The guardian: „პრობლემა შემაშფოთებელ სამედიცინო დისკუსიებში კი არა, იმაშია, რომ ტრანსგენდერთა ჯანმრთელობის მსოფლიო პროფესიული ასოციაცია ამ საკითხებზე დახურულ ფორუმზე ავრცელებს“

The guardian: „პრობლემა შემაშფოთებელ სამედიცინო დისკუსიებში კი არა, იმაშია, რომ ტრანსგენდერთა ჯანმრთელობის მსოფლიო პროფესიული ასოციაცია ამ საკითხებზე დახურულ ფორუმზე ავრცელებს“

იმ დროს, როცა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ ტრანსგენდერები ამერიკელი ერის სულს აყალიბებენ, ინგლისური ყოველდღიური გამოცემა „The guardian“ შემაშფოთებელ ცნობას ავრცელებს ლგბტ პირთა სამედიცინო პრობლემების თაობაზე. „გარდიანის“ თანახმად, ტრანსგენდერთა ჯანმრთელობის მსოფლიო პროფესიული ასოციაციის (WPATH) შიდა ფორუმიდან ასობით შეტყობინებამ გაჟონა, რომლებშიც ტრანსგენდერებთან მომუშავე ექიმები და მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტები საგანგაშო დეტალებზე საუბრობენ.

„გარდიანი“ იტყობინება, რომ ერთ-ერთ ვიდეოში ერთ-ერთი ექიმი აღიარებს, რომ ხშირად მისი პაციენტები ასაკით პატარები არიან საიმისოდ, რომ გაიაზრონ, მომავალში რა გავლენა ექნება მათ ნაყოფიერებაზე სქესობრივი მომწიფების ბლოკირებისა და ჰორმონების მიღებას. ენდოკრინოლოგის თქმით, 14 წლის მოზარდთან ნაყოფიერების შენარჩუნებაზე საუბარი იგივეა, რომ კედელს ელაპარაკო. ამ ასაკის პაციენტებს არ აინტერესებთ, რომ ჰორმონების მიღების შედეგად ღვიძლის კიბოს განვითარების შესაძლებლობა მაღალია.

ტრანსგენდერთა ჯანმრთელობის მსოფლიო პროფესიულ ასოციაციაში, ასევე, მსჯელობენ იმ „ტრანს კლიენტების“ მომსახურებაზე, რომლებსაც ფსიქოლოგიური პრობლემები, პიროვნების იდენტობის აშლილობა აქვთ, რადგან ამ ადამიანებს სხვადასხვა ალტერ ეგო აქვთ, რის გამოც საკუთარ თავს სხვადასხვა გენდერის წარმომადგენლად აღიქვამენ. ქირურგები ამბობენ, რომ ოპერაციის შემდგომ იღებენ ადამიანის სხეულს, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, სხეულს, რომელსაც ორივე სქესის სქესობრივი ორგანო აქვს, ან სულაც „ნულიფიკაციის“ ოპერაციის შემდეგ ადამიანს გენიტალიებს სრულად აჭრიან და მათ ადგილას მხოლოდ გლუვი კანი რჩება.

ასეთი მძიმე სამედიცინო პრობლემების გასაჯაროების შემდეგ „გარდიანში“ დაბეჭდილი სტატიის ავტორი იმ დასკვნამდე მიდის, რომ პრობლემა ამ შემაშფოთებელ დისკუსიებში კი არაა, არამედ იმაში, რომ ტრანსგენდერთა ჯანმრთელობის მსოფლიო პროფესიული ასოციაცია ამ საკითხებზე საჯაროდ არ საუბრობს და ამ თემას მხოლოდ შიდა დახურულ ფორუმზე ავრცელებს.

„გარდიანის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ მსოფლიოში ღირებულებების გადაფასება თავიდან იწყება და, თუნდაც სამედიცინო მოსაზრებიდან გამომდინარე, ლგბტ პროპაგანდას სულ უფრო ნაკლები გულშემატკივარი ეყოლება უახლოეს მომავალში.

