ემუქრება თუ არა საქართველოს „ჩაინა თაუნად“ გადაქცევა?!

ემუქრება თუ არა საქართველოს „ჩაინა თაუნად“ გადაქცევა?!

ჩინეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებამ ჩვენი საზოგადოება ერთდროულად დააფრთხო კიდეც და დააიმედა. გაჩნდა იმედი, რომ ჩინეთის წინაშე მორიდებული რუსეთი საქართველოს მიმართაც მოკრძალებით განეწყობა და აგრესიულ პოლიტიკას თავს დაანებებს. რაც შეეხება საფრთხეს, ცალკეული პოლიტიკოსები შიშობენ, რას გავაკეთებთ იმ შემთხვევაში, თუკი უზარმაზარი ჩინეთის თუნდაც ერთი სოფელი საქართველოსკენ უვიზოდ დაიძვრება, აქ მოინდომებს მუშაობას და დასახლებას.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ ჩინეთიდან ველოდებით ჩვენი ეკონომიკის გამაჯანსაღებელ საინვესტიციო ბუმს, რადგან ამერიკას ჩვენს ეკონომიკაში მოქმედი ხელისუფლების პირობებში ერთი ცენტიც არ ჩაუდია.

„გირჩის“ წარმომადგენელი ალექსანდრე რაქვიაშვილი ფიქრობს, რაც უფრო მეტ ქვეყანასთან ექნება საქართველოს უვიზო მიმოსვლა, მით უკეთესი ჩვენთვის.

ექსპერტები ჩვენთან საუბარში ჩინეთის დადებით და უარყოფით მხარეებს თანაბრად აფასებენ და აღნიშნავებ, რომ საქართველოს სხვა ალტერნატივა არც ჰქონდა, თუ არა დათანხმება ჩინეთთან უვიზო მიმოსვლაზე.

როგორ უნდა დავიცვათ ოქროს შუალედი, რომ ჩინეთი, ეს უზარმაზარი შესაძლებლობის ქვეყანა, არ გახდეს სახიფათო საქართველოსთვის?

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ჩინეთთან დაკავშირებით მარტივად არ დგას საქმე. ანალიტიკოსი იხსენებს, რომ წლების წინ იგი იაპონიის საელჩოს ერთ-ერთ წარმომადგენელს შეხვდა. იმ პერიოდში უკვე ჩინეთის კონტურები იკვეთებოდა საქართველოსთან მიმართებით და რამაზ საყვარელიძეს სიამაყით უთქვამს იაპონელისთვის, ჩინეთთან მიმართებით პერსპექტივები გვაქვსო. იაპონიის საელჩოს წარმომადგენელს კი კითხითვე მიუგია, არ გეშინიათ ჩინეთისო?!

„დავიტრაბახე ჩინეთთან დაკავშირებით, მაგრამ იაპონელმა ჩინეთიდან მომავალი საფრთხეების შესახებ შემახსენა. ცხადია, იაპონია კარგად იცნობს თავის მეზობელს - ჩინეთს. დღეს დაახლოებით ისეთივე მდგომარეობაა, როგორც ერეკლე მეფის დროს. ერეკლე მეფის დროსაც, რა თქმა უნდა, საფრთხეები იყო იმაში, რუსეთთან დაგვედო თუ არა პარტნიორობის ხელშეკრულება - გეორგიევსკის ტრაქტატი, არ იყო იმის საშუალება, რაღაც სხვა გზა აერჩია საქართველოს. დავუშვათ, დღესაც უარი ეთქვა საქართველოს ჩინეთთან ინტენსიურ ურთიერთობაზე, ეს ხომ ნიშნავს, რომ ჩინეთიც უარს იტყოდა საქართველოსთან ინტენსიურ ურთიერთობაზე? გვაქვს კი ამ ურთიერთობის ჩანაცვლების ვარიანტი?“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ანალიტიკოსი საუბრობს, თუ რა პერსპექტივას შეიცავს ჩინეთი საქართველოსთვის, ეს არის საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაზრდა, ეს არის უსაფრთხოების უფრო მეტად უზრუნველყოფა, რადგან რუსეთი ჩინეთს ანგარიშს უწევს, სიტყვას ვერ უბრუნებს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი ჩინელებითაა დასახლებული. ასე რომ, შანსი დიდია, ჩინეთის ინტერესი საქართველოს მიმართ გახდეს იმის საფუძველი, საქართველო უფრო დაცული აღმოჩნდეს გარე აგრესიისგან.

