პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ალმაცერად ვუყურებთ ევროპელებს და ამერიკელებს, რომლებსაც ჩვენნაირი მყარი ტრადიციები თითქოს არ აქვთ, სინამდვილეში არც ერთი ქვეყნის მოსახლეობაში ლგბტ თემი პოპულარულობით არ სარგებლობს. მისი თქმით, ამ თემს მხარს უჭერენ პოლიტიკოსები, რომლებსაც საკუთარი პოლიტიკური ანგარიშები აქვთ და აქედან გამომდინარე, არ გამორიცხავს, რომ დონალდ ტრამპმა ამ საკითხის მკაფიო პედალირებით შეიძლება უპირატესობები მოიპოვოს.
for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა მარსელ როთიგმა განაცხადა, რომ საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა და ის მიაღწევს ევროკავშირში წევრობას, თუმცა უკრაინელი ხალხის მხრიდან გაღებული მსხვერპლის გარეშე, ეს სავარაუდოდ, არასდროს მოხდებოდა. ამას ამბობს პირი, რომელიც კარგად არის ჩახედული ევროპული პოლიტიკის კულუარებში. რას ნიშნავს როთიგის ეს განცხადება, ანუ უკრაინაში ომი რომ არ დაწყებულიყო, საქართველოს რაც არ უნდა ექნა, ევროპის კარს არასოდეს გაუხსნიდნენ?
რამაზ საყვარელიძე: რეალისტური განცხადებაა. სწორედ, ახლახან სტუდენტებთან საუბარი მქონდა იმ პერიოდზე, როცა ისინი ჯერ დაბადებულებიც არ იყვნენ და აზრზე არ არიან რა ხდებოდა. კერძოდ, დაიშალა საბჭოთა კავშირი, დაიშალა 15 რესპუბლიკა და თქვენ რომ იყოთ მოგინდებოდათ ამ 15 რესპუბლიკების შენთან მიღება, რომელიც არის მოუწესრიგებული და ნახევრად დანგრეული? - რა თქმა უნდა, არა.
თუ მიიღებ, ვის მიიღებ? - იმას, ვისგანაც რაღაცა ხეირი იქნება, ან პერსპექტივა. ამიტომ, პრაგმატულად რომ უყურო, უცხოეთმა ჯერ მოსკოვს გადააბარა მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე და თქვა, რომ რაც ამ სივრცეში ხდება მოსკოვი იყოს პასუხისმგებელიო. სწორედ იმიტომ, რომ თვითონ ხელი დაიბანა და მერე უკვე, პორცია-პორციობით გამოიღო ის რგოლები, რომელიც მის ინტერესებთან იყო კავშირში.
ერთხანს ჩვენც ვიყავით ასეთი რგოლი ბაქო-ჯეიჰანის გამო, ანუ ნავთობი გადიოდა. ახლა არის კიდევ ინტერესის მეორე ხაზი - საზღვრის ხაზი. ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ უშუალო მეზობლები ჰყავდეს მისთვის სასიკეთო, სხვისთვის დამაბალანსებელი და არ მოუშვას მტრულად განწყობილი ქვეყანა საზღვართან ახლოს. უცბად აღმოჩნდა, რომ უკრაინაში აქტიურად გამოჩნდა რუსეთი, რომელსაც იგივე მოტივი ჰქონდა - არ უნდოდა თავის საზღვართან ნატოს დანახვა. დასავლეთსაც იგივე მოტივი ჰქონდა, არ უნდოდა ევროპის საზღვართან რუსეთის დანახვა. აი, ამ ერთნაირი მოტივაციით ადგნენ და ერთმანეთს დაეჯახნენ.
საქართველოს მიმართ რა მოტივი შეიძლება ჰქონდეთ?
- უკრაინა რატომ? - არა იმიტომ, რომ რამე გვაკავშირებს უკრაინასთან, ან საზღვარი გვაქვს. უკრაინამ ჩაკეტა რუსეთის ტრანზიტი სანქციების გამო. რუსეთის ტრანზიტი ჩინეთიდან ევროპისაკენ რომ ჩაიკეტა, ეს ტრანზიტი წამოვიდა საქართველოზე. ისე გამოვიდა, რომ უკრაინის ომმა საქართველო გახადა ინტერესის საგანი და საქართველოს მიმართ პრაქტიკული ინტერესი გაჩნდა, იმიტომ, რომ ომის გამო, იქ სანქციები იყო, მეტი არაფერი.
