წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე ამ კითხვაზე პასუხი ცალსახაა: ეროვნული ბაკი ინფლაციის ასეთ მაღალ დონეს, რა თქმა უნდა, არ შეურიგდებოდა და რესტრექციული (შემზღუდავი) მონეტარული პოლიტიკის მეშვეობით ყველაფერს გააკეთებდა ინფლაციის ტემპის მინიმუმ ერთნიშნა დონემდე (10%–ზე დაბლა) უმოკლეს ვადაში შესამცირებლად.
აღნიშნული პოლიტიკა აუცილებლად გამოიწვევდა ლარის გაცვლითი კურსის ამაღლებას და სამამულო წარმოების კონკურენტუნარიანობის გაუარესებას, მაგრამ ეს ეროვნულ ბანკს არანაირ დისკომფორტს არ შეუქმნიდა, ვინაიდან როგორც მის მიერ ლარის მიმოქცევაში შემოღებიდან დღემდე განხორციელებული მონეტარული პოლიტიკა ცხადყოფს, მისი ძირითადი მიზანი სწორედ ლარის გაცვლითი კურსის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებაა და არა ინფლაციის თარგეთირება.
მიმდინარე დეფლაციის დასაძლევად რბილი მონეტარული პოლიტიკის გატარება კი აუცილებლად გამოიწვევს ლარის ნომინალური და რეალური გაცვლითი კურსების შემცირებას, შესაბამისად, გამოიწვევს სამამულო პროდუქციის შეფარდებით გაიაფებას უცხოურთან შედარებით, რაც ხელს შეუწყობს ექსპორტის წახალისებას და სამამულო წარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. დეფლაციის აღმოფხვრა და ფასების დონის ზომიერი ამაღლება ხელს შეუწყობს პროდუქციის წარმოების გადიდებას, ვინაიდან ზომიერი ინფლაციის პირობებში გაიზრდება მოგების საშუალო ნორმის უზრუნველმყოფი ზღვრული დანახარჯების დონე. ამის მიზეზი ისაა, რომ ზომიერი ინფლაცია უზრუნველყოფს პროდუქციის გამოშვების გადიდების შედეგად დამატებით წარმოებულ პროდუქციაზე გაწეული დანახარჯების ზრდის (კლებადი უკუგების კანონის მოქმედების შედეგად) კომპენსაციას, ანუ ზომიერი ინფლაციის პირობებში, ამაღლდება ზღვრული დანახარჯების ის დონე, რომლის დროსაც თითოეული ფირმის ერთობლივი მოგება აღწევს მაქსიმალურ მნიშვნელობას. მიუხედავად ამისა, ეროვნული ბანკი ტრადიციულად მეტისმეტად ფრთხილობს და იაფი ფულის პოლიტიკის გატარების მიმართულებით არ დგამს რეალურ ნაბიჯებს. ასეთ სიფრთხილის შედეგად საშველი არ დაადგა სამამულო წარმოების, კერძოდ მატერიალური სექტორის აღორძინებას.
ლარის მაღალი გაცვლითი კურსის შენარჩუნება, მით უფრო, მისი ამაღლება, აწყობთ:
ა) დაქირავებით დასაქმებულ მაღალშემოსავლიან პირებს, ვინაიდან მათ ლარებში მიღებული შემოსავლებით შეუძლიათ მეტი უცხოური ვალუტისა და მეტი უცხოური საქონლის შეძენა, თუნდაც მეტი მოგზაურობა უცხოეთში (აქ ძირითადად საუბარია სახელმწიფო სამსახურში და იმპორტული პროდუქციის შემოტანა–რეალიზაციის სფეროში დასაქმებულ მუშაკებზე).
ბ) დანაზოგების მფლობელებს ლარებში;
გ) იმპორტიორებს. მეწარმეთა ამ ჯგუფს ყველაზე მეტად აწყობს ლარის გაცვლითი კურსისა და ინფლაციის ტემპის ერთდროული ამაღლება, რასაც ადგილი ჰქონდა, მაგალითად, 2004–2006 წლებში;
დ) საქართველოს შიდა ბაზარზე, კერძოდ მშენებლობის, კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის, საფინანსო საქმიანობისა და ბუნებრივი მონოპოლიების სფეროებზე (ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება) ორიენტირებულ მსხვილ უცხოელ ინვესტორებს.
