„ცნობილია, რომ ჯანდაცვის სფერო ერთ-ერთია, სადაც კორუფციის რისკი მაღალია. შესაბამისად, ჯანდაცვის მინისტრის ეს ნაბიჯიც გაკვირვებას არ იწვევს“, - ასე შეაფასა ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში, რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან ინტერვიუში ჯანდაცვის მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რატომ დატოვა ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომუნიკაციის მიმართულებით ის პრობლემას ხედავდა, მათ შორის რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხთან მიმართებით. ბატონო რამაზ, აღნიშნულს როგორ შეაფასებთ?
- პირველი, ვინც თანამდებობა დატოვა, ეს თავდაცვის მინისტრი იყო, თუმცა ეს იმის ფონზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი კორუფციის ბრალდებით დაბრუნდა ქართულ პოლიტიკაში. შესაბამისად, გაჩნდა ვერსია, რომ თავდაცვის სამინისტროში, სადაც კორუფციის ალბათობა საკმაოდ მაღალია, ივარაუდეს, მის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი კორუფცია იყო. კორუფცია არ უხსენებიათ ჯანდაცვის მინისტრთან დაკავშირებით, მაგრამ ცნობილია, რომ ჯანდაცვის სფერო ერთ-ერთია, სადაც კორუფციის რისკი მაღალია. შესაბამისად, ჯანდაცვის მინისტრის ეს ნაბიჯიც გაკვირვებას არ იწვევს.
სწორედ იმიტომ რომ, საარჩევნო პროცესთან გვაქვს საქმე, „ოცნების“ მხრიდან სიმკაცრე არ იქნება გამოვლენილი. რაც უფრო მეტ ადამიანს დასჯი, მით მეტი მტერი გაგიჩნდება. საარჩევნო პერიოდს მისი პოლიტიკა ახლავს პარტიების მხრიდან და ამ პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი შეიძლება იყოს იურიდიულად ლოიალობა, რომ არ მოხდეს სოციალური ჯგუფების დაპირისპირება პოლიტიკურ ჯგუფთან. ასეთი მშვიდობიანი ჩამოშორება იმ ადამიანების, ვინც ვერ მოახერხა თავისი ფუნქციის სრულფასოვნად შესრულება, ეს არის და იქნება სამომავლოდაც. შეიძლება არც ერთ მინისტრს უშუალო ბრალი არ ჰქონდეს, მაგრამ თუკი სისტემაში კორუფციული ელემენტები გაჩნდა, ეს უკვე მართვაში დაშვებული შეცდომების ბრალია.
ელოდებით თუ არა, საკადრო ცვლილებების გაგრძელებას? შესაძლოა კიდევ რომელიმე მინისტრმა თანამდებობა დატოვოს?
- კორუფციის კუთხით, ერთ-ერთი მტკივნეული უწყებებია, ჯანდაცვის და თავდაცვის სამინისტროები. თუკი არის ასეთი უწყება, რომელიც ფუნქციას ვერ ასრულებს და საზოგადოების თვალში წამგებიანია იმ პარტიისთვის, ვინც ხელისუფლებაშია, არ გამოვრიცხავ ასეთი წამგებიანი ფიგურების შეცვლას არჩევნებამდე.
შესაძლოა თუ არა საკადრო ცვლილებები „ქართული ოცნების“ მიერ კორუფციის წინააღმდეგ გალაშქრებად ჩაითვალოს? როგორ ფიქრობთ, რა მდგომარეობაა დღეს კორუფციის კუთხით საქართველოში?
- რადგან ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების ერთ-ერთ მიზეზად კორუფცია დაასახელა, მეჩვენება, რომ კორუფციის ეჭვი უნდა გაგვიჩნეს ამ მინისტრების გადადგომის ფონზე, რადგან ორივე უწყება თავის თავში შეიცავს იმის რისკს, რომ ხელი წაუცდეთ კორუფციისკენ. არის ენერგეტიკის და სამშენებლო სფეროები, სადაც, ძირითადად, დიდი საბიუჯეტო თანხები ტრიალებს და ამ მიმართულებით, ალბათ, საძებნელი იქნება კორუფციის კვალი „ქართული ოცნების“ მხრიდან.
გვახოვს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში კიდევ ერთხელ დაბრუნების შემდეგ, დაახლოებით რამდენიმე დღეში, პრემიერ-მინისტრი შეიცვალა და ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი კობახიძემ შეცვალა. უკავშირდება თუ არა ეს ცვლილება კორუფციას?
- საზოგადოებრივი აზრის ერთ-ერთი ინდიკატორი არის სოციალური ქსელი და ამის მიხედვით, საზოგადოებას აქვს განცდა, რომ უკავშირდება. ირაკლი ღარიბაშვილის პოსტიდან პირველი წასვლა დაკავშირებული იყო კორუფციასთან, თუმცა იმ წასვლასაც ცხადი პროცესები არ მოჰყოლია და სასამართლო არ მოწყობილა. მაშინაც იყო ასეთი რბილი ბრძოლა კორუფციასთან და ახლაც შეიძლება რბილი ბრძოლა მიდიოდეს კორუფციასთან. მათ შორის, ღარიბაშვილზეც შეიძლება გაჩნდეს ეს ეჭვი, როგორც სოციალურ ქსელში ფიგურირებს აზრი, მიუხედავად მის მიმართ დიდი სიმპათიისა. არ არის გამორიცხული, რომ ერთი მიმართულებით წარმატებულ პოლიტიკოსს, მეორე მიმართულებით ჰქონდეს გართულება. გამორიცხვა ძნელია, თუმცა, მტკიცებაც შეუძლებელია.
ანალიტიკურ წრეებში გაჩნდა მოსაზრება, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შემდეგ, საქართველოს რიკოტირიკა დასავლეთთან უფრო რბილი გახდა და ურთიერთობა გარკვეულწილად დათბა. იზიარებთ თუ არა ამ მოსაზრებას?
- შეიძლება იყოს სტილისტური ცვლილებები: ზოგი პირდაპირ ამბობს სათქმელს, ზოგი უფრო რბილად და შეფარულად. თუმცა, პოლიტიკური ცვლილებები, ანუ კურსი დასავლეთისკენ, ერთნაირია. შეიძლება ღარიბაშვილმა უფრო გაბრაზებულმა თქვას, რომ არ ჩავერთვებით ომშიო, კობახიძემ უფრო რბილად აღნიშოს, რომ საქართველოსთვის ომი დაუშვებელიაო. თუმცა, თანამიმდევრულად ერთნაირია ამ ორი პოლიტიკოსის პოზიცია.