ოპოზიცია სასამართლო სიტემაზე კონტროლის აღებას ცდილობს

ოპოზიცია სასამართლო სიტემაზე კონტროლის აღებას ცდილობს

ოპოზიცია არჩევნებამდე სასამართლო სისტემაზე კონტროლის აღებას „ვეტინგის სისტემით“ ცდილობს. იდეის ავტორი კი იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მოადგილე დავით საყვარელიძეა. პარლამენტის თავმჯდომარე ბოდიშის მოხდას მოითხოვს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და უცხოელი აქტორებისგან, რომლებიც ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ ე.წ. შავ კამპანიას აწარმოებენ უცხოური ფულით.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ტყუილია, თითქოს ევროკომისია თუ ვენეციის კომისია ითხოვს „ვეტინგის სისტემის“ ჩატარებას და აქვე აღნიშავს, რომ სამწუხაროდ, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან დონორების ფინანსები ხმარდებოდა ქართული მართლმსაჯულების ძირის გამომთხრელ საქმიანობას.

„სამარცხვინოა, როდესაც საქართველოს მოქალაქეები მაგალითად, სახავენ ალბანეთს, მოლდოვას და უკრაინას. საქართველო რამდენიმე თავით მაღლა და წინ არის სამივე ქვეყანასთან შედარებით. ნახეთ ნებისმიერი ანგარიში. სამივე ქვეყანასთან დაკავშირებით კორუფციის დონე როგორია ალბანეთში ან უკრაინაში ან მოლდოვაში, მათ შორის სასამართლო სისტემაში და სხვადასხვა სტრუქტურებში. ნახეთ, როგორია ფინანსების გამჭვირვალობა ამ ქვეყნებში, მათ შორის „ვეტინგი“ ძირითად, შეეხება ქონების გადამოწმებას.

ჩვენთან ქონების გადამოწმება ხდება ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დეკლარაციების მეშვეობით, მათ შორის მოსამართლეებიც ავსებენ ამ დეკლარაციას. წლების განმავლობაში მიდიოდა კამპანია ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ, მათ შორის ამ კამპანიისთვის გამოიყენებოდა ევროპიდან და ამერიკიდან მიღებული გრანტები“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ოპოზიცია ითხოვს, რომ სასამართლო სისტემაში მოსამართლეების დანიშვნა, გადარჩევა „ვეტინგის“ საფუძველზე მოხდეს, რაც მათივე შეფასებით, ეს ხელს შეუწყობდა სასამართლო სისტემის გაჯანსაღებასა და ნდობის აღდგენას.

„ევროოპტიმისტების“ დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში ჩამოყალიბებულია, რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ რეფორმის განხორციელებისთვის და რა რეკომენდაციები უნდა შესრულდეს.

„რეკომენდაცია იყო ვენეციის კომისიის. აქ საუბარი იმაზე არ არის, ხატია დეკანოიძე რას ეუბნება მმართველ ძალას, აქ საუბარია იმაზე, რომ შალვა პაპუაშვილის მოსაზრებით, იუსტიციის საბჭოს რეფორმა საერთოდ არ გვჭირდება. თუ რაიმე ახალი რეფორმის ქვაკუთხედი და მოდელი აქვს მმართველ ძალას, მე მზად ვარ და დარწმუნებული ვარ, ყველა პარლამენტში ეს მოდელები განვიხილოთ. თუმცა, მათი პასუხი იყო ის, რომ ისინი ვერ ხედავენ იუსტიციის საბჭოს რეფორმირების აუცილებლობას. ყველაფერი დაწერილია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში, რომლებიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ დეკემბერში მოლაპარაკებები გაიხსნას“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მმართველი გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია „ვეტინგის“ სისტემაზე გადასვლა და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ რეფორმის ავტორია ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე, დავით საყვარელიძე რომელმაც ეს სისტემა დანერგა უკრაინაში. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოს ხელში ჩაგდებისათვის იბრძვის და იმიტომ მოიგონეს ეს „ვეტინგიც“.

როგორც დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, სასამართლოში ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღება არის ანტიკონსტიტუციური, არ არის თავსებადი საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე საქართველოს მართლმსაჯულებაში არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ საჭიროებდეს უცხოელი ექსპერტების მიერ ადამიანების და მათი კეთილსინდისიერების შეფასებას.

„ცოტა გაუგებარიც კი არის, როგორ უნდა შეაფასო ადამიანის კეთილსინდისიერება გასაუბრებით, მით უმეტეს, უცხოელების მხრიდან, რომლებიც საერთოდ არ იცნობენ საქართველოს კონტექსტს, თავი რომ დავანებოთ არაკონსტიტუციურობას. ეს არის ერთგვარად იმის აღიარება, რომ შენ არ ხარ სრულფასოვანი სახელმწიფო, რადგან შენ თვითონ ვერ აგვარებ საკითხებს და გინდა, რომ უცხოეთიდან ჩამოვიდნენ კონსულტანტები, მათ დაგინიშნონ მოსამართლეები, პროკურორები. მალე შეიძლება, მინისტრების დანიშვნაც მოსთხოვონ უცხოელებს.

