ვართ თუ არა გამორჩეული, მდგრადი ერი, რომელსაც ლგბტ პროპაგანდისგან დაცვა არ სჭირდება?! „გირჩელები“ თვლიან, რომ ქართველ ხალხს ამ მხრივ არანაირი საფრთხე არ ემუქრება. „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას აზრით, ჩვენს ხალხს არ სჭირდება დაცვა იმისგან, რომ ლგბტ პროპაგანდამ ტვინი აუმღვრიოს და უცბად კაცს კაცი შეუყვარდეს, ქალს-ქალი.
„გირჩის“ კიდევ ერთი წევრი ჰერმან საბოც არ ფიქრობს, რომ ქართველი ერი ლგბტ პროპაგანდის მსხვერპლი შეიძლება გახდეს და პროპაგანდის გამო ვიღაცამ სქესი ან ორიენტაცია შეიცვალოს. ამდენად, „გირჩში“ თვლიან, რომ არარელევანტურია „ქართული ოცნების“ და მისი მეგობრების მიერ შემოტანილი კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.
სხვაგვარად ფიქრობენ ჩვენი საზოგადოების წევრები. მსახიობი ლევან ხურცია მიიჩნევს, რომ ადამიანები ცუდის გავრცელებას კი არ უნდა ცდილობდნენ, არამედ, პირიქით, უნდა ცდილობდნენ, ეს ცუდი ჩაახშონ. ამდენად, ლგბტ პროპაგანდისტული სვლების ტირაჟირება არასწორია.
„სწორედ ამ თავისუფლებაში არ უნდა იყოს ცალმხრივი მხარე, არამედ ეს თავისუფლება ორმხრივი უნდა იყოს, რადგან რატომ ვარ მე ცუდი, თუ შენს აზრს არ ვიზიარებ?“ - აღნიშნა ხურციამ.
მსახიობი და პოეტი ელდინო საღარაძე მიიჩნევს, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივა მისასალმებელია და იმ სააზროვნო სივრცეში დაგვაბრუნებს, რომლის ჩვენამდე მოსატანად ეწირებოდნენ ჩვენი წინაპრები. საღარაძის თქმით, ბოლო დროს ახალგაზრდებში ძალიან ბევრი მომხრე გაუჩნდა ლგბტ პროპაგანდას, რადგან ჩვენი ახალგაზრდები დახარბდნენ უცბად შემოტანილ სიტყვას - თავისუფლება, რომელსაც ლიბერალები განმარტავენ, როგორც რაც გინდა, ის აკეთე.
ვართ თუ არა გამორჩეული ერი, რომელსაც ლგბტ პროპაგანდა არ შეეხება? არსებობს თუ არა დაკვეთა ჩვენი საზოგადოებისგან, რომ სახელმწიფომ ლგბტ პროპაგანდა აკრძალოს, თუ ეს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პიარსვლაა, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს?!
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას ადასტურებს, რომ ამ მხრივ ნამდვილად გამორჩეული ერი ვართ, რომელსაც ლგბტ გავლენა მასობრივად არ შეხებია. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ისე მოვედით, ამ მიმართულებით ჯანსაღ დამოკიდებულებას ვინარჩუნებთ - ლგბტ თემს არც ვდევნით, მაგრამ არც ლგბტ „პარადებს“ ვაწყობთ, ოღონდ მაინც სიფრთხილეს თავი არ სტკივა, თაობები იცვლება და როგორი იქნება 25 წლის შემდეგ ქართველი ერი, რამდენი პროცენტი შეინარჩუნებს ამავე სიჯანსაღეს, რაც დღეს აქვთ, ბუნდოვანია.
„იაგო ხვიჩიას პოზიცია, რომ ქართველ ხალხს არ სჭირდება ლგბტ პროპაგანდისგან დაცვა, „გირჩის“ საარჩევნო პროპაგანდაში ჩაიწერება, რომ იაგო ხვიჩია ასეთი დადებითი აზრისაა ქართველ ხალხზე, ოღონდ აქ მარტო ქართველი ხალხის თემა არ არის მნიშვნელოვანი, ხშირად უცხოეთიდანაა ზეწოლა და ამ ტიპის ზეწოლისთვის ეძებენ ხოლმე ესა თუ ის ჯგუფები საყრდენს იმისთვის, რომ უარი თქვან ლგბტ პროპაგანდაზე. ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ ჯგუფი ცდილობს ლგბტ პროპაგანდაზე უარი განაცხადოს და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონი მოიშველიოს უცხოელებთან ურთიერთობაში. არ ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას“ ეს წინასაარჩევნოდ სჭირდება, რათა წარმოაჩინოს, რომ ლგბტ პროპაგანდა მისთვის მიუღებელია, რადგან ჯერ კიდევ შორია არჩევნებამდე, რა დროს არჩევნებია, უბრალოდ, ეს თემა ხელისუფლებას უცხოელებთან ურთიერთობისთვის სჭირდება, ვინაიდან ვხედავთ, რა სიტუაციაა დღეს მსოფლიოში. ამერიკიდან დაწყებული, აგერ, ჩვენს ყურის ძირში მართლმადიდებელ ქვეყანა საბერძნეთში გეი ქორწინება ლეგალური გახდა. ლგბტ ბაირაღების ხელშემწყობი ნიავქარი, ალბათ, საქართველოსკენაც უბერავს და ამას ჩვენი ხელისუფლების მხრიდან თავისი რეაგირება სჭირდება“, -აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ასე გამორჩეული ერი არ ვართ, რომ ლგბტ პროპაგანდა არ შეგვეხოს, მაგრამ ჯერჯერობით, ლგბტ პრობლემა არ დგას საქართველოში, დგას უფრო სხვა პრობლემები, „ქართულ ოცნებას“ კი ამ საკითხის გააქტიურება მხოლოდ პიარისთვის სჭირდება.
