საქართველოს ხელისუფლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია „ვეტინგი“-ს სისტემის შემოღება, რომელიც კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება. შემოთავაზებულია ფორმა, რომელიც გულისხმობს არა მოსამართლეების შემოწმებას, არამედ მათი თანამდებობაზე გამწესების რევიზიას, რაც წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან. „ვეტინგი“ სულ რამდენიმე ქვეყანაში არსებობს და მდგომარეობა ფასდებოდა, როგორც კატასტროფა. მათ შორის უკრაინაში და მოლდოვაში, სადაც ამ პროცესს ორი ქართველი ყოფილი მაღალჩინოსანი ზურაბ ადეიშვილი და ნონა წოწორია ლობირებს.
მაგალითად, „ვეტინგი“ კოსოვოსა და ალბანეთში განხორციელდა. მას შემდეგ, რაც ალბანეთმა ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი მიიღო და მისთვის გაიცა რეკომენდაცია სასამართლო სისტემის გაჯანსაღების შესახებ, ალბანეთის პარლამენტში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც მიიღო კონსტიტუციური ცვლილებები და დაიწყო „ვეტინგის“ პროცედურა და სწორედ ეს მოჰყავს ოპოზიციას მაგალითად, თუმცა ფაქტია, რომ ალბანეთში „ვეტინგის“ პროცესმა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ დააყენა და უცხო ქვეყნების პირდაპირი გავლენების ქვეშ მოაქცია.
არაერთი ქვეყნის პრაქტიკა მოწმობს, რომ „ვეტინგის“ გამოცდილება მართლმსაჯულების გაჯანსაღებისთვის საკმარისი არ არის და მასთან ერთად საჭიროა პრობლემებზე კომპლექსური მუშაობა და სხვაგვარი გამოცდილებაც. მიუხედავად იმისა, რომ „ვეტინგის“ პრაქტიკა არ ამართლებს, ქართული ოპოზიცია და მასთან ასოცირებული ა-ო ითხოვენ ამ სისტემის ქართულ სინამდვილეში პორტირება და დამკვიდრება.
„ხელისუფლების რიტორიკას სწორედ ის პირები შეუერთდნენ და კეთილსინდისიერების შემოწმების იდეას სწორედ ის მოსამართლეები დაუპირისპირდნენ, რომელთა კეთილსინდისიერების მიმართაც საზოგადოების მხრიდან ბევრი კითხვა არსებობს. კეთილსინდისიერების შემოწმების იდეას დაუპირისპირდა უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე, შალვა თადუმაძე, რომლის დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არაერთი კითხვა არსებობს.
ასევე კეთილსინდისიერების შემოწმების საჭიროებას ვერ ხედავს ლევან მურუსიძე, რომლის სახელიც ქვეყანაში წლების მანძილზე უსამართლო მართლმსაჯულების განხორციელებას უკავშირდება და, რომელიც გასულ წელს, კორუფციაში ჩართულობის გამო, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის, აშშ-ს მიერ დასანქცირდა. კეთილსინდისიერების შემოწმების საჭიროებას ვერ ხედავს ასევე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე. მისი სახელი ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ „ფილიპ მორისის“ საქმესთან არის დაკავშირებული.
მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ დროულად უნდა აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და დაიწყოს სწორედ იმ ნაბიჯების გადადგმა რომელიც ევროკომისიის მიერ დამტკიცებული 9 ნაბიჯითაა გათვალისწინებული“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“; „სასამართლოს გუშაგი“; „დემოკრატიის მცველები“; „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“.
პრემიერ-მინისტრის განცხდებით, ყოველგვარი ისეთი ინიციატივა, რომელიც ეწინააღმდეგება მოსამართლის უვადოობის პრინციპს, არის თავისთავად წინააღმდეგობაში არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასთან, არამედ, ზოგადად, კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებთან. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ჩვენ გვყავს უვადოდ გამწესებული მოსამართლეები და მათ ვერავინ შეეხება, ვიდრე არ ამოწურავენ საკუთარ ასაკობრივ ზღვარს. პრემიერის თქმით, ზოგადი მიდგომა „ვეტინგთან“ დაკავშირებით არის ის, რომ ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკიდურეს შემთხვევაში, როცა არსებობს განსაკუთრებული ცნობები სისტემურ პრობლემებთან დაკავშირებით.