ე) სამომხმარებლო ფასების ინდექსის საფუძველზე გაანგარიშებული ინფლაციის ტემპის ”თარგეთირების“ პოლიტიკის გამტარებელ საქართველოს ეროვნულ ბანკს. როგორც ცნობილია სამომხმარებლო კალათა მოიცავს როგორც ადგილობრივ, აგრეთვე იმპორტირებულ სამომხმარებლო დანიშნულების პროდუქციას. საქართველოში სამომხმარებლო დანიშნულების პროდუქციაში ძალიან მაღალია იმპორტის წილი, ამიტომ სამომხმარებლო ფასების ინდექსის საფუძველზე გაანგარიშებული ინფლაციის ტემპის მინიმალურ დონემდე შემცირებაში არსებით როლს ასრულებს იმპორტირებული პროდუქციის ფასების სტაბილურობა–შემცირება, რაც ძირითადად მიიღწევა გაცვლითი კურსის ამაღლებითა და მაღალ დონეზე შენარჩუნებით;
ვ) დონორ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო საფინანსო–ეკონომიკურ ორგანიზაციებს. მაღალი გაცვლითი კურსი უზრუნველყოფს იმას, რომ მათ მიერ გაწეული დახმარება წარიმართოს არა სამამულო წარმოების პრიორიტეტული დარგების ასაღორძინებლად და მათი კონკურენტი წარმოებების შესაქმნელად აუცილებელი უცხოური მანქანა–მოწყობილობების შესაძენად, არამედ იმპორტული სამომხმარებლო პროდუქციის შესასყიდად. ამის მიზეზი ისაა, რომ გაცვლითი კურსის ამაღლება შესაძლებელს ხდის სამომხმარებლო საქონლის დიდი რაოდენობით შემოტანას (მისი ღირებულების შემცირების შედეგად) და შედარებით მოკლევადიან პერიოდში მისი რეალიზაციიდან მაღალი მოგების მიღებას;
ზ) გარკვეულწილად საქართველოს მთავრობასაც, ვინაიდან მას სათბობ–ენერგეტიკული რესურსების (საუბარია ბუნებრივი აირსა და ნავთობ–პროდუქტებზე, რომლებზეც მოთხოვნილება თითქმის მთლიანად კმაყოფილდება იმპორტის ხარჯზე) მოსახლეობისთვის სტაბილურ ფასებში მიწოდების კუთხით გარკვეული ვალდებულება აქვს აღებული.
ამრიგად, მაღალი გაცვლითი კურსის შენარჩუნებისა და მისი ამაღლების პოლიტიკის გატარებით ეროვნული ბანკი ცდილობს ისეთი ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს მძაფრი სოციალურ–ეკონომიკური რყევების შესაძლებლობა (ყოველ შემთხვევაში მოკლევადიან პერიოდში), მაგრამ პრაქტიკულად გამორიცხავს სამამულო წარმოების გონივრულად ოპტიმალურ ვადებში აღორძინებას.