ვახტანგ ძაბირაძის განმარტებით, მომავალში, თუკი ეს თემა სერიოზულად დადგება, მაშინ შეიძლება ვიმსჯელოთ ამ საკითხზე, თორემ ისე არავინ არ ეკითხება ხელისუფლებას, რა არის მისაღები და მიუღებელი. ახალი თაობა მოდის, საქართველოდან რომ გარბიან ადამიანები და მილიონობით მიგრანტია ევროპაში, ეს მიგრანტები ხედავენ, ევროპაში როგორ რეგულირდება ლგბტ პროპაგანდის საკითხი. ამდენად, თუკი ევროპაში მყოფი ქართველებისთვის მისაღებია იქაური ლგბტ თემის რეგულირების საკითხი, საქართველოში რატომ არ იქნება მისაღები?!
„მეც არ ვარ მომხრე ლგბტ პროპაგანდის, მაგრამ ეს ისეთი საკითხია, რომ თამაშის წესებს გვკარნახობს ახალგაზრდობა, თუ რა სურთ მათ. ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება, ჩვენ ვართ წარმავალი თაობა. თუ მიუღებელი იქნება ჩვენი ერისთვის ლგბტ პროპაგანდა, არანაირი სახელმწიფო დონეზე აკრძალვა არ დასჭირდებათ, ისედაც დაგმობენ ადამიანები. მარტივი რამ გავიხსენოთ ჩვენი ისტორიიდან, კომუნისტები ცეცხლითა და მახვილით დასდევდნენ ეკლესიას, მაგრამ ვერც პირჯვრის წერა გადააფიქრებინეს ხალხს და, ელემენტარულად, ისიც ვერ შეძლეს, აღდგომას ადამიანებს კვერცხი არ შეეღებათ და საფლავზე არ გასულიყვნენ. როდესაც ერს გაცნობიერებული აქვს, რა უნდა და როგორ უნდა, მაშინ აკრძალვები არ მუშაობს. ბევრი რამის გადახედვა მოხდა ბოლო წლებში, ახალი თაობა სხვაგვარად ფიქრობს და სხვა რაღაცებია პრიორიტეტული, იმ ტრადიციებს, რომლებიც ქართველებისთვის ღირებულია, ჯერჯერობით არანაირი საფრთხე არ ემუქრება. თუკი ადამიანი ლგბტ თემისკენ მიდრეკილი არაა, პროპაგანდა გახდის მას ლგბტ-ს წევრად? თუ გახსოვთ, ადრე აქტუალური თემა იყო პასპორტში ეროვნების ჩაწერა, რაზეც დიდი ვნებათაღელვა იყო. იმ პერიოდში ვამბობდი, მე არ მჭირდება პასპორტში ჩახედვა იმისთვის, რომ დავამტკიცო, ქართველი ვარ თუ არა. ზუსტად იგივე შემიძლია ვთქვა ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით, ესაა წინასაარჩევნოდ მოგონილი თემა. ჩვენ გვაქვს 9 პრიორიტეტი, 9 დავალება, თუკი მართლაც ევროკავშირში მივდივართ. თუკი ხელისუფლებას მაინც უნდა, ეს კანონი მიიღოს, დიდი ვაიუშველებლის ატეხვას ოპოზიციას არ ვურჩევ, რადგან ამით სხვა თემების გადაფარვა სურს ხელისუფლებას. ოპოზიციამ არ უნდა მისცეს საშუალება ხელისუფლებას, ასეთ მარტივ პროვოცირებაზე წამოაგონ და მთელი საარჩევნო სპექტრი ლგბტ საკითხებზე ალაპარაკონ“, -აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ for.ge-სთან საუბრისას.