ოპოზიციაში ქაოსი გრძელდება. ბიწაძე-ბურჯანაძის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადებები, გელბახიანი-კილაძის განცხადებებმა გადაფარა, თუმცა ორივე “ისტორიას” ერთიდაიგივე გმირები ჰყავს - ოპოზიციის ლიდერები. თითოეულმა თითქოს ყველა ბრალდებასაც უპასუხა და ყველა კითხვასაც. რამდენად გულწრფელად, სხვა საქმეა. მთავარია, ოპოზიციურ “ვაკხანალიაზე” თითქმის ყველამ თქვა სათქმელი, ერთი ლიდერის გარდა. კოკა გუნცაძეს, რომელიც, თავის დროზე, გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა და მის ფინანსებსაც განაგებდა, შეუძლია, ბევრ საიდუმლოს ფარდა ახადოს. “ქართული პარტიის” გენერალური მდივანი გვესაუბრება იმაზე, მართლაც შედგა თუ არა შეხვედრა “გრეჩეხას” სარდაფში, რა თანხით დაეხმარა პატარკაციშვილი ოპოზიციას და როგორ აპირებს “ოთხთა ძალა” გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნების მიღწევას.
- “ქართულმა პარტიამ” დაისახა მიზნად, სწრაფად მოვამზადოთ პირობები იმისათვის, რომ ხელისუფლება შევცვალოთ და დავიწყოთ ქვეყნის გამოყვანა უმძიმესი კრიზისიდან. ჩვენი ამოცანაა, შეიქმნას მძლავრი ალტერნატიული პოლიტიკური ძალა. ძალაში ვგულისხმობ ორ ფაქტორს: “ქართული პარტია”, როგორც ბრენდი, რომელსაც ხალხში გარკვეული სოციალური კაპიტალი აქვს, რომელსაც ენდობიან და მეორე - ორგანიზებული, პოლიტიკური ინფრასტრუქტურა, რომელიც მზადაა პოლიტიკური ბრძოლისთვის.
ალბათ გაგიჭირდებათ იყოთ ბრენდი, რომელსაც ენდობა ხალხი, ისეთ ინფორმაციებს აეხადა ფარდა. ხელისუფლებასთან ფარული გარიგება, ფულის მითვისება... რომელი ერთი ჩამოვთვალო, არ ვიცი.
- “ქართული პარტიის” მიმართ ასეთ დაუსაბუთებელ, უღირს ბრალდებებს, ცილისწამებას, შეტევას... ყოველთვის დაჰკრავს მიზანმიმართული კამპანიის ელფერი და ეს ნათელია საზოგადოებისთვის. პირიქით, ეს უფრო გვაძლიერებს. ხალხი ხვდება, რომ ხელისუფლებას ეშინია არენაზე ჩვენი გამოჩენის.
ხელისუფლება რა შუაშია, ოპოზიციური პარტიების მხრიდან წამოსულ ბრალდებებზე გეკითხებით.
- ის, რაც ხდება, ჩვენი ოპონენტების არა მხოლოდ უსინდისობის, არამედ უზნეობის, პრიმიტივიზმის ნიშანია. ბრალდებები ერთი ძალიდან წამოვიდა, რომელიც წლების განმავლობაში ხელისუფლების ნაწილი იყო, ჩაიდინა ბევრი დანაშაული, მათ შორის - გააყალბა არჩევნები და დღემდე არ აღიარებს ამას. გამარგინალებული და წარსულში გადასული ძალების მხრიდან ჩვენი შეურაცხყოფა არაფერს ნიშნავს.
თქვენი პარტიის ლიდერებიც იყვნენ “ხელისუფლების ნაწილი”. ამ ლოგიკით, ყველა ეს ეპითეტი, თქვენი ძალის მისამართითაც შეიძლება გამოვიყენოთ?
- არა, დიდი განსხვავებაა ჩვენს შორის - ჩვენ არავის ვაგინებთ, ვლანძღავთ. ჩვენი პარტიის ლიდერები არ იყვნენ 7 ნოემბერს ხელისუფლებაში, რუსეთის აგენტებს არ გვეძახდნენ და არ აყალბებდნენ 5 იანვრის არჩევნებს. იცით რა, ამ საკითხებზე კომენტარების გაკეთებას არ ვაპირებ. პასუხები უკვე გავეცით.
არ გაგიციათ. ლევან გაჩეჩილაძემ თქვა, ბურჯანაძეს პასუხს მოვთხოვო. დღეს კი, საეჭვოდ, დუმს.