ბოლო ორი წლის მანძილზე ქვეყნის ფულად–საკრედიტო და სავალუტო ბაზარზე შეინიშნება ქართული ეკონომიკისათვის უნიკალური შემთხვევა: დეფლაციური პროცესის გაღრმავება მიმდინარეობს გაცვლითი კურსის სტაბილურობის პირობებში (წინა წლებში ჩვეულ მოვლენას წარმოადგენდა ინფლაციური პროცესების გაღრმავება გაცვლითი კურსის ამაღლებისას). ამგვარად, ბოლო პერიოდამდე (დაახლოებით 2011 წლამდე) ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის ამაღლება და/ან მაღალ დონეზე შენარჩუნება ემსახურებოდა სამომხმარებლო ფასების ინდექსის საფუძველზე გაანგარიშებული ინფლაციის ტემპის მინიმალურ დონემდე შემცირებას. 2011 წლიდან კი უცხოური ინვესტიციებისა და შესაბამისად, ლარზე მოთხოვნის შემცირების შედეგად საეჭვო გახდა ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის მაღალ დონეზე შენარჩუნება, ვინაიდან უცხოური ინვესტიციების შემცირება განაპირობებს ეროვნული ვალუტაზე მოთხოვნის შემცირებას და მისი საგარეო კურსის დაცემას. ამიტომ, ბოლო პერიოდში სამომხმარებლო ფასების ინდექსის საფუძველზე გაანგარიშებული ინფლაციის ტემპის შემცირების, ანუ დეფლაციური პროცესის განვითარების მიზანია ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის მაღალ დონეზე შენარჩუნება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ რესტრექციული ფულად–საკრედიტო პოლიტიკა და დეფლაცია დღეისთვის არის ლარის გაცვლითი კურსის მაღალ დონეზე შენარჩუნების გარანტი, ანუ ჩვენთან არსებული დეფლაცია მაღალი გაცვლითი კურსის შენარჩუნების პრიორიტეტის ინერციით ასახვაა მონეტარულ პოლიტიკაში.
აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ დეფლაციის გაღრმავება ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის მაღალ დონეზე შენარჩუნების პირობებში, იწვევს რეალური გაცვლითი კურსის შემცირებას, შესაბამისად კი, ხელს უწყობს ექსპორტის წახალისებას, რის დასტურადაც გამოდგება 2013 წლის იანვარ–აგვისტოში ექსპორტის 14%–იანი ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. მიუხედავად ამისა, აღნიშნული პოლიტიკა, საბოლოო ანგარიშით, აფერხებს ქართული ეკონომიკის განვითარებას, ვინაიდან, ერთის მხრივ დეფლაცია ვერ უზრუნველყოფს ფასების დონის მოძრაობის ისეთ ტრაექტორიას, რომელიც აუცილებელია პროდუქციის წარმოების გადიდებასთან დაკავშირებული დამატებითი დანახარჯების ანაზღაურებისათვის, მეორეს მხრივ კი, მაღალი ნომინალური გაცვლითი კურსი იწვევს ქართული საექსპორტო პროდუქციის გაძვირებას, რის შედეგადაც გარკვეულწილად ანეიტრალებს დეფლაციის წამახალისებელ ზემოქმედებას საექსპორტო საქონელზე.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, მიუხედავად მის მიერ დაშვებული შეცდომებისა, რომლებიც მნიშვნელოვანწილად გარეშე ფაქტორების ზემოქმედებითაც არის გამოწვეული, ქართული ეკონომიკური სივრცის სტაბილური ფუნქციონირების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტია, რაც თავისთავად მისასალმებელი ფაქტია. მიუხედავად ამისა, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა საკმარისი არ არის სამამულო წარმოების, უპირველეს ყოვლისა კი, მატერიალური წარმოების სფეროს კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად და ეროვნული ეკონომიკის წარმატებული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. ამის მიზეზი ისაა, რომ ეროვნული ბანკი გაცვლითი კურსის მაღალ დონეზე შენარჩუნების გზით ცდილობს ხელი შეუწყოს ”ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას“, რაც მას ევალება საქართველოს კონსტიტუციის 95 მუხლით, თუმცა ხშირად ვერ ასრულებს მონეტარული პოლიტიკის მეშვეობით ”ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფის“ შესახებ იმავე 95–ე მუხლით მისთვის დაკისრებული ვალდებულებას, რასაც ადასტურებს ის, რომ ინფლაციის ფაქტიური მაჩვენებელი ყოველწლიურად არსებითად აღემატება ან ჩამორჩება მის მიზნობრივ დონეს.
