გადაწყვეტილება მიღებულია - ზურაბ ადეიშვილის მიერ უკრაინაში ჩატარებული სასამართლოს ე.წ. რეფორმა და მისი მოადგილის, ნონა წოწონავას მიერ მოლდოვაში ჩატარებული რეფორმები საქართველოში აღარასდროს ჩატარდება. საქართველოს ხელისუფლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია „ვეტინგი“-ს სისტემის შემოღება, რომელიც კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
აღსანიშნავია, რომ „ვეტინგის“ მსგავსი სისტემა საქართველოში ჯერ კიდევ 2003 წელს ჩატარდა, რაც გამოიხატა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ სასამართლოს სრულ დამორჩილებაზე. სწორედ, სააკაშვილი-ადეიშვილის რეჟიმმა ე.წ. რეფორმით დაიმორჩილა სასამართლო სისტემა. დღეს, „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ ცდილობს ქართულ პოლიტიკურ ველზე ერთხელ უკვე ნაცადი მეთოდის შემოტანას და ამჯერად „ვეტინგის“ სახელით.
აღსანიშნავია, რომ „ვეტინგთან“ დაკავშირებით შემოთავაზებულია ისეთი ფორმა, რომელიც გულისხმობს არა მოსამართლეების შემოწმებას, არამედ მათი თანამდებობაზე განმწესების რევიზიას, რაც წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან. „ვეტინგი“ სულ რამდენიმე ქვეყანაში არსებობს და მდგომარეობა ფასდებოდა, როგორც კატასტროფა. რაც შეეხება „ვეტინგს“ ეს არის პროცესი, როცა თანამდებობაზე განწესებისთვის მომზადებული ადამიანების შემოწმება ხდება.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში აცხადებენ, რომ ე.წ. „ვეტინგი“ ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას და მიზნად ისახავს „კეთილსინდისიერების“ შემოწმების საჭიროების თაობაზე უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციას, რათა გაადვილდეს პოლიტიკური კონტროლის განხორციელება სასამართლო ხელისუფლებაზე.
„ნათელია, რომ ე.წ. ვეტინგი არ მიეკუთვნება საერთაშორისო სტანდარტს, უხეშად ლახავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ითვალისწინებს რა სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლოს დაკომპლექტების მექანიზმების გარე აქტორების ხელში გადატანას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის, ინდივიდუალური მოსამართლისა თუ მოსამართლეთა ცალკეული ჯგუფების წინააღმდეგ მიმართული ღირსების, დამოუკიდებლობის, ინსტიტუციური რეპუტაციის შემლახველ პროცედურას“, - აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს განცხადებაში.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ის ქვეყნები, სადაც „ვეტინგი“ დანერგეს, სასამართლოსთან დაკავშირებულ ყველა მსოფლიო რეიტინგში რამდენიმე ათეული ქულით უკან არიან. მისი თქმით, ეროვნული ამოცანაა საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ყოველთვის საქართველოს მოქალაქემ მიიღოს.
„როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ სადაც ეს პრინციპი დანერგეს, ის ქვეყნები სასამართლოსთან დაკავშირებულ ყველა მსოფლიო რეიტინგში რამდენიმე ათეული ქულით უკან არიან, ბუნებრივია, იმ ქვეყნებისთვის მიბაძვას არ ვაპირებთ, რომლებმაც უკან დაიხიეს ასეთი რეფორმების კეთებით. შესაბამისად, თუკი ამას ემატება ის ეროვნული ამოცანა, რომ არასდროს უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა გადაწყვეტილებები საქართველოსთან დაკავშირებით არ მიიღონ და მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება ყოველთვის საქართველოს მოქალაქემ, მაშინ გასაგებია, რატომ არ ვეთანხმებით ვეტინგს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
„ევროოპტიმისტების“ ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ გაუგებარია, რატომ უნდა ეწინააღმდეგებოდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები კეთილსინდისიერების რაიმე ტესტის გავლას. მისი თქმით, როგორც ჩანს, ძალიან ეშინიათ საკუთარი სინდისის სისუფთავის.
„არც ერთ მოსამართლეს და მოსამართლეთა ჯგუფს არ აქვს უფლება, უზენაესი სასამართლოს სახელით მსგავსი განცხადება გაავრცელოს. კეთილსინდისიერების შეფასების, მათ შორის, კორუფციული შემთხვევების დადგენის ერთ-ერთი მეთოდია „ვეტინგის“ სისტემა. ის საგამონაკლისო და არასტანდარტული პროცესია, რომელიც ჩვენი ტიპის რამდენიმე ქვეყანამ გამოიყენა მართლმსაჯულების სისტემაში.
