საუკუნის საიდუმლო გარიგება?! - უკრაინა ომს აგებს, არჩევნებში ბაიდენი მარცხდება, ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება, პუტინი გამარჯვებულია

საუკუნის საიდუმლო გარიგება?! - უკრაინა ომს აგებს, არჩევნებში ბაიდენი მარცხდება, ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება, პუტინი გამარჯვებულია

მსოფლიო რომ დიდი ხანია შეიშალა, ამას დიდი მტკიცება აღარც უნდა - ჩვენს პლანეტას ნელ-ნელა ქაოსი ფარავს, რის ზენიტადაც შეიძლება იქცეს საუკუნის სკანდალური გარიგება ორ ზეგავლენიან პოლიტიკოსს, რუსეთის პრეზიდენტ პუტინსა და აშშ-ის ექსპრეზიდენტ ტრამპს შორის. რონალდ რეიგანი, აშშ-ის მე-40 პრეზიდენტი, საფლავში გადაბრუნდებოდა, რომ დაენახა ის, რასაც თანაპარტიელი რესპუბლიკელი სენატორები დღეს სჩადიან.

1981-89 წლებში რონალდ რეიგანი ორი ვადით იყო აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე და მსოფლიო ისტორიაში შევიდა როგორც საბჭოთა იმპერიის ერთ-ერთი მთავარი დამანგრეველი და შესაბამისად, პირველი „ცივი ომის“ დამამთავრებელიც, მაგრამ დღეს რასაც აკეთებენ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერი სენატორები და კონგრესმენები რესპუბლიკური პარტიიდან, უბრალოდ, ალოგიკურია - თუკი რეიგანისთვის კრემლი "ბოროტების იმპერიის"“ სათავე გახლდათ, ტრამპისთვის კრემლი და მისი მთავარი ბინადარი პუტინი... თანამშრომლობისა და თვით მეგობრობისთვისაც კი მისაღებია. უფრო მეტიც, გამოიკვეთა იმის ნათელი ნიშნები, რომ ტრამპი და პუტინი ერთმანეთის ინტერესებს საიდუმლოდ იცავენ, რის შედეგადაც უნდა იქცეს... პუტინისთვის უკრაინასთან ომის მოგება და ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად დაბრუნება.

ყველაფერი კი ასე იწყებოდა... 2023 წლის 6 დეკემბრის საღამოს მსოფლიო გულისფანცქალით ელოდა, რადგან ვაშინგტონში შესაძლოა კაცობრიობის უახლოესი მომავლის ბედი უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დაფინანსების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა დაბლოკა - კანონპროექტმა პროცედურული კენჭისყრის დროს წინსვლისთვის საკმარისი ხმები ვერ მიიღო.

დოკუმენტი ითვალისწინებდა 106 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით დაფინანსების გამოყოფას, აქედან 61 მილიარდი უკრაინის დასახმარებლად იყო განკუთვნილი. კანონპროექტის მიღებისთვის საჭირო იყო 100-დან 60 სენატორის ხმა, თუმცა კანონპროექტს მხარი მხოლოდ 51-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 49 წავიდა. კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა მისცა ყველა რესპუბლიკელმა სენატორმა.

არადა, აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობა, როგორც დემოკრატებიდან, ისე რესპუბლიკელებიდან, თითქოს მხარს უჭერს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას, ისევე, როგორც ისრაელისა და ტაივანის გვერდში დგომას - მაშინ რატომ დაიბლოკა ეს 106 მლრდ დოლარიანი კანონპროექტი, რომლის ჩავარდნამაც ამ სამეულიდან ყველაზე კატასტროფულ მდგომარეობაში სწორედ უკრაინა ჩააყენა?

გადის ორი თვე და 2024 წლის 4 თებერვალს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის (აშშ-ის კონგრესი ორი პალატისაგან შედგება, ქვედა (კონგრესმენები) და ზედა სენატისგან (სენატორები) სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ ბაიდენის 106 მლრდ დოლარიანი სამხედრო დახმარებიდან მხოლოდ 17,6 მლრდ დოლარის ისრაელისთვის გადაცემას დაუჭერს მხარს, რადგან თურმე „დრო არ არის მთელი პაკეტის განსახილველად“ და „ისრაელს უკრაინაზე მეტად უჭირს, შესაბამისად, ჯერ მას სჭირდება დახმარება...

