„თუ ზურაბიშვილმა გამოიყენა მისი საპრეზიდენტო ბერკეტები წინასაარჩევნოდ ან არჩევნების მეორე დღეს, დაპირისპირება იქნება ძალიან სერიოზული“

„თუ ზურაბიშვილმა გამოიყენა მისი საპრეზიდენტო ბერკეტები წინასაარჩევნოდ ან არჩევნების მეორე დღეს, დაპირისპირება იქნება ძალიან სერიოზული“

„ზურაბიშვილის ინტერვიუ იყო უფრო გაწონანსწორებული, - მან არ მოისურვა მისი განცხადებები შემდეგ ინტერპრეტაციების ობიექტი გამხდარიყო და მის მიმართ კრიტიკის ახალი ტალღა აეგორებინათ. მან „ოქროს შუალედი“ აირჩია“, - ასე შეაფასა For.ge-სთან საუბარში ანალიტიკოსმა, ზაალ ანჯაფარიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ, რომელიც მედიასთან შეხვედრისას 6 მარტს გააკეთა.

ზაალ ანჯაფარიძე: ზურაბიშვილის ინტერვიუ იყო, მის წინანდელ კრიტიკულ-აგრესიულ განცხადებებთან შედარებით, უფრო გაწონანსწორებული. არ ვიცი თვითონ მივიდა ამ დასკვნამდე, თუ მას ურჩიეს მისმა მრჩევლებმა, რომ მისი ბოლოდროინდელი გამოხდომები, განსაკუთრებით ეკლესიასთან მიმართებაში, არაადეკვატურად კრიტიკული და ზედმეტად აგრესიული იყო, რაც მას მხარდაჭერას აკარგვინებდა. შესაძლოა, ესეც ერთ-ერთი ფაქტორი გახდა იმისა, რომ მისი გუშინდელი განცხადებები მეტ-ნაკლებად მოზომილი იყო.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, ვინ იყო მისი აუდიტორია, - იქ იყვნენ, ძირითადად, კრიტიკული მედიის ჟურნალისტები. ამიტომაც მან არ მოისურვა მისი განცხადებები შემდეგ ინტერპრეტაციების ობიექტი გამხდარიყო და მის მიმართ კრიტიკის ახალი ტალღა აეგორებინათ. მან „ოქროს შუალედი“ აირჩია. თუმცა, ახალი მაინცდამაინც არაფერი უთქვამს.

როგორ ფიქრობთ, სალომე ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის დაპირისპირება გაიზრდება თუ, შეიძლება ითქვას, რომ მან თავის მაქსიმუმს მიაღწია?

- მეტი რაღა უნდა გაიზარდოს?! - დაპირისპირების გაზრდას უფრო სხვა მიმართულებით ველოდები და ეს უკავშირდება მომავალ საპარლამენტო არჩევნებს. აქ, ძალიან მაღალი ალბათობით, მოსალოდნელია დაპირისპირება, რადგან სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ ის იქნება დამატებით ზედამხედველი ან დამკვირვებელი ამ არჩევნებზე, იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს ისე, როგორც შეეფერება ევროპას. თუ მან გამოიყენა მისი საპრეზიდენტო ბერკეტები, რაც მას გააჩნია იმისათვის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ან არჩევნების მეორე დღეს ზეგავლენა მოახდინოს ამ პროცესზე, რა თქმა უნდა, დაპირისპირება იქნება ძალიან სერიოზული.

თქვენი აზრით, დარჩება თუ არა ზურაბიშვილი ვადის ამოწურვამდე პრეზიდენტის თანამდებობაზე?

- რამდენიმე ჩვენი, ცნობადი ექსპერტი ამტკიცებდა, რომ ზურაბიშვილი აუცილებლად გადადგებოდა სექტემბრის თვეში და რომელიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერად მოგვევლინებოდა, შესაბამისად, არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას. გუშინაც და მანამდეც, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აპირებს ბოლომდე ჩაამთავროს თავისი საპრეზიდენტო ვადა. საპრეზიდენტო პოსტიდან მისი წასვლა მისთვის იქნებოდა პოლიტიკურად და რეპუტაციულად საზიანო, რადგან ის გადაიქცეა ერთ, ჩვეულებრივ და რიგით პოლიტიკოსად, რომელსაც დაეკარგება ის სახელისუფლებო ქარიზმა და ბერკეტები, რის გამოყენებასაც აპირებს მისი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში.

