დაპირისპირებული ევროპა და დახმარების მოლოდინში ბრძოლის ველზე, უიარაღოდ დარჩენილი უკრაინა

დაპირისპირებული ევროპა და დახმარების მოლოდინში ბრძოლის ველზე, უიარაღოდ დარჩენილი უკრაინა

დაპირისპირება ევროპაში, უკრაინის ომთან დაკავშირებით, სულ უფრო თვალში საცემი ხდება. როგორც ჩანს, დასავლეთი ცდილობს, უკრაინის ომის დასასრულებლად გეგმა შეიმუშაოს, თუმცა მანამდე სიტუაცია ფრონტის ხაზზე რთულდება, რადგან ამერიკის მხრიდან გაჯანჯლებული დახმარების გამო, უკრაინელებს ფრონტის ხაზზე შეიარაღების, ტექნიკის, მომარაგების და სხვა ლოჯისტიკური პრობლემები ექმნებათ. იმის ნაცლად, რომ რაღაცა გამოსავალი გამოიძებნოს, საფრანგეთსა და გერმანიას შორის ჭურვების შესყიდვასთან დაკავშირებით დაპირისპირება დაიწყო. ვის რა ინტერესები აქვს ამ ომში და რა საფრთხეს ქმნის დაპირისპირებული ევროპა უკრაინის ომისთვის? ამ და სხვა კითხვებზე ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი for.ge-სთან ინტერვიუში საუბრობს.

უკრაინის ომან დაკავშირებით, ევოპაში მოკავშირეებს შორის აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირებაა. განსაკუთრებით კი გამწვავდა სიტუაცია საფრანგეთსა და გერმანიას შორის, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც რუსულ მედიაში 1 მარტს გამოქვეყნდა გერმანელი ოფიცრების ფარული ჩანაწერები, სადაც ისინი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე მსჯელობენ. სხვათა შორის, საუბრის მონაწილეები განიხილავენ კიევისთვის „ტაურუსის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას, რომელიც გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ჯერჯერობით უარყო. რას ნიშნავს ეს ყველაფერი და რა სახის დაპირისპირებაზეა საუბარი?

- სამწუხაროდ, გვქონია შემთხვევები, როცა ევროპა ერთიანი არ ყოფილა და ამით უსარგებლიათ, მაგალითად, როცა მიუნხენის აქტი დაიდო და ფაქტობრვად, ჰიტლერს მაშინდელი ჩეხოსლოვაკია ჩააბარეს. ამის შემდეგ კი პოლონეთზე თავდასხმა და მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. ისეთ სიტუაციაში, როცა ომია ევროპაში კონსენსუსი ყოველთვის დადებითად არ მუშაობს. როდესაც ერთი გამოკვეთილი მტერია, მის წინააღმდეგ ერთიანი აზრი უნდა არსებობდეს, აზრთა სხვადასხვაობა აქ უკვე წამგებიანია. განსხვავებით იგივე ევროპისგან, ნატოსგან, როგორც სტალინს შეეძლო ერთიანი გადაწყვეტილების მიღება, ასევე შეუძლია პუტინს. ეს უფრო დიდ შეცდომებს იწვევს, მაგრამ ომის დროს ასეთი გადაწყვეტილებები უფრო ეფექტურია, ვიდრე ის რასაც ახლა ამერიკაში უკრაინისთვის იარაღის დახმარების კუთხით ვხედავთ. ეს არის მარაზმი, რაც ამერიკის კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში ხდება. სპეციალურად, ათასი ყურით მოთრეული მიზეზით ცდილობენ უკრაინისთვის ამ 60 მილიარდის დახმარება გააჯანჯლონ. ეს კი უკრაინაზე ძალიან დამღუპველად მოქმედებს და ფრონტის ხაზზე ამან შესაძლოა დამღუპველი შედეგები გამოიწვიოს.

გერამნიის და საფრანგეთის ასე მწვავედ დაპირისპირების მიზეზი რა არის? ბოლოს ვხედავთ, რომ შოლცის და მაკრონის ურთიერთობა იქამდეც კი არის მისული, რომ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებას ერთმანეთს საჯაროდ უთვლიან. შესაძლოა ევროპამ უკვე ამერიკის შემდეგ პირადი ინტერესები უფრო მაღლა დააყენოს?

- დიახ, სამწუხაროდ ასეა და ბოლო შეხვედრა, რომელიც ახლა პარიზში მოხდა, მაკრონმა წაკბინა შოლცს - ჩვენ როცა უკრაინისთვის დახმარება დავიწყეთ, ზოგიერთმა ქვეყანამ ამ დროს მხოლოდ 5 ათასი მუზარადი გაუგზავნაო. ასეც იყო, გერმანიის ეს არასერიოზული გადაწყვეტილება. თუმცა ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და გერმანია ნატოს წევრი ქვეყნებიდან, ამერიკის შემდეგ, უკრაინას სერიოზულ დახმარებას უწევს.