- გეუბნებით, დიდი ხანია ამ თემებზე ლაპარაკი დავასრულეთ. ისტორიასთან ბრძოლას აღარ ვაპირებთ. წარსულია ეს ადამიანები, მარგინალური წრეები, რომლებიც აბსოლუტურად ამოვარდნილები არიან რეალური კონტექსტიდან. მიზნის მისაღწევად ვიბრძვით, ჩვენი ძალა სოლიდურია და ჭორაობაზე კომენტარების გაკეთებას ნამდვილად არ ვაპირებთ.
არადა, ეს ჭორაობა ოქრუაშვილმა დაიწყო, როცა “სახალხო კრება” “საპნის ბუშტებს” შეადარა. თუ არავის ლანძღვას აპირებდით, მსგავსი განცხადებების გაკეთება რას ემსახურებოდა?
- უკვე გიპასუხეთ. ისე, ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ კრიტიკა და უსაფუძვლო, ბინძური ცილისწამება. კრიტიკის უფლება ყველას აქვს. ბინძური ცილისწამება და საკუთარი სასოწარკვეთის მიზეზების სხვისთვის გადაბრალება კი, ცოტა პრიმიტიულ ბავშვურ ინფანტილიზმს წააგავს.
კონკრეტულ ფაქტებზე მინდა ვისაუბროთ, მაგალითად, იმაზე, ლევან გაჩეჩილაძის სახლის სარდაფში, კრებაზე სასაუბროდ როგორ შეხვდით ბიწაძე-ბურჯანაძეს. არ შემდგარა ასეთი შეხვედრა?
- მოლაპარაკება ძალიან ბევრი გვქონდა. ოპოზიცია ერთმანეთთან ლაპარაკობდა ბევრ ადგილას. მათ შორის, ლევანთანაც, სახლში. ცხადია, აზრთა გაცვლა-გამოცვლაც იქნებოდა.
იქნებოდა თუ იყო? კონკრეტულ შეხვედრაზე გეკითხებით, სადაც პირობები წააყენეთ, რა შემთხვევაში შეუერთდებოდით კრებას.
- გითხარით, არ ვაპირებ იმ პრიმიტიული ადამიანების ბრალდებებზე საუბარს, რომლებიც ფარდის უკან იმალებიან და ადამიანებს უსმენენ!
კარგით, ფარდის უკან არ იმალებოდა ვალერი გელბახიანი, რომელმაც განაცხადა, პატარკაციშვილმა ოპოზიცია 2007 წელს, 10 მილიონით დააფინანსაო.
- 10 მილიონი რომ გვქონოდა, ეს ხელისუფლება დღეს არ იქნებოდა!
არ იქნებოდა, თუ ფულს მიზნობრივად დახარჯავდით. ახლა კი საუბარია იმაზე, რომ ყველამ “მოტეხა” ცოტ-ცოტა. აი, პირადად თქვენ კი, 5 მილიონი “აგიორთქლებიათ”. ისიც საინტერესოა, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი და ფინანსების განმკარგავი, ვის რა თანხას უნაწილებდით?
- 5 მილიონი? ეგ არ ვიცოდი, მართლა? თავის მართლება დავიწყო, იმ ადამიანების ნათქვამის გამო, რომლებმაც, რეალურად, პატარკაციშვილსაც კი უღალატეს? ეს ადამიანები გაიქცნენ ქვეყნიდან, ისინი არ მდგარან არცერთ ბრძოლაში ხალხის გვერდით. ისინი საერთოდ დაემალნენ პროცესებს. მეტიც, ხშირად იმ ჯგუფს ეკუთვნოდნენ, რომლებიც, ირიბად თუ პირდაპირ, ამ ხელისუფლებას უჭერდა მხარს. მათ სინდისზე იყოს ყველაფერი. გამოჩნდება, რას რატომ აკეთებენ. ზოგს საქართველოში ჩამოსვლა უნდა და იძულებულია, ხელისუფლების დაკვეთა შეასრულოს. ზოგს სხვა პრობლემა აქვს და ყველაფერს კადრულობს. სასაცილოა! ენას ძვალი არ აქვს! რა გითხრათ?! მართლა არ ვიცოდი, 5 მილიონი თუ მოვიპარე. ძალიან მეტყობა, რომ ამდენი ფული მაქვს? მათგან განსხვავებით (ისინი ხომ სიღატაკის ზღვარზე არიან), ფუფუნებაში ვცხოვრობ. უამრავი აგარაკი მაქვს და საზღვარგარეთ, არაერთი საბანკო ანგარიში. სინამდვილეში, ამ ადამიანებს მონური ფსიქოლოგია აქვთ. ჯერ ერთ პატრონს უღალატებენ, მერე მეორესთან გარბიან და ასე იცვლიან ადგილმდებარეობებს.