ეს არის ერთგვარი არასრულფასოვნების კომპლექსის გამოვლენა, რაშიც ჩვენ ოპოზიციას, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ვართ სუვერენული სახელმწიფო და შეგვიძლია, ჩვენ თვითონვე დავნიშნოთ მინისტრები, პროკურორები, მოსამართლეები, გამომძიებლები და ყველა, რადგან ქართულ საზოგადოებას შესწევს ამის უნარი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

„ხალხის ძალის“ წევრი, იურისტი თამთა მეგრელიშვილი ამბობს, რომ „ვეტინგის“ პრაქტიკის შემოტანა ქართულ სახელმწიფოშიც უნდათ, მაგრამ ეს განუხორციელებელ იდეად დარჩება, რადგან ქართული რეალობა არ საჭიროებს ამგვარ გამოცდილებას. უფრო მეტიც, მისი თქმით, „ვეტინგის“ იდეა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და თავად „ვეტინგის“ იდეას, რადგან ქართულ სახელმწიფოში მართლმსაჯულების განხორციელების უფლებრივი პრაქტიკა არ საჭიროებს და ვერ დაუშვებს ამ მეთოდის გამოყენებას.

„ევროკომისიის 2022 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ფართომასშტაბიანი „ვეტინგის“ განხორციელებამდე საჭიროა არსებული მექანიზმების გაძლიერება, შესაბამისად, ამ საკითხის დღის წესრიგში შემოტანას პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძველი სჭირდება, რაც ქართულ სახელმწიფოს არ აქვს. „ვეტინგის“ გზით მოსამართლეთა და პროკურორთა შემადგენლობის განახლებას, ძირითადად, ტრანზიციის პროცესში მყოფი ქვეყნები მიმართავენ მართლმსაჯულების სფეროში სისტემურ უნდობლობასა და უსამართლობასთან საპასუხოდ.

მინდა გითხრათ, რომ სხვა ქვეყნებში უკვე ნაცადი „ვეტინგის“ გამოცდილება მოწმობს, რომ მხოლოდ ეს პროცესი მართლმსაჯულების გაჯანსაღებისთვის საკმარისი არ არის. მაგალითად, ვენეციის კომისიას სხვადასხვა ქვეყნებთან დაკავშირებით ამ პროცესის მიმართ მაინც ერთიანი მიდგომა აქვს, ვენეციის კომისია მართლმსაჯულების გამოწვევებზე საპასუხოდ, უმჯობესად საკანონმდებლო რეფორმებზე მუშაობას მიიჩნევს და კრიტიკულად აფასებს ყველა მოსამართლის/პროკურორის „ვეტინგის“ იდეას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამთა მეგრელიშვილმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე თვლის, რომ „ვეტინგის“ შემოღების ინიციატორებმა უნდა გადახედონ საერთაშორისო კვლევებს და ნახონ, თუ როგორი გაჭენებულია კორუფცია უკრაინაში, ალბანეთსა და მოლდოვაში და როგორი უმდაბლესი ნდობაა იქაური მართლმსაჯულების სისტემებისადმი. მისი თქმით, გლობალური ომის პარტიის ვასალ ნაცოპოზიციას სურს, რომ მართლმსაჯულებაში „ვეტინგი“ განახორციელონ უცხოელმა აქტორებმა.

„უკაცრავად და ძალიან ბევრი აქ მომუშავე დიპლომატი, უცხოელი ექსპერტი და სხვადასხვა მისიით ჩამოსულნი დღემდე ვერ ერკვევიან ქართველ პოლიტიკოსებში, ეშლებათ მათი სახელები, გეოგრაფიული ადგილები და ქართველ მოსამართლეებს ობიექტურად და სამართლიანად შეაფასებენ?! „ვეტინგის“ სისტემა საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, რადგან გადაწყვეტილების მიღებისას უცხოელი ექსპერტების სიტყვაა გადამწყვეტი“, - აცხადებს აბაშიძე.

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, „ვეტინგის“ სისტემის შემოღების შემთხვევაში პრობლემატური გახდება მოსამართლეების დანიშვნის თუ თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნის საკითხი. მოსამართლეები დაკარგავენ თავისუფლებას და იქნებიან უცხოური გავლენების ქვეშ.

„ხაზგასასმელია, რომ უწინარესად, „ვეტინგის“ სისტემა საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, რადგან უცხოელი ექსპერტების სიტყვა გადაწყვეტილების მიღებისას არის გადამწყვეტი. რაც მთავარია, „ვეტინგის“ შემოღების ინიციატორებმა გადახედონ სხვადასხვა საერთაშორისო კვლევას და ნახონ თუ როგორი გაჭენებულია კორუფცია უკრაინაში, ალბანეთსა და მოლდოვაში და საქართველოსთან შედარებით, როგორი უმდაბლესი ნდობაა იქაური მართლმსაჯულების სისტემებისადმი“, - აცხადებს გია აბაშიძე.

 

ლევკოთეა არადა, დანამდვილებით ვიცი, დეკანოსიძის და საყვარელიძის მესიამ, სააკაშვილმა, იუსტიციის მინისტრის რანგში, სასამართლო რეფორმა რომ წამოიწყო, რაიონის მოსამართლედ დანიშვნა (ანუ, კანდიდატებისთვის საგამოცდო ტესტების პასუხების მიყიდვა) 50 000 დოლარი ღირდა. ნუ, ბოლოს, როცა პატარა, ნაკლებად რენტაბელური რაიონები დარჩა, 20 000 დოლარზე ჩამოვიდა ფასი. მაშინ ეგ ფული ძალიან დიდი თანხა იყო და ფაქტიურად, პატიოსან და მცოდნე კანდიდატს ეგ ფული არც ექნებოდა. ისევ კორუმპირებულმა მომსამართლეებმა გადაიხადეს და ხელმეორედ იყიდეს თანამდებობები სააკაშვილისგან.
ჰო, თავისი ძმა მოსამართლეთა გადამზადების ცენტრის უფროსად დანიშნა. იქიდან დამატებით ფულს აკეთებდა.
8 თვის უკან