საქართველოში ანტიევროპული განწყობების გაღვივებას ხელს უწყობენ სწორედ ევროპული ქვეყნები. მაგალითად, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ყოფილი გენერალური პროკურორი, ძებნილი ზურაბ ადეიშვილი უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ანდრეი კოსტინთან ერთად ამჯერად ბუნდესტაგის პლენარულ სხდომას დაესწრო, სადაც უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების მიწოდების საკითხი განიხილებოდა.
ძებნილი ადეიშვილი საქართველოში რამდენიმე გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული. მათ შორის არის ბუტა რობაქიძის საქმე; ტელეიმედის 2007 წლის 7 ნოემბრის და ბადრი პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევის საქმე; ციხის კადრების საქმე. ასევე უკვე მსჯავრდებულია შემდეგ სისხლის სამართლის საქმეებზე „აკურას“ ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმე; ტელეკომპანია „იბერიის“ საქმე; ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმე და კობა დავითაშვილზე თავდასხმის საქმე.
ასე გამოიყურება ადეიშვილის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც უკრაინის გენერალური პროკურორის თანაშამწეა და რომელსაც პატივით ხვდებიან სტრატეგიული ქვეყნის პარლამენტში. ამ დრომდე გერმანიის საელჩოს არ გაუკეთებია განმარტება ამ სკანდალურ ფაქტთან დაკავშირებით. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი დავით ხაჯიშვილი აცხადებს, რომ არ უკვირს ადეიშვილის გერმანიის პარლამენტში მიწვევის ფაქტი, რადგან, მისი თქმით, ადეიშვილი „თავისი საქმის სპეციალისტია“.
„თუ ზურაბ ადეიშვილი მიწვეულია ბუნდესტაგში, ან რომელიმე პარტნიორი ქვეყნის პარლამენტში, ეს ნორმალური და გასაგებია. ის არის თავისი საქმის სპეციალისტი. მგონი, არ არის გასაკვირი ეს ნაბიჯი რომელიმე ჩვენი პარტნიორი ქვეყნისგან“, - ამბობს დავით ხაჯიშვილი.
დეპუტატი ხატია დეკანოიძე აზუსტებს, რომ ადეიშვილი მუშაობს უკრაინაში და ბუნდესტაგში წარმოადგენდა იმ ქვეყანას, სადაც მუშაობს და ამაში განსაკუთრებული არაფერია. მაგრამ მისი თქმით, გაუგებარია, რატომ არის ეს საკითხი მტკივნეული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის. „ბევრი გამოწვევა გვაქვს, რასაც უნდა უპასუხოს „ქართულმა ოცნებამ“ და არა წარსულის აჩრდილებზე ისაუბროს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ადეიშვილის და კეზერაშვილის თავისუფლად გადაადგილებას, ისე, რომ კონკრეტული სახელმწიფოს ძალოვან სტრუქტურას კითხვა არ უჩნდება მათ მიმართ, და ასევე, რომ ისინი ჩართული არიან ბიზნეს საქმიანობაში საქართველოს ხელისუფლების დანაშაულად მიიჩნევს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომლის განცხადებით სახელმწიფო თუ ხარ და პროკურატურა გაქვს, უნდა დაიჭირო და ჩამოიყვანო მწამებელი ადამიანი.
„ადეიშვილი ან კეზერაშვილი ასე ლაღად რომ დადიან და ბიზნესით არიან დაკავებული, ეს „ქართული ოცნების“ ბრალია, 12 წელი რას აკეთებენ? არ იცოდნენ, კეზერაშვილო და ადეიშვილი სად იყვნენ? მათი დაპატიმრება და ექსტრადირება რატომ არ მოითხოვეს? კეზერაშვილი რომ დააკავეს, მთავარმა პროკურატურამ მტკიცებულებები რატომ არ წარადგინა მისი ექსტრადირება რომ მომხდარიყო? ეს იყო პოლიტიკური გარიგება, კეზერაშვილსაც თავი დაანებეს და ადეიშვილსაც. ახლა ეს ყველაფერი პროპაგანდისთვის სჭირდებათ, არიქა, ადეიშვილი იქ არისო. სახელმწიფო თუ ხარ, გაქვს პროკურატურა, დაიჭირონ და ჩამოიყვანონ მწამებელი და ადამიანებს სულს რომ ხდიდა, ასეთი ადამიანი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია თვლის, რომ ადეიშვილის ბუნდესტაგში მიწვევა, ქართული სასამართლოს შეცდომაა. მისი თქმით, დღეს ყველას ესმის, ეს რა სასამართლოა და შესაბამისად, არავინ არჩევს, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ადამიანი მართლა დამნაშავეა თუ არა.
„აბა, ეს ინგლისის ან ამერიკის სასამართლო ყოფილიყო, ადეიშვილს თუ მიიწვევდნენ, მაგრამ როცა ასეთი სასამართლო გაქვს და კაციშვილმა არ იცის, ამ სასამართლოს მიერ გასამართლებული პირი მართლა დამნაშავეა თუ არა, არავის აზრად არ მოუვა, ამ გადაწყვეტილებების განაჩენები ამოწმოს“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ გერმანია ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, ერთ-ერთი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის და ერთიორად სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ძებნილი, კრიმინალი ადეიშვილი, სააკაშვილის ინსტრუმენტი, რომელიც წამებაში, ბიზნესის რეკეტსა და მსგავს საკითხებში იყო ჩართული, გერმანიის ბუნდესტაგში აღმოჩნდა.