„ე.წ. ვეტინგი გულისხმობს იმას, რომ ხდება მოსამართლეების კეთილსინდისიერების გადამოწმება და ამას უნდა მოყვეს კონკრეტული შედეგები, მათ შორის, ეს შედეგი შეიძლება იყოს უვადოდ განწესებული მოსამართლის გათავისუფლება და ა.შ. სწორედ ამიტომ არის არაკონსტიტუციური ეს პროცედურა, რომ ის შეიძლება ითვალისწინებდეს უვადოდ გამწესებული მოსამართლის გათავისუფლებას, ან სხვა რაიმე მსგავსი ზომების მიღებას მის მიმართ, რაც არის არაკონსტიტუციური.
რეკომენდაცია უნდა იყოს რაციონალური, უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ არგუმენტებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შემაშფოთებელია „ენჯეოების“ განცხადება, ინსტიტუციაზე თავდასხმა ყოველგვარ ზღვარს სცდება, დონორებს პასუხი აქვთ გასაცემი, მათი „ენჯეოები“ რატომ ესხმიან თავს ქართულ მართლმსაჯულებას! როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, აბსოლუტურად მიუღებელია, უცხოური ფული იდებოდეს ქართული დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრაში.
„ამ ორგანიზაციების უკან შვედეთის განვითარების სააგენტო დგას, რომელიც აფინანსებს „გამჭვირვალობა - საქართველოს“, ასევე დგანან „ევროპის დემოკრატიული ფონდი“, „ამერიკის დემოკრატიის ფონდი“, USAID. ვფიქრობ, ამ დონორებს პასუხები აქვთ გასაცემი, მათი „ენჯეოები“ რატომ ესხმიან თავს ქართულ მართლმსაჯულებას! აბსოლუტურად მიუღებელია, უცხოური ფული იდებოდეს ქართული დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრაში. როცა ქართულ მართლმსაჯულებას თავს ესხმიან ის ორგანიზაციები, რომლებიც სრულად ფინანსდებიან უცხოეთიდან, ვფიქრობ, მათი დამფინანსებლის პასუხისმგებლობაა უკვე დღის წესრიგში. ეს ორგანიზაციები რას წარმოადგენენ, უკვე გასაგებია, გასაგებია მათი პოლიტიკური დღის წესრიგიც. ხუთი ორგანიზაციიდან რამდენიმეს გაცხადებული აქვს უკვე საარჩევნო მიზნები. საუბრობდნენ იმაზე, რომ უნდათ ხელისუფლების შეცვლა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ცალკე პრობლემაა, რომ უცხოური დაფინანსებით მოქმედ ორგანიზაციებს აქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი და მიზნები. თუმცა, რაც შეეხება მართლმსაჯულებაზე თავდასხმას, მისი თქმით, ეს აბსოლუტურად მიუღებელია და ტერმინის – „კლანის“ ასე გამოყენება არის ის საკითხი, რომელსაც დონორებმა პასუხი უნდა გასცენ.
„მათი მოქალაქეების ფული რატომ იდება სხვა ქვეყნის მართლმსაჯულებისთვის ძირის გამოთხრაში? ეს ეწინააღმდეგება პარტნიორი ქვეყნის სულისკვეთებას და მიმართულია დემოკრატიული ინსტიტუტის ძირის გამოთხრისკენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი კახიანის განცხადებით, ე.წ. ვეტინგის მოთხოვნის უკან ინიღბება სასამართლო ხელისუფლების წმენდის და გავლენის მოხდენის მცდელობა. რაც შეეხება კეთილსინდისიერების კომპონენტს, მისი თქმით, ამას ითვალისწინებს კონსტიტუცია და როდესაც ბოლო სასამართლო რეფორმა ხორციელდებოდა, ეს კომპონენტი სავალდებულო გახდა მოსამართლეებისთვის, ვიდრე ისინი თანამდებობებზე გამწესდებიან.
„ამ კომპონენტით მოსამართლეების შემოწმება ისედაც ხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის მიხედვით. როდესაც დღეს ასეთ მოთხოვნას აყენებენ, რეალურად, ასეთი მოთხოვნის უკან ინიღბება მცდელობა სასამართლო ხელისუფლების წმენდის, სასამართლო ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენის და დამორჩილებული სასამართლო ხელისუფლების ყოლის“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.
ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, ყველაფერი ის, რაც მისაღებია „ღალატის პარტიისთვის“ არაკონსტიტუციური და უკანონოა. მისი თქმით, ფუჭი საუბრები ალბანეთის, მოლდოვისა და უკრაინის ანალოგებზე არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ანალიტიკოსი მაგალითისთვის იშველიებს სხვა ქვეყნებში განხორციელებულ „ვეტინგის“ სისტემას.
„ვეტინგი“ ანუ უცხოელი ექსპერტების მიერ ჩვენი მოსამართლეთა კორპუსის შემოწმება მისაღებია უსამშობლო ნაცაქტორებისთვის. ყველაფერი ის, რაც მისაღებია „ღალატის პარტიისთვის“ არის არაკონსტიტუციური და უკანონო. ფუჭი საუბრები ალბანეთის, მოლდოვისა და უკრაინის ანალოგებზე არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. გადავხედოთ ამ ქვეყნების მართლმსაჯულების სავალალო მდგომარეობას და ე.წ. ვეტინგით იქ მოტანილ წარუმატებლობას. არც ერთი ის ნაცპერსონაჟი არ არის პროევროპელი, რომელსაც ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა სურს და სააკაშვილსა და მისი რეჟიმის ჯალათებს აფეტიშებს“, - აცხადებს გია აბაშიძე.
ანალიტიკოსი „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თვლის, რომ გაღებული უამრავი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს „ალბანიზაცია“ თუ „უკრაინიზაცია“ ვერ ხერხდება. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, დღეს „გლობალური ომის პარტიის“ მხრიდან საქართველოსთან მიმართებით დაუფარავი გაღიზიანება და გაშმაგებული ბრძოლა, სწორედ, ამ ფაქტორით არის გამოწვეული.
„ალბანეთისთვის და უკრაინისთვის საქართველო ცოცხალი მაგალითია იმ ქვეყნის, სადაც შესაძლებელი ყოფილა თურმე სახელმწიფოს სათავეში დე-ფაქტო დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტზე, მოსახლეობის ინტერესებზე და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ხელისუფლების შენარჩუნება. Judicial Watch-ის და FoxNew-ის მიერ გამოქვეყნებული მასალები საქართველოსთვის არა იმდენად ახალ და უცნობ გარემოებას ეხება, რამდენადაც ადასტურებს ჩვენ მიერ არაერთხელ გამოთქმულ მოცემულობას, რომ დიახ, „გლობალური ომის პარტია“ და მისი იდეოლოგიის ფლაგმანი „სოროსის ფონდი“ ღიად მუშაობენ „ურჩ“ ქვეყნებში არასასურველი ხელისუფლებების ჩასანაცვლებლად მემარცხენე, ფსევდოლიბერალური და ლიბერალური ფაშიზმის მატარებელი მარიონეტული რეჟიმებით“, - აცხადებს ქართველიშვილი.
მისი თქმით, ამ მსოფლიო მასშტაბის მავნებლების ერთ-ერთი მსხვერპლი - ალბანეთია, სადაც 2016 წლიდან საფუძველი ჩაეყარა სახელწოდება „ვეტინგით“ ცნობილი სასამართლო სისტემის რეიდერულ უზურპაციას. ეს პროცესი ფინანსდებოდა ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფულით, ამ ფინანსური ნაკადების „სწორ კალაპოტში“ გადამყვან ფუნქციას USAID ახორციელებდა, ხოლო უშუალო შემსრულებელს წარმოადგენდა „სოროსის ფონდი“.
„ამერიკელი მკვლევარების მასალებიდან უტყუარად ჩანს, რომ აღნიშნული პროცესის ორგანიზატორი - პრეზიდენტი ობამა და მისი ადმინისტრაცია იყო. ამ ურთულეს რეგიონში და მსოფლიოში ისეთი მეტსახელებით ცნობილ სახელმწიფოში, როგორიც არის „ბალკანეთის ჩრდილოეთ კორეა“ და „ბალკანეთის კოლუმბია“ - „გლობალური ომის პარტიის“ ძირითად ამოცანა არა პრობლემების გადაჭრა, არამედ მათი საკუთარი ზედამხედველობის ქვეშ გადაყვანა იყო, რომლის ერთ-ერთი ნაბიჯი, მართლმსაჯულებაზე სრული კონტროლის მოპოვებაზე გადიოდა. დღეს „გლობალური ომის პარტიის“ მხრიდან საქართველოსთან მიმართებით დაუფარავი გაღიზიანება და გაშმაგებული ბრძოლა, სწორედ ამ ფაქტორით არის გამოწვეული“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.