ოპოზიციის გამარჯვების ფორმულა - კოალიცია, მინუს „ნაციონალური მოძრაობა“

ოპოზიციის გამარჯვების ფორმულა - კოალიცია, მინუს „ნაციონალური მოძრაობა“

ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლას აანონსებს - „უნდა დასრულდეს რუსეთის მსახური ხელისუფლება“ და ყველა სხვადასხვა ძალამ მინუს „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა ითანამშრომლოს. თუმცა, ღიად არ საუბრობენ იმაზე, როგორი უნდა იყოს კოალიციური მმართველობა და როგორ გეგმავენ პროცესიდან „ნაციონალური მოძრაობის“ გამიჯვნას. „ლელოს“ წევრი დავით უსუფაშვილი თვლის, რომ კოალიციურ მთავრობაზე მზაობა უნდა იყოს.

„ჩვენ ვაპირებთ არჩევნებში მივიღოთ ისეთი შედეგი, რომელიც ჩვენ კონტროლში ამყოფებს, თუ ვინ იქნება კოალიციაში და ვინ არა. ამიტომ გვინდა, რომ „ლელო“ იყოს ძლიერი და ამისთვის ვმუშაობთ ახლა. მე არ ვიცი არჩევნებზე ვინ რა შედეგს მიიღებს და ახლა იმაზე ლაპარაკი, თუ ვინ იქნება უფრო ძლიერი, ეს არის არასწორი“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით კი, გაერთიანების მიზანი არის საზოგადოების დაკვეთა, იმისთვის, რომ დაქუცმაცებული პარტიების პირობებში ოპოზიციური ხმები არ დაიკარგოს. მანჯგალაძე აცხადებს, რომ ისინი არჩევნებზე მინიმუმ 40%-ზე მეტის აღებას გეგმავენ. თავის მხრივ, „გირჩის“, წევრი იაგო ხვიჩია კოლეგებს მოუწოდებს, ვინც აპირებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებას, ეს არჩევნებამდე გააკეთონ.

განსხვავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია. პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტია კოალიციას იმ ოპოზიციონერ პარტიასთან ჩამოაყალიბებს, რომელსაც ხალხი მანდატს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისცემს. მისივე განცხადებით, კოალიციის შექმნას არა პარტია, არამედ, ხალხი წყვეტს.

„ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ წყვეტს ვისთან გააკეთებს კოალიციას. ამას არჩევნებზე ხალხი გადაწყვეტს. მისი აღმატებულება ქართველი ხალხი ვისაც მისცემს მანდატს, ჩვენ მზად ვართ მასთან შევქმნათ კოალიცია. უკეთ როგორ გიპასუხოთ, ამას ქართველი ხალხი წყვეტს. თქვენ გინდათ, რომ მე ვიმკითხაო და გპასუხობთ პრაქტიკაში როგორ მოხდება. ჩვენ პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალა ვართ და იმ ხალხთან ჩამოვაყალიბებთ კოალიციას, ვისაც ხალხი აირჩევს“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ლევან ხაბეიშვილმა.

გეგმა, რომელზეც ოპოზიცია მუშაობს, რეალიზების არანაირი შანსი არ აქვს. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ახლა არის მცდელობა, „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილი სახით 5%-იან ბარიერს „გადააპარონ“ და შემდეგ თუკი ამას მიაღწევენ, კოალიციის სახით მოხდეს პარლამენტში მათი შეკვრა. დედაქალაქის მერის განცხადებით, კოალიციების შექმნით უნდათ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, რომ თითქოს, განსხვავებულები არიან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირი არ აქვთ. მისი თქმით, გაუგებარია რა კოალიციაზე საუბრობს ოპოზიცია ან რა შანსები აქვთ მათ მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

„მე არ ვიცი, რა კოალიციაზეა საუბარი ან რა შანსები აქვთ მათ. ყველა პოლიტიკური პარტია ცდილობს, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახოს. ცოტა გაუგებარია, როგორ უნდა მოხდეს ამის გადანაწილება პარტიებს შორის. ყველა ეს ადამიანი არის „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული. დღეს, შეიძლება სხვა პარტიის სახელებით გამოდიოდნენ, სხვა რაღაცები შექმნან. აქვთ მისწრაფება, რომ სხვადასხვა პლატფორმა გააჩინონ. მათი სურვილია საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ - თითქოს, ისინი განსხვავებულები არიან, ნაციონალებთან კავშირი არ აქვთ. თუმცა, საზოგადოებას ხომ ყველაფერი კარგად ახსოვს, ვინ ვინ არის, ვინ სად იყო, რას აკეთებდა. ეს რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის, ასე იყო და ასე იქნება მომავალშიც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ქვეყანას მწვალებლებთან, „ნაცებთან“ და „ნეონაცებთან“ კოალიციური მმართველობა არ ემუქრება. მისი თქმით, ოპოზიციას ერთმანეთში კონკურენცია აქვს გამოცხადებული და 20%-იან მხარდაჭერაზე ნადირობენ.

