მიხეილ სააკაშვილი ყოფილ ნაციონალებს, რომლებიც ცდილობენ, რომ დედა პარტიისგან დისტანცირდნენ, აფრთხილებს. მან პირდაპირ დაიწყო თავდასხმა იმ პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც ენმ-ს გამოეყო და ახლა სწორედ, მათი ელექტორატით სურს საპარალემენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახოს.
სააკაშვილი ამბობს, რომ მის ხარჯზე ვერავინ ვერ შეძლებს ხმების აღებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. როგორც ჩანს, სააკაშვილი ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას ტანდემს გულისხმობს. იგი ასე ღიად ყოფილ თანაგუნდელებზე პირველად ილაშქრებს და არ არის გამორიცხული, არჩევნების მოახლოვებასთან ერთად ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდეს.
რამდენიმე არჩევნებზე იყო მცდელობა, შექმნი“ლიყო „ნაციონალური მოძრაობის“ კლონები, რაც წარუმატებლად დასრულდა“ - ასეთ რჩევას აძლევს მიხეილ სააკაშვილი მის ყოფილ თანაგუნდელებს, თანაპარტიელებს, მეგობრებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი გავრცელებულ წერილში წერს, რომ სიცოცხლე გარისკა და თავისუფლება იმისათვის, რომ საქართველო „კლანებისგან მოვლენილი უპერსპექტივობის და სიღარიბისგან“ გაათავისუფლოს და ამისთვის ბოლომდე ბრძოლას აანონსებს.
„არავის კრიტიკას ვაპირებ, მით უმეტეს, რომ ჩემს მეგობრებზეა საუბარი და მათ მოტივაციაში ეჭვი არ შემაქვს. ერთადერთი შემიძლია მათ მივცე რჩევა თუ გაითვალისწინებენ, ბოლო რამდენიმე არჩევნებზე იყო მცდელობა, შექმნილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ კლონები და ყოველთვის წარუმატებლად დასრულდა. საჭიროა გაანალიზონ, თუ რატომ მოხდა ასე. ამჯერად, როცა მე საქართველოში ვარ, თუნდაც ციხეში, მით უმეტეს, ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის და მხოლოდ გამარჯვებისთვის ჩვენს გუნდთან ერთად, რომელიც ახლა საბოლოო გაფართოების და კრისტალიზაციის პროცესშია. საქართველოს საუკეთესო დღეები წინ არის“, - წერს სააკაშვილი.
ე.წ. „კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ“ გაშლა გადაწყვიტა, ეს კარგად აპრობირებული მეთოდი აქვთ. ეს ე.წ. ახალი ტაქტიკა მდგომარეობს შემდეგში: რამენაირად, 20 პროცენტი, გადაუწყვეტელი ან შუაში მყოფი ამომრჩეველი შეაცდინონ და წარმოაჩინონ, თითქოს ისინი არ წარმოადგენენ „ნაციონალურ მოძრაობას“, - ამბობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი.
როგორც მან განმარტა, რეალურად, არ არსებობს დამოუკიდებელი ოპოზიციური პარტია და ყველა მათგანი კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს.
„სინამდვილეში, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, ჩვენი ხალხი, საზოგადოება ამას, რა თქმა უნდა, არ მიიღებს. ერთი რამ მინდა ვთქვა ხაზგასმით, რომ რეალურად, არ არსებობს „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებელი არც ერთი პარტია, იქნება ეს „ლელო-ნაციონალები“, „გირჩი- ნაციონალები“ თუ სხვა. ეს არის ერთიანი, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ეს არჩევნები ძლიერად და დამაჯერებლად მოვიგოთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი არათანმიმდევრული ადამიანია, ამიტომ ხშირ შემთხვევაში, ის პოზიციებს იცვლის, შესაძლოა, დღეს ერთი თქვას, ხვალ და ზეგ მეორე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მელიას და გვარამიას ტანდემი 5-ნომერს ელექტორატს წაართმევს, ამიტომ სააკაშვილის მხრიდან ეს უფრო პრევენციულ განცხადებას ჰგავს.
„როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს მელია - გვარამიას მიმართ რაღაცა შიში დაეწყო, თუმცა ძალიან საეჭვოა მელია - გვარამიას ტანდემმა 5%-ის აღება შეძლოს, მით უმეტეს თუ ცალ-ცალკე პარტიებად იქნებიან წარმოდგენილები. ასევე, თუ სააკაშვილმა ეს პოზიცია არ შეცვალა და პირიქით, დაპირისპირება ენმ-ის ყოფილ ჯგუფებთან უფრო გააძლიერა, მაშინ მათი შანსები კიდევ უფრო დაიკლებს.
