„გვარამიას და მელიას საზოგადოება „ნაცმოძრაობის“ განშტოებად აღიქვამს და მათთან ალიანსი „ლელოს“ არ უნდა აწყობდეს“

„გვარამიას და მელიას საზოგადოება „ნაცმოძრაობის“ განშტოებად აღიქვამს და მათთან ალიანსი „ლელოს“ არ უნდა აწყობდეს“

ნიკა გვარამია, ნიკა მელია და „ლელო“ - 2024 წლის არჩევნებში ამომრჩეველმა, შესაძლოა, ტრიო ასეთი შემადგენლობით იხილოს. For.ge-ს წყარო უყვება, რომ აღნიშნულ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის მოლაპარაკება კვლავ მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, ისინი საზოგადოების წინაშე ერთიანი ძალებით წარსდგნენ.

ამასთანავე, უკვე ცნობილია, რომ ნიკა მელია არჩევნებში ნიკა მაჭუტაძის პარტიის ნომრით იბრძოლებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის პარტიის შემადგენლობის პრეზენტაცია უახლოეს დღეებში იგეგმება. არჩევანი ნომერ ოთხზე და ნარინჯისფერზე გაკეთდა. როგორც ჩანს, მელიას საარჩევნო სტრატეგია მომავალი პოლიტიკური გაერთიანების ეტაპობრივად გაცნობას გულისხმობს. თუმცა, უკვე გაკეთებული განცხადებებით მისი რამდენიმე სავარაუდო პოლიტიკური პარტნიორი გამოკვეთილია. მათ შორისაა ნიკა გვარამია, რომელიც საკუთარ პოლიტიკურ გეგმებს სწორედ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური გაერთიანებიდან პროტესტით წამოსულ ექს-თავმჯდომარეს უკავშირებს.

ასევე პარტნიორებს შორის შესაძლოა ვიხილოთ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული სხვა სახეებიც და „ლელო“.

არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“ – ასეთია მელიას გზავნილი, რომელსაც მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნის ამბიცია აქვს. ეს ამბიცია მხოლოდ საარჩევნო ბარიერის გადალახვის და „ნაციონალური მოძრაობისგან“ იმიტირებული დისტანცირების მცდელობად ითარგმნება მმართველი გუნდისთვის. ნიკა მელიას და მისი სავარაუდო მოკავშირეების გეგმას სკეპტიკურად უყურებს ოპოზიციის ნაწილიც. ანალიტიკოსები კი ამბობენ, რომ მელია, გვარამია „ლელოს“ ტრიო ვერ იქნება ნომერ პირველი პოლიტიკური ოპოზიციური ძალა და ვერც ე.წ. მესამე ცენტრი, რომელიც ჩამოუყალიბებელ ამომრჩეველს მიიზიდავს.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ნებისმიერი გაერთიანება უნდა ამოვიდეს იქიდან, თუ ვისზე აკეთებს აქცენტს, ამომრჩევლის რა ჯგუფის ინტერესების მიპყრობას ცდილობს. ძაბირაძე ამბობს, რომ ნებისმიერი გაერთიანება შესაძლებელია, მაგრამ თუ „ლელოს“, გვარამიას და მელიას ალიანსი მოხდა, მაშინ მას რა საფუძველი ექნება გაუგებარია.

„როგორც ნიკა მელია, ისე გვარამია ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ განაყოფი, - ასე აღიქვამს ნებისმიერი ამომრჩეველი. რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს, მაგალითად, ნიკა გვარამიამ, რომელიც მელიასგან განსხვავებით დაკავშირებულია იმ 9-წლიან რეჟიმთან, თანაც მაღალ თანამდებობებზე იყო, ეს არ მუშაობს. გვარამიას ეს თუ უნდოდა, მაშინ 10 წლის წინ უნდა გაეკეთებინა და არა ახლა არჩევნების წინ. ამის ახლა თქმა აბსოლუტურად არაფრის მომტანია. ყველამ იცის, რომ 3 კატეგორიის ამომრჩეველია, „ოცნების“, ნაციონალების და ე.წ. შუაშისტურის, რომელსაც არც ერთი არ უნდა. ახლა ეს 3 რომ გაერთიანდება, შუაშისტურ ამომრჩეველს თავისთან წაიყვანს? ეს ხომ ის ხალხია, რომლებმაც 2012 წელს ხმა „ნაციონალების“ წინააღმდეგ მისცა და ქუჩაში იყო გასული. რატომ მოუბურნდება ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც უარეს მდგომარეობაშია. რა აქვს ამ ტრიოს, დავუშვათ, თუ გაერთიანდებიან, რომ ეს ხალხი დააინტერესოს?“,-ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, აქ საუბარი 5%-იან ბარიერზე არ არის. ამის გადალახვა შესაძლებელია. თუმცა „ლელოს“ ამომრჩეველი ე.წ. შუაშისტურია. ამიტომ ელექტორალური თვალსაზრისით, ეს მისთვის დიდი რისკი იქნება. არც მელია და არც გვარამია არ არიან იმ ავტორიტეტის პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც მათ პარტიას რამე მნიშვნელოვანს შემატებენ.