5. კოორდინაციის არარსებობა ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობაში. მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში (იანვარი–აგვისტო), ფინანსთა სამინისტროს მიერ პროფიციტული საბიუჯეტო პოლიტიკის გატარების ფონზე, ეროვნულ ბანკის მხრიდან მიზანშეწონილი იყო ბევრად უფრო რბილი მონეტარული პოლიტიკის გატარება ერთობლივი მოთხოვნის სტიმულირების მიზნით. ე.ი. ეროვნულ ბანკს, წესით და რიგით, ასეთი პოლიტიკის გატარებით უნდა შეევსო პროფიციტული საბიუჯეტო პოლიტიკის შედეგად ერთობლივ მოთხოვნაში წარმოქმნილი დეფიციტი. მოვლენები ასე რომ არ განვითარდა, ამაში დამნაშავე, სათანადო კოორდინაციის უქონლობასთან ერთად, ალბათ აღნიშნულ უწყებებს შორის უნდობლობის ფაქტორის არსებობაცაა, ანუ როგორც ჩანს, დამნაშავე კოჰაბიტაციის პროცესია.
ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირების მოკლევადიანი შედეგები გარდამავალი ეკონომიკის თავისებურებათა გათვალისწინებით
ეკონომიკური ზრდის ტემპი საშუალებას გვაძლევს რაოდენობრივად შევაფასოთ საანგარიშო პერიოდის მანძილზე ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის შედეგები.
ეკონომიკური ზრდის ტემპის საფუძველზე აგრეთვე შესაძლებელია ქვეყნის საწარმოო–ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების დონის, ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისა და წარმოების ეფექტიანობის, აგრეთვე ცხოვრების საშუალო დონის ამაღლების შეფასება. მიუხედავად ამისა, ეკონომიკაში არსებული რეალური ვითარებისა და მასში მიმდინარე დინამიური პროცესების სრულყოფილი ანალიზი წარმოუდგენელია ეკონომიკური ზრდის ხარისხობრივი მახასიათებლების (სიღარიბის დონე, სოციალურ სამართლიანობასა და ეფექტიანობას შორის არსებული ბალანსი, შესაძლებლობებისა და შედეგების განაწილების სფეროში არსებული მდგომარეობა, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სფეროებში არსებული ვითარება და ა. შ.) ცვლილების თავისებურების, აგრეთვე ინსტიტუციურ–სტრუქტურული ცვლილებების ხასიათის შეფასების გარეშე. ე. ი. მხოლოდ ეკონომიკური ზრდის ტემპის მაჩვენებელი საკმარისი არ არის ეკონომიკაში მიმდინარე თვისობრივი ცვლილებების და ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკური განვითარების დონის ზუსტი შეფასებისათვის.
ეკონომიკური საქმიანობის რაოდენობრივი მახასიათებლების ცვლილების ხასიათი უნდა განვიხილოთ ხარისხობრივი მახასიათებლების დინამიკასთან მჭიდრო კავშირში, რაც ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით ეკონომიკური საქმიანობის უფრო ვრცელი და კომპლექსური მახასიათებლის, კერძოდ კი, ეკონომიკური განვითარების დონის შეფასების საშუალებას მოგვცემს (ეკონომიკური განვითარების საკითხებზე ნაშრომები გამოქვეყნებული აქვთ ქართველ მეცნიერებს: ბატონ გიორგი მალაშხიას და ბატონ ევგენი ბარათაშვილს).
ეკონომიკური განვითარება გულისხმობს, როგორც ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების მიღწევას, აგრეთვე ეკონომიკური საქმიანობის ხარისხობრივი მახასიათებლების გაუმჯობესებას. ე.ი. ეკონომიკური განვითარება ეკონომიკური საქმიანობის რაოდენობრივი მახასაითებლების ამაღლების, ეფექტიანი ეკონომიკური საქმიანობისათვის აუცილებელი ცივილური პირობების (მაკროეკონომიკური, სამართლებრივ–ინსტიტუციური, პოლიტიკური, სოციალური) ფორმირების, სოციალურ სამართლიანობასა და ეფექტიანობას შორის გონივრული ბალანსის უზრუნველყოფის, ეროვნული მეურნეობის პროგრესული დარგობრივი სტრუქტურის ჩამოყალიბების, ცხოვრების ხარისხის საყოველთაო, საზოგადოების ყველა ფენისათვის ხელმისაწვდომი გაუმჯობესებისა და ა.შ. ერთიანი პროცესია.
