საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაიზრდება - ამას ითვალისწინებს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლებიც პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. ახალი ინიციატივით, პრემიერის ხელფასი 4-ჯერ, ხოლო მოადგილეების 2-ჯერ გაიზრდება. კანონპროექტს მხარდამჭერებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც.
კანონპროექტის ინიციატორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, გივი მიქანაძე, მიხეილ სარჯველაძე, გიორგი ცაგარეიშვილი, დავით მათიკაშვილი არიან. ისინი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ. არსებული მდგომარეობით, პრემიერ-მინისტრის ხელფასი წელიწადში 41,000 ლარია (თვეში 3,416 ლარი), ხოლო მინისტრის ხელფასი წელიწადში 66,000-81,000 ლარია (თვეში 5,500-6,750 ლარი). განახლებული კოეფიციენტებით პრემიერ-მინისტრის ხელფასი 119,000 ლარით, 159,000 ლარამდე გაიზრდება, ხოლო მინისტრების ანაზღაურებები კი გაორმაგდება და 135,000 ლარი გახდება.
კანონპროექტის მიხედვით, უმაღლესი თანამდებობის პირების ხელფასები გამრავლდება საჯარო სამსახურში საბაზო თანამდებობრივ სარგოზე იმ კოეფიციენტის შესაბამისად, რა კოეფიციენტიც ამ თანამდებობის პირისთვის არის განსაზღვრული. მაგალითად, პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტისთვის ეს კოეფიციენტი არის 10, მინისტრისთვის - 8.5, ხოლო მინისტრის პირველი მოადგილისთვის - 7.5, სხვა მოადგილეებისთვის კი 7.25. ანაზღაურების დათვლის ახალი წესი 2025 წელს უნდა ამოქმედდეს.
საჯარო სამსახურში საბაზო ანაზღაურების ყოველწლიური გადახედვისას ავტომატურად განახლდება ყველა იმ თანამდებობის პირის ანაზღაურებაც, რომელთა ხელფასიც საბაზო ანაზღაურების ნამრავლზე არის დამოკიდებული.
2024 წლის ბიუჯეტის თანახმად, საჯარო სამსახურში დასაქმებულის საბაზო თანამდებობრივი სარგო 1,330 ლარის ოდენობით განისაზღვრება, შესაბამისად, ამ ხელფასის 10-ის გამრავლებით პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ხელფასი თვეში 13,300 ლარი, ანუ წელიწადში 159,600 ლარი იქნება. მინისტრის ხელფასი - 11,305 ლარი, ანუ წელიწადში 135,660 ლარი, მინისტრის პირველი მოადგილის ხელფასი თვეში - 9,975 ლარი, ანუ წლიურად 119,700 ლარი, ხოლო რიგითი მოადგილის ხელფასი 9,642 ლარი თვეში ანუ წელიწადში 115,710 ლარი.
კალკულაცია გაკეთებულია 1,330 ლარის საბაზო ხელფასისთვის. უმეტეს სამინისტროებში მოადგილეების ანაზღაურებები ახალი კოეფიციენტების შესაბამისად დაახლოებით 50 ათასი ლარით გაიზრდება, თუმცა ორ სამინისტროში ახალი კოეფიციენტების შემოღება მინისტრის მოადგილის ხელფასს შეამცირებს.
იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობა საჯარო მოხელის საბაზო ანაზღაურების გადახედვას ყოველწლიურად გეგმავს, პრემიერ-მინისტრის, მინისტრების და სხვა თანამდებობის პირების ხელფასებიც ავტომატურად გადაიხედება. მაგალითად, თუკი საბაზო ხელფასი 2025 წლისთვის 1,400 ლარით განისაზღვრება (წლევანდელთან შედარებით საბაზო ანაზღაურების 70 ლარით ზრდა) მაშინ პრემიერ-მინისტრის ხელფასი თვეში - 14,000 ლარს, ხოლო წელიწადში კი 168,000 ლარს გაუტოლდება, მინისტრის ანაზღაურება კი თვეში - 11,900 ლარს ანუ წელიწადში 142,800 ლარს.
შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის ხელფასი 120,000 ლარით გაიზრდება, ხოლო მინისტრების თანამდებობრივი სარგო კი, გაორმაგდება.
საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ რაციონალური ხელფასები უნდა არსებობდეს საჯარო სამსახურში, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის იმისთვის, რომ მოხდეს კორუფციის პრევენცია.
„ადამიანი არის მიდრეკილი ცდუნებისკენ და მაქსიმალურად მცირე რომ იყოს ცდუნება და შემცირებული იყოს კორუფციის რისკები, საჭიროა, რაციონალური ხელფასები იყოს განსაზღვრული, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებისთვის. სახელმწიფომ უნდა დაადგინოს ის სტანდარტი, რომელიც არის ყველაზე სწორი, მათ შორის, პირველ რიგში, კორუფციის პრევენციისთვის.
