ქართველებისგან დაცლილ სოფლებში მეზობელი ტომები მცოცავ მიგრაციას ახორციელებენ

ქართველებისგან დაცლილ სოფლებში მეზობელი ტომები მცოცავ მიგრაციას ახორციელებენ

ვასილ მჟავანაძის მმართველობის დროს სომხებმა ქართული მიწის ერთი ნაწილის მითვისება სცადეს. ისინი გადმოდიოდნენ ჩვენს საზღვარზე, დგამდნენ სახლს, შემდეგ მიწას შემოღობავდნენ და თესავდნენ ბოსტნეულს. ასე, თანდათან, ერთ სომხურ ოჯახს მეორე მოსდევდა, ემატებოდნენ, მკვიდრდებოდნენ. ვერაფერს ეტყოდი, რადგან მაშინდელი იდეოლოგიით, თითქოს ყველანი ძმები ვიყავით და ყველას ერთად უნდა გვეცხოვრა. მერე რა, თუ სხვა ეროვნების პირი გადმოსწევდა საზღვარს სულ რაღაც 200-500 მეტრით, ან კიდევ, ერთი კილომეტრით?

 

ადგილობრივმა ერთ-ერთმა რაიკომის მდივანმა სომხების შემოტევის შესახებ უმალვე საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მდივანს შესჩივლა - ვასილ პავლოვიჩ, ისინი საზღვარზე გადმოვიდნენო. ვასილ მჟავანაძის დავალებით, სწრაფად შეიკრიბნენ რაიკომის მდივნები და მოითათბირეს, ამ საქმეში  მეცხვარეები გამოეყენებინათ. მართლაც, თუშებს დაავალეს, რომ საკუთარი ცხვრები გადაეტარებინათ შემოჭრილი სომხების „მამულებზე“. მეცხვარეები დაიძრნენ. წარმოიდგინეთ, ამხელა ფარა მოდის, გზადაგზა არა მარტო ბოსტნებს, ყველაფერს აჩანაგებს. თუშებმა ცხვრის ფარა სამი-ოთხი დღის მანძილზე დააყოვნეს. ვინმე რამის თქმას გაუბედავდა? პასუხიც მზად ჰქონდათ - ბოლოსდაბოლოს, ქართველი მეცხვარეები ქართულ მიწაზე აძოვებდნენ ქართულ ცხვარს. თვითნებურად შემოსული სომხები აიბარგნენ. ასე გადაარჩინა ვასილ მჟავანაძემ ქართული მიწა სომხების მიერ მიტაცებას. 

 

დღესაც ქართული მიწა დაუცველია. განსაკუთრებით დაცლილია საქართველოს მთიანეთი, რომელსაც ისტორიულად გარეშე ტომებისგან საქართველოს თავდაცვა ევალებოდა. მთიელ კაცს ეს გააზრებული ჰქონდა და სოფლებს საზღვრისპირზე შეგნებულად აშენებდა. მთის სოფლებში მცოცავი მიგრაცია ხორციელდება და ქართველებისგან მიტოვებულ ტერიტორიებს ერთი-მეორის მიყოლებით უჩნდება უცხო პატრონი.

 

პატრიარქის ინიციატივით, საქართველოს მთიანეთის აღორძინება უნდა დაიწყოს. თუმცა, ამ ეტაპზე მოსამზადებელია კანონპროექტი, რაც მთიელებს მთას დაუბრუნებს. სპეციალისტებს საგანგაშოდ მიაჩნიათ, რომ საქართველოს მთიანეთის 2/3 დაცლილია. ფშავის, თუშეთის, ხევსურეთის უამრავ რეგიონში ადამიანები აღარ ცხოვრობენ. მთის სკოლებში პირველკლასელები იმ უბრალო მიზეზის გამო აღარ შედიან, რომ აღარ არიან. ”საქართველო უფსკრულის პირასაა” - ასეთია ექსპერტთა შეფასება. მთელი საქართველო ცენტრალურ მაგისტრალთან ცხოვრობს და ძირძველ მამაპაპეულ კუთხეს მხოლოდ საფლავებიღა შემორჩა.