ამრიგად, ეკონომიკური განვითარება ეკონომიკური ზრდის სინონიმი არ არის. იგი შინაარსობრივად ბევრად უფრო ტევადი ცნებაა ვიდრე ეკონომიკური ზრდა. უფრო მეტიც, ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპების პარალელურად შესაძლოა აღინიშნოს ეკონომიკური განვითარების დანარჩენი კომპონენტების არსებითი გაუარესება. ასე მაგალითად, საქართველოში, 2004–2012 წლებში, ეკონომიკური ზრდის შედარებით მაღალი მაჩვენებლების პირობებში, აღინიშნა უმუშევრობის ზრდა (საქსტატის მონაცემების თანახმად უმუშევრობის დონემ 2005 წლისათვის შეადგინა 13,8%, ხოლო 2012 წლისათვის 15%), უთანაბრობის გაღრმავება შემოსავლების განაწილებაში და სიღარიბის დონის ამაღლება (საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდიკა 2006 წლიდან არსებითად დამახინჯდა. ამიტომ სიღარიბის რეალურ დონეზე ასე თუ ისე შეგვიძლია ვიმსჯელოთ მხოლოდ რეგისტრირებული სიღარიბის, ანუ სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილის ცვლილებით მოსახლეობის მთლიან რიცხოვნობაში. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობა 2007 წლის 6,4%–დან 2012 წლისათვის ამაღლებულია 9,7%–მდე). ამასთან, არ შექმნილა მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი ფენების ჯანმრთელობის დაცვის, განათლების დონის ამაღლებისა და სოციალური უზრუნველყოფის ეფექტიანი სისტემა, არ გაუმჯობესებულა ეროვნული მეურნეობის დარგობრივი სტრუქტურა, არ შექმნილა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ბიზნესის, მ.შ. მცირე და საშუალო ბიზნესის, განვითარებისათვის აუცილებელი გარემო პირობები.
ამგვარად, თუკი ეკონომიკურ ზრდას და ეკონომიკურ განვითარებას განვიხილავთ ეკონომიკური საქმიანობის დამოუკიდებელ მახასიათებლებად, ანუ თუკი ეკონომიკურ ზრდას გამოვაცალკევებთ ეკონომიკური განვითარების პროცესისგან (სინამდვილეში, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ეკონომიკური განვითარება, სხვა მახასიათებლებთან ერთად, მოიცავს ეკონომიკურ ზრდასაც), მაშინ ცხადია, რომ საქართველოში, 2004–2012 წლებში, ადგილი ჰქონდა ეკონომიკურ ზრდას – ეკონომიკური განვითარების გარეშე.
ზემოაღნიშნულიდან აშკარაა, რომ ეკონომიკური ზრდის ჭეშმარიტი ფასეულობა განისაზღვრება არა თავისთავად ეკონომიკური ზრდის ტემპის სიდიდითა და შესაბამისად, პროდუქციის გამოშვების მოცულობის გადიდებით, არამედ იმით, თუ რამდენად უზრუნველყოფს იგი: საზოგადოების ყველა ფენის კეთილდღეობის დონის შედარებით თანაბარზომიერ ამაღლებას და სიღარიბის დონის შემცირებას, სოციალური დაცვის სისტემის ეფექტიანობის ამაღლებას, ადამიანური კაპიტალის განვითარებას, პროგრესული ინსტიტუციურ–სტრუქტურული ცვლილებების დაჩქარებას და ა. შ.
ე.ი. საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისათვის, საზოგადოების კეთილდღეობის საყოველთაო ამაღლებისათვის აუცილებელია არა ეკონომიკური ზრდა ეკონომიკური ზრდის მიზნით, არამედ ისეთი ეკონომიკური ზრდა, რომელიც მეტ–ნაკლებად თანაბარზომიერად აისახება საზოგადოების ყველა წევრის კეთილდღეობაზე და შექმნის პირობებს ქვეყნის შემდგომი აღორძინებისათვის.