რამაზ საყვარელიძე, ასევე, ადასტურებს, რომ უვიზო მიმოსვლის შემდეგ, ცხადია, მოსალოდნელია, ჩინური მუშახელი საქართველოსკენ დაიძრას, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ ჩანს. მით უმეტეს, არც სხვა ქვეყნებიდან გვაკლია მუშახელი, რომელიც ჭარბად ისედაც შემოდის სხვა ქვეყნებიდან.

ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის აზრით, ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა გარკვეულ საფრთხეს შეიცავს, რადგან მაინც კომუნისტური ქვეყანაა ჩინეთი. თუმცა ვაჭრობის მოცულობამ ჩინეთ-საქართველოს შორის შარშან შეადგინა მილიარდ 639 მილიონი დოლარი და ჩინეთი არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორი, რომელსაც სურს, გარკვეული ინფრასტრუქტურის ობიექტები საქართველოში ხელში ჩაიგდოს, მათ შორის, ანაკლიის პორტში სურს ინვესტიციების განხორციელება. ამიტომ ცოტა სიფრთხილეა საჭირო, რომ ჩინეთთან დაახლოებამ არ დაგვაშოროს ევროპასთან.

„მეორე მხრივ, ჩინეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, ძალიან ბევრი ბიზნესმენი საქართველოდან ჩადის ჩინეთში, ამ ადამიანებს აქამდე ვიზა სჭირდებოდათ და პრობლემები ჰქონდათ. სხვათა შორის, შარშან მეც შემექმნა პრობლემა, რადგან მოწვევა მივიღე ჩინეთიდან კონფერენციაზე, ათი დღით ადრე ვერ მოვასწარი ვიზის გაფორმება და ვერ ჩავედი. უვიზო რეჟიმი რომ ყოფილიყო, გავფრინდებოდი. ვფიქრობ, ისე უნდა დავაბალანსოთ ურთიერთობა ჩინეთთან, დასავლეთს არ დავშორდეთ“, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე ჩვენთან საუბრისას.

ანალიტიკოსის განმარტებით, ჩინელები მოდიან საქართველოში სამუშაოდ, მაგრამ უვიზო რეჟიმი თუ იქნება, შესაძლებელია, ბევრი ქართველი ჩინეთშიც წავიდეს, რადგან ჩინეთი ვითარდება და იქ ეკონომიკური ზრდაა.

ლაზი დედის, მამის, დისა და ძმის ხსენება რომ არის მიუღებელი, იმ ქვეყანასთან ურთიერთობას, ყველაფერი სჯობია ამ ქვეყნად. ჩინელები აქ ჩამოდიან და ხიდებს და გვირაბებს აშენებენ, ამერიკა კი იქეთ ისრუტავს ფიზიკური სამუშაოებისათვის მთელ მსოფლიოს. ვინმეს ხომ არ ჰგონია მექსიკის საზღვრის დაცვა უჭირს. ესენიც ვითომ იპარებიან, სინამდვილეში იქეთ ელოდებიან, მერე ვითომ დაიჭერენ, კარგად დაამუშავებენ და გაუშვებენ, დღეში 19 საათი სამუშაოდ. არიან უკვე ჩინელები საქართველოში და მათგან, არც ჭკუის სწავლება და არც ქვეყნის საქმეებში ჩარევა არ უნახავს არავის. ისინი ქართველებთან თანაბრად შრომობენ და ისე ირჩენენ თავს. ცხოვრობდნენ აქ ებრაელები, ქურთები, ბერძნები და გერმანელებიც კი, მაგრამ ამ ქვეყნის გადაგვარება არ უცდიათ.
8 თვის უკან
Gami მაშინ იაპონიას ჩაენაცვლებინა ჩინეთი... ჩინელებს დღესაც ახსოვთ იაპონიის უკუპაცია... ეს წარსულში იყო, ახლა სხვა ვითარებაა.
8 თვის უკან