„ოპოზიციამ არ იცის არჩევნების გაყალბება როგორ და რა ფორმით დაამტკიცოს, ამიტომ ერთი გამოსავალი აქვთ - ხელში ჩაიგდონ ცესკო“

„ოპოზიციამ არ იცის არჩევნების გაყალბება როგორ და რა ფორმით დაამტკიცოს, ამიტომ ერთი გამოსავალი აქვთ - ხელში ჩაიგდონ ცესკო“

მმართველ გუნდს მოლოდინი აქვს, რომ ოპოზიცია 2024 წლის არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს. მათ ეს გამოცდილება წინა წლებმა აჩვენა, ამიტომ ხელისუფლება ცდილობს სპეკულაციებისთვის ყველა გზა ჩაკეტოს. მმართველი გუნდი ამის ერთ-ერთ მთავარ ბერკეტად ელექტრონულ არჩევნებს მიიჩნევს და ამბობს, რომ ოპოზიცია ვერაფერს ვეღარ ამბობს არჩევნების დღეზე, რადგან ელექტრონული არჩევნებისას ყველაფერი არის ელექტრონულად დათვლილი. მეორე მხრივ, დოკუმენტირებული - ყველა ბიულეტენი ისევ იქ არის და გადათვლა შეიძლება. ამიტომ ახლა ისინი ეძებენ ახალ ხერხს, რათა 2024 წლის არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

ანალიტიკოსები for.ge-სთან ასახელებნ იმ ხრიკებს, რომელიც შესაძლოა ოპოზიციამ 2024 წლის არაღიარების მიზეზად გამოიყენოს. მათი აზრით, ოპოზიცია რამდენიმე მიმართულებით ციდლობს არჩევნებისთვის ფრონტის ხაზის მომზადებას, რის ჩაკეტვასაც თავის მხრივ ხელისუფლება ცდილობს. მათი აზრით, ახლა მთავარია „ოცხნებამ“ ყველაფერი გამჭვირვალე გახადოს, რათა საერთაშორისო ორგანიზაციებს კითხვის ნიშნები არ დარჩეს.

ხელისუფლების მოლოდინი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „ოცნებას“ უკვე აქვს ამის გამოცდილება და ამიტომ 2024 წლის არჩევნებისთვის კიდევ უფრო კარგად მოემზადება, რათა არჩევნების აღიარება კითხვის ნიშნის ქვეშ არავის მხრიდან არ დადგეს.

„უპირველეს ყოვლისა, ეს არის გამოცდილებაზე დაფუძნებული დასკვნა - 2012-ის, 2016-ისა და 2020 წლის არჩევნები არ აღიარეს. არანაირი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ 2024 წლის არჩევნებს აღიარებენ, მით უმეტეს, რომ აქედანვე ჩანს მათი განწყობები. ამას უნდა შევხედოთ უკვე როგორც მოცემულობას, რომ არ აღიარებენ.

რას აკეთებს ხელისუფლება - ჩვენ უკვე დიდი ხანია, ამ საბაბებს ასე ვთქვათ, ვკეტავთ - პირველი, ეს იყო ელექტრონული ტექნოლოგიების შემოღება და თქვენ გახსოვთ, რომ 2020 წლის არჩევნებს დაარტყეს მათ ბათილი ბიულეტენების, ბალანსების და ა.შ. კუთხით, რაც საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა ტყუილი და ამ ფურცლების ფრიალში საზოგადოება დააბნიეს, თითქოს რამე იყო. მათ ამაში დაეხმარა „სამართლიანი არჩევნები“, რომლის ხელმძღვანელობა მაშინ გადადგა, თუმცა ახლა ყველა თბილ ადგილას არის, კარგი ხელფასებით, იმავე დონორის დაფინანსებით ევროპაში ცხოვრობს და მოღვაწეობს ის ქალბატონი, ვინც იყო მაშინ მათი ხელმძღვანელი.

ვერაფერს ვეღარ ამბობენ არჩევნების დღეზე, რადგან ელექტრონული არჩევნებისას ყველაფერი არის ელექტრონულად დათვლილი. მეორე მხრივ, დოკუმენტირებული ყველა ბიულეტენი ისევ იქ არის და გადათვლა შეიძლება. ამერიკის ბევრ შტატში გადათვლის შესაძლებლობა არ აქვთ - ეს ხარვეზები არის ამერიკის არჩევნებში. ჩვენთან ყველანაირი ხარვეზებისგან დაცული ელექტრონული არჩევნები გვექნება. ამიტომ, ჩაიკეტა მათთვის სპეკულაციები არჩევნების დღესთან დაკავშირებით“,-ამბობს პაპუაშვილი.