ახლა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საზენიტო ჭურვებთან დაკავშირებით წარმოიშვა. ჩეხეთის პრეზიდენტმა, რომელიც გენერალია, განაცხადა, რომ მოძებნა 800 ათასი ჭურვის საშუალება, რათა უკრაინის არმიას მიაწოდონ, ოღონდ ეს ჭურვები ევროპის გარეთა ქვეყნებშია საყიდელი. აქ უკვე საფრანგეთი, საბერძნეთი და კვიპროსი წინააღმდეგები წავიდნენ. ამის მიზეზი ის არის, რომ საფრანგეთს უნდა, ის ფული, რასაც ევროკავშირი გამოყოფს, ისევ ევროკავშირის ქვეყნების ქარხნებში ჩაიდოს და ჭურვები მათ აწარმოონ. ეს სწრაფად არ ხდება, ამას დრო და წლები უნდა. უკრაინას ამის დრო არ აქვს, ხალხი ეღუპება ფრონტის ხაზზე და ვხედავთ, სამოქალაქოებს როგორ ბომბავენ. საბერძნეთი და კვიპროსი წინააღმდეგი იმიტომ წავიდნენ, რომ ჭურვების ნაწილის ყიდვა თურქეთიდან უნდა მომხდარიყო და მის სამხედრო მრეწველობას გააძლიერებდა, რაც ბერძნების ინტერესში არ შედის. ამ დაპირისპირებაში დრო იკარგება და უკრაინელები იხოცებიან.

ვნახეთ, რომ დაპირისპირებაა ასევე მაკრონის იდეის გამო, სადაც მან თქვა, რომ შესაძლოა, უკრაინაში სიტუაცია ისე წარიმართოს, რომ დასავლური შეიარაღებული ძალების განთავსებაც კი გახდეს საჭირო. მის ამ ნათქვამს დიდი გამოხმაურება და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. მაკრონმა კი განმარტა, რომ მისი ნათქვამი სხვანაირად გაიგეს. რა თქვა მაკორნმა და რამდენად შეიძლება უკრაინას ასეთი საჭიროება დაუდგეს?

- მაკრონმა აბსოლუტურად სწორად თქვა, რომ ჩვენ, ევროკავშირი თუ ნატოს წევრი ქვეყნები, 6-12 თვე ვაგვიანებთ უკრაინის დახმარებაზე გადაწყვეტილების მიღებას, რაც შემდეგ ფრონტის ხაზზე ძალიან ცუდად აისახებაო. ამიტომ მან დააყოლა, რომ ამის გამო, შესაძლოა, ისე გაჭირდეს უკრაინაში, რომ ჯარების გაგზავნაც კი მოგვიწიოსო. მან ეს ერთ-ერთ ვარიანტად თქვა. როცა ეს ომი დაიწყო, უკრაინასა და დასავლეთს შორის შეთანხმება შედგა - უკრაინამ თქვა, ცოცხალი ძალა ჩვენი, იარაღი - თქვენი. ასე მიდიოდა, მეტ-ნაკლებად, სიტუაცია, თუმცა ფრონტის ხაზზე დრო ძალიან გადამწყვეტია. დაგვიანებული დახმარების ფონზე, გარკვეული პრობლემები გაჩნდა. ამასთანავე, უკრაინას იმის გარდა, რომ შეიარაღების და საბრძოლო მასალის მიწოდების პრობლემა აქვს, თავად აქვს პრობლემა ცოხალი ძალის. ამ ორწლიანმა ომმა უკრაინაშიც დიდი მსხვერპლი მოიტანა.

რამდენად რეალურია დაღუპული ჯარისკაცების ის რიცხვი, რომელიც პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ დაასახელა?

- პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცახდა, რომ 31 ათასი კაცია დაღუპული, მაგრამ რეალობაში დაღუპული 70 ათასი მაინც იქნება. პლუს, დაახლოებით, 200 ათასამდე დაჭრილი, დასახიჩრებული და დაკარგული ხალხია. ახლა უკრაინას მობილიზაციაც უჭირს. რუსეთმა მოახერხა მობილიზაცია და ფრონტის ხაზზე შევსება აქვს. უკრაინამ თუ მობილიზაცია არ ჩაატარა, სიტუაცია ძალიან მძიმე იქნება. მოსახლეობაში ამდენი დანაკარგის შემდეგ, მოხალისედ ომში წასვლის სურვილი აღარავის აქვს. ე.წ. სამხედრო კომისრები იძულებულები არიან ხალხი ქუჩაში დააკავონ და ომში ისე წაიყვანონ.

უკრაინაში ახლა როტაცია თითქმის არ ხორციელდება. ამიტომ ცოცხალ ძალაშიც უკრაინას სერიოზული პორბლემები აქვს. ფრონტის ხაზზე მოვლენები უკრაინის სასარგებლოდ რომ განვითარდეს, პირველ რიგში, ორ რამეს აქვს მნიშვნელობა - რამდენად სწრაფად მიიღებს დასავლეთიდან დახმარებას და მოახდენს თუ არა ჯარში როტაციას. სწრაფად მობილიზაციის გამოცხადება და ჯარის გადახალისება უნდა მოხდეს.