 

კითხვა კითხვად რჩება. რა არის ეს - ქართველების სნობური დამოკიდებულება, რომ ყველამ დედაქალაქში უნდა იცხოვროს თუ მართლაც რეალურად არსებული სიდუხჭირე სოფლად? ხშირად ცდილობენ, სოციალური პირობების მოშველიებით გამართლება მოუძებნონ მოსახლეობის საკუთარი ტერიტორიებიდან აყრას, თუმცა ამის საპირწონედ ძველი ქართველების ერთგულება გახსენდება საკუთარი მიწა-წყლისადმი. ისინი იმ მძიმე პირობებშიც კი ვერ ელეოდნენ ნაომარ თუ გადაბუგულ კარ-მიდამოს.

 

უწმინდესის თქმით, ქართველმა გლეხმა მიწის სიყვარული დაკარგა. ის კი არა, სასულიერო პირნიც თურმე სასულიერო სემინარიაში იმ პირობით შედიოდნენ, რომ თავიანთ სოფლებს დაუბრუნდებოდნენ, თუმცა დედაქალაქი მათთვისაც შეუცვლელი გამხდარა.

 

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ, თუ ხელისუფლება დროულად არ მიხედავს მთას, მაშინ იგი უნდა შეეგუოს, რომ კიდევ დამატებით ტერიტორიებს დავკარგავთ.

 

„ძირითადი პრობლემაა მთის დეპოპულიზაციაა, ანუ ხალხისგან დაიცალა რეგიონი. ამას თავისი მიზეზები აქვს, პირველ რიგში, სოციალურ-ეკონომიკური პირობები არაა შექმნილი, რაც ამ ხალხს მიწა-წყალზე დაამაგრებს. რეგიონის დაცლა, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პრობლემის შექმნას ნიშნავს. ტრადიციიდან და ისტორიიდან გამომდინარე, მთის მოსახლეობა მესაზღვრეა. მოსახლეობის გარეშე მთის დაცვა წარმოუდგენელია. ზუსტად ამიტომ წლების განმავლობაში მთის გარკვეული ნაწილი დავკარგეთ. ეს პროცესი ახლაც გრძელდება და რუსეთი ამით სარგებლობს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა შექმნილი ჩვენს ჩრდილოეთ საზღვარზე. უზარმაზარ ტერიტორიაზე, რომელიც დაახლოებით 700 გრძივ კილომეტრს მოიცავს, 25-30 ათასი კაცი ცხოვრობს, ისიც მესტიისა და ონის რაიონის ხარჯზე. დანარჩენი - აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი, ხევის გარდა - პრაქტიკულად, ცარიელია,“ - აღნიშნავს ექსპერტი პრესაჯი. ტვ-სთან საუბრისას.

 

მისი თქმით, მთის დაცლა მაღალი ხარისხის საფრთხეების გაჩენას იწვევს, რაც შესაძლოა, სულ მოკლე ხანში ტრაგიკულად მოგვიბრუნდეს. ამიტომ სასწარაფოდ უნდა ამუშავდეს კანონების კომპლექსი, რომელიც მოსახლებას მთაში დაამაგრებს, ხოლო ბარად მცხოვრებ მთიელებს უკან დააბრუნებს. არეშიძის თქმით, ეს პირველ რიგში, ეკონომიკური, საბიუჯეტო შეღავათების ხარჯზე უნდა მოხდეს.

 

ექსპერტი აცხადებს, რომ უკვე აშკარაა, რომ ხევსურეთისა და თუშეთის გარკვეულ ადგილებში ჩვენი მეზობელი ხალხები - ინგუშები თუ დაღესტნელი ტომები გადმოდიან.

 

„ქართველებისგან დაცარიელებულ ამ სათიბებს მეზობელი ტომები დღეს საძოვრად იყენებენ, ხვალ კი შეიძლება ჩასახლდნენ კიდეც, როგორც ეს არაერთგზის მომხდარა. გარდა ამისა, საქართველოში შემოღწევადობის თვალსაზრისით, ამ ტერიტორიების გამოყენება ძალიან იოლია. ამ შემთხვევაში, ჩვენს მესაზღვრეებს ბრალს ვერ დავდებთ, თითქოს ისინი ცუდად იცავენ საზღვარს. უბრალოდ, არ შეიძლება ყოველ კვადრატულ მეტრზე კაცი დააყენო. სხვათაშორის, ლარსი ბევრად უფრო დაცულია, ვიდრე თუშეთისა და ხევსურეთის ტერიტორიები. ამიტომ მთის პრობლემის მოგვარება გადადებას არ საჭიროებს,“-აღნიშნა არეშიძემ. 

