მკვეთრად შეცვლილი რიტორიკა და პოლიტიკური სვლები – საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციამ პოლიტიკური სტრატეგია და ტაქტიკა შეცვალა. ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციის ნაწილი წინასაარჩევნო პროპაგანდას ძირითადად სოციალურ თემებზე და პრობლემებზე აგებს. „ნაციოანლურმა მოძრაობამ“ რადიკალურად შეცვალა პოლიტიკური ვექტორი და მთელი პიარკამპანია საგარეო პოლიტიკის ნაცვლად, შიდა ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე გადაიტანა.
პარტიის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა დაიწყო ბაზარში და მაღაზიებში სიარული, სადაც პროდუქტებზე გაზრდილ ფასებს აჩვენებს და სხვა წლებს ადარებს. ასევე, ის თურქეთში იმყოფებოდა, რათა საქრათველოში და თურქეთში ფასებს შორის განსხვავება ეჩვენებინა.
„ლელოს“ მთავარ დაპირებას კი პენსიების ზრდა წარმოადგენს. პარტიის წევრები ამტკიცებენ, რომ „ლელოს“ შეუძლია, შეასრულოს პირობა, რომ საქართველოში ხანდაზმულ მოქალაქეს ჰქონდეს 1000-ლარიანი პენსია. მათი მტკიცებით, ამ 1000-ლარიანი პენსიის დასაბუთება ძალიან მარტივია. მათი თქმით, საქართველოში ხანდაზმულთა პენსია იმდენად ცოტაა, რომ ისინი შიმშილობენ, მედიკამენტებზე არ ყოფნით შესაძლებლობა.
თუმცა „ლელოს“ ოპონენტები თავად ოპოზიციაშივე ყავს. ამ დაპირებას სკეპტიკურად გიორგი გახარიას პარტიაში უყურებენ და მათი თქმით, პარტია, რომელიც მოსახლეობას 200 ლარზე მეტი პენსიის მომატებას სთავაზობს, მატყუარაა, რადგან ჩვენს ქვეყანაში ამის რესურსი არ არსებობს.
„ევროპული კეთილდღეობა საქართველოსთვის“ - ასეთი საარჩევნო ლოზუნგით კი გიორგი გახარია წარსდგა. როგორც პარტიის თვამჯდომარე და ექს-პრემიერი ამტკიცებს, მისი მთავარი საარჩვენო დაპირება „ოცნების“ და ნაციონალების დამარცხება და ევროპულ გზაზე წინსვლაა.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ოპოზიციის შეცვლილი რიტორიკა და სტრატეგია ცხადყოფს ერთ რამეს, მიხვდნენ მხოლოდ ზოგად თემებზე საუბარი საზოგადოებისთვის საინტერესო არ არის.
„ნაციოანლური მოძრაობის“ და დანარჩენი ოპოზიციის რიტორიკა, ძირითადად, ეყრდნობოდა ხელისუფლების „პრორუსულობას“ და ევროპული გზიდან გადახვევას. ორივე მათგანი საზოგადოებისთვის უკვე უინტერესო იყო, მით უმეტეს კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ეს თემა ოპოზიციას ხელიდან წაერთვა. ამიტომ მიხვდნენ, რომ საზოგადოების კონკრეტული პრობლემებით უნდა დაინტერესებულიყვნენ და წინასაარჩევნოდ სხვა პროპაგანდა აერჩიათ.
თუმცა, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რამდენად მოახერხებენ საზოგადოების დარწმუნებას. „ნაციონალური მოძრაობის“ ბაქიბუქი, რომ დანგრეული ეკონომიკა ჩავიბარეთ, ვიღას სჯერა. დაგრეული ეკონომიკა კი არა, ჩრდილოვანი ეკონომიკა ჩაიბარეს და დაიწყეს ბიუჯეტში ფულის შეტანა. ასევე დაიწყეს ბიზნესმენების დარეკეტება, საიდანაც ნახევარი ბიუჯეტში შეჰქონდათ და ნახევარი კიდევ ჯიბეში მიჰქონდათ. ამიტომ ხალხმა კარგად იცის, ვინ რა გააკეთა. კი ბატონო, პოლიციის სისტემა შექმნეს, მაგრამ როგორც კი დასჭირდათ, სათავისოდ გამოიყენეს. მათ მიერ დაპირებული საზოგადოებას უკვე აღარაფრის სჯერა“, - ამბობს ძაბირაძე.