თუმცა, მისი აზრით, ახლა ოპოზიციამ დაიწყო საუბარი იმაზე, თუ წინასაარჩევნო გარემო როგორი იქნება.

„ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მათ უნდოდათ, რომ გრძელვადიანი დამკვირვებლები ყოფილიყვნენ, არის ის, რომ მათ დასანახად რაღაცები მოხდეს და აისახოს გარკვეული სკანდალები და ჩანაწერები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ხელისუფლების და ოპოზიციის მზადება არჩევნებისთვის

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან არჩევნებისთვის მზადება იმდენად მაღალია, რომ ოპოზიცია ხვდება მისი არაღიარების საბაბის მოძებნა გაუჭირდება. მამრაძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ ოპოზიცია საზოგადოებაშიც უკვე 2020 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ, დაბალი ნდობით სარგებლობს. ამიტომ ძალიან მყარი მტკიცებულებები დასჭირდება არჩევნების გაყალბების დასამტკიცებლად.

„გვახსოვს 2020 წელს „სამართლიანმა არჩევნებმა“ რაც გააკეთა და როგორ ააგო შემდეგ ამაზე ოპოზიციამ მთელი საარჩვენო კამპანია. ბოლოს კი, როგორც კი უცხოელი ელჩების მოთხოვნით ხმები ისევ გადაითვალა, აღმოჩნდა, რომ „ოცნებას“ პირიქით მოემატა, კი არ დააკლდა. შემდეგ ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქალბატონს გადადგომა და ბოდიშის მოხდა მოუწია. ხმაური კი ხმაურად დარჩა.

ახლა, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხარეს ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი არის, ეს ფაქტია და ყველამ იცის. ქართველი ბიზნესმენები არც კი იფიქრებენ, რომ ამ ოპოზიციას ფინანსური მხარდაჭერა გაუწიონ. გარდა იმ პოლიტკური ძალებისა, რომლებიც დიდი ხანია ნაციონალებთან არიან აფილირებულები. თუმცა ეს დარღვევა არ არის და თუ არ დაამტკიცებ დოკუმენტურად, რომ ადმინისტრაციული რესურსი ბოროტად იყო გამოყენებული, რჩება მხოლოდ უცხოელ ლობისტებთან ინტენსიური მუშაობა. უნდა ვაღიაროთ, რომ არიან უცხოელ ლობისტებში ადამიანების კატეგორია, რომლებიც მიხელ სააკაშვილის გულმხურვალე მხარდამჭერები არიან“, - ამბობს პეტრე მამრაძე.

დამკვირვებლების იმედად დარჩენილი ოპოზიცია

რას გულსიხმობს გულმხურვალე მხარდამჭერებში და ამიტომ ხომ არ ითხოვს ოპოზიცია დამკვირვებლების არჩევნებამდე რამდენიმე თვით ჩამოყვანას? - მამრაძე ამბობს, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია უშუალოდ ოპოზიციის ზოგიერთ წევრებთან დამკვირვებლების პირადი ნაცნობობა და მეგობრობა.

„აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეგობრობას და ერთად გატარებულ დროს. მაგალითად, როცა ჩამოდიან და ყოველ დღე რესტორანში სხდებიან ბოკერიასთან, უგულავასთან, ცისკარიშვილთან და სხვა ძველ პოლიტიკოსებთან, მათ ამ ადამიანებთან ინტენსიური ურთიერთობა აქვთ. ასეთი რაღაცები არსებობს და არც ის არის გამორიცხული, რიგ შემთხვევებში ფინანსური დაინტერესბაც არსებობდეს. ამიტომ, როდესაც შენი მეგობარი ჩამოდის დამკვირვებლად არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, მას ხომ ამუშავებ, ხომ ასწავლი, როგორ უნდა დაწეროს ის ვითომ დარღვევა და ა.შ. აი, ამიტომ უნდათ ამ დამკვირვებლების ჩამოყვანა. ხელისუფლება ამას კარგად ხვდება. „ოცნების“ სწორი ნაბიჯი იქნება, რომ გამოაცხადოს, კი ბატონო, რამდენიც უნდათ იმდენი ჩამოვიდნენ, მაგრამ უნდა შეძლოს ურთიერთობა ამ უცხოელებთან და მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდონ და მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყვნენ“, - ამბობს მამრაძე.