„ეს გაერთიანება შეიძლება შედგეს, 5%-იან ბარიერს დაძლევენ, მაგრამ აქ სინერგია იქნება და უფრო მეტს მიაღწევენ - გამორიცხულია. „ლელომ“, ჩემი აზრით, ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს. ეს არ იქნება ის გაერთიანება, რომელიც ნომერ პირველი ოპოზიციური პარტია იქნება. შუაშისტური ამომრჩეველი დაიკარგება. შესაძლოა, ეს ხალხი გიორგი გახარიასთან წავიდეს, ან იმ პატარა პარტიებზე გადანაწილდეს, რომელიც პარლამენტშია ან მის გარეთ. ან საერთოდ დაიფანტონ და ხელისუფლებამაც შეისრუტოს. ეს ამომრჩევლის 30%-ია და მათი გაბნევა ხელისუფლების ინტერესებშია. რაც უფრო ბევრი ისეთი პარტია იქნება, რომელსაც 5%-იანი ბარიერის დაძლევის შანსი არა აქვს, ყველა ეს ხმები საბოლოოდ „ოცნებაში“ მიდის. მანდატების სახით და არა ხმების“, - ამბობს ძაბირაძე.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ „ლელო“, რომელიც ამ ხნის განმავლობაში აცხადებდა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კატეგორიულად არ ვითანამშრომლებთ არანაირი ფორმატში და თანამშრომლობს ცოტა ხნის წინ ამ პარტიიდან გამოყოფილ პოლიტიკურ ძალებთან, მას ეს ამომრჩეველს დააკარგინებს.

„ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას საზოგადოება, როგორც „ნაციოანალურ მოძრაობის“ განშტოება-2-ს ისე აღიქვამს. ამიტომ მათთან ალიანსი, ყველაზე მეტად „ლელოს“ არ უნდა აწყობდეს. ამ პარტიამ ერთხელ უკვე ამ მახეში ფეხი ჩააბიჯა და ელექტორატის დაკარგვის ფასად დაუჯდა. „ლელომ“ საპარლამენტო არჩევნებზე სადღაც 60 ათასი ხმა აიღო, ხოლო უკვე ადგილორბივ არჩევნებზე სულ რაღაცა 40 ათასი ხმა ჰქონდა მიღებული. ეს კი იმიტომ, რომ მელიამ ხაზარაძე და ჯაფარიძე მერის არჩევნებზე მოადგილეების კანდიდატებად დაასახელა. ამომრჩეველმა ეს ყველაფერი დაინახა, შეაფასა და რეაქციაც შესაბამისი ჰქონდა. ეს თუ რეალობა აღმოჩნდა „ლელოს“ პოლიტიკურ ფასად დაუჯდება და მის რეპუტაციას საბოლოოდ დააზიანებს“, - ამბობს ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, შესაძლოა ამ სამეულის მთავარ მიზანს 5%-იანია ბარიერის გადალახვა წარმოადგენდეს. ანჯაფარიძე ამბობს, რომ ეს არის პერიოდი, როცა მარტში და აპრილის პირველ დასაწყისში პარტიებმა რეალურად უნდა შეაფასონ თავიანთი საარჩევნო პოტენციალი, ანუ რისი თავი აქვს ამ არჩევნებზე.

„ვფიქრობ, ეს პროცესი უკვე დამთავრდება და სადღაც მარტის ბოლოსთვის ჩვენ უკვე გავიგებთ რომელი პატია რა გზით აპირებს წასვლას. დრო უკვე, ფაქტობრივად აღარ დარჩა. იმ პერიოდს, რაც არჩევნებამდე დარჩა, საზაფხულო საშვებულებო სეზონი გამოვაკლოთ, პარტიებს მომზადებისთვის, შეხვედრებისთვის, რესურსების მოსაძიებლად დრო სჭირდებათ - ყველაფერი რაც წინასაარჩევნო სამზადის უკავშირდება. პარტიები ახლა არკვევენ ვის რა შეუძლია ამ არჩევნებზე. თუ მოხდა ისე, რომ ამ სამეულმა ჩათვალა დამოუკიდებლად 5%-იანი ბარიერის გადალახვა არ შეუძლიათ, მაშინ ეს გადაწყვეტილება მიიღონ“, - ამბობს ანჯაფარიძე.

ლევკოთეა თუ დასავლეთი არ ჩაერია და ოცნება არ აიძულა, ამ ორ პოლუსს შორის გაჩხერილ პარტიებს ხმები მოუმატოს, სერიოზულად გაუჭირდებათ შუაში მყოფი ამომრჩეველის მიმხრობა.
ყვლაზე უიმედოდ ამ მხრივ გახარიაა. დასავლეთი მის გამო თავს არ გამოიდებს. არ ვიცი, ჩრდილოეთი თუ მოინდომებს, ხელი წააშველოს. :)
8 თვის უკან