ენმ-ის ამომრჩეველი, ზოგადად, მიხეილ სააკაშვილის ამომრჩეველია და ის სხვა რაიმე იდეის გარშემო გაერთიანებული არ არის. „ნაციონალური მოძრაობის“ ბრენდად ისევ სააკაშვილი რჩება, ამიტომ მისი ერთგული ე.წ. სექტა ამომრჩეველი ისევ არჩევანს ენმ-ზე გააკეთებს, არა აქვს მნიშვნელობა იქ თავმჯდომარე იქნება ხაბეიშვილი, კულუარულად კეზერაშვილი -მერაბიშვილი მმართველები თუ სხვა მიზეზი. მათაც აწყობთ, რომ სააკაშვილის პოლიტიკური ზურგის ქარი ჰქონდეთ, მაგრამ ცალ-ცალკე აღებული, სააკაშვილის გარეშე არაფერს წარმოადგენენ. 5%-იანი კი არა 1%-იც კი არა აქვთ. ამიტომ ეს შესაძლოა ურთიერთსასარგებლო გარიგება იყოს ამ სამეულს შორის“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მელიასგან განსხვავებით, გვარამია სააკაშვილს არ უპირისპირდება. ის მაინც სააკაშვილის ერთგულთა წრეში რჩება. აბაშიძე ამბობს, რომ როგორც არ უნდა გადანაწილდეს ოპოზიცია თუ ენმ-ის განშტოებები, მაინც ვერ აღწევენ იმ სასურველ შედეგს, რომელიც ხელისუფლების ცვლილებას გულისხმობს.
„რაც შეეხება სააკაშვილის განცახდებას, რომ მათი პარტიის კარი ღიაა, ძალიან სასაცილოდ ჟღერს, რადგან ეს არის მხოლოდ ფუჭი განცხადება, რომელსაც არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ გააჩნია. იურიდიულად და ტექნიკურად, ვერანაირ საარჩევნო ქოლგის ქვეშ ვერ მოხვდებიან. მარტივად, ღია კარები ნიშნავს იმას, რომ „ნაცმოძრაობის“ პარტიულ სიაში ჩაეწერონ. თუმცა ამ სიაში ვინ როგორ იქნება ნუმერაციის მიხედვით და ვინ იქნება მისი მთავარი დამკომპლექტებელი, ეს არის საკითხავი, ეს გამოიწვევს ასევე შიგნით დიდ დაპირისპირებას. სააკაშვილი მე მგონი თავის თავს იტყუებს, როდესაც ამბოს, რომ კარი ღიაა. კარის გაღება ნიშნავს სიაში გაფორმებას. ვერანაირი ბლოკები ვერ იქნება. დანარჩენი არის საზოგადოების დაბოლების მცდელობა“,-ამბობს აბაშიძე.
ანალიტიკოსი რამაზ სააყვარელიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს გაუჩნდა შიში, რომ მისი სახელით შესაძლოა, ენმ-დან გამოყოფილმა ჯგუფებმა მათ პარტიას ელექტორატი წაართვას. ამიტომ საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მან ამ განცხადებით თავის დაზღვევა დაიწყო.
„რა თქმა უნდა, იმ ფონზე, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ძალიან კომიკური ფგურაა და მელია-გვარამიაზე დაბალი რეიტინგიც კი აქვს, სააკაშვილმა იგრძნო გარკვეული საფრთხე, რომ თუ ეს ტანდემი პოლიტიკურ ასპარეზზე ერთად გამოვა, მაშინ ნაციონალების რაღაცა შედარებით ინტელექტუალურ ნაწილზე ინადირებენ.
ნუ, მელიას ინტელექტის რა გითხრათ, მაგრამ გვარამიას შეუძლია მენეჯერული უნარების დახმარებით რაღაცა ნაწილი მიიმხროს. მელიას კი, როგორც ვიცით, საკრებულოებში, რეგიონებში ჰყავს თავისი მხარდამჭერები. ამიტომ სააკაშვილის ეს განცხადება, უფრო თავის ამომრჩევლების გასაფრთხილებლად იყო, რომ მე, იცოდეთ, სადაც ვარ და რომელია რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“ . თუკი სააკაშვილი არჩევნების წინ კიდევ უფრო აქტიური გახდა ამ მიმართულებით და თავდასხმები ამ პატარა წარმონაქმნებზე დაიწყო, მაშინ მათი 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსებიც იკლებს. თუმცა სააკაშვილის პროგნოზირება ცოტა რთულია და კაცმა არ იცის, როცა როგორ დასჭირდება ისე იმოქმედოს. დავიცადოთ და, ალბათ, ბევრი რამ კიდევ უფრო ღიად გამოჩნდება“, - ამბობს საყვარელიძე.