„პრეზიდენტს აქვს მხოლოდ მსჯავრდებულის შეწყალების უფლება - ზურაბიშვილი სააკაშვილს მიმდინარე საქმეზე ვერ შეიწყალებს“

„პრეზიდენტს აქვს მხოლოდ მსჯავრდებულის შეწყალების უფლება - ზურაბიშვილი სააკაშვილს მიმდინარე საქმეზე ვერ შეიწყალებს“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთგვარ ილუზიებში ყოფნას აგრძელებენ და აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების ბერკეტი აქვს და შეწყალება სასამართლოში მიმდინარე საქმეებსაც ითვალისწინებს. ასევე აღნიშნავენ, რომ სააკაშვილის გათავისუფლება ქვეყანაში პოლარიზაციის დონეს შეამცირებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილებით უნდა ისარგებლოს და მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს.

„არავინ არავის შეწყალებას არ სთხოვს. ჩვენ ვითხოვთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მის ყველა ფრაზებს რეალურს გახდის, რასაც ვისმენთ, რომ ქვეყანაში არის პოლარიზებული გარემო, ქვეყანაში სასამართლო სისტემა არ არსებობს. ჩვენ ხომ მოგვისმენია პრეზიდენტისგან ეს განცხადებები, ამიტომ მანდ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თავისი კონსტიტუციური უფლების შესაბამისად და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, რათა ყველას მიეცეს თანაბარ გარემოში ასპარეზობის საშუალება“, - აღნიშნა ბოტკოველმა.

ხოლო, კითხვაზე, თუ როგორ წარმოუდგენია სააკაშვილის გათავისუფლება მიმდინარე საქმეების ფონზე, ბოტკოველი პასუხობს: „ძალიან კარგად იცის, კანონში ჩაიხედოს, მათ შორის, მისი გადაწყვეტილება ითვალისწინებს მიმდინარე საქმეებსაც. აქაც შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილებით ყველა ეს საქმე დაასრულოს“.

თუმცა, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ პრეზიდენტის შეწყალების აქტი ვრცელდება მხოლოდ იმ საქმეებზე, რაზეც სასამართლოს განაჩენი უკვე არსებობს, ხოლო აღნიშნული მიმდინარე საქმეებს არ ეხება.

„კონსტიტუციურად ეს არ არის განსაზღვრული. იქ წერია ასეთი რამ: პრეზიდენტი შეიწყალებს მსჯავრდებულს. ვიდრე სასამართლო არ გამოიტანს განაჩენს, პირი არის ბრალდებული და მსჯავრდებული ხდება მას შემდეგ, რაც სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ამდენად, პრეზიდენტს აქვს მსჯავრდებულის შეწყალების უფლება. სასამართლოში მიმდინარე საქმეზე პირი არ ითვლება დამნაშავედ, ის არის ეჭვმიტანილი, ანუ ბრალდებული, მაგრამ ჯერ არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება. სანამ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ იქნება, პირი არ იქნება მსჯავრდებული და პრეზიდენტს აქვს მხოლოდ მსჯავრდებულის შეწყალების უფლება. ამიტომაც, პრეზიდენტი სააკაშვილს მიმდინარე საქმეზე ვერ შეიწყალებს“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

კონსტიტუციონალისტი და ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში იყო შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მსჯავრდებული შეიწყალა, თუმცა, მეორე დღეს ის მეორე საქმეზე იქნა დაკავებული. მისი შეფასებით, დიდი ალბათობით, იგივე განმეორდება ექს-პრეზიდენტის შემთხვევაშიც, თუკი სალომე ზურაბიშვილი მას შეიწყალებს.

„ასეთი პრეცენდენტი უკვე გვქონდა, როდესაც უგულავა გაათავისუფლეს და მეორე დღეს უკან შეაბრუნეს. იგივე მოხდება სააკაშვილთან დაკავშირებითაც“, - თქვა ძაბირაძემ.

ანალიტიკოსის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზე „ნაციონალური მოძრაობა“ აპელირებს, რადგან სურს ის ამომრჩეველი მიიმხროს, რომელიც დღეს „ნაცმოძრაობის“ ყოფილ ლიდერს, ნიკა მელიას უჭერს მხარს.

„თუ სააკაშვილს გამოუშვებენ, ეს „ნაცმოძრაობისთვის“ ელექტორალურად მომგებიანი იქნება და ხელისუფლებისთვის წამგებიანი. ამიტომ, მუდმივად იქნება საუბარი იმაზე, რომ „ჩვენ შევძელით და სააკაშვილი დავიხსენით „ქართული ოცნების“ მარწუხებიდან“ და ა.შ.

თუმცა, ასეთი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში „ნაცმოძრაობის“ ელექტორატი ძალიან არ გაიზრდება, უბრალოდ, ის ამომრჩეველი, რომელიც დღეს მელიასკენ იხრება, შესაძლოა ისევ ნაციონალების ორბიტაზე დაბრუნდეს. ამიტომ, სააკაშვილის გათავისუფლება-არგათავისუფლება მელიას მიემართება. „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი თუ შუაშისტური ამომრჩეველი ამით არ იქნება აღფრთოვანებული.

ალბათ, ერთდღიანი გათავისუფლება „ნაცმოძრაობისთვის“ მაინც მომგებიან იქნება. ასევე, ეს წინასაარჩევნო თემაა „ნაცმოძრაობისთვის“, რადგან ხაბეიშვილი ცდილობს ელექტორატი გაამაგროს თავის ფლანგზე და ბარიერი შეუქმნას მელიას, რომ ამომრჩეველი მისკენ არ წავიდეს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.

აქვე შეგახსენებთ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, სააკაშვილი არის უკრაინელი პოლიტიკოსი და მისთვის გაუგებარია, რა კავშირი აქვს უკრაინის მოქალაქის შეწყალებას პოლიტიკურ დეპოლარიზაციასთან.

„მსჯავრდებული სააკაშვილი არის უკრაინის და არა საქართველოს მოქალაქე. შესაბამისად, ის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ის არ არის ქართველი პოლიტიკოსი. საუბარი იმაზე, რომ მისი გათავისუფლებით დეპოლარიზაციას ხელი შეეწყობა, ჩემთვის სრულიად გაუგებარია, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური ლოგიკითაც. სააკაშვილი არის უკრაინელი პოლიტიკოსი და შესაბამისად, თუ საუბარია საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის შესუსტებაზე ან დასრულებაზე, ჩემთვის გაუგებარია, რა კავშირი აქვს უკრაინის მოქალაქის შეწყალებას პოლიტიკურ დეპოლარიზაციასთან, რომელსაც საქართველოში ჩადენილი აქვს დანაშაული და სასჯელს იხდის“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.