მას შემდეგ, რაც ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა, აქტიურად განიხილება საკითხი, თუ ვინ შეცვლის მას. საუბარია, რომ აზარაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კადრი იყო და ამიტომ მოხდა მისი გათავისუფლება. ამ დრომდე უცნობია, ვინ დაიკავებს ჯანდაცვის მინისტის პოსტს. ერთ-ერთი გავრცელებული ცნობის თანახმად, აზარაშვილი შესაძლოა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ შეცვალოს.
მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ანალიტიკოსთა და პოლიტიკოსთა ნაწილი წინასააჩევნო პერიოდს უკავშირებს და აცხადებს, რომ ისეთი მოწყვლადი სფეროსთვის, როგორიც ჯანდაცვაა, მართვის უკეთესი სისტემაა აუცილებელი. ამასთან, აღინიშნება, რომ ჯანდაცვის სამინისტროში ბევრი სერიოზული პრობლემა არსებობს, რასაც ყოფილი მინისტრი ვერ უმკლავდებოდა, ხოლო არჩილ თალაკვაძე გამოცდილი კადრია, რომელსაც მეტი ცოდნა აქვს ამ სფეროში და „ცუდი მინისტრი არ იქნება“.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ არჩილ თალაკვაძე გამოცდილი კადრია და არ არის გამორიცხული, ჯანდაცვის მინისტრად მისი დანიშვნა. თუმცა, ძაბირაძის შეფასებით, ვინც არ უნდა დაინიშნოს ამ თანამდებობაზე, მხოლოდ ახალი მინისტრი იმ პრობლემებს და გამოწვევებს ვერ გაუმკლავდება, რაც უწყებაშია და მნიშვნელოვანია მთლიანად ხელისუფლების ჩართულობა.
„თალაკვაძესთან დაკავშირებით იყო საუბარი. რამდენადაც მახსოვს, მას აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობის გამოცდილება, თავის დროზე მინისტრის მოადგილე გახლდათ. პროფესიით ექიმია, ასე რომ, მისი დანიშვნა ჯანდაცვის მინისტრად გამორიცხული არაა. შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ივანიშვილი ისურვებს. შესაძლოა ვერ თანხმდებიან პერსონაზე.
ჯანდაცვის რეფორმა, რომელიც სერგეენკომ დაიწყო, იყო ყველაზე წარმატებული რეფორმა საქართველოში, სანამ იქ სერგეენკო იყო, თუმცა ახლა ჯანდაცვაში გაცილებით მეტი პრობლემაა, ვიდრე შეიძლება სხვა მიმართულებით იყოს. ჯანდაცვა, ფაქტობრივად, ფარმაცევტულ სექტორთან ერთად, იქცა ფულის კეთების საშუალებად და ამას რა გამოასწორებს, არ ვიცი.
ვფიქრობთ, თალაკვაძე არც ურიგო პარლამენტის თავმჯდომარე არ ყოფილა და არ მგონია, რომ ცუდი მინისტრი იყოს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პრობლემებს მოაგვარებს. ეს არის მთლიანად ხელისუფლების თემა, რადგან ჯანდაცვის სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული სფერო და ყველაზე მძიმე პრობლემები აქ არის. ვინც არ უნდა დანიშნონ მინისტრად, მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრი ამ პრობლემებს ვერ მოაგვარებს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ზურაბ აზარაშვილთან შედარებით, არჩილ თალაკვაძეს მეტი გამოცდილება აქვს ამ სფეროში. ამასთან, მისი თქმით, თალაკვაძე „ქართული ოცნების“ ერთგული კადრია, რაც მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია.
„ამ ადამიანს აქვს სამედიცინო განათლება და მისთვის ეს სფერო უცხო არ არის. ვფიქრობ, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, სამედიცინო საზოგადოებასთან ურთიერთობის გამოცდილებაც აქვს და კომუნიკაციის თვალსაზრისით, გაცილებით უფრო დახვეწილი და ღიაა.
ამასთან, წინასაარჩევნო პერიოდია და წინა მინისტრის გათავისუფლება იმასაც უკავშირებოდა, რომ მმართველ პარტიას არ სურდა სამედიცინო საზოგადოება თავის წინააღმდეგ აემხედრებინა. არჩილ თალაკვაძისთვის, რომელიც ამ სფეროს იცნობს, ადაპტაციის პერიოდი მაინცდამაინც გრძელი არ იქნება, თუკი მის კანდიდატურაზე შეჩერდება არჩევანი. ის არის „ქართული ოცნების“ შემოწმებული წევრი და ერთგული კადრი და მისგან რაიმე სიურპრიზებს არ უნდა ელოდოს. არჩევნების წინა პერიოდში სწორედ შესაფერისი ფიგურა იქნებოდა.
მთავარი მოთხოვნაა ესმოდეს ეს სფერო და იყოს საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით სამედიცინო საზოგადოებისთვის, მისაღები ფიგურა, რომ არ იწვევდეს კითხვებს, მიუღებლობას და ა.შ“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან საუბარში.
დეპუტატ არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე კანდიდატურის შესახებ გადაწყვეტილება კონსულტაციების შედეგად მიიღება. კითხვაზე, მიიღო თუ არა მან ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე შემოთავაზება, თალაკვაძე ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებს.
„ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა, მისი დისკრეცია, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება და დარწმუნებული ვარ, რომ მისი გადაწყვეტილება მოემსახურება ჯანდაცვისა და სოციალურ სექტორში კიდევ უფრო მეტი პროგრესის მიღწევას. მან თქვა, რომ კანდიდატურასთან დაკავშირებით იქნება კონსულტაციები და ეს ასეც იქნება. პოლიტიკური კონსულტაციებით შეირჩევა ახალი კანდიდატურა. ეს გადაწყვეტილებაც არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა. დარწმუნებული ვარ, რომ საუკეთესო და ყველაზე კომპეტენტური იქნება შერჩეული ამ პოზიციისთვის. ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, მას ექნება გუნდის პოლიტიკური მხარდაჭერა. რაც შეეხება ზურაბ აზარაშვილს, მეც მინდა მას მადლობა გადავუხადო ყველა კარგი საქმისთვის, რომლის გაკეთებაც ამ წლების განმავლობაში შეძლო.
დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ჯანდაცვის და სოციალურ სექტორში უფრო მეტი პროგრესის მიღწევას ემსახურება. გავიმეორებ, მინდა მეც მადლობა გადავუხადო ზურაბ აზარაშვილს ყველა იმ კარგი საქმისთვის, რომელიც ამ წლების განმავლობაში გააკეთა და შემდგომ საქმიანობაში წარმატება ვუსურვო. მინისტრობის ახალ კანდიდატურასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, ვინაიდან ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა. ის არის ადამიანი, ვინც კონსულტაციებს წარმართავს და საკუთარ გადაწყვეტილებას წარუდგენს საზოგადოებას. ამაზე მეტს ამ საკითხზე ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა თალაკვაძემ.