თუკი ამ განცხადებებიდან ამოვალთ, გამოდის, რომ კანდიდატის სტატუსის შემდეგი ნაბიჯები არ მოჰყვება? საქართველო დავალებული გახადა უკრაინის მიმართ, რომ არა უკრაინის ომი, საქართველო ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსსო. გავიხსენოთ, იგივე საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის სიტყვები - საქართველო სხვა გეოპოლიტიკურ მოცემულობაშიაო...
- ვნახოთ, როგორ წავა მდგომარეობა და თუკი გაჩნდა სხვა ინტერესები, ვგულისხმობ ჩინეთის ინტერესებს. ასე რომ, თუ კიდევ რაღაცა ინტერესები გაჩნდა წევრობასაც დათანხმდებიან და შეიძლება ევროპა გადმოიტანონ აქეთ. მაგრამ ინტერესის გარეშე, მარტო იმიტომ, რომ შენ რომელიღაც 12, თუ 92 პუნქტი შეასრულე, ეს უკვე ღიმილის მომგვრელია. დავუშვათ და მეორე ფრონტი რომ გაგვეხსნა, რაც იყო მოთხოვნა, შევყვებოდით უკრაინას და ერთი დღით ვიქნებოდით აქტუალური თემა და მეორე დღეს დამთავრებული იქნებოდა საქართველოს საკითხი.
ერთ დღეზე ხომ არაა ლაპარაკი. ამიტომ, მე მგონია, რომ სცენარი ჩვენთვის უკეთესად განვითარდა. ამჟამად, უკრაინაც და მოლდოვაც, ისევე როგორც ჩვენ, კანდიდატობაზე ლაპარაკობენ და ამ დროს მოლდოვა და საქართველო ქვეყნები მაინც ვართ, ხოლო ის უბედური უკრაინა, პრაქტიკულად, ქვეყანა აღარ არის. ერთი და იგივე სტატუსი გვაქვს სამივეს და ღირდა ამად? უკრაინას კანდიდატის სტატუსის მიღება უზარმაზარი სისხლის ფასად დაუჯდა.
უკვე კეთდება განცხადება, რომ უკრაინის კონფლიქტი, შესაძლოა, ევროპაში სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს. საფრანგეთი არ გამორიცხავს საკუთარი სამხედრო ძალები შეიყვანოს უკრაინაში. გერმანია ამბობს, რომ არ აპირებს ოფიცრები შესწიორს ამ ომს, დუმს ინგლისი, რომელიც მხარს უჭეს ომის გაგრძელებას. როგორ ფიქრობთ, საფრთხე რატომ გაჩნდა იმისა, რომ ომი შესაძლოა გადავიდეს ევროპის კონტინენტზე და ეს საფრთხე გააჩინა განცხადებამ, რომ საფრანგეთმა, როგორც ნატოს წევრმა სახელმწიფომ, შესაძლოა, სამხედრო ძალები გადმოისროლოს უკრაინაში, მაგრამ არაწევრი უკრაინის მიმართ ამას გააკეთებს ნატო?
-იცით რა? მე, მგონია, რომ მაინც სურპრიზი იყო მსოფლიოსთვის ის სურათი, რაც მოცემული მომენტისთვის იხატება, რომ მთელი დასავლეთი ფინანსურად ეხმარება უკრაინას და რუსეთს არავინ არ ეხმარება, მარტოა და უძლებს ამ ზეწოლას. ეს უკვე ხდის სათუოს - რამე რომ მოხდეს და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყოს, არავინ იცის, ვინ გაიმარჯვებს და მით უმეტეს რუსეთს ჯერჯერობით, ბირთვული იარაღი არ გამოუყენებია და იმედია არც დადგება ეს საკითხი. ჩვეულებრივი შეიარაღებით ნაწარმოები ომი თანაბრად მიდის და მეტი როგორ უნდა ჩაერთოს დასავლეთი? იარაღით ჩართულია, ცოცხალი ძალა - ჯარისკაცები, ოფიცრები, გენერლები დღეს უკრაინას რომ ჰყავს, ისეთი დასავლეთს არ ჰყავს. უკრაინას ომში გამოწვრთვნილი ძალა ჰყავს და დასავლეთი გაგებაში არ არის. დავუშვათ, რომ ჩაერთო, მაშინ მართლა მივიღებთ მსოფლიო ომს და ვინ იქნება იმ მსოფლიო ომში გამარჯვებული, კაცმა არ იცის. ამიტომ, ბოროტებასთან ბრძოლა კარგი რამეა, ოღონდ ისე უნდა იბრძოლო, რომ გაიმარჯვო.