ადგილმდებარეობები და პარტიები, თქვენც არაერთხელ გამოიცვალეთ, ასე არაა?
- დიახ, მაგრამ, მათგან განსხვავებით, მე პატრონი არ მყოლია. მე მაქვს ჩემი პრინციპები და თუ ამას არ ითვალისწინებენ, მაშინ ვიწყებ სხვაგვარად მოქმედებას. კიდევ შევიცვლი პარტიას, თუ ჩავთვალე, რომ ეს ძალა, იმ პრინციპებს ღალატობს, რის გამოც აქ მოვედი - ვარ ინდივიდი, რომელსაც აქვს თავისი გადაწყვეტილების უფლება, სიმტკიცე... მათგან განსხვავებით, ბუჩქებში არ დავმალულვარ! რაც უნდათ, თქვან. ისე, დაბრალება კაცების საქმე არ არის. დედაკაცების საქმეა! მაგათ კი, მოვა დრო, პასუხი გაეცემა. იციან, ეს როგორც იქნება.
მე არ ვიცი და იქნებ გამარკვიოთ, სად და როგორ აპირებთ მათ პასუხი მოსთხოვოთ?
- ვითარება გასცემს ისეთ პასუხს, როგორსაც იმსახურებენ. გეუბნებით, გაერთიანებულ ოპოზიციას, ზუსტად ის თანხა ჰქონდა, რაც დეკლარაციაშია ნაჩვენები. ზუსტი რიცხვი არ მახსოვს. შეგიძლიათ, გამოითხოვოთ, ბალანსი არსებობს. სხვათაშორის, საკმაოდ მძიმე ფინანსური პირობები გვქონდა.
პატარკაციშვილი სიცოცხლეშივე აღიარებდა, რომ ოპოზიციას გარკვეული თანხა გადაუხადა. თუ 10 მილიონი არა, დაასახელეთ ის თანხა, რომელიც ოლიგარქმა ოპოზიციას მისცა.
- არ უარვყოფ, ბადრი პატარკაციშვილი ეხმარებოდა ოპოზიციას ნოემბრის დღეებში. ზუსტი ციფრი არ მახსოვს, თუმცა გეტყვით, რომ ეს იყო იმდენად უმნიშვნელო თანხა, ხმარდებოდა, ძირითადად, საწვავს, რომელიც ძალიან გვჭირდებოდა გადაადგილებისთვის - კოლონებით დავდიოდით ხშირად. იმდენად შეზღუდული იყო ეს დახმარება, შეუძლებელია, მას გავლენა მოეხდინა პროცესებზე. ფინანსური პრობლემის გამო, არ მივიღეთ რაღაც ტიპის გადაწყვეტილებები. ამის ბრალია ისიც, რა დღეშიც დღესაა ოპოზიცია. შეგიძლიათ ამოიღოთ დეკლარაციები, როგორ ცხოვრობს დღეს ოპოზიცია. ნახეთ, რით და როგორ ცხოვრობს ლევან გაჩეჩილაძე, მე... ჩემთან სახლში თქვენც ხომ ხართ ნამყოფი ინტერვიუზე... ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ, ამიტომ ამაზე საუბარი აღარ მინდა.
მაშინ ის მითხარით, პატარკაციშვილისგან ფული ოპოზიციაში რა ფორმით მოდიოდა?
- მე საერთოდ არ ვიცნობდი ბადრი პატარკაციშვილს პირადად. მასთან კონტაქტი არ მქონია. გარწმუნებთ, ბადრი იმდენად ჭკვიანი კაცი იყო, არ მისცემდა ფულს ადამიანს, ვისაც არ იცნობდა. შუამავლების მეშვეობით ამას არ გააკეთებდა. ასე ბადრი ფულს არ იძლეოდა, რომ მერე ნახევარ თბილისს გაეგო. მაგდენი ნამდვილად ესმოდა.
ჰოდა, საქმეც ეგაა, გაერთიანებულ ოპოზიციაში ბევრს იცნობდა პატარკაციშვილი პირადად. მაგალითად, გოგა ხაინდრავას, რომელიც თურმე, კეისით ატარებდა ფულებს აქეთ-იქით.
- მე ჭორაობას არ ვაპირებ. თემა დახურულია.
საინტერესოა, დღეს რა ძალებით და ფინანსებით აპირებთ ხელისუფლების შეცვლას?
