რატომ გადაიფიქრა „ლელომ“ ნიკა მელიასთან და ნიკა გვარამიასთან ალიანსი და როგორი იქნება საბოლოო ჯამში ოპოზიციის გადალაგება? მთავარი კითხვაა, შეძლებენ თუ არა მცირე პარტიები საერთო შეხების წერტილების გამონახვას?
თუკი „ლელოს“ და სხვა პატარა პარტიებს 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნებათ, ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიების ხმები „ოცნების“ ყულაბაში წავა. ამიტომ ახლა ოპოზიციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთი პოლიტიკური ცენტრების შექმნა, რომელიც ოპოზიციური ამომრჩევლის ხმების დაკარგვას მინიმუმამდე დაიყვანს.
ანალიტიკოსები კი for.ge-სთან ამბობენ, რომ „ლელოს“ გვარამია - მელიასთან ალიანსი საბოლოოდ გაანადგურებს და მისი როგორც პოლიტიკური პარტიის არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, სწორედ ამის გამო, ამ ეტაპზე „ლელომ“ მათთან თანამშრომლობაზე უარი თქვას, თუმცა ამ პარტიას არა აქვს რეალურად შანსი, რომ დამოუკიდებლად 5%-იანი ბარიერი გადალახოს.
„მოლაპარაკებები ერთობებთან, გაერთიანებასთან ან რაიმე წინასაარჩევნო კოალიციასთან დაკავშირებით ფიზიკურად არ არსებობს არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან“, - ამბობს „ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე, ვინაიდან თვლის, რომ
ჯერჯერობით, ადრეა რაიმე გაერთიანებებზე საუბარი.
„მოლაპარაკებები ერთობებთან, გაერთიანებასთან ან რაიმე წინასაარჩევნო კოალიციასთან დაკავშირებით ფიზიკურად არ არსებობს არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან. არ ვლაპარაკობთ, ვფიქრობთ, რომ ადრეა. ჯერჯერობით, რაიმე ტიპის პოლიტიკურ კონფიგურაციებზე ფიქრი არის ადრე, იმიტომ, რომ ვუყურებთ პოლიტიკურ ველს და ვხედავთ, რომ გადაადგილებები მუდმივად მიმდინარეობს“, - ამბობს კუპრაძე.
მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ რაც მეტი 2%-იანი პარტია შეიქმნება, მით უფრო უკეთესი იქნება.
„რაც მეტი 2-3%-იანი პარტია შეიქმნება, მით უკეთესი ჩვენი საბოლოო შედეგისთვის. შეიქმნა მორიგი, ალბათ, 2%-იანი პარტია, ეს 2% საბოლო ჯამში „ნაცმოძრაობას“ დააკლდება. ეს კარგია იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოოდ საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ პარლამენტში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას „ლელო“ რომ არ შეუერთდა, სავარაუდოდ, მიზეზი მელიას და გვარამიას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იდენტობაა.
„როგორც ჩანს, „ლელოს“ ბოლომდე ჯერ გარისკვა უჭირს და ცდილობს, არჩევნებში დამოუკიდებლად გავიდეს. სწორია, როდესაც მელიასა და გვარამიას არ შეუერთდა, რადგან ეს ორი ადამიანი „ნაციონალურ მოძრაობად“ აღიქმება, რომლებიც უბრალოდ რაღაცაზე განაწყენდნენ და ცალკე თამაში გადაწყვიტეს. საქმე კი ისაა, რომ ორივე მათგანი ბოლომდე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არ მიდის და მათი რეალური ამომრჩეველი „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველია. „ლელო“ მუშაობს ე.წ. შუაშისტ ამომრჩეველზე, ამიტომ, როგორც კი პარტია ამ ტანდემს შეუერთდება, იმ 2%-საც დაკარგავს რომელიც ჰქონდა. სავარაუდოდ, ამას მშვენივრად აანალიზებს „ლელო“. თუკი პარტია „ახალს“ შეუერთდება, მაშინ მასთან შერწყმა უნდა მოხდეს - 4-ნომრის გარშემო უნდა გაერთიანდნენ და ეს ამხელა ამბიციების მქონე პარტიას აწყობს? მით უმეტეს, რაც ყველაზე საინტერესოა, გზას გაუხსნის გიორგი გახარიას, რომელიც ასევე შუაშისტურ ამომრჩეველზე მუშაობს. ამიტომ „ლელომ“ უნდა გადაწყვიტოს 5%-იანი ბარიერის გადალახვის გამო სჭირდება თუ არა საკუთარი პარტიის იდენტობის დაკარგვა“, - აცხადებს ძაბირაძე.
მისივე თქმით, აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ მელიც და გვარამიაც საკმაოდ ამბიციური ფიგურები არიან, ასევე ხაზარაძე და ჯაფარიძეც, ამიტომ საარჩევნო სიის დაკომპლექტებაზეც ცალკე პრობლემები წარმოიქმნება. შესაბამისად, ძაბირაძე ფიქრობს, რომ ორივე პარტიაში პოლიტიკური გენერლობა უნდათ და, დიდი ალბათობით, პრობლემა ამაშიც არის.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი ამბობს, რომ „ლელო“ შუაში იხლიჩებოდა, რადგან ერთი მხრივ მას მელია-გვარამიასთან გაერთიანება სურდა, მეორე მხრივ კი უკან ხევდა ამ ორის ნაციონალური წარსული. ამიტომ ანალიტიკოსი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ საბოლოო ჯამში, ჯაფარიძე-ხაზარაძე ვერ ჩამოყალიბდნენ რა გადაწყვეტილება მიიღონ.
„ხაზარაძე მელიასთან ალიანსზე თამამად საუბრობდა. შემდეგ ამაზე ლაპარაკი შეწყვიტა და განაცხადა, რომ ახლა არჩევნებში დამოუკიდებლად გასვლა უნდოდათ. აქეთ დაპატიჟეს ხალხი მათ პარტიაში და ე.წ. შუის შემოკრებაზეც კი ჰქონდათ ამბიცია. მე მიმაჩნია, რომ „ლელოს“ ალიანსი „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ორ გამორჩეულ ფიგურასთან მისი პარტიის განადგურების ტოლფასი იქნებოდა. „ლელო“ ჯერ კიდევ მგონია, რომ მაინც არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული რა სურს. ხან ერთს ამბობენ და ხან მეორეს, მუდმივად წინააღმდეგობრივ განცხადებებს აკეთებენ. ამას წინათ ხაზარაძემ თქვა, რომ ერთიანობისთვის მზად ვართო, პოლიტიკური და პარტიული იდენტობაც კი დავთმოთო. ეს მათსავე ამომრჩეველს აბნევს, რადგან თვითკმარი პარტია, რომელსაც პრეტენზია მესამე პოლიტიკური ალტერნატივის შექმნაზე ჰქონდა და ამბობდა „შუა ჩვენს ირგვლივ უნდა შემოვიკრიბოთ“, შემდეგ კი ასეთ განცხადებას აკეთებს, პიარის კუთხით ძალიან საზიანოა“, - ამბობს ანჯაფარიძე.
მისივე თქმით, გადალაგება და გადმოჯგუფება ოპოზიციაში ცოტა ხანს კიდევ გაგრძელდება. სადღაც აპრილის ბოლომდე, რეალურად, თავიანთი პოტენციალი უნდა შეაფასონ და გადაწყვიტონ რა ფორმით გავიდნენ არჩევნებზე.