მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების თემას მღვდელმთავრები განსხვავებულად აღიქვამენ. თუკი რუის-ურბნისის მიტროპოლიტი, მეუფე იობი სააკაშვილის მიერ ეკლესიისთვის გადაცემულ ჯიპებსა და ქონებას ეკლესიაზე ზრუნვად აფასებს და მის გათავისუფლებას ითხოვს, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი, მეუფე საბა ექსპრეზიდენტის შეწყალებას ეწინააღმდეგება და მის მიერ ეკლესიისთვის მირთმეულ ძღვენს მოსყიდვის მცდელობად აფასებს.
ამბიონიდან ქადაგებისას მეუფე საბა აცხადებს, რომ გაჰკვირვებია ზოგიერთი სასულიერო პირის, რომლებიც პატრიარქს განიკითხავენ, არ მოსწონთ მისი სიბერე, თითქოს ამის გამო უნდა შეიცვალოს, ამ დროს კი ეს მღვდელმთავრები ლაპარაკობენ პრეზიდენტების შეწყალებაზე, რადგან თურმე ამ პრეზიდენტებმა სასულიერო პირებს ძვირადღირებული საჩუქრები გადასცეს.
„იქნებ, ამ პრეზიდენტებმა ჩვენთვის სიკეთე კი არ გააკეთეს, არამედ მოგვისყიდეს, რომ მათთვის სასურველი საქმეები გაგვეკეთებინა“, - აცხადებს მეუფე საბა.
მღვდელმთავრების დაპირისპირებას ეხმაურება სააკაშვილი და ირწმუნება, რომ არავინ მოუსყიდია, პირიქით, მან აღადგინა ეკლესიები, მათ შორის, მისთვის ყველაზე საამაყო ბაგრატის ტაძარი, დაამკვიდრა ხუთჯვრიანი დროშა და ეს იყო მისი ისტორიული მისია.
მოგვიანებით სააკაშვილმა ისიც დაამატა, რომ რუსული რეჟიმი საქართველოში არჩევნებში ჩარევისა და ეკლესიაში გადატრიალებისთვის ემზადება.
იყოფა თუ არა აზრი სინოდში სააკაშვილის შეწყალება-არშეწყალებასთან დაკავშირებით?!
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ეჭვობს, სინოდში სააკაშვილის გამო დაპირისპირება გაღრმავდეს. ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, ცალკეულმა სასულიერო პირებმა სააკაშვილის წინააღმდეგ ან მის დასაცავად განცხადებები გააკეთონ, მაგრამ ამის გამო დაპირისპირება, საეჭვოა, მოხდეს.
რაც შეეხება სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროინდელ დამოკიდებულებას ეკლესიის მიმართ, პეტრე მამრაძეს ახსენდება აღვირახსნილი, უბინძურესი კამპანია მიმართული პირადად უწმინდესის მიმართ, რომელიც როგორ ფორმას და შინაარსს ღებულობდა. პეტრე მამრაძე იხსენებს უძვირფასეს ჯიპებს, რომლებიც მიტროპოლიტებსა და ეპისკოპოსებს აჩუქეს და მერე ყველამ აღმოაჩინა მათში მოსასმენი აპარატურა და კომპრომატების შეგროვების მცდელობა ამ ჯიპების მეშვეობით. ეს ნამდვილად ახასიათებდა სააკაშვილის რეჟიმს და, პეტრე მამრაძის აზრით, მცდარია სააკაშვილის ნათქვამი, თითქოს არავინ მოუსყიდია.
