უკრაინის კონფლიქტი, შესაძლოა, ევროპაში სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს. რუსეთის არმიის გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის ხელმძღვანელი, გენერალი ვლადიმერ ზარუდნიცკი აცხადებს, რომ რუსეთისთვის საფრთხე აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ანტირუსული პოლიტიკაა, რომლებიც რუსი გენერლის მტკიცებით, ახალი ტიპის ჰიბრიდულ ომს აწარმოებენ, რათა ყველანაირად დაასუსტონ რუსეთი, შეზღუდონ მისი სუვერენიტეტი და გაანადგურონ ტერიტორიული მთლიანობა.
„ჩვენი სახელმწიფოს ახალ სამხედრო კონფლიქტებში მიზანმიმართულად ჩათრევის ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება“, - აღნიშნა ვლადიმერ ზარუდნიცკიმ.
გარდა ამისა, რუსეთი ბერლინისგან ითხოვს განმარტებას იმ აუდოჩანაწერის შესახებ, რომელიც რუსმა პროპაგნდისტმა მარგარიტა სიმონიანმა გაავრცელა. საქმე ეხება ჩანაწერს, რომელშიც გერმანიის სამხედრო საჰაერო ძალების სარდალი ინგო გერჰარტცი და გენერალი ფრანკ გრეფე, ბუნდესვერის ორ ოფიცერთან ერთად, უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტა „ტაურუსის“ გადაცემაზე საუბრობენ.
ამ რაკეტების პოტენციურ სამიზნედ გერმანელი სამხედროები ყირიმის ხიდს ასახელებენ. გარდა ამისა, გერმანელი სამხერდოები საუბრობენ უკრაინელი პილოტების წვრთნებზე, მათ შორის განიხილავენ უკრაინელი სამხედროების მიერ „ტაურუსის“ რაკეტების მართვის შესაძლებლობებს და აცხადებენ, რომ დამოუკიდებლად, გერმანელი სამხედროების უკრაინაში გაგზავნის გარეშე უკრაინელი სამხედროები მას ვერ გამოიყენებენ, რის გამოც კანცლერი შიშობს, რომ გერმანია, შესაძლოა, ომში ჩაბმული აღმოჩნდეს.
როგორ მოხვდა გერმანელი სამხედროების საუბარი რუსული სახელმწიფო მედიასაშუალების მთავარ რედაქტორთან, ჯერ უცნობია. საუბრის მონაწილე ერთ-ერთი სამხედრო ამ დროს სინგაპურში იმყოფებოდა. გერმანული მედია ვარაუდობს, რომ მისი სასტუმროს ნომერში მოსასმენი აპარატურა იყო დამონტაჟებული. გერმანიაში ფაქტის გამოძიება დაიწყო. გერმანიის თავდაცვის მინისტრი კი აცხადებს, რომ რუსეთი აწარმოებს საინფორმაციო ომს, რომელიც მიზნად ისახავს გერმანიაში განხეთქილებას.
„ეს ინციდენტი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ საუბრის მოსმენა. ეს არის საინფორმაციო ომის ნაწილი და ჩვენ არ უნდა დავემორჩილოთ პუტინის ხრიკებს. ეს არის ჰიბრიდული დეზინფორმაციული თავდასხმა, რომლის მიზანია ჩვენი ერთიანობის შელახვა“, - აღნიშნა ბორის პისტორიუსმა.
რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ჩანაწერი მიუთითებს, როგორ ემზადება ბერლინი მოსკოვთან საბრძოლველად. კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნების ჩანაწერები აჩვენებს კოლექტიური დასავლეთის უშუალო ჩართულობას უკრაინის კონფლიქტში, რაც არ საჭიროებს რაიმე სამართლებრივ ინტერპრეტაციას.
„ჩვენ უნდა დავადგინოთ, გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ამას თავის ინიციატივით აკეთებს თუ არა. ამის შემდეგ კითხვა ჩნდება: რამდენად კონტროლირებადია თავდაცვის სამინისტრო და რამდენად აკონტროლებს ოლაფ შოლცი სიტუაციას, თუ ეს გერმანიის მთავრობის პოლიტიკის ნაწილია. ორივე სცენარი ძალიან ცუდია“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.
თავის მხრივ სკანდალურ დასკვნას აქვეყნებს ლიეტუვის დაზვერვა, სადაც საუბარია იმაზე, რომ რუსეთს უკრაინაში ომის გაგრძელება კიდევ სულ მცირე ორი წლის განმავლობაში შეუძლია. ანგარიშის მიხედვით, ბალტიის ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების შესახებ მომზადებული მოხსენების მიხედვით, რუსეთს ომისთვის საკმარის რესურსებს ნავთობზე მაღალი ფასები, სანქციების თავიდან აცილების გზები და სახელმწიფო ინვესტიციები უქმნის.