...თუ რამდენ ხანს მოიგერიებენ ამ სანგრებში მსხდომი უკრაინის დამცველები აგრესორ რუსეთს...

ეს იყო ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენების დიდი ნაწილის ორმაგი სტანდარტისა და ცინიზმის ნამდვილი ზენიტი:

პირველი ტყუილი - რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატაშიც და სენატშიც გასული წლის ნოემბრიდან სპეციალურად ბლოკავენ 106 მლრდ-იანი სამხედრო დახმარების კანონპროექტს. შესაბამისად, მათ თავზე საყრელად ჰქონდათ დრო მის დეტალურად განსახილველად.

მეორე ტყუილი - რესპუბლიკელებმა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციასთან ორთვიანი პოლიტიკური ვაჭრობა გამართეს იმის თაობაზე, რომ ამ კანონპროექტით გათვალისწინებულ უკრაინისთვის 61 მლრდ დოლარის დახმარებას მხოლოდ მაშინ დასთანხმდებოდნენ, თუკი თეთრი სახლი გაამკაცრებდა მიგრანტებზე კონტროლს და მექსიკის საზღვართან გააგრძელებდა სასაზღვრო ღობის შენებას. დიდი ვაჭრობის შემდეგ ბაიდენის ადმინისტრაცია დათმობაზე წავიდა და თითქოს რესპუბლიკელი კონგრესმენებიც კმაყოფილი უნდა დარჩენილიყვნენ.

მესამე ტყუილი - აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონის განცხადება, რომ თურმე დღეს ისრაელს უფრო უჭირს, ვიდრე უკრაინას, არის არა მარტო დიდი ცინიზმი, არამედ ლობიზმის გამოვლინების საუკეთესო მაგალითი, თუ რამხელა გავლენა აქვს ებრაულ ლობის აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოზე.

ლობიზმის გარდა, ამ ურთულეს სიტუაციაში ერევა დიდი პოლიტიკაც - რამდენიმე თვეში აშშ-ში ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიონ და ძალზე დაძაბულ საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორც ჩანს, ერთმანეთს ისევ დემოკრატი ბაიდენი და რესპუბლიკელი ტრამპი დაუპირისპირდებიან, როგორც ოთხი წლის წინ.

ეტყობა, ტრამპი თავისი მომხრე რესპუბლიკელი სენატორებისა და კონგრესმენებისგან დაჟინებით მოითხოვს, რომ ყველა ხერხის გამოყენებით ჩააგდონ და არ დაუშვან ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის განსაზღვრული 61 მლრდ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გაგზავნა, თუმცა ისრაელის ინტერესები რომ არ დაზარალებულიყო (ტრამპი თავისი პრეზიდენტობის პერიოდში გამოირჩეოდა განსაკუთრებული პროისრაელური პოლიტიკით), ურჩევდა მომხრე კანონმდებლებს, რომ ისრაელისთვის განკუთვნილი 17,6-მლრდ-იანი სამხედრო დახმარების საკითხი ცალკე გამოყოფილიყო და ისე მოწონებულიყო.

თავის მხრივ, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მომხრე დემოკრატმა კონგრესმენებმა ჩააგდეს რესპუბლიკელების კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ ისრაელის დახმარებას განიხილავდა.

შეიქმნა ერთგვარი პატური სიტუაცია, თუმცა 13 თებერვალს თითქოს პრობლემის გადაწყვეტის ნიშნები გამოჩნდა - კონგრესის ზედა პალატამ, ბოლოს და ბოლოს, მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს.

დარჩა მხოლოდ კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენთა მხარდაჭერა, მაგრამ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ყველასთვის მოულოდნელად 15-28 თებერვლამდე არდადეგები გამოაცხადა წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენებისთვის და არდადეგებიდან გამოსვლის შემდეგაც ამ კანონპროექტის განხილვას მარტის შუა რიცხვებამდე არ აპირებს - დიდი ალბათობით, ტრამპისტი რესპუბლიკელი კონგრესმენები ისევ ჩააგდებენ უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების მიწოდების კანონპროექტს.