გახსოვთ ალბათ, თავის დროზე, 2004 წელს ბიძინა ივანიშვილი სწორედ კორუფციის პრევენციისთვის საკუთარ სახსრებს დებდა იმისათვის, რომ მეტ-ნაკლებად მაღალი ხელფასები ჰქონოდათ პოლიტიკური თანამდებობის პირებს და საჯარო მოხელეებს შესაბამის პოზიციებზე. ეს იყო ჩაფიქრებული ანტიკორუფციულ ზომად და ამან თავისი ფუნქცია შეასრულა. დღეს, როდესაც კერძო სექტორთან კონკურენტუნარიანი არ არის ეს ხელფასები, ამ ვითარებას სჭირდება გამოსწორება.
კერძო სექტორში ხელფასები იზრდება ეკონომიკური ზრდის კვალად. საჯარო სექტორში ხელფასების ზრდამაც შეუწყო ხელი კერძო სექტორში ხელფასების ზრდას. თუ იქნება ეკონომიკური ზრდა, კერძო სექტორშიც სერიოზულად მოიმატებს ხელფასები“, - აღნიშნა კობახიძემ.
საპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი ახალ ინიციატივას დიდად არ ეწინააღმდეგება. „ევროოპტიმისტების“ წევრი, რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ზოგადად, მთავრობის წევრებს მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეთ, თუმცა ამას ეფექტური მუშაობაც უნდა ახლდეს თან.
„ჯაჭვური რეაქციასავით გამოვიდა, პარლამენტმა 8 000 ლარი დაინიშნა რიგით დეპუტატებზე, თანამდებობის პირებზე კიდევ უფრო მეტი. როგორც იტყვიან, თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო. ანუ რეალურად, ეს სქემა აქედან წამოვიდა. მაღალი ხელფასი საჭიროა, მაგრამ იმათთვის ვინც მუშაობს. სიაში ეწერებიან და მერე პარლამენტში წელიწადში ერთხელ გამოჩნდებიან, „ქართული ოცნების“ დეპუტატების 90% არაფერს აკეთებს, ასეთი მაღალი ხელფასი უბრალოდ დაცინვაა“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ, რომელსაც ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი, დაუჭერს თუ არა მხარს აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას.
არსებობს სრულიად განსხვავებული დამოკიდებულებაც. „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ 2025 წლიდან უმაღლესი თანამდებობის პირების ხელფასების ზრდა „ფუჭი ხარჯვა“ იქნება. როგორც მან „ბიზნეს მედიას“ ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით განუცხადა, კანონში შესატან ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, ვინაიდან არსებულ სისტემაში ანაზღაურების მსგავსი ზრდა გაუმართლებელია.
„ბუნებრივია, მხარს ვერ დავუჭერ. როდესაც ადამიანებს შვილი ჩარტერებით დაჰყავთ, კიდევ მაღალი ხელფასი უხადო, უცნაურად გამოიყურება. ზოგადად, პრემიერ-მინისტრი იქნება თუ მაღალი თანამდებობის პირი, ღარიბი არ უნდა იყოს. 1000 ლარი ადამიანისთვის, რომელიც მილიარდობით ბიუჯეტს განკარგავს, არასერიოზულად გამოიყურება, თუმცა მეორე საკითხია, რომ ისინი თანამდებობაზე არ არიან თავისი დამსახურებით, არც რაღაც კარგს აკეთებენ და არც იმისი ილუზია გვაქვს, რომ მართლა ხელფასზე ცხოვრობენ. ამიტომ აღვიქვამ, რომ ეს ფუჭი ხარჯვაა“, - განაცხადა დეპუტატმა.
უნდა ითქვას ისიც, რომ დღეს მოქმედი სახელფასო პრაქტიკა, გარკვეულწილად, ალოგიკურია, რადგანაც მინისტრების წლიური ხელფასები 66-81 ათასი ლარის ფარგლებში ნაწილდება, ხოლო პრემიერ-მინისტრის წლიური ანაზღაურება მხოლოდ 41 ათასი ლარია, რაც მინისტრის საბაზო ხელფასზე 25 ათასი ლარით ნაკლებია.
ამასთან, ბევრი მინისტრის მოადგილის ანაზღაურება მინისტრის ანაზღაურებაზე მაღალია, რაც ასევე არალოგიკურ სახელფასო თანაფარდობაზე მეტყველებს. ზოგიერთ სამინისტროში მინისტრის მოადგილის ხელფასი მინისტრის ხელფასს 55 ათასი ლარითაც აღემატება და 137 ათას ლარს აღწევს.