ამავე ანგარიშით ირკვევა, რომ რუსეთმა უკრაინაში მებრძოლი არმია გააძლიერა და ახლა, NATO-სთან საზღვრის გასწვრივ სამხედრო შესაძლებლობების გაფართოების გზაზეა, მათ შორის, ფინეთის სიახლოვეს. ლიეტუვის დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაცია NATO-სთან გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის ემზადება, კერძოდ ბალტიის ზღვის რეგიონში და ამ მიზნით, ის თავის სამხედრო შესაძლებლობებს აფართოებს დასავლეთის მიმართულებით. ასევე დასტურდება ის ფაქტი, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2023 წელს ბელარუსში სამხედრო ქობინი განათავსა, სტაბილურად აგრძელებს მათ გამოსაყენებლად საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას.
პოლიტოლოგ თამარ კიკნაძის განცხადებით, საფრთხე იმისა, რომ უკრაინის კონფლიქტი, შესაძლოა, ევროპაში სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს, შემცირდა. გარდა იმისა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა და აშშ-მა დახმარება შეუწყვიტეს უკრაინას. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხდაებას, რომ განიხილავს ფრანგი სამხედროების გაგზავნას უკრაინაში, ევროპელმა ლიდერებმა გააკეთეს განცხადება, რომ არ აპირებენ საომარ მოქმედებებში ჩართვას.
„დასავლეთის რესურსები არის შემცირებული. რუსეთი გადავიდა სამხედრო წარმოებაზე, ასევე შეიარაღებას აწვდის ირანი, ჩრდილოეთ კორეა და დასავლეთი როგორც გამოჩნდა, მზად არ იყო ამ ომისთვის. იმიტომ, რომ ამასაც თავის მიზეზი აქვს. როგორც წესი, დემოკრატიულ რეჟიმებში გადაწყვეტილების მიღება არის ძალიან რთული.
ახლა არის მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესი და ყველა თეორია ლაპარაკობს იმაზე, რომ ადგილობრივი, ლოკალური ომები ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების დროს იზრდება შემდეგ გლობალურ ომში, რომელიც შემდეგ ცვლის წესრიგს და სანაცვლოდ მოდის ახალი მსოფლიო წესრიგი. თუ თეორიას მივუბრუნდებით, ასეთი კანონზომიერებები არსებობს მსოფლიო წესრიგის ცვალებადობასთან დაკავშირებით. ვნახოთ, როგორ წავა პროცესები. ყოველ შემთხვევაში, დღეს დასავლეთს არ აქვს იმის ძალები, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები აწარმოოს და ეს ლიბერალური პოლიტიკაც ამას ადასტურებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძე.
რა შეეხება ლიეტუვის დაზვერვის სამსახურების ერთობლივ ანგარიშსს, რომ რუსეთის ფედერაცია NATO-სთან გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის ემზადება, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი ფიქრობს, რომ ზოგადად, აღნიშნული საფრთხე არსებობს იქიდან გამომდიმარე, რომ რუსეთის ფედერაციას გააჩნია თავისი დეკლარირებული პოზიცია ნატოსთან მიმართებაში და ის გარკვეული წარმატებები, რომელიც მიღწეულია უკრაინასთან მიმართებაში, იძლევა საფუძლიან ეჭვს, რომ მაღალი ალბათობით, მოვლენები შესაძლებელია იმ სცენარით განვითარდეს, რა სცენარზეც დაზვერვის სამსახური ავრცელებს განცხადებას.
„ამასთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ არა მარტო ის ორი წყარო, რომელზეც საუბრობთ, არამედ ის ინფორმაციული ნაკადები, რომელიც ღია სივრცეში ვრცელდება და ვფიქრობ, რომ აღნიშნული საფრთხე რეალურია. რეალურად, სახეზეა არა მარტო უკრაინის თავიდან ბოლომდე მწყობრიდან გამოსვლა, არამედ ჩვენ სახეზე გვაქვს ევროპული სახელმწიფოების დასუსტება და არა მარტო სახედრო თვალსაზრისით დასუსტება, არამედ ვფიქრობ, რომ ევროპა დასუსტდა იმ კუთხითაც, რომ მან დაკარგა შესაძლებლობა მიეღო იაფი ენერგორესურსები რუსეთის ფედერაციიდან. ამიტომ, ეს პროცესები ყველაფერი ერთმანეთთან კონტექსტში უნდა განვიხილოთ და ვფიქრობ, რომ რუსეთის ფედერაცია გარკვეული გადამწყვეტი ნაბიჯებისთვის ემზადება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.