პრეზიდენტი ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალება-არშეწყალების მორალური გადაწყვიტილების ზღვარზე

პრეზიდენტი ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალება-არშეწყალების მორალური გადაწყვიტილების ზღვარზე

სალომე ზურაბიშვილისთვის მიხეილ სააკაშვილის შეწყალება-არშეწყალების საკითხი ყოველთვის მორალურ ზღვარზე გადიოდა. იყო დრო, როცა მორალი და ირინა ენუქიძის ფაქტორი მას არ აძლევდა საშუალებას, გაეთავისუფლებინა ექსპრეზიდენტი. ამჯერად უცნობია, მოქმედი პრეზიდენტის მორალი რაზე გადის, შეიცვალა თუ არა მისი განწყობა გარეშე ფაქტორებიდან და გარე ზეწოლიდან გამომდინარე. გადალახა თუ არა მან ის ზღვარი, რომლის ერთ მხარესაც დარჩნენ სანდრო გირგვლიანი და ირინა ენუქიძე, ასევე, უამრავი ადამიანი, რომელიც შეიწირა სააკაშვილის რეჟიმმა, ხოლო მეორე მხარეს გამოჩნდა სხვა პრიორიტეტები, მათ შორის, ზურაბიშვილის მერკანტილური ინტერესები.

რამ ჩაუსახა ნაცებს იმედის ნაპერწკალი, როცა მათ დაიჯერეს, რომ „დადგება მომენტი, როცა ზურაბიშვილი სააკაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილებას მიიღებს“, რადგან მისი რიტორიკა შეცვლილია. რას ნიშნავს პრეზიდენტის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს ექსტრადიციის შესაძლებლობა?! სააკაშვილის შეწყალების ინსპირაციას ხომ არ მისცემს ზურაბიშვილს ცალკეულ სასულიერო პირთა მოწოდებები?! საუბარია მეუფე იობზე, რომლის განცხადებაც „ვაკმაროთ პატიმრობაში ყოფნა მიხეილ სააკაშვილს და იგი გათავისუფლდეს“, ორაზროვნად გაიგო ქართველმა ერმა.

მეუფეს შეახსენებენ, რომ სააკაშვილის მიერ ეკლესიისთვის მიცემული 25 მილიონი, ასევე, სასულიერო პირებისთვის გადაცემული მიწები და შენობები არაფერია იმასთან შედარებით, თუკი მას სინანულის საშუალება არ მიეცემა იმ 300 ათასი ადამიანის წინაშე, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა დააწიოკა. ამდენად, მეუფეს მოუწოდებენ, პირადად შეეცადოს, სინანულისკენ მოუწოდოს დამნაშავეს, ამხილოს მისი ცოდვები და საბოლოო ბეჭედი არ დაუსვას მისი სულის დაღუპვას.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მორალი ახლა გადიოდეს საფრანგეთის ან ამერიკის პოლიტიკოსებზე და მათი განცხადების მიხედვით ჩამოყალიბდეს ზურაბიშვილის მორალიც სააკაშვილის შეწყალების კონტექსტში. დაახლოებით ეს იგივეა, როგორც ბევრი სხვა ადამიანის მორალი ყალიბდება სხვა ადამიანების შეძახილებით.

რაც შეეხება მეუფე იობის განცხადებას, რომ ვაკმაროთ სააკაშვილს პატიმრობა და იგი გავათავისუფლოთ, რამაზ საყვარელიძე ეჭვობს, პრეზიდენტ ზურაბიშვილზე ამ სიტყვებმა გავლენა იქონიოს, ვინაიდან განა შეიძლება მეუფე იობის განცხადება ანგარიშგასაწევად ჩავთვალოთ იმ ადამიანისთვის (ანუ პრეზიდენტ ზურაბიშვილისთვის), რომელმაც პატრიარქის ასაკსა და სისუსტეზე გაამახვილა ყურადღება?!

