მართალია საქართველოში უკვე ერთი წელია ინფლაცია დაბალ ნიშნულზეა და ბოლო თვეეებში სულაც ნულთან ახლოსაა, მაგრამ გაზრდილი ფასების შემცირებას საშველი არ დაადგა. მოსახლეობა ამას ყოველდღიურად გრძნობს, ხოლო ოპოზიცია აპირებს ეს თემა არჩევნებამდე ასევე ყოველდღიურ რეჟიმში ატრიალოს. ხელისუფლებისთვის ეს სუსტი წერტილია. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომისტები კონკრეტული მონაცემებით ცდილობენ ოპოზიციონერთა არგუმენტის გაბათილებას, საკითხი მაინც მწავავე განიხილვის ფორმატში დარჩება.
„პირველადი მოხმარების პროდუქტებში, რაშიც 6-7 წლის წინ დიასახლისი 55-60 ლარს გადაიხდიდა, დღეს, 109 ლარს იხდის. ჩვენი მოქალაქეებისთვის ეკონომიკური კეთილდღეობა უმნიშვნელოვანესია და მათ მაღაზიაში შესვლა იმის გამო არ უნდა ეშინოდეთ, რომ პროდუქტებს ცეცხლის ფასი აქვს“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა და დასძინა, რომ საზოგადოების კითხვებს მმართველმა გუნდმა პასუხები უნდა გასცეს.
„ცხადია, ყველას გვესმის, რომ ჩვენს მოქალაქეებს პროდუქტებზე გაზრდილი ფასები აინტერესებთ, რადგან ამას ყოველდღიურად ეხებიან. ცეცხლის ფასებია მაღაზიაში, მარკეტებში და ბაზარში. ჩვენი მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესია, ეკონომიკური კეთილდღეობა და მათ არ უნდა ეშინოდეთ მაღაზიაში შესვლის. კითხვებზე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ, ივანიშვილი, კობახიძე, მდინარაძე და ივანიშვილის პარტია ვალდებულია, პასუხი გასცეს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილს მხარი აუბა გიორგი ვაშაძემაც, რომელმაც წინასაარჩევნოდ გაზრდილი ფასებზე გააკეთა აპელირება და ისიც კი თქვა, რომ თბილისში არსებულმა ფასებმა, მსოფლიო ფასებსაც გადაუსწრო.
ეკონომისტები ოპოზიციას არ ეთანხმებიან და ამის საპირწონედ კონკრეტული მონაცემები მოჰყავთ. როგორც ფინანსისტმა გიორგი ცუცქირიძემ აღნიშნა, მისთვის უცნობია, ვაშაძე რა რეიტინგებს ეყრდნობა, თუმცა გათვლა ამომრჩევლებთან წინასაარჩევნოდ ქულების ჩაწერაა.
„ქართული ოპოზიცია რომ სხვა უამრავ „სიკეთესთან“ ერთად შემჩნეულია პოპულიზმში, ახალი ამბავი არ არის. პოპულიზმით გატაცება ერთგვარი საფირმო ნიშანიც კი არის. ამ მხრივ ბატონი ვაშაძე ჩემი შეფასებით, სულაც პოპულისტ პოლიტიკოსთა რეიტინგ ლისტის სათავეშია.
როგორც ჩანს, წინასაარჩევნოდ ახლა ფასებზე დაიწყო მანიპულირება, თითქოსდა, თბილისში ფასებმა მსოფლიო ფასებსაც კი გადაუსწრო... ბუნებრივია, ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ მმართველობისას ხდება. გათვლაც ამომრჩეველზეა გაკეთებული, რადგან სიძვირე ადამიანთა განწყობებზე ნამდვილად მოქმედებს, მით უმეტეს ქულების ჩასაწერად წინასაარჩევნოდაც გამოდგება...
არ ვიცი თავად რომელ სტატისტიკას ეყრდნობა, მაგრამ საერთაშორისო კვლევებით, კერძოდ, Economist Intelligence Unit-ის 2023 წლის ცხოვრების ხარჯების მსოფლიო ანგარიშის თანახმად, 2023 წელს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქები მსოფლიოში სინგაპური და ციურიხი იყო, მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა ნიუ იორკმა, რომელიც 2022 წელს სინგაპურთან პირველ ადგილს ინაწილებდა. WCOL ინდექსი (worldwide cost of living), რომელიც ეყრდნობა ფასების ადგილობრივი ვალუტის აშშ დოლარად კონვერტაციის პრინციპს, ასახავს ციურიხში ცხოვრების გაძვირებას, რაც გავლენას ახდენს შვეიცარიული ფრანკის სიძლიერეზე და სასურსათო პროდუქტებზე, საყოფაცხოვრებო საქონელსა და დასვენებაზე გაზრდილ ფასებზე. მეორე მხრივ, სინგაპური გამოირჩევა ტრანსპორტისა და ტანსაცმლის განსაკუთრებით მაღალი ხარჯებით. მესამე პოზიციაზე შვეიცარიის კიდევ ერთი ქალაქი ჟენევაა, მეხუთე ადგილზე ჰონგ კონგი და მეექვსეზე ლოს-ანჯელესი (აშშ).