მაგალითად, „ვეტინგი“ კოსოვოსა და ალბანეთში განხორციელდა. მას შემდეგ, რაც ალბანეთმა ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი მიიღო და მისთვის გაიცა რეკომენდაცია სასამართლო სისტემის გაჯანსაღების შესახებ, ალბანეთის პარლამენტში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც მიიღო კონსტიტუციური ცვლილებები და დაიწყო „ვეტინგის“ პროცედურა“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას განცხადებით, „ვეტინგი“ არც ოპოზიციის აკვიატებაა და არც არასამთავრობო სექტორის, ეს არის ვენეციის კომისიის რეკომენდაცია. თუმცა, მისი თქმით, ხელისუფლება ამ შემთხვევაში „კლანს“ იცავს და ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.
„ამ მოცემულობაში საოცარია, როდესაც უზენაესი სასამართლო აკეთებს ამ განცხადებას, მათ შორის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ მთელი ეს ბრძოლა „კლანის“ დასაცავად ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება. როდესაც ამხელა ანტიდასავლური პროპაგანდა ისმის „ქართული ოცნების“ მხრიდან, ლამის სუვერენიტეტში ჩარევა დააბრალეს ევროკავშირს და ევროკომისიას ამ რეკომენდაციიდან გამომდინარე, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ სასამართლოში „კლანი“ ძლიერია და „ქართული ოცნების“ მხრიდან გარანტირებულია იმ მოსამართლეების ხელშეუხებლობა, რომლის სავარაუდო კორუფციული გზით გამდიდრების შესაძლებლობა არსებობს“, - აცხადებს თეონა აქუბარდია.
ანალიტიკოსი, თამთა მეგრელიშვილი კი ფიქრობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღებას ითხოვენ, რაც მოსამართლეების შემოწმებას და მათ გათავისუფლებას გულისხმობს. როგორც მეგრელიშვილი აცხადებს, მათი იდეაა, რომ საქართველოში სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი უცხო ქვეყნების საელჩოების მიერ წარიმართოს.
„ვეტინგის“ გზით მოსამართლეთა და პროკურორთა შემადგენლობის განახლებას განვითარების პროცესში მყოფი ქვეყნები მიმართავენ მართლმსაჯულების სფეროში სისტემურ უნდობლობასა და უსამართლობასთან საპასუხოდ. „ვეტინგის“ პრაქტიკის შემოტანა ქართულ სახელმწიფოშიც უნდათ და არ ხდება ქართული რეალობის გათვალისწინება. „ვეტინგის“ იდეა პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და თავად „ვეტინგის“ იდეას, რადგან ქართულ სახელმწიფოში მართლმსაჯულების განხორციელების უფლებრივი პრაქტიკა ამ საცდელი მოდელის გამოყენების უფლებას არ იძლევა“, - ამბობს მეგრელიშვილი.
მისი თქმით, არაერთი ქვეყნის პრაქტიკა მოწმობს, რომ „ვეტინგის“ გამოცდილება მართლმსაჯულების გაჯანსაღებისთვის საკმარისი არ არის და მასთან ერთად საჭიროა პრობლემებზე კომპლექსური მუშაობა და სხვაგვარი გამოცდილებაც.
„თავად ევროკავშირმა სხვადასხვა ქვეყნის ამგვარი გამოცდილების შეფასებით, გააკრიტიკა ინიციატივა ყველა მოსამართლის-პროკურორის „ვეტინგის“ შესახებ, რადგან მიიჩნია, რომ ეს მეთოდი მოსამართლეთა-პროკურორთა დიდი ნაწილის გათავისუფლებას და, შესაბამისად, ამ ორგანოების დისფუნქციას იწვევს. ასე რომ, „ვეტინგის“ პრაქტიკა არ ამართლებს და ეს იდეა საგანგებოდ, გაუაზრებლად შემოგდებული თემაა, ოპოზიციირი სპექტრის ვითომ საქმიანი იმიჯის შესაქმნელად“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამთა მეგრელიშვილმა.
მგონი 2008 თუ 2009 წლის 3 იანვარი იყო, მაგრად ყინავდა .....ოპოზიცა როგორც თანამებრძოლს მოწონების ნიშნად ივერიის წინ ჰაერში გაბურთავებდით....
ესე იგი ბიძომ რაღაც ლგოტები არ შემოგთავაზა და განაცდი.