„ოპოზიცია რეალურად მარცხს არის შეგუებული, პანიკაში არიან და ცდილობენ ცესკოს დისკრედიტაციით თემის აწევა შეძლონ“

„ოპოზიცია რეალურად მარცხს არის შეგუებული, პანიკაში არიან და ცდილობენ ცესკოს დისკრედიტაციით თემის აწევა შეძლონ“

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური შურისძიება სისრულეში მოიყვანა და „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო. მან „ქართული ოცნების“ მიერ კოდექსში შესატანი ცვლილებები დაბლოკა. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, რომელიც 11-გვერდიანია, პარლამენტს უკვე წარედგინა. ის შენიშვნებში ეუთო/ოდირ-ის მიერ საქართველოსთვის მიცემულ რეკომენდაციებს მიმოიხილავს და ვეტოს გამოყენებასაც ამ ჭრილში ხსნის.

მმართვლი პარტია კი აცხადებს, რომ ვეტოს დაძლევს და სალომე ზურაბიშვილს რადიკალურ ოპოზიცისთან ერთად, ცესკოს დისკრედიტაციის უფლებას არ მისცემს. ამ გადაწყვეტილებით „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს ცესკოს შეფის წარდგენის უფლებამოსილებას ოფციალურად ართმევს, ასევე, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციის კანდიდატი აღარ იქნება.

ხელისუფლებაში ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილს კანონპროექტებზე ვეტოს დადება ჩვევად ექცა და პრეზიდენტს მოტივირებული შენიშვნები არ აქვს. ის მხოლოდ ქვეყნის მტრების დაკვეთას ასრულებს და ამით არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებისთვის ემზადება.

პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის მიზანი არჩევნების დისკრედიტაციაა. მისი თქმით, ვეტო ვერ შეუქმნის პრობლემას სტაბილურად პროცესების განვითარებას.

„სალომე ზურაბიშვილი ჩართულია ცესკო-ს დისკრედიტაციის კამპანიაში. ეს არის მისი ერთ-ერთი დავალება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ლოგიკური იყო მისი ვეტო. ეს იყო მისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების კიდევ ერთი გაგრძელება. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ვეტო ვერ შეუქმნის პრობლემას სტაბილურად პროცესების განვითარებას. ვეტო იქნება დაძლეული. ეს გადაწყვეტილება აქვს მიღებული საპარლამენტო უმრავლესობას. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება, რათა ცესკო-მ შეძლოს ეფექტიანად არჩევნების ჩატარება. ამის საპირისპირო მიზანი აქვს სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცესკოს თავმჯდომარის საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციაში არაერთგვაროვანი განცხადებები კეთდება. მათი უმრავლესობა პროფესიული კუთხით გიორგი კალანდარიშვილს არ აკრიტიკებს, თუმცა ნაწილი მიიჩნევს, რომ გარკვეული კითხვები ნამდვილად არსებობს, რომელსაც კალანდარიშვილმა პასუხი უნდა გასცეს.

ოპოზიციის მეორე ნაწილის აზრით კი, რეალურად, არაფრის მომცემია ცესკოს თავმჯდომარის ირგვლივ დაწყებული კამპანია, რადგან, მათი აზრით, საკმაოდ ბევრი მექანიზმი არსებობს რათა მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩატარდეს არჩევნები:

„ძალიან ბევრ ოპოზიციურ პარტიას გვყავს ცესკოში წარმომადგენელი და დაკვირვების შესაძლებლობა გვაქვს. მე იმას არ ვამბობ, რომ იქ რაღაც ეჭვები არ შეიძლება არსებობდეს, მაგრამ კონკრეტულად ასეთი სიტუაცია მე არ მახსოვს საქართველოს ისტორიაში რომ ყოფილიყო“, - აღნიშნავს „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი.

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციამ არა მხოლოდ ცესკოს დისკრედიტაცია, არამედ მისი თავმჯდომარის გაშავებაც დაიწყო, როცა მისი თავმჯდომარედ წარდგენის დროს, არა თუ ოპოზიციას, სალომე ზურაბიშვილსაც კი ერთი სიტყვა არ დაუძრავს.

