არაოფიციალური ცნობით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია და ნიკა გვარამია ერთიან პარტიას შექმნიან და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ერთიანი ნომრით მიიღებენ მონაწილეობას. როგორც „ნაცმოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, პარლამენტარმა რომან გოცირიძემ განაცხადა, შესაძლოა თავადაც მელიას პოტენციურ თანაგუნდელად განიხილება. თუმცა, ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კითხვის ნიშნები არსებობს, მსგავსი ტიპის გაერთიანება ნიკა მელიას პოლიტიკურ წონას გაზრდის თუ პირიქით, - შეამცირებს.
„პალიტრანიუსთან“ საუბრისას გოცირიძემ ასევე აღნიშნა, რომ საკუთარ თავს დიდ ოპოზიციურ კოალიციაში მოიაზრებს, რომელსაც არა მხოლოდ არჩევნებზე 5%-ის გადალახვის პრეტენზია ექნება, არამედ ხელისუფლების შეცვლისაც. პარლამენტარი მიანიშნებს, რომ პარტიიდან ნიკა მელიას წასვლით დაწყებული პროცესები ჯერ დასრულებული არ არის და ნიკა გვარამიას მიერ საკუთარი გუნდის ფორმირებაც ამის ნაწილია.
„ოპოზიციური ფლანგი როგორ დალაგდება, ეს ვერ გაირკვევა მანამ, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები არ დამთავრდება. თუ გვეგონა, რომ პროცესი მორჩა, ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო და ცალკე პარტია შექმნა, ვინ წარმოიდგენდა იმას, რომ ნიკა გვარამიას „ნაციონალური მოძრაობის“ ბაზაზე ახალი პარტიის შექმნა მოუნდებოდა. მე ვფიქრობ, რომ მელია და გვარამია ორ პარტიას არ შექმნიან და, ალბათ, 4 ნომრის ირგვლივ ერთი პარტია შეიქმნება. ნაადრევია იმაზე საუბარი, მძლავრი ერთიანი ოპოზიციური ცენტრი შეიქმნება თუ არა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გაერთიანების შემთხვევაში, ორიდან ერთ-ერთმა პარტიულ იდენტობაზე უარი უნდა თქვას. ხოლო, მისთვის გაუგებარია მსგავსი ტიპის გაერთიანება.
„თუ გვარამია და მელია ერთიანდებოდნენ, ნიკა გვარამიას რაში დასჭირდა პარტიის შექმნა? - გაერთიანების შემთხვევაში, ერთმა ან მეორემ საკუთარ პარტიულ და პოლიტიკურ იდენტობაზე უარი უნდა თქვას და წარდგენს არჩევნზე 4-იანი ნორმით, რომელიც ნიკა მაჭუტაძის პარტიისგან ინათხოვრეს. ეს ცოტა არადამაჯერებლად გამოიყურება: შენ თუ პარტიას ქმნი და პარტიის ლიდერი ხარ, შენი პარტიით უნდა გახვიდე არჩევნებზე, როგორც თვითკმარი პოლიტიკური ძალა. როდესაც ვიღაცასთან ერთიანდები, კარგავ პოლიტიკურ იდენტობას და ლიდერის ფუნქციას. შესაბამისად, ეს არასერიოზულად გამოიყურება. ამასთან, როგორ მოხდება მათი გაერთიანება, როდესაც საარჩევნო კოდექსში წერია, რომ ერთ პარტიას არ აქვს უფლება თავის საარჩევნო სიაში სხვა პარტიის წევრები ჩაწეროს?!“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
მისთვის კითხვის ნიშნებს იწვევს „ნაცმოძრაობის“ წევრებისა და ყოფილი ლიდერების ქცევები და განცხადებები. ანჯაფარიძის შეფასებით, თუკი არჩევნებში ბევრი ოპოზიციური პარტია მიიღებს მონაწილეობას, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი გაიყოფა.
„ასევე ჩნდება კითხვა: რეალურად იქნება მელია „ნაცმოძრაობის“ კონკურენტი?! - წამოცდათ ასეთი რამ: თუ აიღებენ გარკვეულ პროცენტს და მელია-გვარამიას გაერთიანება თავისას წაიღებს, შექმნიან ამით უმრავლესობას და მოვლენ ხელისუფლებაში. არ გამოვრიცხავ, რომ მოხდეს „ნაცმოძრაობიდან“ გამოყოფილი ძალების გაშლა, ყველამ საკუთარი მიიღოს და შემდეგ, თუკი პარლამენტში შევლენ, იქ ჩამოაყალიყონ მთავრობა. თუმცა, აქ არის მეორე პრობლემა: ოპოზიციური ხმების ფრაგმენტაციის საფრთხე, რის შედეგადაც ბევრი ოპოზიციური პარტია მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და დაიქსაქსება ოპოზიციურად განწყობილი ხმები. გვარამია-მელიას სავარაუდო გაერთიანება იმუშავებს, ძირითადად, იმ ამომრჩეველზე, რომელიც „ნაცმოძრაობას“ უჭერს მხარს და ნაწილობრივ, ე.წ. შუაშისტურ ამომრჩეველზე. რა თქმა უნდა, ისინი „ნაცმოძრაობას“ გარკვეულ პროცენტს წაართმევენ“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მსგავსი ტიპის გაერთიანება მოსალოდნელია, თუმცა, ამ შემთხვევაში, ნიკა მელია ე.წ. შუაშისტურად განწყობილი მოსახლეობის ხმებს ვერ წაიღებს. მისი შეფასებით, ნიკა მელიას ახალი პარტია, ნიკა გვარამიათი თუ მის გარეშე, 5%-იანი ბარიერს აუცილებლად გადალახავს.
„ეს გაერთიანება ნამდვილად შესაძლებელია, თუმცა, ამ შემთხვევაში მელიამ უნდა დაივიწყოს, რომ „შუაშისტური“ ამომრჩეველი მასთან მივა, რადგან მათთვის გვარამია არის აბსოლუტურად მიუღებელი. თუ საუბარია 5%-იანი ბარიერის დაძლევაზე, მელიას ამის პრობლემა არც გვარამიასთან ერთად ექნება და არც მის გარეშე. დარწმუნებული ვარ, მელია იმ რაოდენობის ამომრჩეველს წამოიყვანს „ნაციონალური მოძრაობიდან,“ რომ 5%-იანი ბარიერი მისთვის პრობლემა არ იქნება. გვარამიასთან ერთად ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ ე.წ. შუაშისტური ამომრჩევლის იმედზე მელია არ უნდა იყოს“, - განაცხადა ძაბირაძემ.
იგი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მელია ხოშტარია-ჯაფარიძესთან შექმნის კოალიციას, ეს მისთვის პოლიტიკურად უფრო მომგებიანი იქნება.
„კარგი იქნება თუ ჯაფარიძე-ხოშტარიასთან გააკეთებს კოალიციას. თუ დეკანოიძე, გოცირიძე და სხვები, ვინც „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა ხაბეიშვილის თავმჯდომარედ დანიშვნის გამო, ეს ძალები შეკრებილი იქნება, დამატებით ხოშტარია-ჯაფარიძესთან კოალიცია მოხდება, შესაძლებელია, მელიას ჰქონდეს პრეტენზია ჩაანაცვლოს „ნაციონალური მოძრაობა“. თუმცა, არ ვიცით რა იქნება ე.წ. შუაშისტურ ფლანგზე, თუნდაც, - რა გადაწყვეტილებას მიიღებს გახარია. ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. რთული სათქმელია ხაბეიშვილის ფრთა მეტ პროცენტს აიღებს თუ მელიასი“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან საუბარში.