თბილისში მოსახლეობისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდას ბიზნესი მშენებლობების გააქტიურებით პასუხობს. ტემპი იმდენად მაღალია, რომ ხშირ შემთხვევაში ყოველგვარ კანონზომიერებას აცდენილია. ქალაქის განაშენიანება უკვე ქაოსურად მიმდინარეობს, რასაც ურბანისტებიც უპირისპირდებიან და ეკოლოგებიც.
გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტის, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის განცხადებით, დედაქალაქში განიავება არის შემცირებული სწორედ არასწორი განაშენიანების შედეგად, რის გამოც ტრანსსასაზღვრო დაბინძურება ვიზუალურად უფრო ნათელი ხდება.
ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება ბევრ შემთხვევაში იწვევს ადამიანებში ალერგიულ რეაქციებს, სასუნთქი სისტემების დაზიანებას, განსაკუთრებით, ეს უფრო რთულად ასთმური მოვლენების მატარებლებს გადააქვთ.
„ჩვენ ორი ნაკადი გვაქვს ისეთი, რომელიც შესაძლებელია ტრანსსასაზღვრო დაბინძურების ნაწილად ჩავთვალოთ. ერთი მოდის აფრიკიდან, მეორე ნაკადი კი არის ცენტრალური აზიიდან. ბოლო პერიოდში ხშირად ფიქსირდება, ახლა ნაკლებად არის ბურუსი, მაგრამ შარშან და შარშანწინ რამდენჯერმე 3-4 დღის განმავლობაში ბურუსი მთლიანად ქალაქში იყო.
თბილისში მაღალსართულიანი მშენებლობის შედეგად ქალაქს განიავება აღარ აქვს. შესაბამისად, ეს იწვევს, რომ შეგრძნების დონე PM-ის მომატების და ტრანსსასაზღვრო დაბინძურება უფრო ნათელი ხდება. რას იწვევს ეს საბოლოო ჯამში? - ეს იწვევს ბევრ შემთხვევაში ადამიანებში ალერგიულ რეაქციებს, სასუნთქი სისტემების დაზიანებას, განსაკუთრებით, უფრო რთულად გადააქვს ეს ასთმური მოვლენების მატარებლებს.
ამ შემთხვევაში ორი ფაქტორია, ერთი, რომ PM არის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შედეგად შემოსული, მეორე - PM შეიძლება გაიზარდოს ტრანსპორტიდან დაბინძურებით, ანუ ეს ყველაფერი ერთმანეთს ედება, რაც რა თქმა უნდა, იწვევს არასასიამოვნო განცდებს, ადამიანებს ზოგადად სუნთქვა ეკვრებათ და ვერ სუნთქავენ, როგორც არის საჭირო. თან იმ ფონზე, რომ ქალაქში განიავება არის შემცირებული არასწორი განაშენიანების შედეგად. ეს ყველაფერი იწვევს ამ შედეგებს, რომ ქალაქში ძალიან ბევრ ადამიანს უკვე ცხოვრება უჭირს.
არსებობს სხვადასხვა ტიპის რეკომენდაციები - ამ დროს ცდილობენ, რომ გაერიდონ მსგავს ადგილებს, მეორე რეკომენდაცია არის სველი საფენები ზოგჯერ და პირბადეები, რომელიც აგრეთვე შველის ამ სიტუაციაში. და კიდევ ერთი, გამწვანების კოეფიციენტი თბილისში უფრო მაღალი უნდა იყოს“, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ პრესკონფერენციაზე.
დედაქალაქში რომ მაღალსართულიანი შენობების ბუმი დაიწყო, ეს უკვე აშკარაა. ძალიან მალე ეს მრავალ სხვადასხვა პრობლემას წარმოშობს, რომელიც შემდეგ უკვე ვეღარ გადაიჭრება. თბილისის განაშენიანებასთან დაკავშირებით მყარი პოზიცია აქვს ურბანისტ ლადო ვარდოსანიძეს, რომელიც მომხრეა, რომ კლასტერი გაკეთდეს, კონკრეტულად ერთ უბანში იყოს ცათამბჯენები, რომ ყველაფერს მოედოს. მაგალითად, ვაკეში მიმდინარე მაღალსართულიანი განაშენიანება და იქ ბიზნესობიექტების თავმოყრა, არა მხოლოდ დატვირთვაა ინფრასტრუქტურაზე, არამედ ავტომანქანების ეპოქაში, გაუვალი გზების წინაპირობაცაა.
„ეს არის შეუქცევადი და ისტორიული კატეგორიის დანაშაული, რაც დღეს ხდება საცხოვრებელი კორპუსებს მიმართულებით. ერც ერთ ეკონომიკური განვითარების პრეტენზიის მქონე მსხვილი ქალაქი, მით უფრო, დედაქალაქი, ვერ ასცდება მაღლივი შენობების შემოტევას, მაგრამ ამას გონივრულად წყვეტენ დასავლეთში. აჯგუფებენ მაღლივ შენობებს (იქ ძირითადად არის ოფისები, საცხოვრებლები ნაკლებად) და თავს უყრიან ერთ კლასტერში, ამას „მანჰენტენიზაციაც“ შეიძლება ეწოდოს, ანუ ადგილი, სადაც ბიზნეს საქმიანობაა განვითარებული. ეს არის თბილისის გამოსავალიც.
ბოლო ხანს, რაც ვაკეში ხდება, ეს არის მიუღებელი. ეს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურაზე, წყალსადენ-კანალიზაციაზე ან ელექტროქსელებზე დატვირთვა, ამას როგორღაც ეშველება, მაგრამ ავტომობილიზაციას რა ვუყოთ? თქვენ ხედავთ რა მდგომარეობაშია ქუჩები, გამზირები, მოძრაობა შეუძლებელია უკვე.
რაც შეეხება ახალ კორპუსებს, ეს არის კატასტროფა. დაიკარგა ეზოს ფენომენი, საერთოდ აღარ აქვს კორპუსებს. ეს მაშინ, როდესაც ეზო, გარდა იმისა, რომ განიავებას უწყობდა ხელს, იყო თაობების სოციალიზაციის გარემო. ჩვენ ეზოში ვსწავლობდით ურთიერთობებს, იქ ვთამაშობდით და ა.შ. ვფიქრობ, ეს არის ძალიან დიდი დანაშაული. მეტიც, ეს არის შეუქცევადი და ისტორიული კატეგორიის დანაშაული. კატასტროფაა, რაც დღეს ხდება, საცხოვრებელი კორპუსების განაშენიანების მიმართულებით“, - აღნიშნა ლადო ვარდოსანიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.