დედაქალაქში სულ უფრო თვალში საცემი ხდება ავტომობილების პარკირების პრობლემა. მანქანების გასაჩერებელი ადგილები, გაზრდის ნაცვლად, მცირდება, ხოლო ქუჩების სავალი ნაწილი მცირდება. ეს კი საბოლოოდ იწვევს ქაოსს და აფერხებს სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობას.
საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის მევლუდ მელაძის შეფასებით, ზონალურ-საათობრივმა პარკინგმა ქალაქში არსებული სიტუაცია ვერ მოაწესრიგა. ყველაფერი იქეთ მიდის, რომ ადამიანები ძალდატანებით გადასვან მანქანებიდან ველოსიპედებზე.
„ზონალურ პარკირებას მრავალი პრობლემა აქვს. კონსტიტუციურად, მე არ მაქვს იმის ვალდებულება, რომ ტელეფონი მქონდეს ან აპლიკაცია, ან ინტერნეტის ხელმისაწვდომობა. ყველა ქვეყანაში, სადაც თუ პარკირების სისტემაა, იქ სპეციალური დანადგარებია, სადაც გადმოსვლის შემდეგ იხდი ბარათით, ან ნაღდი ფულით. ამდენი ფული შედის ბიუჯეტში, მინიმუმ ეს სერვისი უნდა არსებობდეს“, - აღნიშნა მევლუდ მელაძემ.
მისი აზრით, ყველაფერი იქეთ მიდის, რომ ადამიანები ძალდატანებით გადასვან მანქანებიდან ველოსიპედებზე, რაც თითქმის შეუძლებელია და ძალიან უარყოფითი მოვლენა იქნება ყველასთვის.
„ყველაფრის გათვალისწინებით, პოლიტიკა იქეთ მიდის, რომ შემცირდეს საპარკინგე ადგილები და გადავსხდეთ ველოსიპედზე. ჩვენი ქალაქი არ არის იმ კონსტრუქციის, რომელიც იქნებოდა ველოსიპედებისთვის მოსახერხებელი. ზაფხულში ძალიან ცხელა, ბევრი აღმართ-დაღმართი და მტვერია. ასევე, ისიც უნდა ითქვას, რომ უსაფრთხოდ ვერ იქნები ველოსიპედით თბილისის ქუჩებში გადაადგილებისას“, - აღნიშნა მევლუდ მელაძემ.
იურისტი და სამოქალაქო უფლებების სპეციალისტი გვანცა ჟორჟოლიანიც ადასტურებს, რომ თბილისში ზონალურ საათობრივი პარკირების ზონებში არის შემთხვევები, როცა მძღოლები აპლიკაციით სარგებლობას ვერ ახერხებენ, ასეთ დროს მათ უნდა დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე, ოპერატორს მიაწოდონ ინფორმაცია, რომ აპლიკაციას აქვს პრობლემა და ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის თანამშრომელს ჯარიმის დაწერის უფლება არ აქვს.
თუ მოქალაქეს სურს პარკირების ჯარიმის გასაჩივრება, მან, პირველ რიგში, უნდა გამოითხოვოს სამართალდარღვევის აქტი, რომლის საფუძველზეც ჯარიმა დაიწერა და ამ აქტით უნდა მიმართოს მერიას განცხადების შესაბამისი ფორმით. მერიის პასუხის მიღების შემდეგ, მოქალაქე თავად წყვეტს მიმართავს თუ არა სასამართლოს.
ამის გარდა, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში თბილისი სიმაღლეში იზრდება და არა სიგანეში, რაც დაკავშირებულია უკონტროლო მშენებლობებთან და ქალაქის იერსახის დამახინჯებასთან.
