ოპოზიციასა და არასამთავრობოებს საერთო უცხოელი დამფინანსებელი ჰყავთ. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი პირდაპირ ფინანსდება საზღვარგარეთიდან, რაც საქართველოს არჩევნებში გარეშე ძალების ჩარევას ნიშნავს. კონკრეტულად, ოპოზიციურ პარტიებს შექმნილი აქვთ სქემა ყალბი „ენჯეოების“ მეშვეობით, რათა უკანონო შემოწირულობები მიიღონ.
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს და „ენჯეოს“ ერთი და იგივე დამფუძნებელი ჰყავთ და მათი მიზანია საქართველოში ხელისუფლების გადატრიალება და აგენტოკრატიის დამყარება. ამდენად, „ენჯეო“ არის საფარი იმისთვის, რომ ოპოზიციამ ლეგალურად მიიღოს ფული პარტიული საქმიანობისთვის. ეს ორი პარალელური პროცესი ერთსა და იმავე კალაპოტშია მოქცეული და მიზანიც საერთო აქვს. სოზარ სუბარის თქმით, „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნისას საკუთარი დამკვეთების ყურმოჭრილი მონა იყო. მას შემდეგ, რაც ნაცებმა არჩევნები წააგეს, ისინი გაიყვნენ ორ ნაწილად - ერთი ნაწილი დარჩა პარტიაში, ხოლო მეორე ნაწილი გადავიდა „ენჯეო“ სექტორში.
„ჩვენ ვნახეთ ამ „ენჯეოების“ და რადიკალური პოლიტიკური პარტიების მიერ წაქეზებული ქუჩაში გამოსული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას, თავს ესხმიან პოლიციელებს, ამტვრევენ პოლიციის მანქანებს და სჩადიან სხვადასხვა დანაშაულს. ამის შემდეგ იქმნება ფონდი, რომელიც ფინანსდება „ევროპის დემოკრატიის ფონდიდან“ და ის იხდის მათ ნაცვლად ჯარიმებს, რომელსაც მათ სასამართლო უწერს“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა, რომლის თქმითაც, ამ შემთხვევაში, თვითონ სამართლის ცნება კარგავს ფასს, რადგან ჯარიმას უცხოური ფონდი იხდის და არა დამნაშავე ადამიანი.
რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ იმის აღსაკვეთად, რომ კონკრეტულმა პარტიებმა კანონის გვერდის ავლით, ვითომც არასამთავრობოების მეშვეობით, თვითდაფინანსება აღარ აწარმოონ?!
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას უახლეს წარსულს იხსენებს, როცა ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციამდე არასამთავრობო სექტორში დასაქმებული ადამიანები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ძალიან მალე აღმოჩნდნენ მაღალ თანამდებობებზე, ეს იქნებოდა „თავისუფლების ინსტიტუტი“, ე.წ. სოროსის ფონდი და ა. შ. მოგვიანებით, როდესაც „ნაცმოძრაობა“ ისევ ოპოზიციაში გადავიდა, ზუსტად იმავე სცენარით ყოფილი ჩინოსნები გახდნენ „ენჯეოშნიკები“.