ამასთან, Numbeo-ს მიხედვით, რომელიც არის მსოფლიოში როგორც ცხოვრების სიძვირის, ასევე ცხოვრების ხარისხის შესახებ ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზა (საცხოვრებლის ფასები, დანაშაულის დონე, ჯანდაცვის ხარისხი, ტრანსპორტის ხარისხი და სხვა სტატისტიკა) თბილისი არათუ მსოფლიოს ყველაზე ძვირ ქალაქებში არ შედის, არამედ მსოფლიოს 370 ქალაქის მიხედვით 255 ადგილზეა!
ისე კი საინტერესოა, პერიოდულად რასაც ამბობენ თავად თუ სჯერათ ან ამდენი ტყუილი როგორ არ მობეზრდათ, მათი მინავლებული რეიტინგები ყველაზე კარგად ასახავს მათივე პოლიტ-მარკეტინგის წამგებიან ხასიათს“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.
საქართველოში ცხოვრებისა და მსყიდველუნარიანობის დაბალი დონე აშკარაა, თუმცა ეკონომისტები ამბობენ, რომ პრობლემა კატასტროფული არ არის. სტატისტიკოსმა და ეკონომიკის ექსპერტმა სოსო არჩვაძემ მაგალითისთვის ამერიკის შეერთებული შტატები მოიყვანა და განაცხადა, რომ აშშ-სთან შედარებით საქართველოში ფასების საერთო დონე საგრძნობლად დაბალია.
„ის, რომ თითქოს ფასებმა საქართველოში, კერძოდ თბილისში, გადაუსწრო ფასებს მსოფლიოს წამყვან ქალაქებში, რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებულია. მაგალითად, 1 კგ პურის ფასი აშშ-ში 2.90 დოლარია, საქართველოში კი - 2.53 ლარი, ერთი კილოვატ საათი დენის ღირებულება ამერიკაში საშუალოდ - 16.2 ცენტია, საქართველოში - 22 თეთრი, 1 კუბური მეტრი გაზისა, შესაბამისად, აშშ-ში - 33.7 ცენტი, საქართველოში - 0.56 თეთრი. ავტობუსით მგზავრობა, მაგალითად, ნიუ იორკში მინიმუმ 2.90 დოლარი დაგიჯდებათ, თბილისში - მხოლოდ 1 ლარი. გამოდის, რომ ვალუტის ოფიციალური კურსით, ფასები საქართველოში აშშ-თან შედარებით შეადგენს პურის ფასი - 33.2%-ს, დენის - 51.7%-ს, გაზის - 63.2%-ს, ხოლო საქალაქო ტრანსპორტისა - მხოლოდ 13.1%-ს. სიის გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება.
აღნიშნულიდან რამდენიმე პრინციპული ხასიათის დასკვნაა: ჯერ ერთი, პოლიტიკოსი ციფრებით არ უნდა მანიპულირებდეს და უნდა ახსოვდეს, რომ მის მიერ დასახელებული რიცხვის მართებულობაზე საბოლოო ვერდიქტი პირუთვნელ და ობიექტურ სტატისტიკას გამოაქვს.
მეორე, თავისთავად „მაღალი“ და „დაბალი“ ფასები არაფერს გვეუბნებიან, თუ არ ვიცით, შემოსავლებით რა ოდენობის საქონლისა და მომსახურების შეძენის შესაძლებლობაა მოსახლეობის ერთ სულზე დროის ყოველ კონკრეტულ პერიოდში. ამიტომ აპელირება უშუალოდ ფასების ზრდაზე კი არ უნდა იყოს (თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში ფასები ბოლო ერთ საუკუნეში 19-ჯერ გაიზარდა), არამედ იმაზე, შესადარ პერიოდში მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი გაიზარდა თუ შემცირდა.
მესამე, ფასების საერთო დონე საქართველოში საგრძნობლად დაბალია ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ზოგადად, მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან შედარებით“, - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.