„თბილისი იზრდება სიმაღლეში და არა სიგანეში, ერთ ადგილას აკუმულირდება ამდენი ავტომობილი და საპარკინზე სივრცე არ რჩება. მშენებლობები ძალიან სპონტანურად მიმდინარეობს. უცებ რაღაც აღმოცენდება, მერე მეორე და ასე უსასრულოდ. ერთმანეთსაც კი არ ჰგავს და ქალაქი უსახური ხდება. ამაზე მერიამ უნდა იზრუნოს, თითოეულ ბინაზე საპარკინგე სივრცე უნდა იყოს, რომ ცალკე ყიდვა არ დასჭირდეს მყიდველს“, - განაცხადა „რადიო პალიტრის“ ეთერში მევლუდ მელაძემ.
თბილისში მცხოვრები ადამიანები თვეში მინიმუმ - 20 საათს, წელიწადში კი 240 საათს, საცობში ატარებენ. ბოლო 30 წლის განმავლობაში ქალაქის ქაოსურად შენდება. ზოგ ქუჩაზე 4 მეტრის სიგანის გზაზე ორმხრივად არის მრავალსართულიანი კორპუსები ჩადგმული და პარკინგი არც ერთს არ აქვს.
ვისი ბრალია საცობები და როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა, ამასთან დაკავშირებით სატრანსპორტო დარგის ექსპერტს დავით მესხიშვილს თავისი მოსაზრება აქვს.
„გადატვირთული საგზაო მოძრაობა, ნაწილობრივ, თითოეული ჩვენგანის დამსახურებაა. პირველ რიგში, ბოლო 30 წლის განმავლობაში ქალაქის ქაოსური განაშენიანება მიდის. ზოგ ქუჩაზე 4 მეტრის სიგანის გზაზე ორმხრივად არის მრავალსართულიანი კორპუსები ჩადგმული და პარკინგი არც ერთს არ აქვს. ასეთ ადგილებში, სადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს ვერ „აწვდი“ მოსახლეობას, იმიტომ, რომ ფიზიკურად არ ეტევა, ყველა ყიდულობს ავტომობილს და მათი რაოდენობაც იზრდება და იზრდება. ზოგ ოჯახში 3-ზე მეტი ავტომობილია.
პირველი, რაც მერიამ უნდა გააკეთოს, საკმარისი რაოდენობის ავტობუსებით უნდა მოამარაგოს ქალაქი და შეკრას ავტობუსის ზოლი. შეიძლება, ბევრი ავტობუსი გვყავდეს, მაგრამ თუ მიწოდება დარღვეულია, 200 000 ავტობუსიც რომ იყოს, აზრი არ აქვს. მერიამ ავტობუსები უნდა დაიხსნას საცობიდან“, - განაცხადა მესხიშვილმა.
გარდა ამისა, გამოსავალი სხვადასხვა ორგანიზაციის ქალაქის ცენტრიდან პერიფერიებში განაწილებაშია. ის სამსახურები კი, რომლებიც შეიძლება დისტანციურად იყოს, ონლაინ რეჟიმზე უნდა გადავიდეს.
„ყველა ერთდროულად არ უნდა ვიღვიძებდეთ და მივდიოდეთ ერთ დროს ყველგან. სკოლა და სამსახური სხვადასხვა დროშია გადასაყვანი. ასევე, გარკვეული დაწესებულებები ქალაქის ცენტრიდან უნდა გავიყვანოთ, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურები, სამინისტროები, ორგანიზაციები, სადაც მოსახლეობას ხშირად უწევს მისვლა. მოძრაობის პერიფერიებში გადანაწილება საერთაშორისო მიდგომაა“, - აღნიშნა მესხიშვილმა.
თანამედროვე დაგეგმარებაააა?...............კაი ნუ მაცინებ
რა დაგეგმარება, რის დაგეგმარება .....დაგეგმარების აზრზე საერთოდ არავინააა--- ვინ რას დააგეგმარებს??
იციით კიდე რა მიკვიირს ?? ეს ამდენი სახლები რომ შენდება (როგორ შენდება ეგ კიდე სხვა საკითხია) ამ კორპუსებში ვინ სახლდება?????
ემიგრანტების გამოგზავნილი ფულიო და ესეთი რაღაცეეები,.... მაგრამ ნუთუ საქართველოში ამდენი ქართველიააა ???