საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ სარჯველაძე დანიშნა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ყველა მიმართულებით არის სერიოზული გამოწვევა, თუმცა, პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სარჯველაძე, მისი პროფესიონალიზმით და გამორჩეული პიროვნული თვისებებით, ამ დარგს მნიშვნელოვან წარმატებას მოუტანს.
მიხეილ სარჯველაძე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე 2012-2018 წლებში, ხოლო 2018-2020 წლებში - პირველი მოადგილე. 2020 წლიდან დღემდე ის იყო მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საკითხზე, თუ ვინ ჩაანაცვლებს ჯანდაცვის მინისტრად დანიშნულ მიხეილ სარჯველაძეს აღნიშნულ პოსტზე, ფრაქციაში იმსჯელებენ. პაპუაშვილის თქმით, თავმჯდომარის კანდიდატურას სწორედ ფრაქცია წარადგენს.
ამის ფონზე, ანალიტიკურ წრეებში, სარჯველაძის ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნას სხვადასხვანაირად აფასებენ: ერთი ნაწილი თვლის, რომ ეს დადებითი ცვლილება იქნება უწყებისთვის, ხოლო მეორე ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი და ფიქრობს, რომ მიხეილ სარჯველაძეს ის გამოცდილება არ აქვს, რაც ჯანდაცვის სფეროს მართვას გულისხმობს.
ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის თქმით, მოლოდინი იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროში არსებულ პრობლემებს სარჯველაძე მოაგვარებს, არ აქვს. როგორც მან For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, ამ სფეროში ბევრი გამოწვევაა და რთულია თქმა, რამდენად შეძლებს ახალი მინისტრი ამ პრობლემებთან გამკლავებას.
„ჯანდაცის წინა მინისტრის დანიშვნის დროსაც მქონდა მოლოდინი, რომ ორგანიზაციულ საკითხებში მისი კომპეტენტურობა მოაგვარებდა ჯანდაცვაში ანალოგიური ტიპის პრობლემებს: დაბალი კონკურენცია და მონოპოლია, წამლების ფასები ზღაპრულ სიდიდეებს აღწევს და ა.შ. რაც შეეხება სარჯველაძეს, ეს მოლოდინიც არ მაქვს. რასაც პარლამენტში ვუყურებთ, მას ოპონენტებთან ტაქტიანი დისკუსია შეუძლია და ახლა ეს ჯანდაცის სისტემაში საჭიროა თუ არა, არ ვიცი, - ვფიქრობ, არ არის საჭირო.
ზოგადად, მინისტრი იცვლება ხოლმე არა იმიტომ რომ, ერთი კაცის შეცვლა რაიმეს მოიტანს, უბრალოდ, მინისტრი არის ის საკვანძო ფიგურა, რომელსაც შეუძლია სხვა ცვლილებები შეძლოს. ამ ტვირთით ნიშნავენ ახალ მინისტრს, რომ ეს მძიმე პროცესი, რასაც მოხსნა-დანიშვნის პროცესი ჰქვია, განახორციელოს. ყველა თანამდებობის გარშემო ვერც კაბინეტი იმსჯელებს და ვერც პარლამენტი. ეს უკვე მინისტრმა უნდა გადაწყვიტოს მის ხელთ არსებული მექანიზმებით. რთული მიმართულებაა, რასაც სისტემის რეფორმირება ჰქვია, არ ვიცი სარჯველაძეს აქვს თუ არა სამაგისო გამოცდილება, შეიძლება არც ჰქონდეს და როდესაც ხელს მოკიდებს ამ საქმეს, მერე აღმოაჩნდეს ეს ნიჭი“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ სარჯველაძე თავისი საქმის პროფესიონალი და პატრიოტი ადამიანია, რომელსაც შეუძლია ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემები მოაგვაროს.
„ეს არის ერთ-ერთი ღირსეული პიროვნება პარლამენტში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, რომელმაც ხალხს თავი დაამახსოვრა თავისი დინჯი გამოსვლებით, პროფესიონალიზმით და რაც მთავარია, ქართული სახელმწიფოსადმი ერთგულებით. ამ კაცს სხვადასხვა თანამდებობაზე უმუშავია, მათ შორის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ და ვფიქრობ, ის არის თავისი საქმის პროფესიონალი. მისმა დანიშვნამ ძალიან მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ქართული სახელმწიფოს წინსვლის საქმეში, განსაკუთრებით ისეთ მგრძნობიარე საქმეში, როგორიც არის ჯანდაცვა.
დარწმუნმებული ვარ, სარჯველაძე დაიწყებს უკომპრომისო ბრძოლას იმ გადაგვარებულების წინააღმდეგ, რომლებიც კიბოთი დაავადებულთა ხარჯზე მდიდრდებიან. ასეთი ადამიანები კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯონ. დღევანდელ საქართველოში ურთულესი სფეროა, მაგრამ მიხეილ სარჯველაძე ამას აუცილებლად გაუძღვება“, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ For.ge-სთან საუბარში.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე როგორც ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, მისთვის პატივია, რომ ექნება შესაძლებლობა ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, მის გუნდში ქვეყნის სამსახური გასწიოს. მისი შეფასებით, სამედიცინო პერსონალი საქართველოს „უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალის მქონე საზოგადოებაა“.
„უპირველესად მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიმართ გამოცხადებული ნდობისთვის, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩემთვის. ჩემთვის პატივია, რომ მექნება შესაძლებლობა ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, მის გუნდში ქვეყნის სამსახური გავწიო და ვიყო სასარგებლო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ეს განსაკუთრებული პატივია და ამავდროულად, უზარმაზარი პასუხისმგებლობაც. ჩემს დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს ასევე, ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა სამედიცინო საზოგადოებისადმი, რომელიც გამაჩნია. ვთვლი, რომ (სამედიცინო პერსონალი) არის ამ ქვეყნის უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალის მქონე საზოგადოება, რომელთან თანამშრომლობითაც შესაძლებელი იქნება ყველა დასახული მიზნის მიღწევა და ნებისმიერი ამოცანის გადაჭრა, იქნება ეს სამართლიანი სოციალური პოლიტიკის გატარება, თუ იქნება ეს თითოეული პაციენტის უფლებების სადარაჯოზე დგომა. ამიტომ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრის შემწეობით, მისი მხარდაჭერით შევძლებთ ვიყოთ წარმატებული გუნდი. დაუღალავად ვიშრომებთ იმისთვის, რომ მათ შორის, თითოეული დევნილი წელგამართული შეხვდეს იმ სანუკვარ მომენტს, როდესაც ისინი შეძლებენ საკუთარ მიწა - წყალზე დაბრუნებას“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.