„მგონია, რომ საერთოდ, კოალიციურ მმართველობაზე საუბარი, რომელიც მათ შორის პრეზიდენტმა წამოიწყო, რომელიც არის რადიკალების პრეზიდენტი, ამ ხელმოცარულების და რადიკალურების ერთგვარი მესიჯბოქსია, რომ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ აი, კოალიციური მთავრობა მოდის. კონკურენცია აქვთ გამოცხადებული ერთმანეთში, ვერ ჩამოყალიბდნენ, სია როგორ გააკეთონ.

იყო მცდელობა, რომ ერთიანი ბაზა შეექმნათ სიების, მაგრამ ყველა ამბიციურია. ყველას რომ ჰკითხო, გადამრჩენელია ამ ქვეყნის, დაწყებული „მუსტანგერების“ მიმდევრებით, გაგრძელებული „ნეონაცებით“, ანუ მელია, გვარამია და ა.შ. და კიდევ ჩახდილები, რომელიც არის გიჟი ჯაფარიძე და მისი „პადრუშკა“ ხოშტარია, რომლის ოჯახიც დღემდე რუსეთიდან ფინანსდება“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ზარქუამ.

კოალიციური მმართველობის აუცილებლობაზე საუბრობს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე, თუმცა მისთვის გაუგებარია რა იგულისხმება მინუს „ნაციონალური მოძრაობა“-ში და იგულისხმება თუ არა ნიკა მელია და ნიკა გვარამია?

„მარტო ხაბეიშვილია „ნაციონალური მოძრაობა“ თუ არა? ამიტომ, აქ ლაპარაკი უნდა იყოს, ზოგადად, არა მთლიანად „ნაციონალურ მოძრაობაზე“ არამედ მის კავშირებეზე. რა თქმა უნდა, კარგი იქნება თუ ასეთი კოალიცია შეიქმნება, მაგრამ მინუს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველაზე ოპტიმალური მგონია მინუს მელია, ჯაფარიძე, ხოშტარია, გვარამია და მინუს „ევროპული საქართველო“. დანარჩენი პოლიტიკური ძალები რაც რჩება და ეს არის გახარია, ხაზარაძე, ელისაშვილი და დოლიძე, მოხდება მათი გაერთიანება და პლუს საპარლამენტო ჯგუფის დამოუკიდებელი დეპუტატები, ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია იმისათვის, რომ ოპოზიციური ელექტორალური სივრცე მთლიანად იქნეს ათვისებული“, - აცხადებს ძაბირაძე.

მისი თქმით, რთული თამაშია და თუ ამ კოალიციაში გულისხმობენ მელიას და გვარამიას, ეს ხელისუფლებას მისცეს იმის საშუალებას, რომ მთლიანად „ნაციონალურ მოძრაზობაზე“ ილაპარაკოს.

„ხელისუფლებას საკმაოდ წარმატებული პროპაგანდისტული მანქანები აქვს მომართული და ძალიან კარგად ახერხებს პიარს და ამაში არაერთხელ დავრწმუნდით. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ყველაზე ოპტიმალური იქნება, რომ შუაშისტურ ამომეჩეველზე იმუშაოს გახარია, მელია, ელისაშვილი და ანა დოლიძის გაერთინებამ. კიდევ უკეთესი იქნება, თუკი ამ გაერთიანების ლიდერი არ იქნება არც ხაზარაძე და არც გახარია.

თუკი ასეთი გაერთიანების ლიდერი და მით უმეტეს პრემიერობის კანდიდატი იქნება ანა დოლიძე, ეს იქნება ძალიან კარგი გაერთიანება. ამიტომ, გახარიასა და ხაზარაძეს შორის არსებული უთანხმოება და დაპირისპირება რომ წაიშალოს, ამისათვის ჯობია, რომ გარე ფიგურა იყოს ლიდერი და ამასთანავე საზოგადოების დიდი ნაწილისთვის იყოს მისაღები. ასეთი ფუგურა დღეს შუაშისტურ ამომრჩეველში, რომელიც არც „ქართული ოცნების“ და მით უმეტეს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი არ არის, ყველაზე წარამტებული არის ანა დოლიძე და ეს იქნება ძალიან ძლიერი გუნდი, რომელიც დაუპირისპირდება მმართველ ძალას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

ლევკოთეა ზოგჯერ მგონია, რომ მე და ძაბირაძე რადიკალურად განსხვავებული წყაროებიდან ვიღებთ ინფორმაციას. :) ვინმემ იცის, რანაირადაა ანა დოლიძე ე.წ. შუაშისტი ამომრჩეველისთვის ყველაზე სასურველი კანდიდატი?
8 თვის უკან
Gami ძაბირაძეს მიხედეთ, ცოდვაა, პატრონი არ ჰყავს ეტყობა. ცო'-დ-ვა-ა!
8 თვის უკან
trampi ნახატი ზუსტია.................. გლიჯავს !!!!
ისე ადრც იყო ხოლმე ეს სურათი გამოყენებული .....კარგია
8 თვის უკან