ის ორბელიანების სასახლეში აღარ იქნება და ვინ მივა მასთან? - ის დაკარგავს ყველა იმ მისაზიდ მასალას, რომელიც დღეს აქვს, იზიდავს ოპოზიციას და ოპოზიციურად განწყობილ არასამთავრობო სექტორს, რომელთაც იმედი აქვთ, რომ სალომე ზურაბიშვილს გამოიყენებენ მათი მიზნებისთვის, მაგრამ პრეზიდენტს არ უნდა, რომ თავი გამოაყენებინოს. მას სჭირდება ეს ხალხი მის გვერდით, მაგრამ არ დაუშვებს იმას, რომ თავი გამოაყენებინოს. ზურაბიშვილს თავისი მიზნები აქვს, საკუთარ თამაშს თამაშობს და ჩემი აზრით, ის აპირებს საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწეობის გაგრძელებას და ამისთვის იმზადებს საფუძველს.

გამორიცხავთ, რომ ის მოგვევლინოს ოპოზიციის ლიდერად, რაზეც ბოლო პერიოდში აქტიურად მიდის საუბარი?

- ის შეიძლება ოპოზიციის ლიდერი არ არის, მაგრამ ცდილობს შექმნას ერთიანობის პლატფორმა ევროპისთვის, რომ წარმოჩინდეს, როგორც ზეპარტიული პრეზიდენტი, რომელიც დაიცავს ევროპულ კურსს. ის ამბობს, რომ ხელისუფლებამ პროევროპულ კურსს გადაუხვია, რაშიც პრეზიდენტის და ოპოზიციის ინტერესები თანხვდება ერთმანეთს. თუმცა, ზურაბიშვილი არის ლიდერი იმ რანგში, რაშიც იმყოფება და ის ერთიანობის პლატფორმა, რაც მან შექმნა, სჭირდება, როგორც ლიდერობის ინსტრუმენტი.

პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით იყო ერთგვარი ზეწოლა მასზე. ამ ზეწოლის ფონზე, რამდენად არის შესაძლებელი ზურაბიშვილი მივიდეს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიწყალოს?

- გააჩნია როგორი იქნება ეს ზეწოლა და ვისგან იქნება. მისი ბოლოდროინდელი განცხადებები მაფიქრებინებს, რომ ის მთლად ბოლომდე საკუთარ თავს არ ეკუთვნის. თუ ისეთი შეთავაზება გაუკეთეს, რაზეც ის უარს ვერ იტყვის, მან შეიძლება მიიღოს ეს გადაწყვეტილება.

ვხედავთ, რომ „ნაცმოძრაობას“ სააკაშვილის იქით გზა არ აქვს, რადგან მის რიგებში არ ჩანს ძლიერი, ქარიზმატული ლიდერი. სააკაშვილი მაინც რჩება ყველაზე მეტი ხმების მომტანად, ალბათ, ასე ფიქრობენ დასავლეთში ის წრეები, რომლებსაც უნდათ ოპოზიცია მოიყვანონ ქვეყნის სათავეში. სალომე ზურაბიშვილი დაჰყვება თუ არა ამ ზეწოლას, შანსები არის 50-50-ზე.

დასავლეთის მხრიდან ზეწოლა ზურაბიშვილზე გაიზრდება წინასაარჩევნო პერიოდში?

- რა თქმა უნდა, გაიზრდება! ის პროცესები, რაც მიმდინარეობს, ქმნის ზეწოლის მექანიზმებს. აჩვენებს ზურაბიშვილს, რომ „ჩვენ გვინდა ასე მოხდეს და შენ გადაწყვიტე რა არის შენთვის უკეთესი, - გაჯიუტება თუ დათანხმება“.

ცუგო- Სალომე ფლიდი შეეცდება დაძაბულობა გაამძაფროს არჩევნების დროს და შემდეგ, ამით იგი შურს იძიებს ქართველ ხალხზე, რადგან ფაქტიურად, უშუალოდ მას, ხმა არავინ არ მისცა...
8 თვის უკან