მისივე თქმით, დაპირებები, რომელიც წინასაარჩევნოდ გაიცემა, საზოგადოებისთვის მარტივი გასარჩევია. როცა ამ ხნის განმავლობაში ნაციონალების და სხვა ოპოზიციური პარტიების მთავარ დღის წესრიგს მხოლოდ საგარეო პოლიტიკა და მიხეილ სააკაშვილის ჯამრთელობა წარმოადგენდა, ახლა მოსახლეობა იჯერებს იმას, რომ ეს ოპოზიცია მათი პრობლემების მოგვარებით ნამდვილად დაინტერესებულია?!
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ გაუგებარია ისაა, რატომ არ ცვლიდა ოპოზიცია აქამდე სტრატეგიას და თავიდანვე არ საუბრობდა იმ პრობლემებზე, რომელიც მოსახლეობას აწუხებდა.
„ერთ მხარეს რომ მიდიოდა ოპოზიცია და დაინახა საზოგადოებას ეგ თემა არ აინტერესებდა, მერე სინჯვა- სინჯვით და ხელის ფათურით წინ წავიდა. მე მეგონა, რომ 2012 წლის მარცხის შემდეგ, გააკეთებდნენ იმას, რაც აქამდე არ გაუკეთებიათ და როგორც იქნა რაღაცა წერტილამდე მივიდნენ. დღემდე ოპოზიციისთვის საგარეო პოლიტიკა იყო მნიშვნელოვანი, რაც დაინახეს, რომ საზოგადოებისთვის არ იყო ასეთი მნიშვნელოვანი.
თან, მერე დაინახეს, რომ ხელისუფლებამ ამაშიც მოუგო. ომის თემა ოპოზიციას შეეწმინდა საბოლოო ჯამში და აქაც წაგებული თავად აღმოჩნდა. პრორუსულობას აბრალებდნენ ხელისუფლებას და „ოცნების“ დროს კანდიდატის სტატუსი მოგვცეს. ამიტომ დაინახეს, რომ რაღაცა სხვა თემები იყო მოსაძებნი. საარჩევნო რიტორიკა უნდა შეეცვალათ, რადგან საზოგადოება მათ აღარ უსმენდათ. ნაციონალებმა სოციოლოგიის გამოყენება იციან, ამ შემთხვევაში ვვარაუდობ, რომ მათ გამოკვლევები ჩაატარეს, რომლებშიც დაინახეს, რომ მათი სტრატეგია მხარდაჭერილი არ იქნება და უკეთესი იქნება, თუკი მას შეცვლიან. მგონია, რომ ეს მხოლოდ შემთხვევითი ცვლილება არ არის და ნაციონალები აქამდე კონკრეტული კვლევის შემდეგ მივიდნენ“, - ამბობს საყვარელიძე.
თუმცა ექნება თუ არა ამ შეცვლილ რიტორიკას შედეგი და საზოგადოებაში დამაჯერებლობა, საყვარელიძე ამბობს, რომ ჩვენი მოსახლეობა სხვა წლებისგან განსხვავებით, უფრო გაზრდილია. ის კარგად იცნობს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს და 30 წელია ამ პოლიტიკოსებს უსმენს. ამიტომ მან კარგად იცის, ვინ რისი გამკეთებელია, ვინ იტყუება და ვის რისი შესრულების თავი აქვს.
„მეეჭვება ამ საარჩევნო რიტორიკას შედეგი ჰქონდეს. მეეჭვება, რადგან ნაციონალებს ქართველი ხალხის უმეტესობა ცუდი თვალით უყურებს. მათ ისეთი წარსული აქვთ, რომ გეოპოლიტიკური თემების ცვლილება ვერ უშველით. მოსახლეობისთვის ყველაზე მიუღებელი ენმ-ს გავლილი 9 წელია. მიუხედავად ამისა, არსად ეს პარტია ამ წლებისთვის ბოდიშს არ იხდის, ხალხს პატიებას არ სთხოვს. ამიტომ მათ ნებისმიერ დაპირებას დამაჯერებლობა არა აქვს. მოსახლეობა ამას აკვირდება, პირველ რიგში, - ამ დაპირებას ვინ გასცემს, რა პოლიტიკური წარსული აქვს პარტიას და შესაძლებლობები. ამიტომ არის, რომ ისევ შეჩვეული ჭირი ურჩევნიათ შეუჩვეველს და მოსახლეობა კვლავ არჩევანს არსებულ ხელისუფლებაზე აკეთებს“ - ამბობს საყვარელიძე.
მალე ე.წ. ვარდების რევოლუცია მოხდა და ვითომ არც ყოფილა მაგ თემაზე დაპირება.