მისივე თქმით, ზურაბ ადეიშვილი ბუნდესტაგში რომ იჯდა, ეს შემთხვევით ფაქტი არ არის. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ადეიშვილი არის ახლა უკრაინის ხელისუფლების წარმოამდგენელი, რომელიც რუსეთის რეჟიმს ებრძვის.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ადეიშვილის მიმართ რეალური ინფორმაცია, ეს კაცი რას წარმოადგენს, დაკარგულია. ამიტომ მიმაჩნია, რომ ისინი არჩევნების დროს ყველაფერს იზამენ, რომ რეალური ინფორმაცია დაამახინჯონ და ხელისუფლება მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ამყოფონ. გახმოვანდა ჩვენთან ეს ქალბატონი, რომელიც „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი იყო, ახლა ის დასავლეთში ისევ ამ მიმართულებით მუშაობს და მაღალი თანამდებობა აქვს. ისმის კითხვა, როგორ ხდება ეს, სკანდალით წასული ქალბატონი კი არ იძირება, არამედ იმავე დარგში სამუშაოს აგრძელებს. აბა, ვინ არის ახლა დაზღვეული, რომ ეს ქალბატონი უკან დამკვირვებლის სახით არ დაბრუნდება? ამიტომ ვამბობ, რომ ადეიშვილს, კეზერაშვილს, მერაბიშვილს ჰყავთ ნაცნობები, რომლის მეშვეობითაც აქ ბევრ რამეს გეგმავენ და ხელისუფლებას 2024 წლის არჩევნები ძალიან სერიოზულად საბრძოლველი ექნება, რათა რეალური ინფორმაცია არ დამახინჯდეს“, - ამბობს მამრაძე.

ნაციონალები გაყალბების სპეციალისტები

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ გაყალბების სპეციალისტები თავად ნაციონალები არიან, რომლებმაც 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ 40%-მდე გაუყალბეს, მაგრამ არჩევნები მაინც წააგეს. ამიტომ მათ არჩევნების გაყალბების ტაქტიკას ვერავინ ასწავლის და ისიც კარგად იციან, რომ ამ წლების განმავლობაში არჩევნები არ ყალბდება. ამიტომაც ახლა დაიწყეს ჩიჩქვნა და გამოსავლის ძიება. მათი აზრით, ეს გამოსავალი კი წინასაარჩევნო პერიოდია.

„მოკლედ ოპოზიციამ არ იცის არჩევნების გაყალბება როგორ და რა ფორმით დაამტკიცოს. წინაზე მცდელობა წყალში როგორ ჩაუვარდათ და რა სირცხვილიც ჭამეს, გვახსოვს. ახლა უფრო იზღვევენ თავს და ხედავენ, რომ ელექტრონული არჩევნების გაყალბების ძახილი შეუძლებელია. ასევე, თუ დასჭირდებათ, გადათვლაც კი შეუძლიათ. ამიტომ ახლა ერთი გამოსავალი აქვთ, ჯერ ხელში ჩაიგდონ ცესკო და იქნებ, როგორმე თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციონერი დააყენონ. ასევე მოახდინონ ცესკოს თავმჯდომარის დისკრედიტაცია და შემდეგ დაიწყონ წინასაარჩევნო პერიოდზე წუწუნი. არც ისაა გამორიცხული ხელოვნურად რაღაცა სკანდალები მოაწყონ და ეს დარღვევების აღწერა აი, ამ ჩამოსულ დამკვირვებლებს სთხოვონ. ოპოზიციამ ყველა კვლევებიდან კარგად იცის რეალობა. ამაზე თავადაც საუბრობენ, ამიტომ ხელისუფლებას ეჭიდავებიან, იქნებ რამეში ფეხი წააცდევინონ. ამიტომც სწორია „ოცნების“ მიდგომა, რომ ის იქნება სრულიად გამჭვირვალე, რადგან არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას კითხვის ნიშნები არ დარჩეს. ამიტომ ოპოზიციაც ემზადება და ცდილობს, რომ ადრე კარგად ნაცადი ხერხით იბრძოლოს. ნაციონალებს კი ამ გაყალბების ტექნიკას ვერავინ ასწავლის“, - ამბობს საყვარელიძე.