„სხვა ქვეყნებში ღმერთთან თვითონ აგონ პასუხი, ჩვენ ძველი დროიდან მოყოლებული ვიცით, რომ ადამიანი ღმერთმა შექმნა მამაკაცად და დედაკაცად“, - ასე ეხმაურება ბოდბელი მიტროპოლიტი, მეუფე იაკობი ლგბტ პროპაგანდის დამცველთა პოზიციას.

მეუფე იაკობი იმასაც შენიშნავს, რომ ოპოზიცია პოპულისტური მიზნებიდან გამომდინარე, თავს არიდებს ლგბტ პროპაგანდის დაგმობას, ამიტომ მეუფე მოითხოვს, საქართველოში პოლიტიკოსებმა დააფიქსირონ, როგორ უყურებენ ამ საკითხს, რადგან ვინც დღეს ამ თემაზე საუბარს ერიდება, ჩვეულებრივი გამყიდველია.

„ყველა ლამაზია - ადამიც და ევაც, შესაბამისად, მათი თაობაც. დღეს მსოფლიოში ეს საკითხი არეულია, ადრე თუ გვიან ჩვენც მოგვადგებიან და გვეტყვიან, მასე გააკეთეთო. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რა და როგორ გვინდა. მშობლები ხართ და გინდათ მასეთი თავისუფლება? ნორმალურია ის ადამიანი, კაცი რომ იტყვის, კაცი არ ვარო და ქალი რომ იტყვის, ქალი არ ვარო?“ - აცხადებს მეუფე იაკობი და იმ უცხო ენებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელთაც, ქართული ენისგან განსხვავებით, სამი სქესი აქვთ - მამრობითი, მდედრობითი და საშუალო, ეს კი ნიშნავს, რომ ვეღარ ერკვევიან სქესებსა და გენდერებში.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ „თბილისი პრაიდის“ წევრები ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონის მიღებამდეც და მიღების შემდეგაც ამოქმედდებიან. ესენი არიან კაჟაია ბულავას შვილები და დასავლეთიდან კაჟაიას ხელის დაქნევის შემდეგ გააქტიურდებიან. ამ პროცესში ჩართეს ხაზარაძეც, რომელიც ლგბტ პროპაგანდისტად იქცა, ხაზარაძე ლგბტ-ებს იცავს, მისი შვილი კი ფილმებს იღებს ლგბტ-თა დასაცავად.

„ცხადია, ველი, რომ ლგბტ პირთა დაცვის საბაბით საპროტესტო აქციები დაიწყება საქართველოში. ამ საქმეში 400 მილიონი დოლარი იხარჯება წლიურად და ნაწილდება ამ ხალხზე, ესენი არიან ხელფასიანი, ანუ საქართველოს ჯამაგირიანი მოღალატეები. აღრიცხულია, რომ მათი რაოდენობა 20 ათას კაცამდეა. 20 ათას კაცს როცა დაუქნევენ ხელს, ისინიც აყვირდებიან. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია გამოაშკარავების თვალსაზრისით. ვინც ახლა გამოვა ქუჩაში და დაიწყებს ლგბტ პროპაგანდის „გაპრავებისთვის“ ბრძოლას, ესენი იქნებიან „ნათელი სახეები“ იმის დასანახად, თუ როგორ ებრძვიან მამულს, ენას და სარწმუნოებას. ლუსტრაციის კანონი საჭირო არც არის, ლგბტ-ეების დამცველები და მათი თანამოაზრე ოპოზიციონრები უკვე გალუსტრირებულნი არიან“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.

„თბილისი პრაიდის“ მუქარას მარტის აქციების განმეორების თაობაზე დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ეხმიანება და აცხადებს, რომ ძალაუფლებისთვის მებრძოლი ძალები საქართველოში ცეცხლს ეთამაშებიან და ეს ცეცხლი არა ხელისუფლება, არამედ თავად ქართველი ხალხი იქნება. რაც შეეხება მათ უცხოელ ლობისტებს, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, დიდი გარისკვა იქნება მათგან, თუკი კვლავ ქართული საზოგადოების ნების წინააღმდეგ გაბედავენ წასვლას.