 

სოფლის მეურნეობა ყველაზე გრძელვადიანი პროექტია და შედეგს მაშინვე არ იძლევა. იქნებ ხელისუფლება ამიტომაც აჭიანურებს ამ სფეროში თანხის ჩადებას?

- სოფლის მეურნეობა გრძელვადიანი პროექტია მომგებიანობის თვალსაზრისით, თორემ შედეგს მაშინვე იღებენ, რადგან ხალხი საქმდება. იგი მიწაზე ხდება მიბმული და იმ მიწას კბილებით დაიცავს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს მთა იქნება თუ ბარი. მთაში ხალხის შენარჩუნების მიზნით, ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ სამეწარმეო საქმიანობა სხვანაირ საგადასახადო პრინციპს დაეფუძნოს. არ შეიძლება, ისეთივე საგადასახადო კანონი იყოს მთაში, როგორც - ბარში. გარდა ამისა, მთაში მომუშავე საბიუჯეტო სამსახურის თანამშრომლებსაც, ექიმი იქნება თუ მასწავლებელი, მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეთ. განათლების სამინისტრო უარს ამბობს საინტერნატო სწავლებაზე და ეს გასაგებიცაა ბარის პირობებში, მაგრამ მთაში, სადაც მოსახლეობა უმძიმეს კლიმატურ და სოციალურ პირობებშია, თუნდაც მეცხვარის ოჯახისთვის, ძალიან კომფორტული იქნება, რომ მისი შვილი სკოლა-ინტერნატში სწავლობდეს. ამით ის კვირაში ხუთი დღე დაკავებული იქნება საკუთარი მეურნეობით. სხვათა შორის, ამ მხრივ თავის დროზე, ძალიან ეფექტური იყო ბარისახოს სკოლა-ინტერნატი. ახლა აღარ ფუნქციონირებს, სწორედ ამიტომ მთის მოსახლეობამ ბარს მიაშურა, რომ ბავშვებს ასწავლოს.

 

შესაძლოა, რომ ტურიზმი მთაში ხალხის დამაგრების საბაბად იქცეს?

- ტურიზმს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ესეც სუბსიდირებული სფეროა. იქაურ მოსახლეობას საშუალება არ აქვს, რომ თვითონ შექმნას საოჯახო სასტუმროები. მაგალითად, შატილის 23 მოსახლიდან მხოლოდ რამდენიმეს შეუძლია, თავის კოშკში შექმნას სასტუმრო, მისაღები. თუმცა ისიც არ გახლავთ იმ დონის, რომ ევროპელ ტურისტს მოეწონოს. ამიტომ, სუბსიდირებაა საჭირო, რომ შატილი ტურისტულ ცენტრად გადაიქცეს.

 

დღესდღეობით დიდი ფული იხარჯება მუცოს სარეაბილიტაციო პროექტში, მაგრამ განსაზღვრული არ არის უმთავრესი - მუცოს ფუნქცია. ეს დეკორაცია იქნება თუ სოციალური დატვირთვის ობიექტი?! თუ მუცო ტურისტული მიზიდვის ზონად გვინდა ვაქციოთ, იქ ტურისტი მივა, დაათვალიერებს და წამოვა. მაგრამ ფუნქციური დატვირთვა ნიშნავს შიგნით მთელი ინფრასტრუქტურის მოწყობას, სასტუმრო-კომპლექსს. საპატრიარქო და კავკასიის მდგრადი განვითარების ცენტრი ამ საკითხზე უნისონში მუშაობს. ყველა თანხმდება, რომ საქართველოს მთიანეთი ათვისებული უნდა იყოს. პატრიარქის წინადადება, რომ შეიქმნას მთის სოფლები, მნიშვნელოვანია. ოღონდ განსხვავება ერთ საკითხშია - ჩვენ მივიჩნევთ, რომ ახალი სოფლები კი არ უნდა აშენდეს, არამედ ისევ ძველი სოფლების რეაბილიტაცია უნდა მოხდეს. მთის ტრადიციული განაშენიანება უნდა აღდგეს, რადგან ამა თუ იმ ადგილას მთიელები ტყუილად სოფელს არ აშენებდნენ. მათ იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ. ვფიქრობთ, პატრიარქის ინიციატივა აუცილებლად უნდა განხორციელდეს.

 

მთის რეაბილიტაციასავარაუდოდ, რამდენი დაუჯდება სახელმწიფოს?

