„ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის მიღება აუცილებელია. არსებობს ცხრა პუნქტი, რომლითაც უნდა დავუახლოვდეთ ევროკავშირს, მის ფასეულობებს. ამ დროს რომელიმე უცხოელმა რომ ჰკითხოს საქართველოს მთავრობის წევრს, თქვენი ფასეულობები როგორია, თქვენ მხარს უჭერთ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას? მთავრობის წევრმა ხომ უნდა გასცეს პასუხი, რომ ჩვენს კონსტიტუციასა და კანონებს ვიცავთ, სადაც აკრძალულია ლგბტ პროპაგანდა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბარში „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე.
ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით ოპოზიცია დუმს. შთაბეჭდილება რჩება, რომ ისინი მოთმინებით ელოდებიან, „ქართულმა ოცნებამ“ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონი დაწეროს და შემდეგ უკვე ეს კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებში მოკალათებული 20 ათასამდე ადამიანის ქუჩაში გამოსაყვანად გამოიყენონ. შემთხვევითი არაა ექსკლუზიურად მოპოვებული „თბილისი პრაიდის“ წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ „თბილისი პრაიდი“ საპროტესტო აქციებს გეგმავს და ამ აქციებში მხარდაჭერას საერთაშორისო დონორებს სთხოვს, როგორც ეს შარშან მარტის მოვლენების დროს მოხდა. ამ თვითაღიარების შემდეგ ქართველი ახალგაზრდების ნაწილი ისევ წამოეგება საპროტესტო ანკესს?
- თუ „თბილისი პრაიდის“ მიერ საერთაშორისო დონორებისადმი გაგზავნილი წერილი სიმართლეა, მაშინ ეს წერილი ამ არასამთავრობოების კიდევ ერთი გაშიფვრაა. შარშანდელი მოვლენები მინდა გავიხსენო, როცა მარტში თბილისში იმყოფებოდა საერთაშორისო სახელის მქონე პუბლიცისტი, ასაკოვანი კაცი - ობბორნი. მოგეხსენებათ, მაშინ იყო გამოსვლები, მოლოტოვის კოქტეილის სროლა, ეს ადამიანი თავის ცნობილ სტატიაში ასე აღწერდა თბილისში განვითარებულ მოვლენებს: „ჩემს გარშემო ახალგაზრდები არიან, თითქმის ყველამ კარგად იცის ინგლისური და მათ გამოველაპარაკე. ერთ-ერთი მათგანი მეუბნება, მე ვარ მტკვრის მარცხენა სანაპიროს ღამის კლუბების მთავარი მენეჯერი, ჩვენ დავხურეთ კლუბები და მოვუწოდეთ ჩვენს კლიენტებს, საპროტესტო აქციაზე მოსულიყვნენ დემოკრატიის დასაცავად“. ყველასთვის ცნობილია, რომ ახალგაზრდების გარკვეული კონტინგენტი ღამის კლუბებს ეტანება, სადაც შესვლა, მინიმუმ, ასი ლარი ჯდება, ნაკლებს ვერ დახარჯავ, ყოველდღიურად სხედან ამ კლუბებში, მთელ ღამეს იქ ათენებენ და როდისღა მუშაობენ ან სწავლობენ?
როგორც ჩანს, გათვლა სწორედ ამ ტიპის ახალგაზრდებზეა, რომლებიც კლუბურ ცხოვრებას ეტანებიან და სწავლისთვის არ სცალიათ. თუკი კოორდინირებული ქმედება იქნება საერთაშორისო დონორების მხრიდან, მაშინ არასამთავრობოებსა და ოპოზიციას კლუბური ცხოვრების მიმდევარი ახალგაზრდების იმედი უნდა ჰქონდეთ?
- გარკვეულ ჯგუფებში კოორდინაცია ნამდვილად არსებობს. მე ვერ დავიჯერებ, რომ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ღამის კლუბები ჩამორჩნენ მტკვრის მარცხენა სანაპიროს. საპროტესტო აქციები ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონის წინააღმდეგ უახლოეს მომავალში, ალბათ, იქნება. კარგია, რომ მთავრობამ ზომები მიიღო, რომ ძალადობა არ იყოს, რადგან ბევრია გაღიზიანებული საქართველოში ლგბტ დამცველების ძალადობით. ამ ლგბტ პრაიდებს და პარადებს არაფერი აქვთ საერთო ჰომოსექსუალების უფლებების დაცვასთან. ჰომოსექსუალების უფლებები საქართველოში დაცული იყო მაშინაც კი, როცა საბჭოთა კავშირის კანონი მკაცრად სჯიდა ასეთ ქცევებს და ორიენტაციას. იმ პერიოდშიც კი საქართველოში არაერთი ცნობილი ხელოვანი თუ მეცნიერი ასეთი ორიენტაციის იყო, არავითარი სკანდალი არ მომხდარა, თავისიანები ჰყავდათ პარტნიორებად. მაშინდელი საბჭოთა კანონი ქაღალდზე კი არსებობდა, მაგრამ ტრადიციული ტოლერანტობის და მაღალი კულტურის გამო საქართველოს საზოგადოება ამ ადამიანებს არავითარ უსიამოვნებას არ აყენებდა. გვარების დასახელება არ ღირს, მაგრამ გამონაკლისის სახით შეიძლება ერთი ადამიანი დავასახელოთ, რომელიც თვითონაც არ მალავდა თავის ორიენტაციას - ფარაჯანოვი. სანამ ფარაჯანოვმა ანტისაბჭოთა რაღაცების წერა არ დაიწყო, მანამ მას არაფერი ემუქრებოდა, მერე უკვე მოსკოვმა მიიღო ზომები და არა ადგილობრივმა სამართალდამცავებმა. ფარაჯანოვის შემთხვევა სულ სხვაა, ლგბტ პროპაგანდაზე დიდი ფულის კეთება კი - სულ სხვა. ამ საქმეში ფულის კეთება 2012 წელს დაიწყო, როცა 51-ე სკოლის პირდაპირ, ჩამოსულმა უცხოელებმა, გარეგნობით მამაკაცებმა კამერების წინ პოზირება და ერთმანეთის კოცნა დაიწყეს, შემდეგ ლგბტ პროპაგანდის ამსახველი პლაკატები გააკრეს, რამაც ჩვენი მშობლების ბუნებრივი რეაქცია, აღშფოთება გამოიწვია. იმ დღიდან მილიონობით თანხა შემოვიდა ამ საქმეში და ამის შესახებ უცხოელმა დიპლომატებმა მითხრეს.