„ხუთჯვრიან დროშას რომ გვამადლის, ხუთჯვრიანი დროშის ნაცვლად ხომ შეიძლებოდა დროშაზე გამოესახა წმინდა ნინოს ჯვარი და არა ის, რასაც მთელი მსოფლიო გაკვირვებით უყურებს და ფიქრობს, იერუსალიმის დროშა რატომ გვაქვს ქართველებს. მოდით და ვუმტკიცოთ, რომ ჩვენთანაც იყო იერუსალიმის დროშა უხსოვარი დროიდან. სხვათა შორის, ნაცებს ვეუბნებოდი, თუ მაინცდამაინც ჯვარი გვინდა გამოვსახოთ დროშაზე, უნიკალური ჯვრის მქონენი ვართ ქართველები - წმინდა ნინოს თმებით შეკრული ჯვრის. მთელ მსოფლიოში იყიდება ბრელოკები იერუსალიმის ჯვრის გამოსახულებით და ეს მსოფლიოში ცნობილია, როგორც იერუსალიმის ჯვარი. ჩვენი პროპაგანდით ვერავის ვაჯობებთ და ვერ დავარწმუნებთ, რომ იერუსალიმის ჯვარი კი არ არის, არამედ ქართულია. მსოფლიომ ასე იცის, მორჩა და გათავდა. ამ მხრივ დრო დავკარგეთ, ქართველთა განმანათლებლის - წმინდა ნინოს ჯვარი უნდა ყოფილიყო ჩვენს დროშაზე. ასე რომ, ჩვენ ვიცით, როგორი დამოკიდებულება იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, საპატრიარქოსა და პირადად პატრიარქის მიმართ სააკაშვილის დროს. სხვა თუ არაფერი, გავიხსენოთ, მახათას მთაზე როგორ ჩაჯდა, უფრო სწორად, როგორ ჩავარდა მთვრალი სააკაშვილი უწმინდესის სავარძელში“,-აღნიშნა პეტრე მამრაძემ for.ge-სთან საუბრისას.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ, სავარაუდოდ, სააკაშვილის შეწყალება-არშეწყალების საკითხი არ გამწვავდება სასულიერო წრეებში და დაპირისპირება არც სინოდში გადაინაცვლებს, რადგან ეკლესიის სათავეში გვყავს და, ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს, ბრძენი კათოლიკოს-პატრიარქი, რომელიც მოხუცებულობის მიუხედავად, კარგად აზროვნებს.
„ბედნიერი კაცი ვარ, რომ ვიცნობ ხონისა და სამტრედიის მეუფე საბას, რომელიც ეროვნულობის განსახიერებაა, მეუფე საბა შემთხვევით არაფერს არ იტყვის. მთლიანობაში, სინოდში უმეტესობა ეროვნული ადამიანები არიან, რომლებიც იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველოს ეკლესიამ შეინარჩუნოს ავტოკეფალია და ქართველ ხალხს, ილიას ნათქვამის არ იყოს, საკუთარი თავი თავადვე „ეყუდნოდეს“, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ ჩვენთან საუბრისას და, შეკითხვის საპასუხოდ, მეუფე იობის განსხვავებული პოზიცია რითაა ნაკარნახევი, განმარტა: „არის ასეთი ქართული გამონათქვამი - „კაცი რომ გაიცნო, ასი ფუთი მარილი უნდა შეჭამო“.
ანალიტიკოსის აზრით, მეუფე იობის პოზიცია გამოუცნობია. ედიშერ გვენეტაძე არ მალავს, რომ პირადად მისთვის შოკი იყო იმის გაგება, რაზეც მეუფე იობი ლაპარაკობს, რომ უნდა ვაკმაროთ სააკაშვილს პატიმრობა. მისი თქმით, ჩვენი ეკლესია ისეთივე სოციალური სხეულია, როგორც მთელი საზოგადოება. დასამალი არაა, რომ ეკლესიაშიც ბევრი წყლულებია.
„ეკლესია ჩვენთვის დედა ეკლესიაა, დედა რომ გახდეს ავად და სხეულის ნაწილები ატკივდეს, მას ხომ უნდა ვუმკურნალოთ, ხომ არ უნდა მოვკლათ?! მთელმა საზოგადოებამ, სასულიერო პირებმა ერთად უნდა მოვარჩინოთ ეკლესია. ამაზე ბევრად უარესი უნახავს ჩვენს ეკლესიას და საზოგადოებას, მაგრამ გამოსულა მდგომარეობიდან და მოსულა დღევანდელ დღემდე. ახლაც ასე იქნება“, - მიიჩნევს ედიშერ გვენეტაძე.