საქართველოში 2004–2012 წლების ეკონომიკური ზრდის შედეგად, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ეკონომიკური განვითარების სხვა მახასიათებლები არ გაუმჯობესებულა, პირიქით - რიგი მათგანი არსებითად გაუარესდა. შესაბამისად, უმნიშვნელოა აღნიშნული ეკონომიკური ზრდის სოციალურ–ეკონომიკური ეფექტი. ამას ნაწილობრივ აღიარებენ ნაციონალური მოძრაობის ცალკეული ლიდერებიც, როცა აღნიშნავენ, რომ მათ ვერ უზრუნველყვეს ეკონომიკური ზრდის კეთილისმყოფელი შედეგების ასახვა ცალკეული ოჯახების კეთილდღეობაზე. ამასვე ადასტურებს ყოფილი ხელისუფლების მიერ არჩევნების მწარედ წაგება იმ რეგიონებსა და ქალაქებში, სადაც მან განახორციელა ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები. როგორც ჩანს აღნიშნული ობიექტების მშენებლობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმდინარე ეტაპზე იყო ყოვლად გაუგებარი, დაუსაბუთებელი და მეტისმეტად ხარჯიანი: მათგან მოსალოდნელი სოციალურ–ეკონომიკური და ეგრეთწოდებული ”იმიჯშემქმნელი“ შედეგები მინიმალურ დონეზეც კი ვერ უზრუნველყოფს მათზე გაწეული კოლოსალური დანახარჯების ანაზღაურებას. მთავარი კი ისაა, რომ აღნიშნული ობიექტების მშენებლობით არ გაუმჯობესებულა შესაბამის რეგიონებსა და ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა.
ყოფილ სსრკ–შიც ეკონომიკურ ზრდა ნაწილობრივ მიიღწეოდა მაღალ დანახარჯებიანი და ეკონომიკურად გაუმართლებელი გიგანტური ობიექტების მშენებლობით, მასალატევადი, ხშირ შემთხვევაში უხარისხო და მოთხოვნის არ მქონე პროდუქციის წარმოებით. ასეთმა არაეფექტიანმა წარმოების სისტემამ კატალიზატორის როლი შეასრულა სსრკ–ს დაშლაში.
2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოში ჩამოყალიბდა უნიკალური ვითარება, რაც გამოიხატება იმაში, რომ წინა პერიოდში მიღწეულმა ეკონომიკური ზრდის შედარებით მაღალი ტემპებმა (ეკონომიკური განვითარების სხვა კომპონენტების გაუმჯობესების გარეშე), სოციალურ–ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების გარკვეული კორექტირების შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპის პირობებშიც კი შესაძლებელი გახადა მოსახლეობის უმრავლესობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება და ეკონომიკური განვითარების შედარებით მაღალი დონის მიღწევა, ოღონდ მოკლევადიან პერსპექტივაში. გრძელვადიან პერიოდისათვის საყოველთაო ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, რა თქმა უნდა, აუცილებელია ეკონომიკური ზრდის ტემპის მნიშვნელოვანი ამაღლება და სტრუქტურულ–ინსტიტუციური ცვლილებების დაჩქარება. საწინააღმდეგო შემთხვევაში, არათუ წინსვლა, არამედ ეკონომიკური განვითარების არსებული დონის შენარჩუნებაც კი სანატრელი გაგვიხდება.
როგორც წესი, ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია ეკონომიკური, პოლიტიკური და ეთიკური თვალსაზრისით გამართლებული ბალანსის დაცვა სოციალურ სამართლიანობასა და ეფექტიანობას შორის. წინა ხელისუფლების პირობებში აღნიშნული ბალანსი აშკარად დარღვეული იყო დამახინჯებულად გააზრებული ეფექტიანობის სასარგებლოდ. მაგალითად, მსხვილ, ნომენკლატურულ ბიზნესის წარმომადგენლებსა და უცხოელ ინვესტორებს ხელისუფლებისგან სრული კარტ–ბლანში ჰქონდათ მიცემული მცირე და საშუალო მეწარმეებისა და განსაკუთრებით დაქირავებული შრომით დასაქმებულთა ხარჯზე. ამის თვალსაჩინოებისათვის ძველი შრომის კოდექსიც კმარა, რომლის წყალობითაც დაქირავებული მუშახელი სრულიად უუფლებო მდგომარეობაში იყო ჩაყენებული, ვინაიდან დამქირავებელს შეეძლო დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლება უმიზეზოდ და წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებულმა ძალამ უპირველეს მიზნად გამოაცხადა მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, ანუ მიზნად დაისახა სოციალურ სამართლიანობასა და ეკონომიკურ ეფექტიანობას შორის წინა წლებში დარღვეული გონივრული ბალანსის აღდგენა და ამ გზით გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკური აღორძინებისათვის აუცილებელი წანამძღვრების მომზადება. კერძოდ, დაისახა ღონისძიებები მოსახლეობის საყოველთაო დაზღვევის, საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის წიგნების უფასოდ დარიგების, პრიორიტეტულ საბაკალავრო მიმართულებებზე ჩარიცხულთა უფასო განათლების, პენსიების ამაღლების, ტარიფების შემცირების, შრომითი კანონმდებლობის სრულყოფა–გაუმჯობესების და ა. შ. სფეროებში.
აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებამ თავისთავად გამოიწვია მოსახლეობის, განსაკუთრებით კი დაბალშემოსავლიანი ფენების ცხოვრების პირობების გარკვეული გაუმჯობესება, რაც გრძელვადიანი პერიოდისათვის ხელს შეუწყობს მათი განათლების დონის, შესაბამისად კი, შრომის ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.
მთავრობის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიებების პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ბიზნესის სახელისუფლო წნეხისგან განთავისუფლებისა და თავისუფალი ბიზნესის განვითარების მიზნით, კერძოდ ბიზნესის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სამართლებრივ–ინსტიტუციური გარემოს ფორმირების, მაგალითად ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შემუშავებისა და შესაბამისი სამსახურის ჩამოყალიბების, სხვადასხვა ინვესტიციური, თუ სადაზღვევო ფონდების განვითარების მიმართულებით და ა. შ.
მიმდინარე წელს გატარებული ღონისძიებები, მიუხედავად ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპისა, ცალსახად ადასტურებენ ქვეყანაში მოკლევადიანი ეკონომიკური განვითარების პროცესს. გრძელვადიან პერსპექტივაში მაღალი ტემპებით ზრდის უნარის მქონე კონკურენტუნარიანი ეკონომიკური სისტემის ფორმირების მიზნით კი აუცილებელია ინსტიტუციურ–სტრუქტურული ცვლილებების დაჩქარება და როგორც ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლებში, აგრეთვე მთლიანად მოსახლეობაში ოპტიმისტური განწყობა–მოლოდინების ფორმირების ხელშეწყობა.
ამრიგად, საქართველოში, 2013 წლის განვლილ პერიოდში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის ტემპის არასასურველი დონეები, შესაბამისად, მთლიანად 2013 წლისათვის მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპიც, თავისთავად არ წარმოადგენს კატასტროფას – ეკონომიკური განვითარების სხვა მახასიათებლების გაუმჯობესების შედეგად (ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეკონომიკაში ყველაფერი კარგადაა. ეკონომიკური ზრდის წინასწარ განსაზღვრული მიზნობრივი მაჩვენებლის (6,1%) მიღწევის შემთხვევაში ბევრად უკეთესი შედეგების მიღება იქნებოდა შესაძლებელი ეკონომიკური განვითარების დანარჩენი კომპონენტების მიხედვით, მ.შ. გარკვეულწილად გაიზრდებოდა დასაქმებულთა შემოსავლებიც).
ამრიგად, აღნიშნული ოპტიმისტური დასკვნა მისაღებია მხოლოდ 2013 წლისათვის, ანუ მოკლევადიანი გარდამავალი პერიოდისათვის და ისიც მხოლოდ იმ პირობით, რომ 2013 წელი ნაყოფიერად იქნება გამოყენებული ეკონომიკური ზრდა–განვითარებისათვის აუცილებელი ადამიანურ–მატერიალური ბაზისა და გარემო–პირობების, უწინარეს ყოვლისა კი საკანონმდებლო–ინსტიტუციურის ფორმირებისათვის.
გრძელვადიანი პერიოდისათვის, ანუ 2014 წლიდან, აუცილებელია ეკონომიკური ზრდის შედარებით მაღალი ტემპების მიღწევა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია ნეგატიური ეკონომიკური განვითარება – მისი ყველა კომპონენტის ჩათვლით. პარალელურად გარდაუვალია სოციალური და პოლიტიკური დაძაბულობის ზრდა, ვინაიდან მშვიდობიან პერიოდში ხალხი არ შეურიგდება ეკონომიკური პირობების არსებით გაუარესებას.