მოსალოდნელია, რომ ანტილგბტ პროპაგანდას ოპოზიცია ისევე მონათლავს რუსულ კანონად, როგორც აგენტების შესახებ კანონი მონათლეს. მით უმეტეს, ამის საბაბიც აქვთ, 2022 წლის 27 ოქტომბერს რუსეთის სახელმწიფო დუმამ ერთხმად დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომელიც კრძალავს პოზიტიური ან თუნდაც ნეიტრალური ინფორმაციის გავრცელებას ლგბტ ადამიანების შესახებ. ანუ ამ შემთხვევაშიც ამოქმედდება ე.წ. რუსული იარლიყი. როგორ უნდა მოიქცეს ჩვენი ხელისუფლება, რომ ისევ რუსეთუმეობა არ დასწამონ?
- კანონის მიღება ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ აუცილებელია. ხომ არის ცხრა პუნქტი, რომ უნდა დავუახლოვდეთ ევროკავშირს, მის ფასეულობებს. წარმოიდგინეთ, ევროკავშირში წლების წინ ევროკომისრებს, ანუ იმავე მინისტრებს რომ ირჩევდნენ, იტალიიდან იყო ბუტილიონე, ცნობილი მოღვაწე, მას იუსტიციის მინისტრად ნიშნავდნენ, ჰკითხეს ამ კაცს, ცნობილია თქვენი საჯარო გამოსვლები, რომ თქვენ არ ცნობთ ლგბტ ქორწინებას და მიგაჩნიათ, ოჯახის ინსტიტუტია მთავარი, ისევ ამავე აზრს იზიარებთ? მან უპასუხა, მე მორწმუნე კათოლიკე ვარ, არ მიმაჩნია დანაშაულად, როცა ეს ხდება, მაგრამ რაც შეეხება ქორწინებას და, მით უმეტეს, ეკლესიაში, ეს კატეგორიულად მიუღებელია. მაშინვე ჩააგდეს მისი კანდიდატურა. იმის შემდეგ მსგავსი სკანდალი არ მომხდარა. წარმოიდგინეთ ახლა, როცა 9 პუნქტზე ვმუშაობთ და ვინმე უცხოელმა, ან რომელიმე ჟურნალისტმა ჰკითხოს საქართველოს მთავრობის წევრს, კი მაგრამ, თქვენი ფასეულობები როგორია, თქვენ მხარს უჭერთ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას? მთავრობის წევრმა ხომ უნდა გასცეს პასუხი, რომ ჩვენს კონსტიტუციასა და კანონებს ვიცავთ, სადაც აკრძალულია ლგბტ პროპაგანდა. ამის შემდეგ მთავრობის წევრს ვეღარ შეედავებიან.
ერთადერთი კომენტარი, რასაც ოპოზიცია აკეთებს ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით, ის არის, თითქოს ლგბტ პროპაგანდის საშიშროება ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს და ეს ხელისუფლების პიარის ნაწილია. ზოგიერთი მეტისმეტად თამამი ოპოზიციონერი „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს იმაში, რის წინააღმდეგაც „ოცნება“ იბრძვის, ანუ თითქოს „ოცნება“ თავად ეწევა ლგბტ პროპაგანდას ამ თემაზე ამდენი აქცენტირებით.
- ლგბტ პროპაგანდის მიმართ უკვე რადიკალურად განსხვავებული განწყობებია ევროპაში და მიუღებლად მიაჩნიათ, რაც ხდება. სადაც კი ლგბტ პროპაგანდამ ფეხი მოიკიდა და გავრცელდა „ფასეულობად“, იქ ძალიან სწრაფი დაბერება და კვდომაა, აღარ ჰყავთ ბავშვები, თუნდაც იმ ოდენობით, რომ შეინარჩუნონ მოსახლეობის რაოდენობა. სამწუხაროდ, ასეთი სოციუმები დასავლეთის მრავალ ქვეყანაში ძალიან სწრაფად ბერდებიან. ქართველებს კი ისედაც პრობლემები გვაქვს დემოგრაფიასთან დაკავშირებით.