ყოველივე ამას უკრაინის შუა ომში მიტოვების სუნი ასდის - ორი თვეა უკრაინის დამცველები აღარ იღებენ ამერიკულ საარტილერიო ჭურვებს და ფრონტის ხაზს ბოლო ძალებით ამაგრებენ რუსი ოკუპანტების მუდმივი შეტევებისგან. ავდეევკის დაცემაც დიდწილად სწორედ საარტილერიო ჭურვებისა და საზენიტო რაკეტების დიდი დეფიციტის გამო მოხდა.

ძალაუნებურად იბადება ეჭვი, რომ აშშ-ის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც კვლავ აპირებს თეთრ სახლში დაბრუნებას, თავად და თავის მომხრე ამერიკელი პოლიტიკოსების ხელით პირდაპირ პუტინის სურვილს ასრულებს - უკრაინის ამერიკული იარაღისა და საბრძოლო მასალის გარეშე დატოვება ყველაზე მეტად ხომ სწორედ კრემლში სურთ, სადაც ორი წლის წინ ბლიცკრიგით გამარჯვებაში იყვნენ დარწმუნებული.

ორი ასეთი პოლუსი აშშ-ის პოლიტიკაში - ერთი მხრივ, რესპუბლიკელი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი, რომელმაც ავღანეთში შეჭრის გამო საბჭოთა კავშირი "ბოროტების იმპერიად"“ გამოაცხადა და ყველაფერი გააკეთა მის დასაშლელად, ხოლო, მეორე მხრივ, რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც "ბოროტების იმპერიის" შვილის, რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიუხედავად, პუტინის სტრატეგიულ ინტერესებს ეხმარება, ამერიკელი ამომრჩევლისთვის დასაფიქრებელი უნდა გახდეს.

იკვრება ერთგვარი ჯაჭვი: პირველი - რესპუბლიკელი კონგრესმენები წარმომადგენელთა პალატიდან (სადაც ისინი უმრავლესობას წარმოადგენენ) ექსპრეზიდენტ ტრამპის მკაცრი მოთხოვნით აგრძელებენ უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების კანონპროექტის დაბლოკვას.

მეორე - ამერიკული სამხედრო დახმარების გარეშე დარჩენილი უკრაინის არმია განიცდის მარცხს ფრონტის ხაზზე და ოფიციალური კიევი იძულებული ხდება დაჰყაბულდეს რუსეთთან დროებით ზავს, რომელიც მთლიანად კრემლის პირობებით იქნება შედგენილი, რაც, ფაქტობრივად, პუტინის გამარჯვებად ჩაითვლება როგორც რუსეთში, ისე მსოფლიოს დიდ ნაწილში.

მესამე - უკრაინის ფაქტობრივი წაგებით ამ უთანასწორო ომში რუსეთთან დიდ პოლიტიკურ დარტყმას მიიღებს ჯო ბაიდენის კანდიდატურა 2024 წლის შემოდგომის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რაც სათუოდ გახდის მის ხელმეორედ არჩევას.

მეოთხე - მთავარი პოლიტიკური ოპონენტის, ბაიდენის რეიტინგის დაცემა თვით დემოკრატების მხარდამჭერ ამომრჩეველთა რიგებშიც კი გაზრდის ტრამპის უდიდესი სურვილის აღსრულების შანსს, დაბრუნდეს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, რისთვისაც ის მზადაა ეშმაკსაც, ამ შემთხვევაში, პუტინსაც კი მიჰყიდოს სული.

გარდა ისევ გაპრეზიდენტების უდიდესი სურვილისა, ტრამპს აქვს კიდევ ერთი პირადი დიდი წყენა - კერძოდ, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ პრეზიდენტი ტრამპი უკრაინელი კოლეგა ზელენსკისგან დაჟინებით მოითხოვდა კომპრომატების მიწოდებას არჩევნებში თავისი კონკურენტის, ჯო ბაიდენის შვილის უკრაინაში ბიზნესის თაობაზე, რაც უნდა გამხდარიყო შავი პიარის დაწყების საფუძველი. ზელენსკიმ ეს არ გააკეთა, რითაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბაიდენის გამარჯვებას.