- დღეს გვაქვს იმდენი თანხა, რამდენიც საჭიროა ოფისების გასახსნელად, მათი იჯარისა და კომუნალური ხარჯების დასაფარად. ეს შემოწირულობებია.
არსებობენ კეთილი ადამიანები, ვისაც სურთ ქვეყანაში ვითარების შეცვლა. კანონით გათვალისწინებულ ვადებში, ეს ინფორმაცია გამოქვეყნდება. ასე რომ, აქტიურად ვიბრძოლებთ. ყველა დაშვებულ და ტაქტიკურად გამართლებულ ქმედებას მივმართავთ, რომ გაზაფხულზე ვადამდელ არჩევნებს მივაღწიოთ.
ამაში “50 ათას კაციანი, ტექნიკურად შეიარაღებული ჯარი” დაგეხმარებათ? ისე, ოქრუაშვილმა დაპირისპირება არ გამორიცხა და “ჯარს” პროცესებში რა ფუნქცია დაეკისრება?
- “ჯარი” ნიშნავს ადამიანურ რესურსს, რომელიც იქნება თავმოყრილი ორგანიზაციაში. რაც შეეხება დაპირისპირებას, ქვეყანაში ისეთი რეჟიმია, ეს მართლაც არ არის გამორიცხული. წყარო და ავტორი ხელისუფლება იქნება. ქუჩაში პროცესი მაშინ გადადის, როცა ადამიანებს თავისუფლად სუნთქვის საშუალება აღარ აქვთ, სიღატაკეში ცხოვრობენ, მუდმივი შეურაცხყოფის, ჩაგვრის, სიცრუის ფონზე... ესაა მასობრივი არეულობის მასტიმულირებელი და არა ჩვენი კაპრიზები. ჩვენს ხალხს კი, ბევრი მსგავსი პრობლემა აქვს. მოთმინების ძაფი სად და როდის გაწყდება, არავინ იცის.
არ გიფიქრიათ, რომ ვადამდელი არჩევნები დღეს ყველაზე მეტად ხელისუფლებას აწყობს და ამით კიდევ ერთხელ მისცემთ მმართველ ძალას შანსს ხელისუფლებაში დარჩეს?
- არ ვიცი, არ მაინტერესებს, რა აწყობს ხელისუფლებას. ხალხს აწყობს ხელისუფლების შეცვლა. ჩვენ მალე ყველა გამოწვევისთვის ვიქნებით მზად. მათ შორის, ვადამდელი არჩევნებისთვისაც.
იმ ფონზე, როცა ზოგადად ოპოზიცია, სუსტია და არ არის მზად არჩევნებისთვის?
- ოპოზიციაში უნდა ჩამოყალიბდეს ალტერნატიული ძალა. ეს არის ჩვენი მიზანი, თუმცა არ ვამბობ, რომ მარტო ჩვენ ვეყოფით. გვეყოლება პარტნიორებიც. ვგულისხმობ, იმ ადამიანებს, ვინც გაუძლო ცდუნებას, არ წავიდა თანამშრომლობაზე ხელისუფლებასთან და დღემდე იბრძვის მის წინააღმდეგ. დაკონკრეტება რა საჭიროა, ისედაც ცხადია ყველაფერი.
თქვით, ბურჯანაძეს, თავის დროზე, იმიტომ გადავეფარეთ, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში ასე იყო საჭიროო. გაზაფხულზეც რომ გახდეს საჭირო, “კრებას” ისევ “გადაეფარებით”?
- სამწუხაროდ, “კრებამ” ვერ გაამართლა იმედები. ეს საინტერესო იდეა და პროცესი ერთი, მარგინალური პარტიის დამატებად იქცა. მას არ აქვს არანაირი ავტორიტეტი საზოგადოებაში და საეჭვოა, “კრების” (პირობითად, თორემ იქ ბევრი პატივსაცემი ადამიანია) მონაწილეობა იყოს გადამწყვეტი. ვერ შევძლებთ პარტნიორობას ადამიანებთან, რომლებმაც გადალახეს წითელი ხაზები, მაგრამ ქუჩა თავისუფალია - ყველას შეუძლია “ბარიკადებზე” თავი გამოიჩინოს. ეს მისი არჩევანიცაა, უფლებაც და გამოცდაც - გამოჩნდება, ვის რისი უნარი აქვს, რა შეუძლია და ვინ არის მზად, ბოლომდე იბრძოლოს. ისიც გამოჩნდება, ვინაა მოწოდებული ხელი შეუშალოს ძლიერი, ოპოზიციური ერთობის, ალტერნატიული ცენტრის ფორმირებას, თავისი ეგოისტური მისწრაფებების გამო.