- შემიძლია დავასახელო ჰაერიდან აღებული თანხა, მაგალითად, ნახევარი მილიარდი ლარი. რატომ არ შეიძლება, ღირდეს ეს თანხა იმისთვის, რომ მთიანეთის აღორძინება დაიწყოს?! დავიწყოთ თუნდაც ხუთი მილიონით, რომელიც იხარჯება სხვა რამეებში. ამ დროს კი შეიძლება დაიხარჯოს ამ საქმეში. დავიწყოთ ერთი საჩვენებელი სოფლით ან ერთი რაიონის მიხედვით. მოსახლეობისგან აბსოლუტურად დაცლილ ხევსურეთსა და თუშეთში ხალხის დაბრუნებაზე ვიზრუნოთ. ახლა მესტიაში რაც კეთდება, თავისთავად ძალიან სასარგებლოა. სვანების 40-მდე ოჯახი დაბრუნდა მესტიაში ან აპირებს დაბრუნებას. ერთი ოჯახი მოსკოვიდანაც კი ჩამოდის, რადგან ისინი ხედავენ პერსპექტივას.

 

თბილისში ჩამოსული მოსახლეობა ფსიქოლოგიურად უკვე დედაქალაქს მოერგო, დაუბრუდებიან ისინი ძირძველ მიწებს?

- თუკი სარგებელი ექნებათ, თუ დაინახავენ, რომ ამაში მოგებაა, რასაკვირველია, დაუბრუნდებიან. რაჭის მთის სოფლები დაცლილია. არადა, ეკონომიკური თვალსაზრისით, რაჭა უაღრესად საინტერესოა. ის კი არა, ჩემთვისაც კი, რომელიც არასდროს ვყოფილვარ მთიელი, ძალიან საინტერესო იქნებოდა მთაში ცხოვრება, უამრავი მიზეზის გამო - ჯანმრთელობის თვალსაზრისით, მეურნეობის, ეკონომიკური თვალსაზრისით და ა. შ.   

 

ანუ, შესაძლოა მთაში თქვენ გიხილოთ?

- რატომაც არა?!  

 

კავკასიის მთიანეთის მდგრადი განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი კობა არაბული მიიჩნევს, რომ მარტო მთები არაა მთის რეგიონი, არამედ ხალხთან ერთადაა ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი.

 

- ოქტომბერში ყაზბეგში ვიყავით, რომლის დემოგრაფიული სურათის დასანახად მარტივი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ: სკოლა 24-მა ბავშვმა დაამთავრა, ამ დროს კი პირველ კლასში შევიდა მხოლოდ ორი ბავშვი. ესაა კატასტროფული დემოგრაფიული სურათი. მთა საზღვარია, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნისთვის მისი დაცვა-გადარჩენის ამოცანა მნიშვნელოვანია. ცალსახაა, იქ მოსახლეობა აღარ შემოგვრჩა. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი მკვეთრად მძიმე დღეშია დასავლეთთან შედარებით. ღვთის მადლით, სვანეთში, რაჭაში კიდევ შემორჩა მოსახლეობა, მაშინ, როცა ხევსურეთი პრაქტიკულად, კატასტროფულად იცლება.

 

ამას რით ახსნით? მიწისადმი სიყვარული სვანებს მომეტებულად აქვთ?

- არაფერ შუაშია მიწისადმი სიყვარული. მიწა ერთნაირად უყვარს ყველას და ერთნაირად იყვნენ ამ მიწის დამცველები. შესაძლოა, აღმოსავლელ საქართველოს მკვიდრთ უფრო მეტად უწევდათ ბრძოლა, რადგან დასავლეთ საქართველოს მაინც მთა იცავდა, აღმოსავლეთში კი მთასაც და ბარსაც იცავდნენ ადამიანები. აქ სხვა პრობლემაა. აღმოსავლეთ საქართველოს მთაში, იმავე ხევსურეთში, არ არის გზა,  არანაირი კომუნიკაცია, ინფრასტრუქტურა. ათეული წლების წინ დაწყებული ტენდენცია, რომ მთაში ცხოვრება საჭირო და პრესტიჟული არ იყო, ჯერ კიდევ 60-იან წლებში საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში ხმამაღლა გაცხადდა. მაშინ ამბობდნენ - რა საჭიროა, ვიცხოვროთ მთაში, როცა ბარში ამდენი ტერიტორია აუთვისებელი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 20 წელია, დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, ხელისუფლების მხრიდან მთისადმი მიდგომა, ტენდენცია, ფილოსოფია და  მსოფლმხედველობა, ძალიან ნელა იცვლება. შესაბამისად, იმ დროს დაწყებული მთის დაცლის ტენდენცია დღეს უკვე კატასტროფამდე მივიდა.

