე დამოკიდებულება ანგრევს ჩვენი მომავალი თაობის ფსიქიკას, ხშირია თვითმკვლელობის შემთხვევებიც. საკითხზე მომუშავე სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მდგომარეობას ქვეყანაში არსებული მძიმე საოციალური და ეკონომიკური ფონი კიდევ უფრო ამძიმებს.
კვლევებმა აჩვენა, რომ სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრირებულია 1 მილიონზე მეტი ადამიანი. ციფრები შემაშფოთებელია. უმუშევრად მყოფი ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ადვილად ერთვება ასეთ თამაშებში. ამიტომაც სპეციალისტები ფიქრობენ, რომ კანონის გამკაცრება, შეზღუდვები და ა.შ. შედეგამდე ვერ მიგვიყვანს. ადამიანები უამრავ გზას გამონახავენ შეზღუდვებისგან თავის ასარიდებლად.
აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით შემოღებული კანონპროექტის არაეფექტურობაზე საუბრობს ყოფილი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი და ხაზს უსვამს, რომ ასეთი რთული მდგომარეობიდან მთავარი ამოსავალი წერტილი ქვეყნისთვის სიღარიბის დაძლევაა.
„აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მიმდინარე კანონპროექტის განხილვას ვესწრებოდი პარლამენტში. იმთავითვე ვამბობდი, რომ მსგავსი შეზღუდვები ვერ იმუშავებდა. თავის არიდების უამრავი საშუალება არსებობს. ვისაც აკრძალული აქვს თამაში, ის სხვას სთხოვს, რომ დაარეგისტრირდეს სისტემაში. ჩემთვის, იმთავითვე ცხადი იყო რომ შემოღებულ კანონს ნაკლები ეფექტი ექნებოდა. მქონდა შეთავაზება, რომ გარკვეული თანხის წაგების შემდეგ ადამიანს თამაშის გაგრძელების საშუალება არ ჰქონოდა და შეზღუდვები დაწესებულიყო, მაგრამ ინიციატივა არ მიიღეს.
შემოღებული შეზღუდვებით, თითქოს დავიცავით ახალგაზრდები და სოციაურად დაუცველები, მაგრამ 25 წელს ზევით ადამიანები, რომლებიც იგივე სიმძიმის მდგომარეობაში არიან და არ არიან სოციალურად დაუცველები რატომ მოვიძულეთ? სამწუხაროდ, ცხადია, მიდგომამ არ გაამართლა“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე აზრით, თამაშდამოკიდებული ადამიანების მთავარი პრობლემა არის სიღარიბე. სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის გამო ბევრი ადამიანი ონლაინ თამაშებში ერთვება.
„საზოგადოების დიდი ნაწილს თამაშდამოკიდებულება გვესმის ისე, როგორც გართობა, თითქოს მას ადამიანი თავს ვერ ანებებს. სინამდვილეში ასე არაა. მათი მთავარი პრობლემა სიღარიბეაა. დაბალი ხელფასის გამო ადამიანისთვის თამაში ერთგვარი იმედია, რომ დამატებით შემოსავალს მიიღებენ. სწორედ, აქაა მთავარი პრობლემა. ვფიქრობ, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ის, რომ ჩაიკეტოს ზღვარი გარკვეული თანხის წაგების შემდეგ და წაერთვას თამაშის უფლება მოთამაშეს. საჭიროა, სახელმწიფომ გარკვეული ვალდებულება აიღოს. ათას გზას იპოვის ადამიანი, ამიტომაც რეალური რეგულაციები აუცილებელია“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.