საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ უკრაინასთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სტრატეგია დაამტკიცა. სტრატეგია მოიცავს უკრაინასთან უსაფრთხოების შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უზრუნველყოფას. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის გაბრიელ ატალმას განცხადებით, ახლა გარდამტეხი მომენტია, ამ ომში რუსეთის გამარჯვება ფრანგი ხალხის ყოველდღიური ცხოვრებისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.
ევროპა რუსეთისგან მოსალოდნელ საფრთხეზე უკვე ღიად საუბრობს. როგორც ჩანს, საფრთხე რეალურია. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, თუკი საკითხი ეხება რუსეთის სახელმწიფოს არსებობაზე, ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ზიანის მიდგომას, ასეთ შემთხვევაში რუსეთი მზად არის გამოიყენოს ბირთვული იარაღი. როგორც ვლადიმერ პუტინი აცხადებს, იარაღი არსებობს იმისათვის, რომ გამოიყენონ და რუსეთს აქვს თავისი პრინციპები. რუსეთის პირველი პირი ირწმუნება, რომ ყველაფერი გაწერილია სტრატეგიაში, რომელიც არ შეუცვლიათ.
„მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის? დიახ, ვართ, მაგრამ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, არა ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარების შემდეგ წარმოქმნილი გარკვეული სურვილების საფუძველზე, არამედ იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც განვითარდა. მოლაპარაკებები არ არის პაუზა კიევის გადაიარაღებისთვის, რისი გაკეთებაც მტერს სურს, არამედ სერიოზული საუბარი რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების საკითხის ჩათვლით“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ისევ აქტიურობს თურქეთი. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, სამშვიდობო გეგმები, რომლებიც გამორიცხავს რუსეთს, არანაირ შედეგს არ გამოიღებს. ამასთან, მისი თქმით, აუცილებელია, თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი ნაბიჯი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უკრაინაში მიმდინარე ომის ესკალაცია და კონფლიქტის შესაძლო გავრცელება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებზე.
„თურქეთი მზად არის უმასპინძლოს „მშვიდობის სამიტს“ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის. გამოვხატეთ რა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა, ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ სამშვიდობო გეგმები, რომლებიც გამორიცხავს რუსეთს, არანაირ შედეგს არ გამოიღებს“, - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი არ გამორიცხავს ბირთვული იარაღის გამოყენების ფაქტორს. რადგან, მისი თქმით, ეს არის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება და პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, რომ რუსეთის ფედერაციამ თავის შედეგს მიაღწიოს და აქიდან გამომდინარე, ამ ფაქტორის გამორიცხვა არ შეიძლება.
„ეს, აუცილებლად, როგორც საფრთხე, უნდა გაითვალისწინონ გლობალურმა აქტორებმა. რაც შეეხბა პუტინის პოზიციას, მე მაინც ვფიქრობ, რომ მისთვის მიუღებელია უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება, ეს აშკარად ჩანს და არც ის არ მგონია, რომ დიდი სურვილი ჰქონდეს რუსეთის ფედერაციას იმისა, რომ დღევანდელ პრეზიდენტთან დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ამ განცხადებაშიც ეს იკითხება.
რაც შეეხება თურქეთის პოზიციას, თურქეთი არ არის დამოუკიდებელი ამ შემთხვევაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქეთი არის ნატოს წევრი სახელმწიფო და ის ნატოსთან გარკვეული შეთანხმების გარეშე ასეთ პოზიციას არ დააფიქსირებდა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ შესაძლებელია დაჩქარდეს პროცესები და მათ შორის სომარი მოქმედებების კუთხით.
არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ მოვლენეთა განვითარება მიმართული იყოს კიევის აღებაზე. შესაძლებელია, რომ ამის შემდგომ რუსეთის ფედერაცია დაუჯდება უკვე იმ მხარეს, რომელიც იქნება უკრაინის ახალი ხელისუფლება. ერთ-ერთ ვერსიად ვითრების ეს მიმართულებაც უნდა განვიხილოთ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.
პოლიტოლოგის რამაზ საყვარელიძის განცხადებით, სიტუაცია, თითქოსდა მეორდება იმ მხრივ, რომ პუტინმა რამდენჯერმე გამოიყენა სიტყვა - „არ გამოვრიცხავ“.
„ბირთვული იარაღის ჟღარუნი მისთვის რაღაც პერიოდში ჩვეულია. იქ, კიდევ დანარჩენებიც წამოეშველებიან ხოლმე, იგივე მედვედევი, რომელიც პუტინის მიერ შემოთავაზებულ ბირთვულ კერძს მარილს მოაყრის ხოლმე. ამ შემოთავაზებას თავისი ფუნქცია აქვს. თუკი შეატყობს რუსეთი, რომ დასავლეთის მოსახლეობაში არ არის ერთსულოვნება უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით, იქ ხან ენერგეტიკულ თემას წამოწევს, ხან სხვას და ერთ-ერთი წამყვანი თემა ყოველთვის არის ბირთვული იარაღია.
ბუნებრივია, ყველას ეშინია ბირთვული იარაღის გამოყენების, თან ისეთი სახელმწიფოს მხრიდან, როგორიც რუსეთია. აგრესიული ქვეყნის მხრიდან ატომურ იარაღზე ლაპარაკი შიშის მომგვრელია. ამიტომ, სავარაუდოა, რომ ახლა სწორედ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე იქნება ზეწოლა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.