ამის მიუხედავად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გერმანიის ელჩი უწყებაში ამ დრომდე არ დაუბარია.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, როდესაც გერმანიის პარლამენტის ლოჟაში უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად არის ზურაბ ადეიშვილი, სწორედ ასეთი ფაქტები უწყობს ხელს ანტიევროპული განწყობების გაღვივებას. მისი თქმით, სასურველია, რომ აღნიშნულ საკითხზე პასუხები მოისმინოს ქართულმა საზოგადოებამ.
„როდესაც ვხედავთ ადამიანს, რომელიც მსჯავრდებულია უკვე ოთხ საქმეზე, სამ საქმეზე მიდის პროცესი და როცა ასეთ ადამიანს იღებენ სხვადასხვა დაწესებულებაში, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება გერმანიის პარლამენტს, იქ სტუმრების ლოჟაშია უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად, ეს იმედგამაცრუებელია და ზუსტად ასეთი ფაქტები ხელს უწყობს ანტიევროპული განწყობების გაღვივებას ქართულ საზოგადოებაში.
როცა ქართველი ხედავს, რომ ადამიანი, რომელმაც შექმნა წამების სისტემა ციხეებში, შექმნა ბიზნესის რეკეტის სისტემა, არის სიმბოლო ძალადობის, ეს ადამიანი გერმანიის პარლამენტში არის მისაღები სტუმარი, ეს არის სამწუხარო და, იმედია, ამაზე განმარტებები იქნება. ეს აჩვენებს, რომ, სამწუხაროდ, არ არის სერიოზული დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და მისი წუხილების მიმართ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ხალხის ძალის“ წევრის, ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით უკრაინის ხელისუფლებაში არა მარტო საქართველოს არ თვლიან ღირსად, ან არ სცნობენ როგორც სახელმწიფოს, არამედ უკრინელები ჯერ კიდევ არ სცნობენ იმას, რომ თავის დროზე დამარცხებული იქნა ადოლფ ჰიტლერის ფაშისტური ნაციზმი.
„როდესაც კანადის პარლამენტში ზარ-ზეიმით, ოვაციებით და ფეხზე ადგომით ხვდებიან ნაცისტების ერთ-ერთ რიგით თანამშორმელს, რა პრობლემაა თუ ისინი ქართული ლიბერალური ფაშიზმის არქიტექტორს მიიღებენ თავის პარალამენტში? რა პრობლემაა, როდესაც უკრაინა გაგანია ომის დროს იცლის იმისთვის, რომ ქალაქ ნიკოპოლის ერთ-ერთ ქუჩას შეუცვალოს პავლოდარის სახელწოდება და მანიჭოს პეტრე დიაჩენკოს სახელწოდება? ეს, ის პეტრე დიაჩენკოა, რომელიც ფაშისტური ნაციზმის წინაშე დამსახურებების გამო პირადად ჰიტლერმა დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარებით. ამიტომ, რა უნდა გვიკვირდეს? არაფერი არ უნდა გვიკვირდეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე თვლის, რომ ადეიშვილის მიწვევა გერმანიის პარლამენტში მორიგი ანტიქართული პროვოკაციაა როგორც ზელენსკის გუნდის, ასევე გერმანიის ცალკეული პარლამენტარების მხრიდან.
„რა რანგშიც არ უნდა იყოს უკრაინის ხელისუფლებაში, კრიმინალ ზურაბ ადეიშვილთან ოფიციალური შეხვედრა, ანტიევროპული განწყობების გაღვივებაა ისევე, როგორც სააკაშვილის წარმოჩენა „ნაწამებ პოლიტიკურ პატიმრად“. იმედია, მასპინძელი ამ გერმანელი დეპუტატებისგან განსხვავებით, კანცლერ შოლცის კოალიციურ მთავრობაშიც არ მოხდება ავაზაკ ადეიშვილთან შეხვედრა. ულტრამემარცხენე ორიენტაციის „მწვანეებში“ არ ვარ დარწმუნებული“, - ამბობს გია აბაშიძე.
ა-ო „ყოფილი პოლიტპატიმერები ადამიანის უფლებებისათვის“ თავმჯდომარის ნანა კაკაბაძის განცხადებით, ამ შემთხვევაში არა მხოლოდ საზოგადოებისთვის, რომლებიც დაზარალებულნი არიან ადაეიშვილის 9-წლიანი მმართველობის წლებში, არამედ ხელისუფლებისთვისაც, ალბათ, რთულად ასახსნელია რა ხდება და რატომ გვაქვს ასეთი რეალობა.
„ერთადერთი, რითაც ეს შეიძლება აიხსნას არის ის, რომ უკრაინა არის ქვეყანა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიმართ სტრატეგიულ პარტნიორობაში კი არ არის, არამედ სერიოზულ დაპირისპირებაშია. ქვეყანა, რომელსაც ჩვენი ჩართვა უნდოდა ომში, ეს ქვეყანა ჩვენ არ გადმოგვცემს ისეთ კრიმინალებს, რომლებიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგნელები და არა მარტო მათ, არამედ ჩვეულებრივ კრიმინალებსაც არ გადმოგვცემენ.
სულ მცირე, ეს ნიშნავს, ისინი ჩვენი რეალური პარტნიორები არ არიან. ჩვენ ვხედავთ რა დამოკიდებულებაა 9-წლიანი რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ და ხელისუფლების მიმართ. ეს სულ მცირე მიუთითებს იმაზე, რომ არა მარტო უკრაინა, არამედ გერმანია და სხვა ქვეყნები სადაც ფსევდოლობერალური მმართველობებია და სადაც იცავენ არა ადამიანის უფლებებს, არამედ საკუთარ კეთილდღეობას, ისინი საქართველოს არ გადასცემენ ძებნილ ყოფილი მაღალჩინოსნებს და მათ შორის რიგით კრიმინალსაც“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ნანა კაკაბაძე.