„მეეჭვება, საეკლესიო პირებს, მათ შორის, მეუფე იობს ახლანდელი პრეზიდენტი დიდ ანგარიშს უწევდეს. მაინც მგონია, ზურაბიშვილი უფრო ორიენტირებულია დასავლეთის ქვეყნებზე, მათი განწყობების კარნახით მოქმედებს. თუკი უცხოეთში დიდი რია-რია ატყდა, გაათავისუფლეთ სააკაშვილიო, არ არის გამორიცხული, ზურაბიშვილმა უცხოეთის დამოკიდებულება მოიმიზეზოს და სააკაშვილი შეიწყალოს. მით უმეტეს, ახლახანს გაირკვა, რომ ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები ისევ ლობისტებს აძლევენ ფულს. ჯერ არჩევნებისთვის ფულის გაღება ნაადრევია და გამორიცხული არ არის, სწორედ სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით დასავლეთის მობილიზება გადამწყვეტი იყოს. თუმცა ესეც მეეჭვება, რადგან თუკი ოპოზიცია იხდის ფულს ლობისტებში, ოპოზიციაში მე არ მეგულება რომელიმე ჯგუფი, „ნაციონალური მოძრაობის“ თამადობით, რომელიც ძალიან ცდილობდეს სააკაშვილის გათავისუფლებას. თავისუფალი სააკაშვილი მათთვის კონკურენტია“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ცალკეული სასულიერო პირების (და არა საპატრიარქოს შეჯერებული პოზიცია), ცალკეული ადამიანების და, განსაკუთრებით, ანგარებიანი უცხოელი ნაცლობისტების განცხადებები იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველოს პრეზიდენტმა, არ არის მათი საქმე და კომპეტენცია. ცხადია, საქართველოს მოქალაქეებს, საერო თუ სასულიერო პირებს, აქვთ გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია ვერცხლისმოყვარე ევროპარლამენტარების სამარცხვინო განცხადებები სააკაშვილის შეწყალების თაობაზე.

„კითხვა ისმის, რაში აწყობს ზურაბიშვილს, საბოლოოდ შეირცხვინოს თავი ქართული საზოგადოების წინაშე და შეიწყალოს სააკაშვილი?! მით უმეტეს, რომ ზურაბიშვილი არ წარმოადგენს საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესების გამომხატველს. მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით სააკაშვილის დროებითი შეწყალება პოლარიზაციის გაზრდის გარდა არაფერს მოიტანს. ეს იქნება დროებითი შეწყალება, რადგან სააკაშვილს აუცილებლად დაეწევა პროკურატურის შუამდგომლობით სასამართლოს გადაწყვეტილება, განათავსონ წინასწარ პატიმრობაში. ეს იქნება ზურაბიშვილის მხრიდან პოლიტიკური აქტი, რადგან მას სურს ე.წ. ხარკი გადაუხადოს გლობალური ომის პარტიას, მაგრამ რა შედეგზეა ეს ორიენტირებული? შედეგი იქნება ის, რომ ხალხში იყოს შფოთი, პოლარიზაცია და სააკაშვილი რამდენიმე საათი, ან რამდენიმე დღე გარეთ იყოს, მაგრამ ბოლოს ისევ ციხეში აღმოჩნდეს“, -აცხადებს გია აბაშიძე.

მისივე განმარტებით, საპატრიარქოს უფლება აქვს, შეჯერებული პოზიციით შუამდგომლობა დააყენოს პრეზიდენტის წინაშე ამა თუ იმ პატიმრის შეწყალებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს იქნება შუამდგომლობა, თხოვნა და სულაც არ არის აუცილებლად გასათვალისწინებელი. რაც შეეხება ცალკეულ სასულიერო პირებს, იქნება ეს მეუფე იობი, თუ მეუფე ნიკოლოზი, რომელიც სააკაშვილის მოძღვარია, გია აბაშიძე ფიქრობს, რომ მათი საქმე არ არის პოლიტიკურ ველზე შემოსვლა, ისევე, როგორც პოლიტიკოსების საქმე არ არის თეოლოგიურ სჯა-ბაასში შესვლა. ამიტომ უნდა გავმიჯნოთ ეს ორი სფერო - სამოქალაქო-საერო და სასულიერო და აღრევა არ მოვახდინოთ.

„საქართველოში პოლიტიკური ორიენტაცია კი არ არის აღრეული, აქ აღრეულია თეოლოგიურ-პოლიტიკური და პოლიტიკურ-რელიგიური საკითხები. ეს რომ არ მომხდარიყო, ამისთვის დიდი ზღვარია გავლებული კონსტიტუციით და კანონმდებლობით და ამას საქართველოს ყველა მოქალაქემ პატივი უნდა სცეს“, - აღნიშნა გია აბაშიძემ.