„ამის შესახებ ჯერ კიდევ 2019 წლის გაზაფხულზე შესაბამისი კვლევა ჩავატარე და ვამხილე ყველა ის ადამიანი, რომელსაც ნეიტრალურად და დამოუკიდებლად მოჰქონდა თავი, მაგრამ, სინამდვილეში, „ნაცმოძრაობაზე“ იყო მიბმული და პარალელურად, ჩამოკიდებული საგარეო დონორის დაფინანსებაზე. უცხოურ ფინანსებზე მათი დამოკიდებულება ინტენსიური გახდა ახლაც, როდესაც ახალი მოთამაშეები შემოვიდნენ ასპარეზზე, მათ შორის, თინა ხიდაშელი, საბა ბუაძე „ლელოდან“, რესპუბლიკელების ლიდერი ხათუნა სამნიძე, „რუბლოვნად“ წოდებული ელენე ხოშტარია, ასევე, „გირჩი“ ზურაბ ჯაფარიძე. ჩამონათვალი ვრცელია, ათეულობით ასეთი ადამიანია, რომლებიც ორ პარალელურ დინებაში არიან და პოლიტიკურად თუ ფინანსურად საგარეო დაფინანსებაზე არიან მიბმულნი. ამიტომაც წამოვიდა მათგან და მათი დონორებისგან გააფთრებული წინააღმდეგობა ზუსტად ერთი წლის წინ ამერიკული „ფარას“ მსგავსი კანონპროექტის მიღების დროს. მართალია, უმრავლესობამ კეთილი ნება გამოიჩინა და ეს კანონპროექტი უკან გაიწვია, მაგრამ იმდენად თვალსაჩინო გახდა ამ დესტრუქციული ელემენტების საგარეო ფულზე დამოკიდებულება და სამშობლოსა და ქვეყნის მტრობა, რომ ამას უკვე კანონიც და რეესტრიც აღარ სჭირდება, ყველაფერი ისედაც ნათელია“, - აღნიშნა გია აბაშიძემ და კონკრეტული ფაქტებიც დაასახელა.
მისივე განმარტებით, მაგალითად, თინა ხიდაშელმა იარა, იარა საგარეო დონორებში და მაინცდამაინც ტაივანის ფული მოიპოვა იმისთვის, რომ საქართველოს უმტროს, ჩვენი საგარეო ინტერესები დააზიანოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით. ანალიტიკოსის აზრით, ჩვენ, ასევე, გვყავს მეხუთე კოლონა, რომელიც ლეგიტიმაციას საკუთარ საზოგადოებაში კი არ ეძებს, არამედ უცხოეთში და პოლიტიკურად, პიარულად ამისთვის იღებს უცხოურ დაფინანსებას. ეს კატეგორიულად მიუღებელია, განურჩევლად იმისა, ამერიკული იქნება ფული, თუ სხვა წარმომავლობის. პოლიტიკაში უცხოური ფულის არც ერთი თეთრი არ უნდა მონაწილეობდეს.
გია აბაშიძის თქმით, ამ სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს. მართალია, „ფარას“ კანონი გაიწვიეს და უკან დაბრუნება არ მოხდება, მაგრამ სხვაგვარი სამართლებრივი ბერკეტებია საჭირო. კერძოდ, ჩვენს საზოგადოებაში არის შფოთი და დაპირისპირება წელიწადში რამდენიმე დღეს, ეს იქნება პრაიდის დღე, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე, თუ სხვა დღეები. იმისთვის, რომ არ იყოს უმრავლესობასა და უმცირესობას შორის დაპირისპირება და სამართალდამცავებს ხელში ჰქონდეთ კანონი, ამისთვის ახალი კანონპროექტია საჭირო მავნებლური პროპაგანდის წინააღმდეგ. ეს არ იქნება მხოლოდ ანტი ლგბტ კანონპროექტი, არამედ ეს იქნება კანონი მავნებლური პროპაგანდის, გენდერული გაუგებარი დღის წესრიგის თავს მოხვევის წინააღმდეგ, რაც შეინიშნება მოზარდებში, მედიაში და ლგბტ მწერლობაში. ანალიტიკოსი თვლის, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში პრობლემები გვარდება შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს დახმარებით.
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არასამთავრობო სექტორი კონტრსამთავრობო სექტორად ჩამოყალიბდა მაშინ, როცა რუსთაველის გამზირზე ტრიბუნაზე ავიდნენ და ინიციატივა გააჟღერეს ტექნიკური მთავრობის შექმნის თაობაზე. ეს აბსოლუტურად გაუგებარი ფაქტი იყო, როდესაც არასამთავრობო სექტორი ტექნიკურ მთავრობას ქვეყანაში გადატრიალების გზით აყალიბებდა. მათი მხრიდან ხელისუფლებაში მოსვლის კონსტიტუციური გზა არაერთხელ იქნა ნაცადი, მაგრამ ამ გზით ეს სექტორი და მათ უკან მდგომი პარტიები ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდნენ.