„არჩევნებამდე 7 თვით ადრე გაახსენდათ, რომ კალანდარიშვილი რეპუტაციულად არ არის ის ფიგურა, რომელიც ცესკოს ხელმძღვანელის პოზიციაზე ყოფნას იმსახურებს. ეს ცალსახად მიანიშნებს ერთ რამზე, რომ ეს არის ინსტიტუტზე ერთობლივი თავდასხმა, რათა არჩევნების წინ მისი დისკრედიტაცია მოხდეს. ამის მიზანი კი ის არის, რომ არჩევნების მეორე დღეს, ოპოზიციამ დაიწყოს საუბარი, თითქოს არჩევნები გაყალბდა. ეს ერთ მნიშვნელოვან რაღაცაზე მიუთითებს, რომ ოპოზიცია რეალურად მარცხს არის შეგუებული, პანიკაში არიან და ცდილობენ ცესკოს დისკრედიტაციით თემის აწევა შეძლონ. სასცილო ის არის, რომ ამას აკეთებენ არჩევნებამდე 7 თვით ადრე, რაც ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია არის პანიკაში და უნდათ ეს თემა ბრძოლის იარაღად აქციონ“, - ამბობს ქადაგიძე.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს ამ ოპოზიციურ მოზაიკაში საკუთარი როლი აქვს, ჯერ ერთი, პირად ამბიციებს იკმაყოფილებს, ხოლო მეორე მხრივ ამით ოპოზიციურ ფლანგზე თავის დამკვიდრებას ცდილობს.

„რაღაცა ბავშვის პოზიციით ცდილობს გაჯიუტდეს და ყურადღების ცენტრში მოექცეს. მისი დასაბუთება ვეტოსთან დაკავშირებით ძალიან სასაცილოა, გამომდინარე იქიდან, რომ თურმე რადგან მას პროცესებზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია და ამის ბერკეტი არა აქვს, ამიტომ ვეტოს ადებს. ძველი სტანდარტების ამოქმედებას ითხოვს, სადაც პრეზიდენტის როლი ცესკოს დანიშვნასთან დაკავშირებით გაზრდილი იქნება. აქედან ჩანს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ოპოზიცია დაადგა უკვე დესტრუქციის გზას, ხოლო ზურაბიშვილი ამ გზაზე ლიდერის იმიჯის გამყარებას ცდილობს. თავის მხრივ რაც შეუძლია, ოპოზიციას აჩვენებს, რომ საქმეში წვლილი შეაქვს“,-ამბობს ქადაგიძე.

მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ რეალურად თუ ჩავუღრამვდებით, ცესკოსთვის ბრძოლა რადიკალური ნაცკლასტერისთვის, რაიმე სერიოზულ შედეგზე ორიენტირებული ვერ იქნება.

„მათ არ აქვთ რაიმე სერიოზული ბერკეტი იმისთვის, რომ ცესკოში პროცესები ისე წარმართონ, როგორც სურთ. ოპოზიციას უნდოდა, რომ ცესკოს მოადგილის ყოლით, ქვეყანაში ილუზიური არეულობა მოეწყოთ. როგორმე ცესკოს დისკრედიტაცია მოეხდინათ და არჩევნების წინ თავმჯდომარე გადაეყენებინათ, ხოლო არჩევნების დღეს მის მოვალეობას მისი მოადგილე შეასრულებდა. ამით კი ოპოზიცას რაც უნდოდა იმას გააკეთებდა. ასეთი მიამიტური მიდგომა ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური პროცესების მიმართ, სამწუხაროდ, სტანდარტი გახდა. მათი მხრიდან რაიმე სერიოზულ პოლიტიკურ ჩანაფიქრს, ან ორი ნაბიჯით მაინც წინასწარ გათვლილ კომბინაციას ვერ ვხედავთ. ეს არის ძალიან პრიმიტიული გათვლა, იციან რომ ეს არაფერ შედეგს არ მოიტანს, მაგრამ მაინც არ ჩერდებიან. იმის მაგივრად, რომ აქტიური საარჩევნო კამპანია განახორციელონ, ხალხს დაელაპარაკონ და გააგებინონ ხელისუფლებას რით სჯობნიან, ისევ პროვოკაციების მოწყობაზე ფიქრობენ. იგივე ავიღოთ „ტვ პირველზე“ გასული სიუჟეტი, სადაც გიორგი კალანდარიშვილის შესახებ სიცრუის მეტი არაფერი უსაუბრიათ. სწორედ ამ ფორმით ცდილობენ მის დისკრედიტაციას და სამწუხაროდ, არ გაჩერდებიან. თუმცა, რა გამოუვათ ვნახოთ“, - ამბობს ახვლედიანი.