17 მარტს რუსეთის მოსახლეობა აირჩევს მომავალ პრეზიდენტს და ცხადია, რომ ეს იქნება ვლადიმერ პუტინი. ვხედავთ, როგორ მიდის ამერიკის საპრეზიდნტო არჩევნები და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არჩევნები, რომელიც ომს აწარმოებს უკრაინაში, ისეთი მნიშვნელოვანი არაა, როგორც ამერიკის, რადგან ამერიკის არჩევნები განსაზღვრავს რუსეთ-უკრაინის ომი როგორ და როდის დასრულდება...
- პუტინის გამარჯვება გარდაუვალია. მეტ-ნაკლებად, სერიოზულ კანდიდატად ჩამოყალიბდა მოულოდნელი ფიგურა, ოღონდ უკვე დაიწყო მისი დაჭმუჭვნა იმ სამსახურებით, ვისაც ეს ევალება. დანარჩენი ალტერნატივა რუსეთში არაა. რაც შეეხება ამერიკას, საპრეზიდენტო კამპანია შეწყვიტა რესპუბლიკელმა ნიკი ჰეილიმ, რომელიც ტრამპის კონკურენტი იყო. ტრამპა ის გალანძღა და თქვა, რომ არც ისინი არ გვინდა, ვინც მას უჭერდა მხარსო, ხალხიც მიაყოლა და ეს საკმაოდ დიდი პროცენტია. იმათ კი გამოაცხადეს, რომ ჩვენ ტრამპს არჩევნებში ხმას არ მივცემთო. ანუ ეს ხმები ბაიდენთან მიდის. თავისი ავყიობით და ეს ტერმინი კარგად ერგება ტრამპს, შეიძლება ბევრი ხმა დაკარგოს.
ყოველი შემთხვევისთვის, ტრამპი იქნება, თუ ბაიდენი, უკრაინის საიკითხი შეიძლება სხვადასხვაგვარად გადაწყდეს, თორემ, გამჭრიახობის თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ორივე ერთნაირად გამჭრიახეა. უბრალოდ, ბაიდენი რეალურად არ მართავს ქვეყანას. მართავს ეს მემარცხენე ჯგუფი, ობამას დირექტორობით და აი, ამ ჯგუფის, ლიბერალების და ულტრალიბერალების გაძლიერება არის პრობლემა ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში. თორემ, თვითონ ბაიდენი არც პრეზიდენტად უქნია ღმერთს აწი და არც... ორივეს ძალიან დაბალი აქვს რეიტინგი.
იმარჯვებს ტრამპი და ასეთ შემთხვევაში რა იცვლება გავლენის კუთხით მსოფლიოში? ბაიდენის საპრეზიდენტო მმართველობა დაკავშირებულია ომებთან რუსეთ-უკრაინა; ისრაელი-პალასტინა. ომი ევროპის შუაგულში და იზრდება საფრთხეა, რომ მთელს კონტინენტზე გადაინაცვლოს. მათ შორის ლგბტ თემის პოპულარიზაცია, რამაც ჩვენთანაც შემოაღწია...
- ახლა, ბაიდენს, დაახლოებით, იმხელა რეიტინგი აქვს, რამხელაც ჰქონდა ტრამპს, როცა წავიდა - ძალიან დაბალი. ასე რომ, ორივე არაპოპულარული ფიგურაა. მიზერების დათვლა მიდის ახლა და მე მგონია, რომ ის საკითხი, რომელიც თქვენ ამოწიეთ - ლგბტ შეიძლება აღმოჩნდეს ერთ-ერთი საკვანძო თემა. კი, ალმაცერად ვუყურებთ ევროპელებს და ამერიკლებს, რომლებსაც ასეთი ჩვენნაირი მყარი ტრადიციები თითქოს არ აქვთ, მაგრამ არც ერთი ქვეყნის მოსახლეობაში ეს ლგბტ პოპულარული არ არის. აგრესიით უყურებენ და ძირითადად, ამ ჯგუფს მხარს უჭერენ პოლიტიკოსები, იმიტომ, რომ თავიანთი პოლიტიკური ანგარიშები აქვთ. არ გამოვრიცხავ, რომ ტრამპმა ამ საკითხის მკაფიო პედალირებით შეიძლება რაღაცა უპირატესობებიც კი მოიპოვოს ამ თანაბრად არაპოპულარ ბრძოლაში.