„შალვა პაპუაშვილის პარლამენტში სიტყვის წარმოთქმის დროს დეპუტატ ალექსანდრე რაქვიაშვილს წამოსცდა კიდეც, აბა, რა ქნან პარტიებმა, რომელთაც დაფინანსება არ ჰყოფნით და ამიტომ ქმნიან პარტიებთან არსებულ ფონდებს, სადანაც უცხოეთიდან შემოდის ფულიო. ეს არის აღიარება იმისა, რაც ჩვენი კონსტიტუციით, ჩვენი კანონმდებლობით აკრძალულია, რომ საქართველოში რეგისტრირებული და აქ მოქმედი პარტიები თავის პარტიულ დაფინანსებას იღებენ საზღვარგარეთიდან. ამ თანხების მასა უკონტროლოდ შემოედინება საქართველოში. ამის გაკონტროლების ერთადერთი საშუალება იყო, როდესაც „ხალხის ძალამ“ უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ ეროვნული (და არა რუსული) კანონი შეიმუშავა, სიტყვასიტყვით გადათარგმნა ამერიკაში მოქმედი კანონი და საზოგადოებას შესთავაზა, ეს კანონპროექტი მიეღოთ კანონად ზუსტად იმისთვის, რომ საზოგადოებას სცოდნოდა, უცხოეთიდან რა თანხები შემოდის და რა მიზნებით. ეს კანონპროექტი არ ეხებოდა არც ერთ ფიზიკურ პირს, ეხებოდა მხოლოდ არასამთავრობო სექტორს იმისთვის, რომ გაგვეგო, რამდენად მიზნობრივად შემოდის თანხები და რა პროექტში იხარჯება“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.
მანვე განმარტა, რომ, ცხადია, იმ პარტიული ძალებისა და ორგანიზაციების ინტერესებში, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას თავის პარტიულ ყულაბაში იყენებენ, არანაირად არ შედიოდა ამ კანონის მიღება. ამიტომაც აამხედრეს ამ კანონპროექტის წინააღმდეგ ის ახალგაზრდობა, ის პარტიული და არასამთავრობო სექტორი, რომლებიც ზუსტად ერთი წლის წინ, მარტის დასაწყისში გამოვიდნენ და ძალადობრივი მეთოდებით აპირებდნენ პარლამენტის შენობის აღებას, პოლიციელებისა და მათი ტექნიკის მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ.
დავით ქართველიშვილის თქმით, იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც აქციებისას საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსი დაარღვიეს, დაჯარიმების თანხები ზუსტად იმ არასამთავრობო სექტორმა გადაუხადა, რომელთაც ფული შემოედინებათ ხან „იუსაიდის“, ხან ევროკავშირის ხაზით. აბსოლუტური უკონტროლობა სუფევს ამ სფეროში და ერთადერთი მექანიზმი, რომელსაც შეუძლია ამ ბაკქანალიას ბოლო მოუღოს, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებაა. შარშან ეს არ გამოუვიდა „ხალხის ძალას“ და „ქართულ ოცნებას“. ახლა კი, დავით ქართველიშვილის აზრით, უნდა დაველოდოთ მოვლენებს, მსგავსი კანონპროექტი დაინიცირებულია ევროკავშირშიც, ჯერ იქ მიიღონ, გავეცნოთ და ამ მოწვევის თუ არა, მომავალი მოწვევის პარლამენტი აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს ამ გადადებულ საკითხს.
ხომ გაიმეორა ამათმა ერთ-ერთმა გურუმ, ვანომ, ფულს სუნი არ უდისო. მართალია, არ იციან, რომ ვესპასიანეს ეკუთვნის ეგ ნათქვამი და ქვეყნის ბიუჯეტზე ზრუნვის გამო თქვა და არა საკუთარი ჯიბის.