 

ამბობენ, რომ თუშეთში ლეკები მოიწევენ.

- თავისთავად ცხადია, იქ სხვები არ ჩნდებიან. მთა-თუშეთის გარკვეულ სოფლებთან შეგიძლიათ თვალნათლივ ნახოთ მცოცავი მიგრაციის მაგალითები. თუშეთის მახლობლად, მეზობელი ვინც არის, ის გადმოდის, ეს დაღესტნელი ლეკი იქნება თუ ჩეჩენი. რუსები მთელი 6-7 კილომეტრით შემოცოცდნენ შატილისკენ, დაწვეს სოფელი ფიჭვნი და - ვითომც არაფერი. საზღვარმა შიგნით გადმოიწია; რაჭასთან შემოცოცდნენ, პირდაპირ მეტეოზე ავიდნენ და იქ დადგეს საზღვარი. სამხრეთ საქართველო და, ზოგადად, სამხრეთ მთიანეთი კი ცალკე თემაა, თავისი სპეციფიკითა და სირთულეებით. ერთნაირი მიდგომა არ გამოგვადგება. თუკი მთასთან მიმართებით არ ჩამოყალიბდება სახელმწიფო პროტექციონისტული პოლიტიკა, რომელმაც უნდა განსაზღვროს და აღიაროს მთის უნიკალობა, მისი განსაკუთრებულობა და ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური სტრატეგია მოარგოს მას, სირთულეები გარდაუვალი იქნება. სოციალური და კულტურული ინფრასტრუქტურა უნდა გაკეთდეს, რომ ადამიანს ეცხოვრებოდეს. ჩემი დარგი ტურიზმია და შესაძლოა, მომწონდეს კიდეც, რომ დღეს დიდი ყურადღება ექცევა ტურიზმს, მაგრამ სხვა სპეციალისტებსაც ვკითხოთ. არის კი ტურიზმი უკვდავების წამალი? არა მგონია, ასე იყოს. ყველაფერს არ წყვეტს ტურიზმი. იმისთვის, რომ ქვეყანაში ტურიზმი განვავითარო, ქვეყანა უნდა მქონდეს განვითარებული და თავისთავად ცხადია, ტურისტები ისედაც ჩამოვლენ.

 

მსოფლიოში საქართველოს მსგავსი პრეცენდენტი თუ არსებობს, სადაც მიტოვებულ მთას დაუბრუნდა მოსახლეობა?

- რამდენიც გნებავთ. შევისწავლე შოტლანდიის მთიანი და კუნძულოვანი მხარე, რომელიც გასული საუკუნის 40-50-იან წლებში პრაქტიკულად კატასტროფის წინაშე იდგა, დაცლილი იყო. იქაც პროცესი საქართველოს მსგავსად განვითარდა. გარკვეულ პერიოდში რაღაცას არ მიექცა ყურადღება და შოტლანდიაშიც მოვლენებისა და შედეგების ჯაჭვი მიიღეს. თუმცა მოგვიანებით, საკანონმდებლო ბაზა, მართვის თანამედროვე სისტემა შეიმუშავეს. დღესდღეობით შოტლანდიის მთიანი კუნძულოვანი მხარე ყველაზე წარმატებული და აყვავებული ზონაა.

 

გადარჩენის ერთადერთი შანსი დღეს თბილისში ჩამოსვლაა, თორემ დედაქალაქი არავის უნდა. დედაქალაქის პრიორიტეტის მიუხედავად, ძნელია იგი არჩიო იმ ადგილებს, სადაც წინაპრების საფლავები, სალოცავები, ხატები აქვს ადამიანს. ამის საპირწონე დედაქალაქი ვერ გახდება, მაგრამ ეს წმინდა ფიზიკური გადარჩენის აუცილებლობაა. მთიელები განათლებისადმი ლტოლვით ყოველთვის გამოირჩეოდნენ. ათეული წლების მანძილზე ჩამოდიოდნენ დედაქალაქში, იღებდნენ უმაღლეს განათლებას, მერე კი ბრუნდებოდნენ უკან და ისევ თავის საქონელს დასდევდნენ.