კეზერაშვილის მიერ გადახდილი $420 ათასის მიუხედავად, ლობისტებმა ვერც ერთ კონგრესმენთან აუდიენცია ვერ შეძლეს - „ფორმულას“ ჟურნალისტები კი ქუჩაში დარჩნენ

კეზერაშვილის მიერ გადახდილი $420 ათასის მიუხედავად, ლობისტებმა ვერც ერთ კონგრესმენთან აუდიენცია ვერ შეძლეს - „ფორმულას“ ჟურნალისტები კი ქუჩაში დარჩნენ

დავით კეზერაშვილმა ამერიკელ ლობისტებს მილიონ ლარზე მეტი დაახარჯა, რის გამოც იძულებული გახდა „ფორმულადან“ ჟურნალისტების დიდი ნაწილი გაეშვა და გადაცემები დაეხურა. „ფარას“ ახალი ანგარიში ადასტურებს, რომ კეზერაშვილი და „ნაცმოძრაობა“, ქვეყნის იმიჯის დაზიანებისთვის, კვლავ ასიათასობით დოლარს იხდის. მმართველი გუნდის განცხადებით, კეზერაშვილის პოლიტიკური ინტერესი დესტაბილიზაცია და, ნებისმიერ ფასად, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მობრუნებაა. ამიტომ ის არანაირი თანხას არ იშურებს იმისთვის, რომ ამერიკელ ლობისტებში დიდი ფული ქვეყნის იმიჯის დაზიანებისთვის გადაიხადოს.

საუბარია ლობისტურ კომპანია „ქორნერსთოუნზე“, რომელიც დავით კეზერაშვილმა და ტელეკომპანია „ფორმულამ“ ამერიკის შეერთებულ შტატებში მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრების ორგანიზების მიზნით დაიქირავეს.

მიზანი მიკერძოებული პოლიტიკური ინფორმაციის მიწოდება იყო, თუმცა, 6-თვიანი საქმიანობის შედეგი ნულის ტოლი აღმოჩნდა. ლობისტებმა ვერც ერთ კონგრესმენსა და სენატორთან აუდიენცია ვერ შეძლეს, მაგრამ დამკვეთისგან 420 ათასი დოლარის ანაზღაურება მაინც მიიღეს.

სენატორი ტომ ტუბერვილი, კონგრესმენი ჯერი კონოლი, სენატორი ჯინ შაჰინი - ეს იმ მაღალჩინოსნების არასრული სიაა, ვისთან შეხვედრასაც დამკვეთი „ქორნერსთოუნისგან“ ითხოვდა. რა ინფორმაციის მიწოდება იგეგმებოდა სენატორებისა და კონგრესმენებისთვის უცნობია.

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ლობისტური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია პერიოდულად ქვეყნდება. ლობისტური კომპანია „ქორნერსთოუნი“ ერთადერთი არაა, რომელიც სააკაშვილის პარტიამ ბოლო წლებში აშშ-ში დაიქირავა. სულ, ლობისტურ საქმიანობაში, 2 წლის განმავლობაში, რამდენიმე მილიონი ლარია გადახდილი.

რა ხდება ტელეკომპანია ფორმულაში?

ტელეკომპანია „ფორმულაში“ აცხადებენ, რომ რეორგანიზაცია აქვთ. არხზე გასართობი გადაცემები დახურეს. ამის შესახებ „ფორმულას“ ხელმძღვანელობამ განცხადება 31 იანვარს გააკეთა. განცხადებაში საუბარი იყო მხოლოდ გასართობი გადაცემების დახურვაზე. თუმცა სოციალურ ქსელში ია ფარულავამ და თათია შარანგიამ დაწერეს, რომ მათი გადაცემები - „მოდი, ვილაპარაკოთ ია ფარულავასთან“ და „სთორი“ იხურება. ასევე დაიხურა ბიზნეს გადაცემები და დილის გასართობი გადაცემები.

კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ თებერვლის და მარტის განმავლობაში შეიცვლება ფორმატი და მთლიანად გახდება საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის. თუმცა აღმოჩნდა, რომ საკადრო წმენდა ამით არ დასრულებულა და ჟურნალისტების ნაწილი კომპანიაში არსებული ფინანსური კრიზის გამო გაუშვეს. ასევე ვებ-გევრდზე მომუშავე ჟურნალისტები ყვებიან, რომ დავით კეზერაშვილი თანამშრომლებს აღნიშნულ ჰონორარს ნაწილ-ნაწილ უხდის და ამას კომპანიაში არსებული კრიზისით ხსნის. წყარო გვიყვება, რომ ბევრმა ჟურნალისტმა უხელფასობის გამო სამსახური დატოვა, თუმცა არიან პრივილეგირებული ჟურნალისტები, რომემლთაც მათზე ათჯერ მეტი ხელფასი აქვთ.

„სიტუაცია ნამდვილად სასაცილოდ გამოიყურება, სატირალი რომ არ იყოს. ჟურნალისტების უმრაველსობამ, რომელიც „ფორმულაზე“ გადავიდა, საკმაოდ სტაბილური სამსახური და ხელფასები დატოვეს. ყველას გვეგონა, რომ ჯერ ერთი სარედაქციო პოლიტიკის მხრივ თავისუფლება იქნებოდა და მეორეც, კარგი ანაზღაურება გვექნებოდა. თუმცა ამის მიუხედავად, წავაწყდით დიდ უსამართლობას. ჯერ ხომ ხელფასებს სულ გვიგვიანებდნენ ან ნაწილ-ნაწილ გვაძლევდნენ. მერე ერთეულ ჟურნალისტებს აქვთ იმხელა ხელფასები, რომ არ ვიცი, ალბათ, მაგით რამდენიმე ჟურნალისტს აიყვანდნენ. მერე მოთხოვნაა, რომ უნდა ვიმუშაოთ ძირითადად ისეთ თემებზე, რომელიც იქნება ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციისთვის. არა აქვს მნიშვნელობა, მართალია თუ ტყუილი. მერე გამოგვიცხადეს, რომ კომპანიაში კრიზისია და რეორგანიზაცია დაიწყეს. ასე დარჩა ბევრი ჟურნალისტი ქუჩაში“,-უყვება წყარო for.ge-ს.

რაში სჭირდება კეზერაშვილს ლობისტები?

ეს არის მეორე ლობისტური ტრანში, რადგან პირველ ნახევარ მილიონიან ტრანშზე ინფორმაცია შარშან ამ დროს გაჟღერდა. „ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ჩვენ დავინახეთ რა მოჰყვა წინა გადახდილ ფულს და როგორ აზიანებს კეზერაშვილი და ნაცკლასტერი ამ ფორმით ქვეყნის ინტერესებს.

„ამ გადახდილი ფულის სანაცვლოდ სულ იყო მცდელობა იმის, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში დავით კეზერაშვილი შეყვანილი ყოფილიყო, როგორც მედია მაგნატი. ანუ მოეცილებინათ მისთვის კრიმინალური წარსული თუ აწმყო და მოემზადებინათ ნიადაგი იმისთვის, რომ ის მორიგი „პოლიტპატიმარია“, მით უმეტეს ჟურნალისტი და მედია მაგნატი. წელიწადი არაა ჯერ გასული იმ სერიოზულ გამოძიებაზე, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე „ბიბისი“-მ გამოაქვეყნა და

გამორიცხულია, რომ ასეთი ფიგურა, ადრე თუ გვიან, ევროპამ არ დააკავოს. კეზერაშვილის გარშემო ეს მარყუჟი ვიწროვდება და ბოლოს კრიმინალური დაჯგუფების მთავარ მოქმედ პირზე, კეზერაშვილზეც გავლენ. ამიტომ, ეტყობა, საჭირო გახდა, რომ კიდევ ნახევარი მილიონი დაეხარჯა, რათა ამერიკის ამ საარჩევნო წელიწადს, სადაც დედა შვილს არ აიყვანს ხელში, საქართველოზე დამახინჯებული ინფორმაცია მიეღოთ. მართალია სულ რომ სიმართლე ილაპარაკონ „ფორმულაზე“ ახლა, ამ გაგანია არჩევნების წინ, კეზერაშვილი და მისი პრობლემები საერთოდ არავის აინტერესებს. არც ის, ვისთან არის დაპირისპირებული და რა პოლიტიკურ ვითომ დევნაში იმყოფება“, - ამბობს ქართველიშვილი.