და, ბოლოს: ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირების მიზეზებისა და შედეგების განხილვა ცხადყოფს, რომ ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია სისტემური ხასიათის ღონისძიებების კომპლექსური განხორციელება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში ვეცდები მოგახსენოთ ჩემი მოკრძალებული მოსაზრებები. აქ კი მინდა ავღნიშნო, რომ, დროული და მართებული იყო ვიცე–პრემიერის თანამდებობაზე ეკონომიკური პროფილის ადექვატური, კორექტული და გაწონასწორებული მინისტრის დანიშვნა. ჯერ ერთი, ეკონომიკის მინისტრმა, ეკონომიკური პროფილის მინისტრებს შორის, ყველაზე ადრე გააკეთა ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების ადექვატური შეფასება და აღიარა, რომ ობიექტური მიზეზების შედეგად მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად ნაკლები იქნებოდა მიზნობრივ მაჩვენებელზე. მეორეს მხრივ კი, აღნიშნული დანიშვნა გამოიწვევს ეკონომიკის სამინისტროს როლისა და პასუხისმგებლობის ამაღლებას ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკური განვითარების რეგულირების სფეროში. წინა ხელისუფლების პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს როლი ძირითადად შემოიფარგლა სახელმწიფო ქონების მართვასა და პრივატიზებასთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრით.
ეკონომიკის სამინისტროს როლის დაკნინება მთელ რიგ შემთხვევებში სამართლებრივადაც იქნა გაფორმებული. ასე მაგალითად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: ”ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი არის ქვეყნის განვითარების ძირითადი გეგმა, რომელიც ასახავს ინფორმაციას საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური და ფისკალური პროგნოზების შესახებ, ...“, ხოლო ამავე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით ”ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის“ შედგენაზე პასუხისმგებელობა ეკისრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომელმაც იგი უნდა შეადგინოს საქართველოს ეროვნულ ბანკთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან კორდინაციის პირობებში. სავალალო ისაა, რომ საერთოდ უგულვებელყოფილია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, როგორც ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელ–წარმართველის როლი. ვინაიდან ქვეყანაში არსებობს ეკონომიკის სამინისტრო (მაგ., აშშ–ში ასეთი სამინისტრო არ არსებობს, შესაბამისად, ეკონომიკური პოლიტიკის პარამეტრების განსაზღვრის ფუნქციები გადანაწილებულია ფინანსთა სამინისტროს, ფედერალურ სარეზერვო სისტემას, ვაჭრობის სამინისტროს, შრომის სამინისტროს, პრეზიდენტის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს და ა.შ. შორის), ამიტომ, ჩემი აზრით, აღნიშნული დოკუმენტის საწყისი ვარიანტის შემუშავებაზე, ფინანსთა სამინისტროსთან, ეროვნულ ბანკთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან კოორდინაციის პირობებში, წესით პასუხისმგებელი უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, ხოლო შემდეგ, ბიუჯეტის პროექტის განხილვისა და დაზუსტების პროცესში კი ფინანსთა სამინისტრო (ეკონომიკის სამინისტროსთან, ეროვნულ ბანკთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან კოორდინაციის პირობებში).
ამრიგად, სასურველია ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასა და რეალიზაციაში ეკონომიკის სამინისტროს როლისა და პასუხისმგებლობის ამაღლება, რისთვისაც აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება და აღნიშნული სამინისტროსთვის შესაბამისი ბერკეტების გადაცემა – თუნდაც საკუთარი დებულებით განსაზღვრული ამოცანების ეფექტიანი განხორციელებისათვის, რაც კიდევ უფრო აამაღლებს ეკონომიკის სამინისტროს ავტორიტეტს და ხელს შეუწყობს ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკურ განვითარებაზე მის რეალურად პასუხისმგებლურ ორგანოდ ჩამოყალიბებას.